Litclub.ge

ზემო იმერეთი

ნეტავ რა სტკივათ ამ გორებს,

მთა მთას რომ ეჩურჩულება?!

ხევი ექოებს აგროვებს,

ზმორვით იღვიძებს ბუნება.

 

მზის ქარავანით ნაფერი,

ქუდი კლდეკარებს ხურავს.

მულხს ვერ ასვენებს ჩანჩქერი,

ფეხის წვერებზე ბრუნავს.

 

ტოტზე ჩიტების ალერსი,

ცაცხვს მაჯასავით უცემს.

შაშვი რას გალობს, არ მესმის,

მაინც ჯიუტად ვუსმენ.

 

სუროს საბანი მახურავს,

კლდეს ვაბერდები ჯიხვად,

სადღაც კიაფობს ნათურა,

პეპლებს არც უღირთ მიხლად.

 

ყველგან ნაცნობი ჩეროა,

ნამის მეცნობა წვეთი,

ეს ჩემი საქართველოსა

და ზემო იმერეთი.