Litclub.ge

*** გატეხე ჩვენი მყიფე ნაძლევი

გატეხე ჩვენი მყიფე ნაძლევი,

მოერგე კლიშეს და სხვა კონტექსტებს,

მე მელოდია ვიყავი ძველი,

შენ კი მნახე და გამაორკესტრე.

 

ახლა ჩემს ხელსაც ვაქცევდი ხემად,

ჩავებერები სულად საყვირებს,

თუ ფოთოლივით კვლავ შეირხევა,

სულ ერთხელ მაინც შენი საყურე.

 

დაბრუნდი თორემ ქარიშხლებია,

დაბრუნდი ჩემით დახელოვნდები

და კართან ერთად გაიხსნებიან,

საყელოები, სახელოები.

 

შენი სხეულის სასახლეს ვუცდი,

ჩემი ოდიდან გადმოვფორმდები,

ავაყვავილოთ ქოთნები ფურცლის,

კვლავ მელნისფერი მეტაფორებით.