ვწევარ გულაღმა. ფიქრით - შენსკენ, მზერით არსაით.
გარეთ თოვს, მაგრამ პეიზაჟზე ვერასდროს ვწერდი.
მე მხოლოდ ზღვის ხმა მენატრება შენი ხმასავით,
ძილი შენს მეკერდზე, ან უბრალოდ, ჯდომა შენს გვერდით.
ს.სამხარაძე
სოფია სამხარაძეს
ნაწილი - I
მე მომინდები ისე როგორც სიცოცხლე მშია,
როგორც მწყურია ღვინით სავსე ერთი ჯამი და
როგორც ამ გრძნობის მეშინია, არადა სია
უკვე მზად არის, არის თუმცა ერთი წამითაც
თვალი შენს ღიმილს რომ შევავლო, ან ხელი წელზე,
რომ შემოგხვიო, რომ მოგგქაჩო, უცებ მუხლებში
რომ ჩაგისვა და შენი წონა დაკვიჟღულ რელსებს,
რომ დააწვეს და რომ გამოვჩნდე ცოტა უხეში.
მთელი სამყარო მომბეზრდება, ქუჩა და თავსხმა
კვლავ მომინდება შენთან ერთად, ვიცი არცერთი
არც ჯოჯოხეთი, არც სამოთხე, უბრალოდ დახრა
შენი თვალების და ლექსები, რომ ვერ დავწერდი...
*
წვიმდეს და წვიმა ჩვენს სიყვარულს ისევ რეცხავდეს,
და ქვიშასავით ვირეოდეთ ქვიშაში. რჩება
ზღვის ნაპირებზე მედუზები, გამომიცხადე
რომ არ გიყვარვარ, რომ გიყვარვარ, რომ გინდა რჩევა
როგორ მოიქცე, რომ არ დარჩეს შენში ნამცეცი
ეჭვი, რომელიც არ გასვენებს, რომელიც გბოჭავს.
იქნებ გინდივარ, გეზიზღები, იქნებ არც იცი.
იქნებ არც მიცნობ და უბრალოდ არ გინდა მოჭრა
ხე სიყვარულის, ზღვის ნაპირზე დავრგეთ, რომელიც
არც ტროპიკული ხილია და არც უტროპიკო,
ვზივარ თუ ვწევარ, თუ ვეწევი, თუ რა მომელის
ვფიქრობ და ამ დროს ფლიაჟზე და შენს მხრებზე ვფიქრობ.
*
ჩვილია ჩვენი სიყვარული, ღამე ვუთიოთ,
სწრაფად იზრდება, ბავშვობისგან სანამ იხსნიან
მანამდე მაინც გავუფრთხილდეთ და აუდიო
ჩანაწერივით არ მივაგდოთ. არ ამიხსნია...
ჯერ ხომ ჩვილია, პატარაა. ძალზე სათუთი
მოსავლელია. გაზაფხულის, მარტის თვის არის.
ძალიან სწრაფად გაიზრდება, მალე დატოტვილს
ვიხილავთ. უკვე ავისრულე ჩემი მიზანი,
უკან მიწაზე ზღვა დავტოვო, ახლა წინ ცაში
ვიყურები და თვალში ლურჯი ფერი მერევა,
ჩემი სამყარო მივატოვე, მერე შენსაში
განვხორციელდი, რომ შემეგრძნო ბედნიერება.
*
შენი ხელები დაღლილები, მასზე ასაკი
ბევრად მეტია, ასე ამბობს დრო და საბუთი
დაბადების და ნათლობის და ყველა წასაკითხ
სიყვარულამდე, სიყვარული გვაქვს შესაფუთი.
გვაქვს დასამალი ხალხისაგან. ასე ამაზრზენ
თვალებისაგან, რომ არ გვეცეს, რომ არ ამაღო
ხელი არასდროს. სიუხეშე და სილამაზე
მისი მფარავდეს, მივლიდეს და სხვა საამაყო
არ მჭირდებოდეს. დაიკარგოს ყველა მზის სხივი
და გასათბობად ისევ შენი ხელი ჩამჭიდო.
ვუფრთხილდებოდე. ბავშვობაში დაღვრილ სისხლივით
ვუფრთხოდე. მეტი მომავალი აღარც განვჭვრიტო.
*
იცი ტყუილად ნერვიულობ, ლექსებს აღარ ვწერ
სისულელეა. ახდენილი ჩემი წადილიც
სისულელეა, გადავდივარ მუდამ ახალზე
და რომ ოდესმე გავიღვიძებთ სხვადასხვა დილით
სისულელეა. ამ წვიმაში არსად დამტოვებ,
ან სად გამიშვებ. მთავარია ბავშვის ნათლობაც
კი გადავწყვიტეთ და სახელი მისი ბართლომე
რაღაცნაირად უკვე მომწონს. დიდი მადლობა
სიყვარულისთვის. არ იშლება მარტივ სიტყვებად
ბედნიერება, ამიტომაც გამოიგონეს.
შენ შეგიძლია გამებუტო, რადგან გიხდება,
მე ავდგები და როგორც წესი რამეს ვიღონებ.
ნაწილი - II
პოეზიაა ჩემთვის ყველა შენი ამბავი.
უმნიშვნრლოა, არ მთავრდება თუ არის მოკლე,
ყველა ჭრილობა შეხსნილი და დაულამბავი.
სისხლიათ სავსე თუ ცარიელი, მინდა რომ მოვყვე.
მინდა, რომ ვწერო რომ კვდებოდი როგორ გადარჩი,
როგორ კვდებოდი და რომ ბოლოს აჯობე სიკვდილს.
როგორ გასხვისდი, გაუცხოვდი და შენს კალთაში
როგორ გადარჩა სიყვარული, მე ახლა მივხვდი
და ვუფრთხილდები, ვეფერები, ვეთაყვანები.
გარეთ ქარია, შემოდგომას უხდება, არბევს.
მე შემიყვარდი, ამიტომაც თავს ვერ განებებ
ვწერ და ვერასდროს ვუბრუნდები შენს ფაქიზ ამბებს.
*
მახსოვს, რომ წერდი სიყვარულზე. მახსოვს რომ მწერდი,
რომ არ გინდოდი და რომ კერპად ფუჭად აგაგე,
მახსოვს რომ შენში უდროო დროს იპოვე ღმერთი
და საკუთარი თავის რწმენა ასე დაკარგე...
და არაფერი დაგიკარგავს. უბრალოდ მოხდა,
რომ არაფერი არ ყოფილა მაინც აქამდე.
ვიცი გინდოდა ზღვის ნაპირთან პატარა, კოხტა
ხის ქოხი, ქოხთან ჰამაკი და ახლაც გაქანდე
გინდა, რომ ერთხელ გაგახსენდეს რაც უკვე აღარ
გეოცნებება, თუმცა გიყვარს. დიდი სურვილი
გამოძრავებს, რომ ერთხელ ნახო და როცა ნახავ
მაშინ გინდა, რომ მკერდში გასკდეს რაღაც ჭურვივით.
*
მითხარი რამე სიყვარულზე, ანდა უბრალოდ
მითხარი რამე და დანარჩენს თვითონ მოვყვები.
მითხარი ჩვენზე ამ სამყაროს რა დავუბარო.
მითხარი ახლა როგორ გიყვარს ჩემი ლოყები...
ჩემი თითები როგორ გიყვარს, ჩემი მექოთნის
წყლისგან დამბალი, დახეთქილი, თეთრი თითები.
ისიც მითხარი შენი ხმით და ჩემი ექოთი
სად გავფრინდებით, სად ვიქნებით, სად მოვირთვებით,
სად დავიწყებით თავიდან და სად დაისვენებს
ჩვენი ხომალდი... ან უბრალოდ რამე მითხარი,
რომ ამოვიშრო თვალები და ყველა სისველე
უკვალოდ გაქრეს. შევსებული დარჩეს კითხვარი...
*
იქნებ დრო არის აპატიო ამ თავს, ამ დებილს,
არაფრის მთქმელს და გამეტებულს, ნიღბიანს, უთმოს...
ჩემში მზესავით განათდი და ვერ დაღამდები.
გარეთ ღამეა, თუმცა უკვე არაფერს ვუთმობ
ღამეს, მივეცი ჩემი დარდი, სევდა, წუხილი.
ახლა კი დროა მოხვიდე და ინათო, გავთბე...
ბევრჯერ შემაშრო სახეზე და მაინც ვუღიმი
ბედს და ერთხელაც გამიღიმებს. რამდენჯერ დათმე
ვინ იცის. ახლა მოწყენილი უბრალოდ ზიხარ,
სვამ და ნებდები, ხან კითხულობ. თუმცა ლექსები
არაფერს გშველის და ჩვენს შორის არსებულ ტიხარს
ფხაჭნი და ბზარავ... მე კი ამ დროს როგორ გექცევი...
*
მუდამ სხივებად იპნეოდა შენ კი ყოველთვის
ხელებს თვალებზე იფარებდი და სულს მალავდი,
შორი გზა მქონდა, მოვდიოდი. აი მოვედი
ბედნიერი ვარ. (დაიჯერებ?) აწ და მარადის
ბედნიერი ვარ და შენს გვერდით როგორც მამალი
ისე ვდგავარ და ყელს ვიღერებ. გეკეკლუცები.
და გეფიცები ჩემი ღმერთით, ჩემი ამალით
რომ მეყვარები. რომ მიყვარხარ. მკერდში ლურსმნები
მერჭობა, მრჩება, იჟანგება. მაინც ანათებს.
და გულს მიმძიმებს შენი დარდი, შენი ოხვრები.
გპირდები ყველა დაბადებას რომ თავს გავართმევ
თუ შენ მენდობი. ერთხელ ცოლად თუ გამომყვები...