ნა-თიას
დო-გმად ქცეული მტვერი ადევთ სქელყდიან წიგნებს
თაროზე,სადაც ერთად-ერთი მიხაკი ლპება
დაურიდებლად.სიკვდილისკენ ლაბირინთს იგნებს
ყოველ საღამოს უხუნდება ფერი და გზნება.
რე-მარკის ახლოს მოლურჯო და პატარა ჭიქა
დევს,რომ მაჩუქე თუ არ ვცდები დეკემბრის სამში
თანხმობის ნიშნად.მე კი შენთან სანაცვლოდ მიმაქვს
შექსპირი(ყდაზე გადაუკრავთ ტყავი თუ ზამშე).
მი-კვირს,ლანდოლფთან გასუსულა,დაღლილი თუა
ბუზი(ან უფრო დაქანცული),სიჩუმეს მოქსოვს
იმ ხელსახოცზე,სახინკლეში ნასვამმა გიო
ზედვაკელმა რომ წააწერა თავისი ლექსი.
ფა-ნჯრის რაფაზე (თან ვეწევი) მარცხენა მუშტით
დაყრდნობილი ვარ,შემცივნული საამოდ ვთბები
მზეზე.გოგონებს შენ გადარებ,ვისაც აქვს სუსტი
ტანი,ლამაზი გამოხედვა და სწორი თმები.
სოლ-არიუმში გიყვარს ზაგრით რატომღაც ჭამა
კანის და მე კი შენს სხეულზე დამჩნეულ გამით
ვტკბები.მოხატულ ხალიჩაზე აგდია ჩემი
ჩრდილი,სულ რაღაც ორასი თუ სამასი გრამი.
ლა-მის ქვასავით ვიღაც ჩუმად კეფაზე მახლის
ფიქრებს.ყურს ვუგდებ დაბალ ხმაზე მეზობლად ჩართულ
მუსიკას.შენი მაღალი და ფერმკრთალი სახლი
მიყვარს,თვალებს რომ ვერ ვაცილებ მესამე სართულს.
სი-თბო მისუსტდა,დაჟანგებულ ელექტრო ბოძთან
დგას ვიღაც მთვრალი და გამვლელებს აყოლებს ბღვერით
თვალებს.ვიცი რომ მომიხდება ამაღამ მოცდა
შენთვის.თითებში ჩაინავლა Winston-ის ღერი.
ნა-მდვილად ვიცი,ღმერთამდე რომ ბოლივით ადის
ლოცვა.ალვის ხე იჭყიტება ოთახში კისერ-
წაწვდილი.მე კი მსოფლიოში პირველად ნათი,
ამ რვავე ნოტით სონატას თუ ნოქტიურნს გიწერ!