Litclub.ge

ბრინდისი. ტარანტატა
ასწიეს ღუზა. იდგა კვირა, აღდგომის სწორი.
მზე შედგა თითქოს, მერე მაინც ამოიწვერა,
თავჩაქინდრული, თმაჭაღარა მეთევზის ცოლი
ცას, ზღვას და ხმელეთს უმღეროდა ნაცნობ სიმღერას:

„ღვთისმშობელო, გადმოხედე,
დააფარე შენი კალთა,
ზღვას ნურასდროს აუმხედრებ
მას, ვინც ასე შემიყვარდა.

წყალში თევზი გაუმრავლე,
მიუშველე ტალღა ბადეს,
დაიფაროს წმინდა პავლემ,
დაბრუნდეს და კვლავ ვუყვარდე.“

მე გიყურებდი გემბანიდან ზღვისკენ გადახრილს _
შენ ჩემი არ ხარ, რადგან ზღვაა შენი აკვანი,
ეს ბობოქარი, შავი ტალღა _ შენი არტახი,
დამტოვე, ზღვაში გახვედი და მას ეთაყვანე.

„ღვთისმშობელო, აარიდე,
ქვესკნელების ჩუმი ექო,
შეიწყალე და დაინდე,
თავს ქარი არ დაატეხო.

მიაძინე გრიგალები,
ელვა, მეხი მიანავლე,
ჩემი სუნთქვა, ჩემი ვნება,
დამიბრუნე, წმინდა პავლე!“

შორდება ნაპირს შენი გემი, ტალღებს მიაპობს,
მე მაინც გხედავ, ვერ გშორდება რადგან თვალები.
დამიბრუნდები და უცნაურ ზღაპრებს მიამბობ,
ზღაპრებს, რომლებსაც ნიჟარები დაგაბარებენ.


* * * 
მეძინა. გაზრდას ვერ ვგრძნობდი დღისას
და მზით დამწვარი მხრები, ფეხები
ეძებდნენ ბალახს ცახცახით ისე,
თითქოს ცდილობდნენ შენთან შეხებას.

თითქოს პირველად მომქონდა შენკენ
თითები, მკერდი, ჩრდილი ნაწნავის.
აღარ ისმოდა ზარების რეკა
და ბალახები მძინარს მკაწრავდნენ.

ვუსმენდი მინდვრის მოყოლილ ამბავს
და თითქოს ძალა გამომაცალეს, 
სადღაც მიჰქონდა ქარს ჩემი კაბა,
ტოტზე შრებოდა ჭრელი საცვალი.

ნიავი.
შრიალი.
ღრუბლები მკრთალი.
საბნად _ ზეცაა,
სასთუმლად _ მიწა,
რომელიც ტრიალებს.
უღმერთოდ ცხელა.
წმინდაო პავლე,
ვიწვი!

აგვისტო.
შუადღე.
სოფლიდან ხმები.
დაღამდეს მალე!
კაბაა სიფრიფანა.
სიზმრები მომადგნენ _
ერთმანეთს ვხვდებით...
წმინდაო პავლე,
ჩვენი ზღვა დაიფარე!

მზე დასცქეროდა ჩემს გაშლილ მკლავებს
და სურნელს ვგრძნობდი სანაპიროსას,
მეძინა მშვიდად და ასე ავი
ტარანტულების ჩუმი მიმოსვლა

არ შემინიშნავს. სიზმრებმა შენზე
აავსო ძილი რადგან თავიდან:
გიმრავლდებოდა ბადეში თევზი,
მარილიანი თმა და კანი და...

ტკივილი, როგორც შენი შემოსვლა
ჩემში, პირველი და უხერხული.
თურმე ჩემს სხეულს და გარემოსაც
ტარანტულების შავი ფერხული

ავსებდა.
ავდექი.
ნაბიჯი ამებნა.
ბნელდება თვალი.
თავგზა ამერია.
მზე თითქოს ცაზეა,
არადა, ღამდება!
წმინდაო პავლე!
რა ბლანტი ჰაერია!

ბალახი.
სიმწვანე.
ხმაური ქარის.
გამწარდა წყალი.
შავი საცეცები
მოდიან ჩემკენ...
წმინდაო პავლე,
მომეცი ხელი!
ვეცემი.




* * *
დაფდაფის ხმაა.
თვალებს ვახელ.
თითქოს ბინდია.
კონტურებს ვარჩევ _ 
ეს... შენა ხარ ჩემკენ დახრილი,
დაფდაფით ხელში.
შენს გამოთლილ, თეთრ ხელებს ვხედავ.
დარტყმა.
ერთი.
ადგომას ვცდილობ.
ვვარდები.
ვბრუნავ.
კიდევ ვბრუნავ.
კიდევ ერთხელ
და მერე ისევ შენს ფეხებთან მიტანს ცახცახი.
შენ იხრები ჩემი საშოსკენ.
დარტყმა.
ორი.
წელს მაღლა ვწევ და ჩემი კაბაც
წელისკენ იწევს ფეხებიდან.
და შენ და მზე, შუადღის მზე, დიდი და მწველი,
ერთად დაჰყურებთ ჩემს გადაშლილ ფეხებს და მკლავებს,
და ჩემს წვრილ წელს,
ობობებით სავსე მინდვრიდან გაქცევას რომ ცდილობს ზეცისკენ,
და ჩემს სახეს,
სიგიჟისგან დამანჭულს, მახინჯს.
ვვარდები.
დარტყმა.
სამი.
უკანასკნელ ძალ-ღონეს ვიკრებ.
შენ ხელებს მიწვდი
და ჩემი ტანი, უსაშველოდ რომ მოენატრა შენი ხელები,
შენკენ მოიწევს
და იმ ზეცისკენ, მე და შენ რომ უნდა გავიყოთ.
ვდგავარ.
დარტყმა.
ოთხი.
მე ხელებს ვშლი, რომ მოგეხვიო.
შენ განზე იწევ.
მე მოგყვები.
გარბიხარ _ მოგდევ ხელების ქნევით 
და დაშლილი ჩემი ნაწნავი
ქართან ერთად, არა, უფრო დიდი სისწრაფით,
შენკენ მოფრინავს.
მოვრბივარ.
დარტყმა.
ხუთი.
საშინელი ტკივილი სისხლის აღარ მასვენებს
და ამ ტანჯვის დასავიწყებლად
თითქოს ვცეკვავ, ვცეკვავ შენს წინ,
შენს გარშემო,
რომ შენ ვერაფრით შეამჩნიო, როგორ მტკივა,
როგორ მიხეთქავს მოწამლული სისხლი ძარღვებს,
ტარანტულებმა რომ დამიჭამეს.
თვალს გარიდებ.
ჩვენს მაღლა მზეა და მზეს ვუყურებ.
ვტრიალებ.
დარტყმა.
ექვსი.
ნუ მკითხავ, რატომ ჩამეძინა გაშლილ მინდორზე,
ანდა ქარს რატომ მივაბარე ჭრელი საცვალი,
რად ვერ შევნიშნე ჩემს ფეხებთან მოფუთფუთე ტარანტულების
მთელი ხროვა.
ვერ გიპასუხებ.
არც მე ვიცი.
დარტყმა.
შვიდი.
მინელდება სისხლის ტკივილი
და შენი სახე ფერმკრთალდება.
მეხვევა თავბრუ.
მეშინია შენი გაქრობის.
მე შენ ისე, ისე მიყვარხარ,
ყველაფერს შევძლებ,
ყველაფერი ვიქნები შენთვის,
ყველა გზიდან დაგაბრუნებ _ 
ვერცერთი ზღვა და სირინოზი,
ვერცერთი მზის ან მთვარის ბილიკი,
ვერცერთი თეთრი მარგალიტი
და ვერც მარჯნის მთელი რიფები,
ვერც იდუმალი კუნძულები
და ვერც ბადე, ათასგვარი თევზით სავსე,
ვერ შემედრება.
ვიჩოქებ.
დარტყმა.
რვა.
თავს მაღლა ვწევ და აღარ ჩანხარ.
მზეც გადახრილა.
ჩამდგარა ქარიც.
ვისწორებ კაბას და დაკაწრულ ფეხებს დავყურებ
და საცვალს ვიცმევ _ უკვე გამშრალა.

სოფლიდან კი ისმის სიმღერა:

„ავე მარია,
დაამშვიდე ღელვა ტალღების,
აავსე გული სიხარულით და აღტაცებით,
წმინდაო პავლე, დაიფარე ჩვენი სახლები,
ზღვაში გასული დააბრუნე ჩვენი კაცები...“