Litclub.ge

*** აქ როგორ მოვხვდი

აქ როგორც მოვხვდი, ბოლოს მახსოვს შენსკენ მოვრბოდი.

უკვე არ ვიცი მოლოდინი თუ ისევ მიცავს.

წყალი დამიშრა, ხავსი გახმა, ახლა ორმოდან

ვცდილობ ამოვძვრე, დავუბრუნდე გვალვიან მიწას.

 

ფრთებდამტვრეული, დაბორკილი, ქარით დევნილი,

უკან მივდივარ, ერთგულია ძაღლივით სიცხეც,

ასჯერ ცოცხალი, ასჯერ მკვდარი, შარშანდელივით

ვიწყებ ახლიდან, უფრო სწორად თავიდან ვიწყებ

 

ძველი გზის ტკეპნას. ჩემი გული როგორც ტივტივა,

ან როგორც ტივი მიუყვება დინებას დაღმა,

მე კი ყოველთვის ვშორდები და უკან მივდივარ

სიცოცხლისაკენ და ერთხელაც მივაღწევ. ჩახმახს

დავაჭერს. შენზე არ ვიფიქრებ, ფიქრებს დრო მოშლის

და აღარასდროს მოვინატრებ რაც ახლა არ მაქვს.

უკანასკნელად ჩავვარდები მღვრიე ორმოში,

სხეულს ორმოში დაგიტოვებ, სული კი ქარმა

 

უნდა წაიღოს, შეიერთოს მცირე ნიავად,

თორემ ამ გზაზე სიარულით დღითიდღე ვიწყენ.

მივესალმები დიდის ამბით პირველ იანვარს,

კალენდარს ბუხარს შევუკეთებ, თავიდან ვიწყებ...