მეგობრები იყვნენ ვანო და ნიკო და მეექვსე დღეს ნიკო მივიდა ვანოსთან და ერთგულება სთხოვა მეგობარს. აბა, რა უნდა ექნა მეგობარს, აიღო და მისცა ერთგულება მეგობარს!..
კიდევ კარგი, ასანთი არ სთხოვა მეგობარმა...
ვანოს აღარ უყვარდა ის ქალი, რადგან აღარ ჰქონდა იმ ქალის სიყვარული. ქალსაც აღარ უყვარდა ვანო, რადგან ვანოს აღარ ჰქონდა არც სანთელი, არც ქუდი, არც მისი სიყვარული, არც სიცოცხლე და არც ერთგულება. იმ ქალს ნიკო უყვარდა...
მეშვიდე დღეს ნიკო და ვანო ქუჩაში იდგნენ. ნიკომ აიღო პაპიროსი და დიდხანს ეძება ჯიბეებში ასანთი.
— რას ეძებ? — ჰკითხა ვანომ.
ნიკო ასანთს ეძებდა.
— ასანთს ხომ არ ეძებ? — შიშით ჰკითხა ვანომ.
ნიკო ასანთს ეძებდა.
ვანომ გულის ჯიბეზე მიიდო ხელი და გაახსენდა:
„— რატომ მიცქერ, მოგეწონე?..
— რატომ მიცქერ, არ მოგეწონე?..
— რატომ მიცქერ... ნუ მიცქერ...
— რას ეძებ?
— ასანთს?.. აგერ, ასანთი...
— რატომ იღიმები?..
— გქონდეს სახსოვრად...“
ნიკო ასანთს ეძებდა.
— ნიკო, მე მაქვს ასანთი და, გთხოვ, ნუ მთხოვ, თორემ მოგცემ... ის სახსოვარია...
ნიკო წავიდა და სხვას სთხოვა ასანთი.
ნიკო და ვანო მეგობრები იყვნენ.
ვანო და ნიკო და ვალი
ერთხელ ვანო ნიკოზე ოცი წლით უფროსი იყო...
ნიკოს ვანოს ვალი ჰქონდა, მაგრამ ნიკო ვანოს სულ ატყუებდა: დღეს ეუბნებოდა, ხვალ მოდიო, ხვალ ეუბნებოდა, ხვალ მოდიო და ყოველდღე ეუბნებოდა, ხვალ მოდიო.
ვანოს სწყინდა, ნიკო რომ ატყუებდა, და ფიქრობდა: „თუ შეუძლია გადამიხადოს — გადამიხადოს, თუ არ შეუძლია გადამიხადოს, რატომ მატყუებს? პირდაპირ მითხრას და გათავდება“.
მაგრამ ნიკო პირდაპირ არ ეუბნებოდა და თუ ეუბნებოდა, ეუბნებოდა, ხვალ მოდიო.
„თუ ხვალაც მითხრა, ხვალ მოდიო, ავდგები და წყენით შევხედავ. მაშინ ხომ მიხვდება, რომ მწყინს, რომ მატყუებს“.
მეორე დღეს ვანო მივიდა ნიკოსთან.
— გამარჯობა! — მიესალმა ნიკო.
— გაგიმარჯოს! — უპასუხა ვანომ.
— რისთვის მოსულხარ? — ჰკითხა ნიკომ.
— შენ ჩემი ვალი გმართებს, — უპასუხა ვანომ.
— ხვალ მოდი, — თქვა ნიკომ.
ვანო წამოდგა, წყენით ვერ შეხედა ნიკოს და წამოვიდა.
„ხვალაც მივალ, — ფიქრობდა ვანო, — ხვალაც მივალ და, თუ ხვალაც მითხრა, ხვალ მოდიო, ავდგები და ვეტყვი, რომ მატყუებს. მაშინ ხომ მიხვდება, რომ ვხვდები, რომ მატყუებს?“
მეორე დღეს ვანო მივიდა ნიკოსთან.
— გამარჯობა! — მიესალმა ნიკო.
— გაგიმარჯოს! — უპასუხა ვანომ.
— რისთვის მოსულხარ? — ჰკითხა ნიკომ.
— შენ ჩემი ვალი გმართებს, — უპასუხა ვანომ.
— ხვალ მოდი, — თქვა ნიკომ.
ვანო წამოდგა და ვერ უთხრა ნიკოს:
„ნიკო, მე ვხვდები, რომ მატყუებ“, — და წამოვიდა.
„ოცი წლით უფროსია ჩემზე ნიკო, — ფიქრობდა ვანო, — მე რომ ნიკოზე ოცი წლით უფროსი ვიყო, აუცილებლად გადავუხდიდი ვალს. თუ ხვალაც მითხრა, ხვალ მოდიო, ვეტყვი, რომ უპიროა და არ ეკადრება. ნეტა ნიკო არ იყოს ჩემზე ოცი წლით უფროსი“.
მეორე დღეს ვანო მივიდა ნიკოსთან.
— გამარჯობა! — მიესალმა ნიკო
— გაგიმარჯოს! — უპასუხა ვანომ.
— რისთვის მოსულხარ? — ჰკითხა ნიკომ.
— შენ ჩემი ვალი გმართებს, — უპასუხა ვანომ.
— ხვალ მოდი, — თქვა ნიკომ.
ვანო წამოდგა და ვერ უთხრა ნიკოს:
„ნიკო! შენ უპირო ხარ, არ გეკადრება... ოცი წლით ხარ ჩემზე უფროსი“, — და წამოვიდა.
„უჰ, თუ ხვალაც მითხრა, ხვალ მოდიო, — ფიქრობდა ვანო, — ავდგები და კარგად გამოვლანძღავ, ვეტყვი — შე ასეთო და ისეთოო... უჰ, რად არა ვარ ნიკოზე ოცი წლით უფროსი!“
მეორე დღეს ვანო მივიდა ნიკოსთან.
— გამარჯობა! — მიესალმა ნიკო.
— გაგიმარჯოს! — უპასუხა ვანომ.
— რამ მოგიყვანა? — ჰკითხა ნიკომ.
— შენ ჩემი ვალი გმართებს, — უპასუხა ვანომ.
— ხვალ მოდი! — თქვა ნიკომ.
ვანო წამოდგა და ვერ უთხრა ნიკოს:
„ხვალ მოვიდე?.. ნეტა შენზე ოცი წლით უფროსი ვიყო... შე ასეთო და ისეთო... უჰ!“ — და წამოვიდა.
„მეტი აღარ შემიძლია, — ფიქრობდა ვანო, — მეტი აღარ შემიძლია, ხვალაც მივალ, ხვალაც მივალ და თუ ხვალაც მითხრა, ხვალ მოდიო, ქვა მექნება ჯიბეში ხვალ და თუ მითხრა, ხვალ მოდიო, ვეტყვი, ამ ქვას თავში დაგარტყამ-მეთქი და თუ გაიქცა, გამოვეკიდები... მაგრამ ვეცდები, არ დავეწიო, ვეცდები, არ მოვარტყა...“
მეორე დღეს ვანო მივიდა ნიკოსთან.
— გამარჯობა! — მიესალმა ნიკო.
ვანომ არაფერი უპასუხა.
— რამ მოგიყვანა?
— ვალი!
— ხვალ...
ვანო წამოდგა და ვერ უთხრა ნიკოს:
„ხვალაო?!. გაიქეცი! ქვა მოვიდა თავში! გაიქეცი!.. ვეცდები, არ დაგეწიო... ვეცდები, არ მოგარტყა... გაიქეცი! ჩქარა!“
ნიკო არ გაიქცა. ვანო არ გამოეკიდა და არ დაეწია. არც ესროლა და არც ააცილა. ვერც გასძახა ნიკოს:
„ხვალ არ მოვალ, მოვალ ზეგ და თუ ჩემი ვალი არ დამიბრუნე, დაგეწევი. ტყუილად კი არ ვარ შენზე ოცი წლით უმცროსი?!“ — და წამოვიდა.
მეორე დღეს ვანო არ მივიდა ნიკოსთან და მთელი დღე დიდ ქვას არჩევდა მისთვის.
მესამე დღეს ვანო მივიდა ნიკოსთან.
— გამარჯობა! — მიესალმა ნიკო.
— გაგიმარჯოს! — უპასუხა ვანომ.
— რისთვის მოსულხარ? — ჰკითხა ნიკომ.
— შენ ჩემი ვალი გმართებს, — უპასუხა ვანომ.
— ხვალ...
— რაო?!
— ხვალ...
— რაო?!
— ხვალ ნუ მოხვალ... დღეს მოგცემ შენს ვალს.
— ნიკო, მაპატიე, რომ შეგაწუხე... შენ ხომ ჩემზე ოცი წლით უფროსი ხარ...
ნიკომ ვანოს ვალი დაუბრუნა.
ბრიყვი ვანო და ჭკვიანი ნიკო
ერთხელ ასე თქვეს: ვანო ბრიყვია, ხოლო ნიკო არ არის ბრიყვიო.
„რა ვქნა — ბრიყვი ვარ“, ფიქრობდა ვანო და მაინც ბრიყვი იყო.
„ჭკვიანი ვარ!“ — უხაროდა ნიკოს.
— ეჰ, — ეუბნებოდა ნიკო ვანოს, — ერთხელ დაიბადე და ისიც ბრიყვი.
— აბა, — მიუგებდა ვანო, — ერთხელ დავიბადე და ისიც ბრიყვი. შენ კი ყოჩაღ, ბრიყვი რომ არ ხარ და ჭკვიანი ხარ.
წუხდა ვანო, ბრიყვი რომ იყო.
უხაროდა ნიკოს, რადგან ჭკვიანი იყო.
ვანო შინიდან გადიოდა და მაინც ბრიყვი იყო.
ნიკო შინიდან არ გადიოდა, რადგან ჭკვიანი იყო.
შინიდან რომ გადიოდა, სულ დადიოდა ვანო და მაინც ბრიყვი იყო.
ნიკო შინიდან რომ არ გადიოდა, არ დადიოდა, რადგან ჭკვიანი იყო.
მზე ამოდიოდა...
ვანო უცქერდა, როგორ ამოდიოდა მზე. ამბობდა, რა კარგიაო და მაინც ბრიყვი იყო.
ნიკო არ უცქერდა, როგორ ამოდიოდა მზე და არაფერს ამბობდა, რადგან ჭკვიანი იყო.
...და დადგა დღე...
ვანო უცქერდა დღეს და უხაროდა, რომ დღე იყო და მაინც ბრიყვი იყო.
ნიკო არ უცქერდა დღეს, რადგან ჭკვიანი იყო.
მზე ჩადიოდა.
მზე ჩადიოდა და დასავლეთი მეწამულ სიზმარს ჰგავდა. ვანო უცქერდა მზის ჩასვლას და ამბობდა, რა კარგიაო და მაინც ბრიყვი იყო.
ნიკო ჭკვიანი იყო.
უყვარდა ვანოს. უყვარდა და ტიროდა ვანო. ტიროდა და იცინოდა ვანო. იცინოდა და მაინც ბრიყვი იყო.
ნიკო არ იყო ბრიყვი, რადგან არ უყვარდა.
კარგი იყო სიცოცხლე და ვანო ამბობდა: რა კარგიაო — და ნიკო ჭკვიანი იყო.
— ეჰ, — ეუბნებოდა ნიკო ვანოს, — ერთხელ დაიბადე და ისიც ბრიყვი.
— აბა, — უპასუხებდა ვანო, — ერთხელ დავიბადე და ისიც ბრიყვი. შენ კი ყოჩაღ, რომ ჭკვიანი ხარ, რა კარგია!
დღეები გადიოდა და ვანო მაინც ბრიყვი იყო.
დღეები გადიოდა, რადგან ნიკო ჭკვიანი იყო.
ვანო და ნიკო და ნადირობა
ერთხელ ნიკოს ეგონა, რომ ვანო ფრინველია, ხოლო თვითონ — მონადირე...
ვანო წუხდა და ფიქრობდა: „რა ვქნა, არ ვარ ფრინველი, ვანო ვარო“, მაგრამ ნიკოს არ სჯეროდა, იყიდა ერთი ორლულიანი თოფი და ცას დაუწყო ცქერა. უდარაჯებდა, როდის აფრინდებოდა ვანო, რათა მოეკლა, მაგრამ ცა მაინც ცარიელი იყო.
ვანოს ეშინოდა, მართლა ფრინველად არ ქცეულიყო და არ აფრენილიყო. ჯიბით ქვებს ატარებდა, რომ არ აფრენილიყო; ბევრს ჭამდა, რომ არ აფრენილიყო; მერცხალს არ უცქერდა, რათა არ ესწავლა ფრენა; ცას არ უცქერდა, რათა არ მონდომებოდა ფრენა.
— ნიკო, — ეუბნებოდა ვანო ნიკოს, — გადააგდე ეგ თოფი და ნუ იცქირები ცაში. არ ვარ ფრინველი, ვანო ვარ...
— ფრინველი ხარ და მორჩა! აფრინდები და გესვრი. მე მონადირე ვარ!
— ნიკო, — ეუბნებოდა ვანო ნიკოს, — აბა, როგორი ფრინველი ვარ, როდესაც ვანო ვარ.
— ნუ მედავები, — გაბრაზდა ნიკო, — ნუ შემაწუხე, თორემ მიწაზე რომ ხარ, მაშინ გესვრი, ვითომ ეს-ესაა, დაფრინდი.
ვანო გაჩუმდა და წავიდა.
შინ რომ მივიდა, ვანომ კარგად ისადილა, ბევრი ჯიბე დაიკერა, შიგ ქვები ჩაიწყო და ჩაფიქრდა:
„ალბათ ნიკომ არ იცის, რა არის ფრინველი, თორემ მე არ გამაფრინველებდა. მივალ, ავუხსნი, მაშინ თავს დამანებებს და ამდენი ჭამა და ჯიბე არ დამჭირდება“.
ვანო მივიდა ნიკოსთან, რომ აეხსნა, რა არის ფრინველი.
— ნიკო, — დაიწყო ვანომ, — შენ არ იცი, რა არის ფრინველი.
— როგორ არ ვიცი, — გააწყვეტინა ნიკომ, — ფრინველს აქვს ფეხები. შენც გაქვს ფეხები!
— მეც მაქვს ფეხები... — შეწუხდა ვანო.
— ფრინველს აქვს ტანი. შენც გაქვს ტანი!
— მეც მაქვს ტანი...
— ფრინველს აქვს თვალები. შენც გაქვს თვალები!
— მეც მაქვს თვალები...
— ესე იგი, შენც ფრინველი ხარ! — ნიშნის მოგებით მიაძახა ნიკომ.
— კი მაგრამ, მე რომ ფრთები არ მაქვს?
ნიკო ჩაფიქრდა. ნიკო ჩაფიქრდა და მერე, გაბრაზებულმა, დაუყვირა ვანოს:
— გაჩუმდი! ფრთებიც ამოგივა და გაფრინდები კიდეც... და თუ ფრთები არ ამოგივიდა, იცოდე, მიწაზე მოგკლავ, როგორც ფრთებდაცვენილ ფრინველს...
შეწუხდა ვანო და შინისაკენ გაემართა. ჯიბეებიდან ქვებს იღებდა და გზაზე ცრემლებივით ფანტავდა, ხოლო ცრემლები ქვასავით მძიმე იყო.
„რა ვქნა, — ფიქრობდა ვანო და მიდიოდა, ტიროდა და ქვებს ფანტავდა, — რა ვქნა, თუ ფრინველი არ ვარ და ფრენა არ შემიძლია. რა ვქნა, თუ ნიკო მონადირეა და ჩემი მოკვლა უნდა. რა ვქნა, თუ სულერთია, ავფრინდები თუ არ ავფრინდები...“
მზე ჩადიოდა...
ვანომ ცას ახედა. ვანოს ქვები აღარ ეწყო ჯიბეებში და სიმსუბუქე იგრძნო. ვანომ მერცხალს შეხედა და ისწავლა ფრენა. ვანომ ცას შეხედა და მოუნდა ფრენა...
— თუ ფრინველი ვარ, ჯობს, ცაში მოვკვდე, — თქვა და აფრინდა.
ცა აივსო. ნიკომ დაუმიზნა და ესროლა. ესროლა და მოარტყა. მოარტყა და ჩამოაგდო.
— აკი არ ვარო ფრინველი?! — წამოიძახა ნიკომ.
ცა კვლავ დაცარიელდა.
ვანო და ნიკო და სიმაღლე და სიდაბლე
I
ერთხელ ნიკო უსაქმოდ იყო და უთხრა ვანოს:
— მე შენზე მაღალი ვარ.
ვანოს ეწყინა და უპასუხა:
— მე კი შენზე მაღალი ვარ.
ნიკო ფეხის წვერებზე აიწია და უთხრა ვანოს:
— ახლა ხომ ვარ შენზე მაღალი?
— მე რა, არ მაქვს ფეხის წვერები? — უპასუხა ვანომ.
ნიკო სკამზე შეხტა და დაიძახა:
— ახლა?
ვანოც სკამზე შეხტა.
ნიკო გარეთ გავარდა, ხეზე ავიდა და ვანოს გადმოსძახა:
— ვანო, ამომხედე!
ვანომ არ ახედა, სხვა ხეზე ავიდა და არაფერი არ თქვა.
ნიკო ხიდან მთაზე გადავიდა და ვანოს გადმოსძახა:
— ეჰე, ვანო, შემომხედე, რა მაღალი ვარ!
ვანოც ავიდა მთაზე და ნიკოს გადასძახა:
— ეჰე, ნიკო!
ხოლო შემდეგ ვანომა და ნიკომ, რაც ახლომახლო მთები იყო, გაიყვეს, ერთმანეთზე აახოხოლავეს, ზედ შედგნენ... და ისმოდა ყვირილი:
— აუ-უ, ვანო, შემომხედე! რა მა-ღა-ლი ვარ!!!
და ხევებიდან, კლდეებიდან, უფსკრულებიდან ბრუნდებოდა ათასი პასუხი.
— აუ, ვანო, შემომხედე, რა მა-ღა-ლი ვააარ!!!
დაიღალნენ. სიმაღლეებიდან ბილიკ-ბილიკ ჩამოვიდნენ. მთები თავ-თავიანთ ადგილებზე დაალაგეს, მოიტანეს თარაზო, მოასწორეს მიწა და დაეტოლნენ:
თურმე ორივე ერთმანეთზე თითო-თითო სანტიმეტრით მაღალი იყო.
II
ერთხელ კი ვანო იყო უსაქმოდ და უთხრა ნიკოს:
— მე შენზე დაბალი ვარ.
ნიკოს ეწყინა და უპასუხა:
— მე კი შენზე დაბალი ვარ.
ვანო მუხლებზე დაეცა და უთხრა ნიკოს:
— ახლა ხომ ვარ შენზე დაბალი?
ნიკო იატაკზე გაწვა:
— ახლა?
ვანომ მიწა ამოჩიჩქნა და შიგ ჩაწვა:
— ეჰე, ნიკო, რა დაბალი ვარ?
ნიკომაც ამოჩიჩქნა მიწა.
ვანომ ორმო ამოთხარა.
ნიკომაც — ორმო.
ვანომ ჭა გათხარა.
ნიკომაც.
თხარეს და თხარეს და ისმოდა ხმა:
— ნიკო! ნიკო! ჩამომხედე, რა დაბალი ვარ...
მაგრამ ეს ხმა გუბდებოდა მიწის ღრმა სიბნელეში, გუბდებოდა და პეპელასავით სადღაც ახლოს ილეოდა და კვდებოდა.
დაიღალნენ. ამოვიდნენ. მიწა კვლავ მიწას დაუბრუნეს. დატკეპნეს. თარაზოც მოიტანეს. დაეტოლნენ.
თურმე ორივე ერთმანეთზე თითო-თითო სანტიმეტრით დაბალი იყო.