Litclub.ge

* * * „აქ რომ კუნძი დგას - ხე იდგა"

„აქ რომ კუნძი დგას - ხე იდგა,

აქ რომ კედელი -ფერმა...

ამ სასაფლაოს ადგილზე -საპაემანო ბორცვი.

შენი ჩამოსვლით, ნენილო, თავი აწია ჭერმა,

შენა ხარ ჩემი სიბერის ღვთის შესმენილი ლოცვა...

თუ ჩემი ბებიელე ხარ დარჩი პაწახან ჩემსას,

ჩემო კერიის ღადარო, ჩემო ჭერო და ერდო...

რძეში ჭადს ჩამიფუნჩხავდა, პურს გატეხავდა ხემსად,

ბუხართან ერთად წასვლამდე მისი  თვალებიც ენთო...

მოგვაცილებდა ათასი "შინ დალოცვილი ჩადიო"

ამანათები, ნობათი, კაეშანი და ბრაზი...

მე დღემდე ვუსმენ იმ დროის მეხსიერების რადიოს,

ბავშვობის ფირზე აღბეჭდილ სოფლის ხმებსა და ფრაზებს:

"მაროჟნის" მატოციკლეტით გაგიფრინდება ბავშვობა..."

"ებიჯო ნუ პრაფესორობ, გაი ჭიშკართან დახვდი,"

"რა უბედური ყბაი აქვს, ერთს იტყვის მარა დაგშოკავს,"

"დემოგრაფიის მტერია შენი ნამგზითვი ტახტი!.."

"რომ ჩახვალ ამომიტანე რამე ახალი გაზეთი,"

"რავა შარშანდელ "პრავდაში" ვერ გაახოვდი თუთუნს?"

"სა ნახე კობა ბიძია მა ოღრაშული კასეტა?"

"ადნაჟდი ამერიკაში" უზდელობაა? ნუთუ?!"...

"რაის ფულს მკადრებ ბაბუა?

ბაბუაშენის ბაბუა...

ბებიაჩემის ბაბუის... მოკლედ ერთი ვართ ყველა..."

"სოფლის მაწონში თუ მოვზელ, აღარ ვუმატებ საფუარს,

და ფირმის დიდი სეკრეტი! -ჩემი კასანდრეს ყველი"

აქ იდგა უნივერმაღი, აქ გვიჩრდილავდა კაკლის რტო,

აქ ავტობუსი შეკრებდა ათასი კომლის ნაგრამს...

აქ იდგა ხე და ბებია მანდილს უქნევდა აგვისტოს...

ბოლოფოთლიან ტოტს ჰგავდა, სიმებდაწყვეტილ საკრავს.

სიბერესავით მძიმე და ბავშვობასავით მსუბუქი

ხელისგულივით ნაცნობი გზები ამბებად ყოფენ...

სამი "მობრძანდის" იმედად ,

ორი მოსწავლის იმედად,

თავისი თავის იმედად,

მარტოდ დარჩენილ სოფელს.