Litclub.ge

მარტის ვარაუდი მოაქვთ კოინდარებს
მარტის ვარაუდი მოაქვთ კოინდარებს,
ცოცხალ საფლავებზე მკვდარი ფოთლებია,
მიდი ერთი ჭიქა ღმერთი მომიტანე,
თორემ სტრიქონები ყელში გროვდებიან,

თორემ შევიშალე, თორემ პანაშვიდებს,
ვითვლი, ჩაიარა თითქმის ასიოდემ,
ნერვებს ვიზოგავ და რაღა დამამშვიდებს,
კუზის გარეშე რომ დადის ქვაზიმოდო...

მსგავსი უკმარობა სულსაც მიხუთავდა,
ჩემი ურწმუნობაც ბრბოს თუ უხარია,
ვინც კი უღალატებს არის იუდა და
ვისაც ღალატობენ ყველა უფალია?! –

აღარ დავიჯერებ, ვეღარ დამაჯერებთ!
ვხედავ ურმიანი ბევრი ტრამალია,
სანამ გადაბრუნდა დროზე გააჩერეთ,
ჩემი ბილიკები ღამით სავალია

და შენც გამომყევი სანამ მატაოცებს,
დავსდევ, მივიჩვიე თრობა, ხეტება და
ჩემში არაფერი შენ არ გაგაოცებს,
გარდა პოეტური შემოფეთებათა –

ლექსის, სტრიქონის თუ... მარტი კოინდარებს
მოაქვს, საფლავებზე მკვდარი ფოთლებია,
მიდი ერთი ჭიქა ღმერთი მომიტანე,
მხოლოდ ერთი პეშვი ღმერთი მომიტანე,
თორემ სტრიქონები ყელში გროვდებიან!...