მოდი, წავიდეთ კინოში,
იქ ხომ იმაზე ცოცხალი ფერებია,
ვიდრე ჩვენი ოთახის შპალერზე და
ქალები და მამაკაცებიც
იქ ხომ ჩვენზე უფრო ბრძნულად საუბრობენ.
მოდი, წავიდეთ კინოში,
ერთმანეთის გვერდით დავსხდეთ და
ორი წყვილი პარალელური ხაზი
გავჭიმოთ თვალებიდან ეკრანამდე.
მოდი, წავიდეთ კინოში,
თორემ შენც ხედავ,
პირთამდე ამოვხაპეთ ერთმანეთის გუგები და
ახლა უკვე ერთმანეთის გულებს მივადექით.
მოდი, წავიდეთ კინოში,
სხვათა მირაჟულ სახეებზე დავასვენოთ მზერა და
სხვათა მირაჟულ ვნებებზე დავიმშვიდოთ სხეულები.
მოდი, წავიდეთ კინოში და
ცოტა ხნით მაინც დავივიწყოთ, რომ ამ ბოლო დროს
სულ მუდამ საძებნი გვაქვს
ერთმანეთისადმი სათქმელი სიტყვები...
მოდი, წავიდეთ კინოში,
იქ ჩვენს მაგივრად ილაპარაკებენ,
ჩვენს მაგივრად ეყვარებათ და გაწამდებიან.
მოდი, წავიდეთ კინოში,
დაე იქ სხვებმა ჩაატარონ სქესობრივი აქტი.
ჩვენ ხომ მერეც მოვახლაფორთებთ
ამ აუცილებელ საქმეს და თანაც ისე,
თითქოს მე გადამწვარ ნათურას ვცვლიდე და
შენ კიდევ ქვაბებს ხეხავდე ნედეთი.
მოდი, წავიდეთ კინოში,
იქ ხომ არ ვიქნებით ვალდებულნი,
ხშირ-ხშირად გადავუგდოთ ერთმანეთს
ფარღალალა ფრაზები,
ბრინზაყველისგემოიანი კოცნები და
ჟინამოჭმული გამოხედვები.
მოდი, წავიდეთ კინოში და
ისე დავემალოთ ერთმანეთს, რომ
სინდისის ზღარბებმა არ იფხაჭუნონ
ჩვენს გულისფიცრებზე.
მოდი, წავიდეთ კინოში და ვნახოთ,
როგორ მოკვდება მთავარი გმირი.
ეს ხომ უფრო საინტერესოა,
ვიდრე საკუთარ სიკვდილზე ფიქრი.
მოდი, წავიდეთ კინოში,
ჩავსხდეთ სავარძლებში,
ერთმანეთს შევახოთ იდაყვები და წარმოვიდგინოთ,
რომ ძალზე გვინდა ერთად ყოფნა და
სწორედ ამიტომ შემოვედით აქ,
ისევე, როგორც ის გოგო-ბიჭი,
წინა რიგში ერთმანეთს რომ ჩახუტებიან.
მოდი, წავიდეთ კინოში,
ჩავიფლათ სიბნელის მყუდრო ჭანჭრობში და
ეკრანისაკენ მივმართოთ
ის პერპენდიკულარული ხაზები,
რომლებიც უკვე დიდი ხანია აღარ იკვეთება.
მოდი, წავიდეთ კინოში,
მოდი, წავიდეთ სანამ დროა,
სანამ არ დაწყებულა უკანასკნელი სეანსი და
არ დავრჩენილვართ ერთმანეთის
მთქნარებისმომგვრელი ფიზიონომიების ამარა,
მოდი, წავიდეთ,
შევიპაროთ სხვათა ტკივილებსა და სიხარულში
და როგორმე ცოტახნით მაინც
დავეკარგოთ ერთმანეთს...