ჩ. პ-ის ხსოვნას
იქმენ მორწმუნე, ვიდრე სიკუდილადმდე. - აპოკალიფსისი. 2,10
ო, გამოძერწე ჩემი ნიღაბი. - დილან თომასი
დედემ დღისით დამირეკა და მითხრა, ჯონი საძაგლად გრძნობს თავს; მაშინვე სასტუმროსკენ გავეშურე.
ჯონი და დედე მეოთხე სართულის ნომერში ახლახანს დაბინავდნენ. საკმარისია შეავლო ასეთი ნომრის კარს თვალი, რომ მაშინვე მიხვდე: ცუდადაა ჯონის საქმე.
გარეთ ცივა, მაგრამ პლედში გახვეული ჯონი დაგლეჯილ, ძონძებამოჩრილ ღრმა სავარძელში მობუზულა. დედე დაბერებულა და სულ არ უხდება წითელი კაბა. სასტუმროს ამ პატარა ოთახში იგი საზიზღარ ლაქას ჰგავს.
-მეგობრაი ბრუნო პირის მწარე გემოსავით ერთგულია, - სალმის ნაცვლად მეუბნება ჯონი,რომელსაც მუხლებში ჩაურგავს ნიკაპი. დედემ სკამი მომიწია, მე კი გოლუაზის სიგარეტის კოლოფი ამოვიღე.
ჯიბეში ბოთლი რომიც მქონდა, მაგრამ არ მინდოდა მეჩვენებინა - ჯერ უნდა გამეგო, რა ხდებოდა. ამას კი ხელს ყველაზე მეტად უშლიდა ნათურა, ბუზებისგან შებილწულ ზაფზე ჩამოკიდებული კაშკაშა თვალი. ხელით შუბლი მოვიჩდილე და დედეს ვკითხე,იქნებ სჯობდეს, ნათურა ჩავაქროთ და სარკმლის შუქი ვიკმაროთ მეთქი. ჯონი მისმენს, მაგრამ მისი გონება სხვაგან ქრის, ახლა იგი კატას ჰგავს, რომელიც ერთ წერტილს მიშტერებია, მაგრამ თითქოს ხედავს სხვას, სულ სხვა რამეს, ... ბოლოს და ბოლოს დედე ადგა და შუქი ჩააქრო. ახლა ამ სიბნელეში ჩვენ უკეთ ვეცნობით ერთმანეთს. დედე ამბობს წავალ ყავას გავაცხელებო, გამეხარდა, ერთი ქილა ხსნადი ყავა მაინც ქონიათ მეთქი. კაცს თუ ერთი ქილა ხსნადი ყავა აქვს ჯერ კიდევ მთლად არ დაღუპულა, ცოტა ხანს კიდე გაიტანს თავს.
-კარგა ხანია ერთმანეთი არ გვინახავს - ვეუბნები ჯონის - სულ ცოტა ერთი თვე მაინც იქნება.
-შენ მარტო დრო ითვალო, მეტი არაფერი გინდა - ბუზღუნებს პასუხად - ერთი, მეორე, მესამე, ოცდამეხუთე, ყველაფერს ნომერი უნდა მიაწებო. არც ეგ არის შენზე უკეთესი. იცი რატომაა გაავებული? იმიტომ, რომ საქსოფონი დამეკარგა. ისე კი, საერთოდ, მართალია...
-ეგ როგორღა მოახერხე?
-მეტროში - ამბობს ჯონი - უფრო დამშვიდებული რომ ვყოფილიყავი სკამის ქვეშ ამოვდე. თან მივდიოდი თან ვფიქრობდი, რა კარგია, ფეხქვეშ მიდევს და არსადაც არ დამეკარგება მეთქი.
-უკვე იქ, სასტუმროში მოვიდა გონს, - ამბობს დედე - გიჟივით გავქანდი მეტროში, მერე პოლიციაში.
სიჩუმე ჩამოვარდა და მივხვდი, რომ ფუჭად გარჯილა, მაგრამ ჯონის უცბად აუტყდა სიცილი... მხოლოდ მან იცოდა ასეთი დაგუდული სიცილი, სადღაც, კბილებს მიღმა.
-ვიღაც გაჭირვებული გაიჭაჭება, იქნებ როგორმე ხმა ამოვაღებინოო - ბუტბუტებს იგი - საქსი ნამდვილად არ ვარგოდა არაფრად, უარესს ნამდვილად ვერსად ნახავდი; ტყუილად კი არ უკრავდა მას დიკ როდრიგესი: ხმა ჩაუწყვიტა, მთელი შიგნეული ამოუბრუნა. თვითონ ინსტრუმენტს არა უშავს, მაგრამ როდრიგესი, ერთხელ ხელი რომ შეახოს, სტრადივარიუსსაც კი მოშლის.
-სხვა საქსს ვერ იშოვით?
-ვცდილობთ, - თქვა დედემ - მგონი, რორი ფრენდს უნდა ჰქონდეს. მაგრამ, ცუდი ის არის, რომ ჯონის კონტრაქტს...
-კონტრაქტი, კონტრაქტი- გამოაჯავრა ჯონიმ - დიდი ამბავი, კონტრაქტი. უნდა დავუკრა, და ვერ დავუკრავ. არც საქსია, არც ფული, არც ბიჭები არიან ჩემზე მდიდრები.
ბიჭების საქმე კი არც ისე ცუდადაა, და ჩვენ სამმა ვიცით ეს, მაგრამ უბრალოდ აღარავინ ანდობს ჯონის ინსტრუმენტს, რადგან ან კარგავს, ან მაშინვე თავისებურად მოშლის ხოლმე. ლუი როლინგის ბორდოში უყიდა დარჩა, ნამსხვრევებად აქცია და ფეხით გათელა საქსოფონი, რომელიც დედემ უყიდა საგასტროლოდ. ვინ მოთვლის რამდენი საქსოფონი დაუკარგავს, დაუგირავებია ან ნამსხვრევებად უქცევია. მაგრამ, მე მგონი, ყველა საქსოფონს ისე უკრავდა, როგორც მხოლოდ ღმერთი დაუკრავდა ალტ-სოქსოფონს, თუ წარმოვიდგენთ, რომ ცაში ხელი აიღეს ქნარებსა და ფლეიტებზე.
-როდის იწყებთ, ჯონი?
-არ ვიცი. შეიძლება, დღეს, ჰა, დე?
-არა, ზეგ.
-ყველამ იცის დღეებიც, საათებიც, ყველამ ჩემს გარდა - აბუზღუნდა ჯონი და ყურებამდე პლედში გაეხვია - ფიცს დავდებდი, რომ ამ საღამოს ვუკრავ და მალე რეპეტიციაზეც ვარ მეთქი წასასვლელი.
-რა გვალაპარაკებს - თქვა დედემ - სულ ერთია, საქსოფონი არა გვაქვს.
-როგორ თუ რა? სალაპარაკო არ არის? ზეგ -ეს არის ხვალ ზევით, ხვალ -დღეის შემდეგ. და თვით ,,დღეს“ ჯერ კიდევ არ გათავდება, „ახლას“ შემდეგ, როცა აი ჩემ მეგობარ ბრუნოსთან ვმასლაათობ და ვფიქრობ: ეჰ, ნეტავ დაგვევიწყა დრო და დაგველია რაიმე ცხელი.
-წყალი საცაა ადუღდება, მოიცა ცოტა ხანს.
-მდუღარეს კი არ ვამბობ,- თქვა ჯონიმ.
ახლა კი ამოვიღე რომი, და ოთახი თითქოს განათდა, იმიტომ,რომ ჯონიმ გაოცებისაგან პირი დააღო და მისმა კბილებმა გაიელვეს ბინბუნდში. უნებლიეთ დედესაც გაეღიმა, ისე გაოცებული და აღტაცებული იყო ჯონი. უოველ შემთხვევაში ყავა და რომი კარგი რამეა. როცა ორ-ორი გადავკარით და სიგარეტი გავაბოლეთ თავი უკეთ ვიგრძენით. შენიშნული მაქვს ჯონი ხშირად
უცნაურად ლაპარაკობს დროის თაობაზე. რამდენი ხანია ვიცნობ და სულ ეს პრობლემა აწვალებს. თავს იტანჯავს ფიქრით - რა არის დრო. მაგრამ ისე მელაპარაკება ამ თემაზე და თავის იდეებზე, ისე საინტერესოდ გამოთქვამს, ვერ შეაწყვეტინებ, ვერ შეეკამათები. გამახსენდა ჩაწერის სეანსი, ჯერ კიდევ იქ, ცინცინატში, პარიზში ჩამოსვლამდე დიდი ხნით ადრე, ორმოცდაცხრა თუ ორმოცდაათ წელს. მაშინ ჯონი ჩინებულ ფორმაში იყო. სპეციალურად წავედი რეპეტიციაზე, რომ მომესმინია მისთვის და მაილზ დევისისთვის. ყველა კარგ ხასიათზე იყო, ყველა კარგად გამოიყურებოდა, ყველა სიამოვნებით, შეუფერხებლად და აუჩქარებლად უკრავდნენ და ფანჯრის მიღმა ხმის ოპერატორი კმაყოფილი იქნევდა ხელს ბაბუინივით. და სწორედ მაშინ, როცა თითქოს ჯონი სიამოვნებისგან თავბრუდამხვევი სიხარულით იყო შეპყრობილი, უცებ დაკვრა შეწყვიდა, გაბოროტებულმა მოიქნია მუშტი და თქვა: „მე უკვე ვუკრავ ხვალ“. ბიჭებმა მუსიკა ნახევარ ფრაზაზე შეწყვიტეს, მხოლოდ ორი-სამი კაცი ისევ აჟღარუნებდა, მატარებლის მსგავსად, რომელიც ეს-ესაა უნდა გაცერდეს. ჯონი კი მუშტს შუბლზე ირტყამდა და იმეორებდა: „ეს ხომ უკვე დავუკარი მაილზ, საშინელებაა, მაილზ, მაგრამ ეს უკვე დავუკარი ხვალ“. და ვერავინ გადაათქმევინა. ამ წუთიდან ყველაფერი წახდა: ჯონი დუნედ უკრავდა, წასვლას ჩქარობდა (რომ მეტი მოეწია სისაძაგლე, თქვა გააფთრებისაგან ცოცხალ-მკვდარმა ხმის ოპერატორმა), და როცა დავინახე, როგორ ბარბაცით, გაფითრებული სახით მიდიოდა, ჩემს თავს შევეკითხე, რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს-მეთქი ამან.
-მე მგონი, ექიმ ბერნარს უნდა ვუხმოთ, - თქვა დედემ და ალმაცერად გადახედა ჯონის, რომელიც ყლუპ-ყლუპით სვამდა რომს. -გააჟრჟოლებს, და არაფერს არ ჭამ.
-ექიმო ბერნარი მოსაბეზრებელი და ჩერჩეტი კაცია, -თქვა ჯონიმ და ჭიქა გალოკა. - ჯერ გამომიწერს ასპირინს, მერე კი მეტყვის, ძალიან მომწონს ჯაზი, მაგალითად, რეინობლეო. იცი, ბრუნო, საქსი რომ მქონდეს, ისეთი მუსიკითდავხვდებოდი, რომ რიხინ-რიხინით წავიდოდა მეოთხე სართულიდან და სულ დუნდულებით ჩაითვლიდა საფეხურებს.
-ყოველ შემთხვევაში, ასპირინი არაფერს გავნებდა, ვთქვი და დედეს გადავხედე. - თუ გინდა, როცა წავალ, დავურეკავ ბერნარს და დედეს აღარ მოუხდება ძირს ჩასვლა ავთომატთან. იცი რა, კონტრაქტი ხომ... თუ ზეგ იწყებ, მე მგონი, რაღაცას კიდევ მოვახერხებთ. ვრცდები, როგორმე რორი ფრენდს დავტყუო საქსოფონი, და თუ მაინცდამაინც... იცი რა, ცოტა ჭკვიანად უნდა იყო, ჯონი.
-დღეს არა, -თქვა ჯონიმ და რომიან ბოთლს შეხედა, -ხვალ, როცა საქსი მექნება. ამიტომ ახლა ამაზე ლაპარაკი არ ღირს. ბრუნო, ამ ბოლო დროს სულ უფრო მრტად ვრწმუნდები, რომ დრო... უფრო სწორად, მუსიკა გვეხმარება ერთგვარად მაინც ჩავწვდეთ ამ თვალთმაქცობას. არა, კი არ ჩავწვდეთ, კი არ გავერკვეთ - გულწრფელად რომ ვთქვა, ამას ვერაფერი გავუგე. მხოლოდ ვგრძნობ - რაღაც უცნაური რამ ხდება. როგორც სიზმარში - ხომ იცი? - როცა გეჩვენება, რომ ჯოჯოხეთში მიექანები და გული შიშით გელევა, თუმცა არც ეს შიშია ნამდვილი შიში, უცებ ყველაფერი ისევ თავდაყირა დგება, უკვე სიმპათიურ გოგოსთან წევხარ, და ყველაფერი საოცრად კარგადაა.
კუთხეში დედე ფინჯნებსა და ჭიქებს რეცხავს. ვხედავ, ოთახში წყალსადენიც კი არა აქვთ; შევცქერი ვარდიფერყვავილებიან ტაშტსა და დოქს, რომელიღაც ფრინველის მუმიას რომ მაგონებს. ჯონი კი ისევ ლაპარაკობს, პირს პლედით იფარავს და თვითონაც მუმიას ჰგავს: ნიკაპი მუხლებში ჩაურგავს, შავი გადატკეცილი სახე რომისა და სიცხისაგან უპრიალებს.
-ამაზე რაღაც-რაღაცეები წამიკითხავს, ბრუნო. საოცარი რამაა, საერთოდ კი ძნელია გაერკვეს კაცი... მაინც, იცი, მუსიკა გვშველის. არა, განა ვიგებთ რამეს - გულწრფელად რომ ვთქვა, ამის არაფერი მესმის. - იგი თავში იკაკუნებს მუშტს. ყრუდ გამოისმის ხმა, როგორც ცარიელი ქოქოსის კაკლიდან. - არაფერი არ არის შიგნით, ბრუნო, სრულიად არაფერი. არ ფიქრობს და ესმის არაფერი. მართალი თუ გინდა, არცა მჭირდება. რაღაცას ვიგებ მხოლოდ მაშინ, როცა უკან ვიხედები, და რაც უფრო გადის დრო, მით უფრო გასაგები ხდება. მაგრამ, ცხადია, ეს ჯერ კიდევ როდი ნიშნავს, რომ ყველაფერი გაიგე.
-სიცხემ აგიწია, - ეუბნება დედე ოთახის სიღრმიდან.
-ხმა ჩაიწყვიტე. სწორია, სწორია, ბრუნო. არასოდეს არაფერს არ ვუფიქრდები, და უცებ ვხვდები, თურმე ,,მიფიქრია”, მაგრამ ეს ხომ შარშანდელ თოვლს ჰგავს, არა? რა ჯანდაბად მინდა შარშანდელი თოვლის გახსენება, იმის გახსენება, რომ ვიღაცას რააცაზე ,,უფიქრია” ? რა ჭკუა აქვს ახლა - მე თვითონ ,,მიფიქრია”, თუ სხვა ვინმეს, ჰო, თითქოს არც მე მიფიქრია. მხოლოდ იმას ვშვრები, რაც თავში მომდის მაგრამ ყოველთვის მერე, მოგვიანებით - აი სწორედ ამას ვერ მივმხვდარვარ. ოჰ, ძნელი გასაგებია, რა ძნელია... ერთი ყლუპიც ხომ არ დაგრჩენია მანდ?
ჭიქაში ჩავწურე რომის უკანასკნელი წვეთები - სწორედ იმ წუთს, როცა დედემ ისევ აანთო შუქი; ოთახში უკვე თითქმის არაფერი ჩანს, ჯონი ოფლად იღვრება, მაგრამ მაინც იფუთება პლედში და ზოგჯერ ისე შეკრთება ხოლმე, რომ სავარძელს ჭრიალი გააქვს.
-ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი, როცა ზოგ რამეში გავერკვიე, მაშინვე, როგორც კი ვისწავლე საქსის დაკვრა. შინ, ეშმაკმა უწყის, რა ხდებოდა, გაუთავებელი ლაპარაკი იყო ვალებსა და იპოთეკებზე. არ იცი, რა არის იპოთეკა? ალბათ, საშინელი რამაა. დედაჩემი თმას იგლეჯდა, როგორც კი მამაჩემი იპოთეკაზე ჩამოაგდებდა საუბარს, და საქმე ჩხუბით მთავრდებოდა. ცამეტიოდე წლისა ვიყავი... თუმცა, შენ ხომ ეს ბევრჯერ მოგისმენია.
ოღონდაც: მომისმენია კიდეც, და ვცადე სინამდვილე დაწვრილებით გადმომეცა ჯონიზე დაწერილ წიგნში.
-ამიტომ შინ დრო არასოდეს არ გადიოდა, გამიგე? სულ ჩხუბი იყო, თითქმის განუწყვეტლივ, ჭამის დროსაც. ნუგეშად კი -ლოცვა. შენ ვერც კი წარმოიდგენ ყოველივე ამას. როცა მასწავლებელმა საქსი მიშოვა - რომ გენახა, სიცილით მოკვდებოდი, -ასე მეგონა, იმ წამსვე ყველაფერი შეიცვალა მეთქი. მუსიკამ მომწყვიტა დროს... არა, ისე არ ვამბობ. თუ მართალი გინდა, სინამდვილეში ვგრძნობ, რომ სწორედ მუსიკამ ჩამაყურყუმალავა დროის ნიაღვარში, მაგრამ უნდა გაიგო, რომ ეს დრო სრულიადაც არ არის ის დრო, რომელიც... ერთი სიტყვით, რომელშიც ჩვენ ყველანი მივცურავთ.
სწორედ მას შემდეგ, რაც ჯონისა და ყველა იმათ ჰალუცინაციებს გავეცანი, ვინც ისეთსავე ცხოვრებას ეწეოდა, როგორსაც ჯონი, მორჩილად ვუსმენ, მაგრამ მაინცდამაინც არ ვუფიქრდები მის მსჯელობას. მე, მაგალითად უფრო მაინტერესებს, ვისგან შოულობს პარიზში ნარკოტიკებს. ერთი გამოვკითხავ დედეს და, საშველი არაა, ხელი უნდა ავაღებინო ჯონის ჭირვეულობათა ასრულებაზე, თორემ დიდხანს ვერ გაიტანს თავს. ნარკოტიკები და სიღარიბე ერთად ვერ იბოგინებენ, დასანანია, რომაი ასე იკარგება მუსიკა, ათობით გრამფირფიტა, სადაც ჯონის შეეძლო აღებეჭდა იგი, -თავისი საოცარი ნიჭი, რომელიც არა აქვს არც ერთ მის კოლეგას ჯაზში. მისმა ნათქვამმა - ,,მე უკვე ვუკრავ ხვალ” - უცებ დამანახა უღრმესი აზრი, რადგან ჯონი ყოველთვის უკრავს ,,ხვალ, ყველაფერი იმ წუთს დაკრული კი უკან რჩება, რჩება სწორედ,,დღეს”, რომელსაც ადვილად სწყდება თავისი მუსიკის პირველი ბგერებიდანვე.
ჯაზის საკმაოდ საღი კრიტიკოსი ვარ, რომ განვსაზღვრო საკუთარი შესაძლებლობანი, და ვიცი, რომ ჩემი კრიტერიუმების დონე დაბალია იმ მაღალ სფეროებთან შედარებით, სადაც საბრალო ჯონი ცდილობს გადალახოს მხოლოდ მისთვის ხილული დაბრკოლებანი, როცა წამოისვრის ხოლმე სიტყვებს, ოხრავს, ქვითინებს და გოდებს გააფთრებული. მას ფეხებზე ჰკიდია, რომ გენიოსად მიმაჩნია, და სრულიადაც არ ყოყოჩობს, რომ თავის ამხანაგებზე ბევრად უკეთ უკრავს. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მას ბედმა არგუნა იყოს თავისი საქსის სათავე, მე კი ღმერთმა მხოლოდ მისი ,, საყვირის” ბოლო მარგუნა წილად. ჯონი პირია, მე კი -ყური, რომ არა ვთქვა - ის პირია, მე კი... ყოველგვარი კრიტიკა, სამწუხაროდ, მოსაწყენი ფინალია იმისა, რაც იწყებოდა როგორც ზეიმი, როცა ნეტარებისაგან გეუფლება დაუოკებელი სურვილი - იკბინებოდე და კბილებს აღრჭიალებდე. ჯონიმ კვლავ დააღო პირი და უზარმაზარი ენით ტუჩიდან მოილოკა დუჟი, ხელებმა ჰაერში მოხაზეს უცნაური ფიგურა.
-ეჰ, ბრუნო, თუ შეძლებ ოდესმე ამის დაწერას... ჩემთვის კი არა -ხომ გესმის? -მე ფეხებზე მკიდია. ეს ხომ შესანიშნავი იქნებოდა. მითქვამს შენთვის, ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი, და დაკვრა რომ დავიწყე, მივხვდი - დრო გაჩერებული არ არის. ერთხელ ეს ჯიმს ვუთხარი, იმან კი მიპასუხა, ყოველი კაცი ამასვე გრძნობსო, და თუ ვინმე სწყდება დროს... სწორედ ასე თქვა - თუ ვინმე დროს სწყდებაო. არა, მე არ ვწყდები დროს, როცა ვუკრავ. მხოლოდ თვითონ ვმოძრაობ დროში. აი როგორც ლიფტშია ხოლმე, ესაუბრები ვინმეს ლიფტში და განსაკუთრებულს ვერაფერს ამჩნევ, ფეხქვეშ კი გეცლება პირველი სართული, ,ეათე, ოცდამეერთე, და მთელი ქალაქი სადღაც ქვემოთრჩება, შენ ამთავრებ ფრაზას, შემოსვლისას რომ დაიწყე, ხოლო პირველსა და უკანასკნელ სიტყვას შორის - ორმოცდათორმეტი სართულია. როცა დაკვრა ვისწავლე, ვიგრძენი, რომ ლიფტში შევდივარ, მაგრამ მხოლოდ, ასე ვთქვათ, დროის ლიფტში. არ გეგონოს, რომ მავიწყდებოდა იპოთეკები ან ლოცვები. მხოლოდ ასეთ წუთებში იპოთეკები და ლოცვები თითქოს გახდილი ტანსაცმელიაო; ვიცი, რომ ტანსაცმელი კარადაშია, მაგრამ ამ წუთს - ასეა თუ ისე - იგი ჩემთვის არ არსებობს. ტანსაცმელი არსებობს, როცა ვიცვამ; იპოთეკები და ლოცვები არსებობს იწყებდნენ, როცა ვამთავრებდი დაკვრას, როცა შემოდიოდა მთლად აბურძგნილი დედაჩემი და წუწუნებდა - თავი გამიხეთქა ამ მუსიკამ, ,,წყეულიმც ყოფილაო”.
დედემ კიდევ ერთი ფინჯანი ყავა მოიტანა, მაგრამ ჯონიმ ნაღვლიანად ჩახედა თავის ცარიელ ჭიქას.
-ეს ოხერი დრო სრულიად გაუგებარი რამაა, თავგზას მიბნევს. მაგრამ მაინც თანდათან ვხვდები, რომ დრო ძეხვი კი არ არის, რაც გინდა ჩატენო, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, საქმე ის კი არ არის, რით დატენი, მთავარია -რამდენს ჩატენი, დიახ, რამდენს. აი, ხედავ ჩემს ჩემოდანს, ბრუნო? შიგ ორი კოსტიუმი და ორი წყვილი ფეხსაცმელია. ახლა წარმოიდგინე, ყველაფერი ეს გადმოყარე, მერე ისევ ჩადე ორივე კოსტიუმი და ორი წყვილი ფეხსაცმელი და უცებ ხედავ, რომ იქ მხოლოდ ერთი კოსტიუმი და ერთი წყვილი ფეხსაცმელია. არა, ასე არა. ასე ვიტყვი: როცა გრძნობ, რომ ჩემოდანში შეგიძლია ჩაატიო მთელი მაღაზია, ასობით, ათასობით კოსტიუმი, როგორც მე ვატევ ხოლმე მუსიკას იმ მცირე დროში , როცა ვუკრავ. ზოგჯერ. მუსიკას და ყოველივე იმას, რასაც ვფიქრობ, როცა მეტროში ვზივარ.
-მეტროში?
-დიახ, დიახ, სწორედ მეტროში, -ამბობს ჯონი და ეშმაკურად ეღიმება. - მეტრო დიდი გამოგონებაა, ბრუნო, მეტროში რომ ზიხარ კარგად იცი რით გაჭედო ჩემოდანი. არა, მეტროში ვერ დავკარგავდი საქსს. აა-ა-რა...
სიცილით იგუდება, ახველებს. დედე შეშფოთებული უყურებს, მაგრამ ჯონი ხელს იქნევს, ხარხარებს, ცრემლები მოდის და ილოკავს ტუჩთან ცრემლს და ისევ ხარხარებს და ახველებს.
-საქმე ახლა ეს როდია - ამბობს იგი, როცა ცოტა დამშვიდდება - დავკარგე და რაც იყო-იყო. მაგრამ მეტრომ კარგი სამსახური გამიწია, ჩემოდნის ფოკუსი გამომაცნობინა. იცი რა ძალიან უცნაურია, ძალიან, მაგრამ ყველაფერი გარშემო რეზინისაა, ვიცი შეპყრობილი ვყავარ ამ გრძნობას. ყველაფერი გარშემო რეზინია ძამიკო, ყველაფერი. ქვა გგონია და რეზინის ღრუბელა კი შეგრჩება ხელში... - ჩაფიქრდა, აზრი მოიკრიბა - მაგრამ ერთბაშად კი არა - დასძინა მოულოდნელად. გაოცებით და თავმომწონედ ვუქნევ ტავს. უოჩაღ ჯონი. თანაც ამბობს ვერ ვაზროვნებო. ბარაქალა ჯონი! ახლა ნამდვილად დამაინტრესა კიდევ რას იტყოდა, მაგრამ როგორც კი ცემი ცნობისმოყვარეობა შენიშნა, შემომხედა და ეშმაკურად გამიღიმა:
-მაშასადამე ბრუნო, შენ გგონია ვიშოვი საქსს და ზეგ დავუკრავ?
-ჰო, მაგრამ ცოტა ჭკვიანურად უნდა მოიქცე
-ცხადია, ჭკვიანად...
-მთელი თვის კონტრაქტი - მიხსნის საწყალი დედე - ორი კვირა რემის რესტორანში, ორი კონცერტი და ორი გრამჩაწერა. როგორ გავიმართებოდით წელში!
-მთელი თვის კონტრაქტი - გამოაჯავრა ჯონიმ და ხელები აღაპრო - რემის რესტორანში, ორი კონცერტი და ორი გრამჩაწერა. ბე-ბატა-ბოპ-ბოპ-ბოპ-დრრ... მე კი მწყურია, მარტო მწყურია. და მინდა მოწევა, მოწევა და მოწევა. ყველაზე მეტად მინდა მოვწიო.
„გოლუაზი“ გავუზოდე, თუმცა შესანიშნავად ვიცი, რომ ნარკოტიკზე ფიქრობს. მწუხრი ჩამოწვა, ქუჩაში ხალხი მიდი-მოდის, ისმის არაბული ლაპარაკი, სიმღერა. დედე წავიდა, ალბათ ვახშმისთვის რაიმე უნდა იყიდოს.. მუხლზე ჯონის ხელი ვიგრძენი.
-კარგი გოგოა დედე, გჯერა? მაგრამ მეყოფა. აღარ მიყვარს, ვეღარ ვიტან. ჯერ კიდევ მაღელვებს ზოგჯერ, უ-უჰ, რა სიყვარული იცის... - თითები გაატკაცუნა - მაგრამ უნდა მოვშორდე, დავბრუნდე ნიუ-იორკში, ბრუნო.
-კი მაგრამ რატომ? იქ ხომ უარესად გრძნობდი თავს,ვიდრე აქ. მუშაობაზე კი არ გეუბნები, საერთოდ ცხოვრებაზე ვამბობ. აქ მგონი მეტი მეგობრები გყავს.
-ფო, შენ, მარკიზა და კლუბის ბიჭები... ღამე თუ გაგიტარებია მარკიზასთან ბრუნო?
-არა.
-ო, ეს რაღაც... მაგრამ მე ხომ მეტროზე გიყვებოდი, ჩვენ კი რატომღაც სხვა რამეზე გადავედით. მეტრო დიდებული გამოგონებაა, ბრუნო, ერთხელ მეტროში რაღაც უცნაურად ვიგრძენი თავი, მერე ყველაფერი დამავიწყდა... მაგრამ ორიოდე დღის წინ ისევ განმიმეორდა. და ბოლოს მივხვდი. ეს ადვილი ასახსნელია, იცი ადვილია იმიტომ, რომ სინამდვილეში ეს არ არის ჭეშმარიტი ახსნა. ჭეშმარიტი ახსნა უბრალოდ შეუძლებელია. უნდა იჯდე მეტროში და ელოდო, სანამ მოხდება. ასეა... მაშ, მართლა არასოდეს გაგიტარებია ღამე მარკიზასთან? შენ უნდა სთხოვო დადგეს საწოლი ოთახის მოოქრულ ტაბურეტზე. ძალიან ლამაზი ლამპის გვერდით და მაშინ... ვაჰ, ეს უკვე დაბრუნებულა.
დედემ რაღაც გახვეული შემოიტანა და ჯონის შეხედა.
-სიცხემ აგიწია, ექიმს დავურეკე და ათ საათზე მოვალო. მითხრა, მშვიდად იწვესო.
-კეთილი. თანახმა ვარ. მაგრამ ჯერ ბრუნოს მოვუყვები მეტროზე. ერთხელ მივხვდი, რა ხდებოდა. დედაჩემზე ვფიქრობდი, ლენზე, ბიჭებზე. მააშინ მომეჩვენა, ვითომ ჩვენს უბანში ვარ-მეთქი. ვხედავდი ბიჭების სახეებს, როგორებიც იყვნენ მაშინ. არა, კი არ ვფიქრობდი, შენთვის ასჯერ მითქვამს, არასდროს არ ვფიქრობ-ეთქი. თიტქოს კუთხეში ვდგავარ და ვხედავ, ჩემ გასწვრივ მოძრაობს ის, რაზეც თითქოს ვფიქრობ, მაგრამ სრულიად არ ვფიქრობ იმაზე, რასაც ვხედავ. გესმის? მეტროში სენ -მიშელის სადგურზე ჩავჯექი და მაშინვე დავიწყე ფიქრი ლენზე, მაგრამ ამავე დროს ვიცოდი, რომ მეტროში ვარ და თითქმის ერთ წუთში უკვე ოდეონში აღვმოჩნდი. ვამჩნევდი, როგორ შემოდიოდა და გადიოდა ხალხი, ისევ ლენზე დავიწყე ფიქრი, დავინახე დედაჩემი- საყიდლებზე მიდის. მერე კი ყველანი ერთად დავინახე. მათთან ვიყავი.
პირდაპირ სასწაულია. დიდი ხანია, ასეთი რამ არ განმიცდია. ყველაფერი რომ გიამბო, რაც ვნახე, არ დამიჯერებ. ერთ წუთზე მეტი ხომ არც გასულა, ყველა წვრილმანი კი წარმოვიდგინე. აი, თუნდაც, მაგალითისთვის, დავინახე ლენი, წითელი კაბა ეცვა. ამ კაბას მაშინ იცვადა, როცა მიდიოდა ,,33-თა კლუბში“, სადაც ჰემპთან ერთად ვუკრავდი. თითქოს ლენს გარს ვუვლიდი და ყოველ წვრილმანს ვამჩნევდი. მერე მომაგონდა მაიკი, გვერდით ოთახში რომ ცხოვრობდა, როგორ მიყვებოდა ხოლმე კოლორადოს გარეული ცხენების ამბებს..
-ჯონი, -შეაწყვეტინა დედემ
-არა,-- წარმოგიდგენია, სულ ცოტა რამ გიამბე იქიდან, რაზეც ვფიქრობდი. რამდენ ხანს ვლაყბობდი ამ სისულელეზე?
-ალბათ ორიოდ წუთს.
- -ალბათ ორიოდ წუთს, ჩაფიქრებით გაიმეორა ჯონიმ,-ორ წუთში მოვასწარი მეამბნა სულ ცოტა რამ. ყველაფერი რომ მეთქვა, რასაც ბიჭები .
შვრებოდნენ ჩემ თვალწინ და ისიც, როგორ უკრავდა ჰემპი ,,ფრთხილად, ძვირფსო დედა“, და მე ვგრძნობდი თითოეულ ნოტს, გესმის, თითოეულ ნოტს. ჰემპი ის არ გეგონოს, ვინც მალე ყრის ფარ-ხმალს. რომ მეამბნა, გავიგონე-მეთქი, როგორ კითხულობდა დედაჩემი გაუთავებელ ლოცვას და რატომღაც ახსენებდა კომბოსტოს თავებს. მგონი, ითხოვდა მამაჩემისა და ჩემს შეწყალებას და სულ რაღაც კომბოსტოებს ახსენებდა. ჰოდა, ყველაფერი ეს დაწვრილებით რომ მეამბნა, ორ წუთზე მეტი გავიდოდა, არა, ბრუნო?
-თუ მართლაც ყველა მათგანს უსმენდი და ხედავდი, სულ ცოტა თხუთმეტი წუთი უნდა გასულიყო,-ვეუბნები სიცილით.
- სულ ცოტა თხუთმეტი წუთი, ხომ, ბრუნო? აშინ ამიხსენი, როგორ მოხდა, რომ მეტროს ვაგონი უცებ გაჩერდა და დავინახე უკვე სენ-ჟერმენ -დე-პრეზე ვარ, აქამდე კი ოდეონიდან ზუსტად წუთ-ნახევარია საჭირო.
არასდროს ვანიჭებ განსაკუთრებულ ყურადღებას ჯონის ლაყბობას, მაგრამ ახლა, როცა თვალი თვალში გამიყარა, ჟრუანტელმა დამიარა ტანში.
-მხოლოდ შენი დროით ან აი, იმის დროით გავიდა წუთ-ნახევარი, - ნიშნის მოგებით ამბობს ჯონი, - ან მეტროს და ჩემი საათის დროით. წყეულიმც იყვნენ, მაშ, როგორ მოხდა, რომ რომ მე 15 წუთს მიფიქრია, სულ კი წუთ-ნახევარი გავიდა? გეფიცები, იმ დღეს ერთი ნამცეცი, ერთი ფოთოლიც არ მომიწევია,- დასძინა მან დამნაშავე ბავშვის ტონით. -მარტო მეტროში შემიძლია ამის გაცნობიერება,-ჯიუტად იმეორებს ჯონი,-იმიტომ, რომ გინდა მეტროთი გიმგზავრია და გინდა საათში მჯდარხარ, სულ ერთია. სადგურები წუთებია. გესმის, ეს თქვენი დროა, ჩვეულებრივი დრო, მაგრამ არსებობს სხვა დროც. და მე ვცდილობ გავიგო, ჩავწვდე მას.
ხელები სახეზე აიფარა, აძაგძაგდა, გავეცლებოდი, მაგრამ არ ვიცი, ისე როგორ გამოვემშვიდობი, რომ არ ეწყინოს, სიტყვა რომ შევაწყვეტინო, სულ მთლად მოიშლება- დედესთან ხომ ვერ ისაუბრებს ასეთ რამეებზე.
-ბრუნო, რომ შემეძლოს ისე ცხოვრება, როგორც იმ წუთებში, როგორც მუსიკაში, როცა დროც სხვანაირად გადის ხოლმე... გესმის, რამდენი რამ შეიძლება მომხდარიყო წუთ-ნახევარში...მაშინ ადამიანები...ყველანი ...ასობით წელს იცხოვრებდნენ...ათასჯერ უფრო მეტ ხანს ვიცოცხლებდით, ვიდრე ახლა, ამ ოხერ საათს რომ შევცქერით და სულელურად რომ ვითვლით წუთებს და დღეებს..
ისე ვიღიმები, ვითომ ყველაფერი გავიგე, რადგან ვგრძნობ, რომ ზოგ რამეში მართალია, მაგრამ მისი ნააზრევი და ის ჭეშმარიტებანი, რაც ჩემს გონებას სწვდება, უკვალოდ გაქრება, როგორც კი ქუჩაში გავალ. ჯონი ამბობს რაღაცას და ამის მიზეზი მხოლოდ ბოდვა და რეალობის გრძნობის დაკარგვა როდია .
ყველაფერი, რასაც ჯონი ამბობს, შეიძლება მხოლოდ მაშინ მოისმინო, თუ დარწმუნებული ხარ, რომ დაუყოვნებლივ დაივიწყებ, როგორც კი ქუჩაში ამოყოფ თავს. როგორც კი საკუთარი ცნობიერება და არა ჯონის ხმა აღადგენს ამ სიტყვებს, ისინი მაშინვე ბოდვად მოგეჩვენება და ზეშთაგონება მკრეხელობად წარმოგიდგება.
მაგრა ეს მოგვიანებით მემართება და არა მაშინ, როცა ჯონი ამას ამბობს.იმ წუთს გამიელვებს რაღაც ახალი აზრი, ვხედავ ნაპერწკალს, რომელიც ეს-ესაა, უნდა აგიზგიზდეს. ვგრძნობ, რაღაც უნდა დავამსხვრო, ნაფოტებად ვაქციო, როგორც მორი, რომელშიც სოლს არჭობენ და უროს ურტყამენ. მაგრამ ჯონის მსხვრევის თავი აღარა მაქვს. მე ისიც კი არ ვიცი, როგორი უროა საჭირო სოლის ჩასარჭობად, არც ამ სოლზე მაქვს წარმოდგენა.
ამიტომ ბოლოს და ბოლოს ვდგები და კარისკენ მივდივარ.
მაგრამ ამ დროს ხდება ერთ-ერთი ექსცესი. ამას ვხედავ დედეს თვალებში. დედეს ვეთხოვები და უცებ ვიგრძენი, რაღაც ხდება. შემოვბრუნდი, რადგან, ცოტა არ იყოს , მეშინია ჯონის, ამ ,,ღვთის მადლისა“, რომელიც ძმასავით მიყვარს, მეშინია ამ ძმისა, რომელიც ჩემთვის ,,ღვთის მადლია “ და დავინახე ჯონი, პლედი გადუსვრია და სრულიად შიშველი ზის. ფეხები აუკეცია, თავი ნიკაპში ჩაურგავს, მთელი სხეულით ძაგძაგებს და ხარხარებს, დედიშობილა, დაგლეჯილ სავარძელში.
-წაიფარე, -ეუბნება დედე. ისე დაბნეულა, რა ქნას, არ იცის. მეც აღარ ვიცი, საით გავიხედო, რომ არ გამოვამჟღავნო უხერხულობა ჯონის საქციელის გამო, ის კი ამას ხედავს და იცინის, არ მალავს სასირცხო ადგილს, არ იცვლის ურცხვ პოზას, პირწავარდნილი ზოოპარკის მაიმუნია. ზიზღმა შემიპყრო. დედემ დასტაცა ხელი პლედს და ნაჩქარევად შემოახვია. ის კი იცინის დს ძალიან კმაყოფილი სახე აქვს. უაზროდ დავუქნიე თავი, დავპირდი, მალე შემოვივლი-მეთქი. დედემ კიბეზე გამომაცილა და კარი მოხურა, რომ ჯონის არ გაეგო მისი სიტყვები:
-ბელგიის ტურნედან რომ ჩამოვედით, სულ გახელებულია. რა კარგად უკრავდა ყველგან, რა ბედნიერი ვიყავი.
-ნეტა სად იშოვა ნარკოტიკი-ვეუბნები და პირდაპირ თვალებში ჩავცქერი.
-არ ვიცი, ღვინოსა და კონიაკს ყოველთვის სვამს. ეწევა კიდეც.
-მართლა კარგად უკრავდა ჯონი ბელგიაში?
-ჰო, ბრუნო, მე მგონი, არასდროს არ დაუკრავს ასე კარგად. ხალხი აღფრთოვანებული ღრიალებდა.ზოგჯერ უცებ ემართებოდა ისე, როგორც იცის ხოლმე. მაგრამ, საბედნიეროდ, ესტრადაზე არ მოსვლია.
-ალბათ ახლა სრულიად უფულოდ ხართ არა?
-აი, ეს კონტრაქტი.. ზეგ თუ დავიწყეთ..
-თქვენ გგონიათ, რომ შეძლებს ჩაწერას და ხალხის წინაშე გამოსვლას?
-ო, რა თქმა უნდა, _ოდნავ გაკვირვებული ამბობს დედე, -ახლა მთავარია საქსოფონი ვიშოვოთ.
-ვეცდები, დეგეხმაროთ. ეს კი თქვენ, დედე, მაგრამ ჯობს, ჯონიმ არ იცოდეს..
-ბრუნო..
-ხელი ჩავიქნიე და კიბეზე დავეშვი, რომ არ მომესმინა ზედმეტი მადლიერების სიტყვები.
ოთხი-ხუთი საფეხური რომ ჩავიარე, უფრო გამიადვილდა იმის თქმა, რაც უნდა მეთქვა:
-არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მაგისთვის მოწევა პირველი კონცერტის წინ. ცოტა რამ დაალევინეთ, მაგრამ სხვა რამისთვის ფულს ნუ მისცემთ.
დედეს არაფერი უპასუხია. დავინახე, როგორ ჭმუჭნიდა ხელში ათფრანკიან ქაღალდებს. ყოველ შეთხვევაში, ახლა ის მაინც ვიცი, რომ თვითონ დედე არ ეწევა. იგი მხოლოდ თანამონაწილე შეიძლება იყოს, შიშისა და სიყვარულის გამო. თუ ჯონი მუხლებზე დაეცა და აქვითინდა, როგორც მაშინ ჩემი თანდასწრებით ჩიკაგოში, თუ აქვითინდა და შეევედრა..რას იზამ. რა თქმა უნდა, საფრთხე არის, მაგრამ ასეა თუ ისე, საჭმლის და წამლის ფული აქვთ.
ქუჩაში გამოვედი, პალტოს საყელო ავიწიე, წამოწვიმა.
ღრმად ჩავისუნთქე, ასე მეჩვენა, პარიზში სისუფთავისა და ცხელი პურის სუნი ტრიალებს-მეთქი. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რა სუნი სდიოდა ჯონის ოთახს, პლედში გაოფლილ ჯონის ტანს. კაფეში შევედი, რომ კონიაკით ყელი ჩამეწმინდა და ბარემ თავიც, რადგან თავში გაუთავებლად მიტრიალებდა ჯონის სიტყვები, მისი მონაჩმახი, მისი მოჩვენებანი, რომელსაც ვერ ხედავ და არც მინდა დავინახო. ვცადე მეფიქრა ზეგინდელ დღეზე და ტანდათან დავმშვიდდი, თითქოს მაგარი ხიდი გამედოს ღვინის დახლსა და მომავალს შორის.
როცა ეჭვები შეგიპყრობს ჯობს თავი დააჯერო: არ ჩაყვინთო და - დაიღუპები, როგორც ამას მეზღვაურები შვებიან ხოლმე. ორი-სამი დღის შემდეგ ვიფიქრე - უნდა „ჩამეყვინთა“ და დავრწმუნებულიყავი, მარკიზა ხომ არ შოულობდა მარიხუანას ჯონისთვის. გავეშურე სტუდიაში მონპარნასზე. მარკიზას ბევრი ფული აქვს, რომელსაც მარკიზი აძლევს, თუმცა ისინი დიდი ხანია დაშორდნენ, მას შემდეგ, რაც ეს ქალბატონი მარიხუანას შეეჩვია. ჯონიმ და მარკიზამ ერთმანეთი ნიუ-იორკში გაიცნეს, ალბათ იმ დილას, როცა ჯონიმ გაიღვიძა და გაიოგო, რომ სახელმოხვეჭილი კაცია. ეს მოხდა იმიტომ,რომ ვიღაცამ შესაძლებლობა მისცა ხუთ ახალგაზრდას გაეშალათ ფრთები, მათ გადააბრუნეს ჯაზი, როგორც ხელი გადააბრუნებს ხოლმე წიგნის ფურცელს.
მარკიზა, რომელსაც მუსიკის ნამდვილი ალღო აქვს, აღფრთოვანებული იყო ჯონით და მისი ანსამბლის წევრებით. წარმომიდგენია რამდენი დოლარი შეუწირავს მათთვის, როდესაც
კრიტიკოსთა უმეტესობა გრამჩამწერის წინააღმდეგი იყო და მის ჯაზს დახავსებული კრიტერიუმებით აფასებდა. იქნებ ჯონისთან ღამ-ღამობით სიარული და მარიხუანას წევა მაშინ დაიწყო მარკიზამ. ხშირად მინახავს, ჩაწერის სეანსის წინ ან კონცერტების ანტრაქტებზე, ჯონის სახე უსაზღვრო ბედნიერებას გამოხატავდა მარკიზას გვერდით, თუმცა პარტერში ან შინ ლენი და ბავშვები ელოდნენ. მაგრამ ჯონის ვერ გაეგო, რა საჭირო იყო ფუჭი ლოდინი. ხერხი, რომელსაც ლენის მოსაშორებლად მიმართა, ფრიად მრავლისმეტყველია. მე მინახავს ღია ბარათი, რომელიც რომიდან გაუგზავნა ოთხი თვის დაშორების შემდეგ. ბარათზე ეხატა რემი და რომული და ეწერა „დავდივარ მარტო ზღვა სიყვარულში“ - სტრიქონი დილან თომასის პოემიდან, რომელსაც დღედაღამ კითხულობდა ჯონი. ნიუ-იორკში ჯონის რწმუნებულებმა ისე მოაწყვეს, რომ მისი შემოსავლის ნაწილს ურიცხავდნენ ლენის. ასე, რომ ლენი მალე მიხვდა, ჯონისთან გაშორება ცუდი საქმე როდი იყო. ისიც კი მითხრეს მარკიზაც უგზავნიდა ფულსო, ლენი კი აზრზეც არ იყო საიდან მოდიოდა ფული.
მარკიზასთან არტ ბუკაია და მარსელ გავოტი იყვნენ. ისინი ჯონის წუხანდელ ჩანაწერებზე საუბრობდნენ. ყველანი მომცვივდნენ, ბიჭები ხელს მართმევენ, მარკიზა მკოცნის. ძლივს დავუძვერი ხელიდან და სავარძელს ამოვეფარე - თურმე შეუტყვიათ ჯონის დიდებული საქსოფონი რომ ვუშოვე და გუშინ მას ოთხი თუ ხუთი საუკეთესო კომპოზიცია ჩაუწერია. მარკიზამ მომახალა, ჯონი საძაგელი ტიპია, პატიება რომ ეთხოვა პარიზში ჩამოსვლის დროს, მე თვითონ მივცემდი ჩეკს საქსოფონის საყიდლათო; მგონი ლონდონში იჩხუბეს ამ ორი თვის წინ. არტ ბუკაიამ დრო იხელთა და დაწვრილებით მიამბო გუშინდელი ჩაწერის სეანსის ამბავი.
-თუ გინდა ტიკს კითხე - მეუბნება არტი და მარკიზასკენ იხედება - ვეც კი წარმოიდგენ ბრუნო, რა იყო, სანამ ფირფიტას არ მოისმენ. თვით ღმერთი თუ დაეხეტებოდა გუშინ ამ ცოდვილ მიწაზე. გეფიცები, ეტყობა შემოსულა ამ დაწყევლილ სტუდიაში, სადაც უნდა ითქვას, ჯოჯოხეთური სიცხისგან სული გვეხუთებოდა. მარსელ გახსოვს „მტირალი ტირიფი“?
-როგორ არ მახსოვს, განა შეიძლება ამის დავიწყება? სულის სიღრმემდე ჩამწვდა მაგ ტირიფის ტირილი.
ტიკამ ყინულიანი ვისკი მოგვართვა და მოვიკალათეთ სასიამოვნო ლაყბობის მოლოდინში. თურმე ასეთი ანეგდოტური ამბებიც მომხდარა - ჯონის ფეხზე გაუძვრია ფეხსაცმელი და ფეხშიშველი დადიოდა თურმე სტუდიაში. სამაგიეროდ მარკიზას შერიგებია და შეპირებია საღამოს შემოგივლი და თითო ჭიქა კონიაკი დავლიოთო.
-იმ გოგოს თუ იცნობ ახლა რომ ჰყავს ჯონის? - აინტერესებს ტიკას.
მე მოკლედ ავუწერე, მაგრამ ფრანგი ქალის საამებლად მარსელმა რამდენიმე დეტალი და უწმაწური სიტყვა დასძინა, რამაც ენით აუწერელი მხიარულება მოჰგვარა მარკიზას. ტიკა ზუსტად ისე იცინის, როგორც ჯონი და არტი- ზუსტად ისე როგორც ნარკომანები იცინიან. ნეტავ სად შოულობს ჯონი მარიხუანას, თუ გაბუტული იყო მარკიზასთან მთელი ორი თვე? ისევ შეირყა ჩემი ნდობა დედესადმი, თუმცა აღარც კი ვიცი ვენდობოდი თუ არა საერთოდ. ფერი-ფერს და მადლი ღმერთსო, ყველანი ერთნაირები არიან.
ჯონი შემოვიდა, ეშმაკურად ჩამიკრა თვალი, მერე მარკიზა ჩაკოცნა, ჰაერში შემოატრიალა, რაღაცა ჩაუღიღინა მას და არტს მისალმების ნიშნად, რასაც ასე აღტაცებაში მოვყავართ ყველა და მერე გვერდით მომიჯდა.
-ბრუნო ეს დუდუკი პირდაპირ სასწაულია. ესენი გეტყვიან რა ვაქნევინე გუშინ. ტიკას ცრემლები ცვიოდა თვალებიდან და არა, იმიტომ რომ ფული აქვს მკერავისთვის მისაცემი, არა ტიკა?
მინდოდა მეტი გამეგო რეპეტიციის შესახებ, მაგრამ ჯონი მარსელს მიუბრუნდა და საუბარი გააბა საღამოს პროგრამაზე. იმაზე უხდებოდათ თუ არა ნაცრისფერი კოსტიუმები. მართლაც უხდებოდათ და მე მგონია, რომ ჯონი ბევრს აღარ ეწევა, ან იმდენს ეწევა რამდენიც სჭირდება, რომ აღტკინებით დაუკრას. ეს რომ გავიფიქრე ჯონიმ მხარზე ხელი დამარტყა და ჩამჩურჩულა:
-დედემ მითხრა, იმ საღამოს უზრდელურად მოიქეცი, რულიად შიშველი გამოგვეცხადეო.
-რად გინდა რომ იხსენებ?
-არა, მინდა. მართალი თუ გნებავს, ძალიანაც კარგად ვიქცეოდი. შენ ხომ უნდა ამაყობდე, რომ არ გერიდები. არავისთან არ ვიქცევი ასე, გჯერა? აქედან ჩანს თუ როგორ გაფასებ. ეხ, ერთი სადმე შეგვაძვრინა და გვასაუბრა ნაირ-ნაირებზე. აქ ხომ... - ზიზღით გამობერა ქვედა ტუჩი და სიცილი აუვარდა - ბრუნო, მეგობარო, დედე კიდე მეუბნება, უზრდელურად მოიქეციო... ღმერთმანი, ჰა... ჰა... ჰა!
-როგორ არის შენი გრიპი, უკეთესად გრძნობ თავს?
-არავითარი გრიპი არ მქონია. ექიმმა ასეო და ისეო, მერე ჯაზს ვაღმერთებ, საღამოს შემოიარე და ფირფიტებს მოგასმენინებო... დედემ მითხრა ფულიც მიგიცია.
ცოტა სულს მოითქვამთ. მიიღებ და დამიბრუნებ. რას იტყვი, ამ საღამოს გუნებაზე ხარ?
-ჰო, დაკვრის გუნებაზე ვარ. ახლავე დავუკრავდი საქსი რომ მქონდეს აქ, მაგრამ დედე გაჯიუტდა,მე თვითონ მოგიტან თეატრშიო. ბრწყინვალე საქსია. გუშინ რომ ვუკრავდი, მეგონა, სიყვარულად ვიღვრები-მეთქი... ერთი გენახა ტიკას სახე. ეჭვიანობდი ტიკა?
ისევ ახითხითდნენ ყველანი. ჯონიმ ხელი სტაცა არტს და გატაცებით დახტოდნენ სტუდიაში. მუსიკა არ უკრავდა, თუმცა ჯონი ცეკვავდა და ფეხებს მაღლა იქნევდა. ამ უხმო აკომპონიმენტის თანხლებით ჯონისა და არტის წარბები რითმულად ათამაშდნენ. შეუძლებელია გაუბრაზდე
ჯონის და არტს, ისევე როგორც ვერ გაუბრაზდები ქარს, თმას რომ აგიწეწავს. ტიკამ, მარსელმა და მე თითქმის ჩურჩულით დავიწყეთ მსჯელობა იმაზე, თუ როგორ დამთავრდებოდა დღევანდელი საღამო. მარსელი დარწმუნებულია, რომ გუშინდელი რეპეტიციის შემდეგ, ჯონი გაიმეორებს 1951 წლის გასაოცარ წარმატებას, როცა პირველად ჩამოვიდა პარიზში. მეც მინდა მჯეროდეს... სხვა რაღა დამრჩენია. დავჯდები პირველ რიგში და მოვუსმენ. იმაში მაინც
დავრწმუნდი, რომ ჯონის მარიხუანა არ მოუწევია, როგორც მაშინ, ბალტიმორში. ეს რომ ტიკას ვუთხარი, ხელი ისე წამატანა ხელში, თითქოს წყალში ვარდებაო.
არტი და ჯონი პიანინოსთან მივიდნენ, არტმა უჩვენა ახალი თემა. იგი ტაქტს აყოლებდა თავს და ღიღინებდა. ორივე ძალიან ელეგანტური იყო ნაცრისფერ კოსტიუმებში. მე და ტიკა ვიხსენებთ ბალტიმორის საღამოს, როცა ჯონიმ პირველი სასტიკი კრიზისი გადაიტანა. თუკი ჯონიზედმეტ კონიაკს დალევს ან მარიხუანას ერთ ნაფაზს დაარტყამს, ყველაფერი ჩაფლავდება. პარიზი პროვინციული კაზინო როდია, აქ ყველა უყურებს ჯონის. ამაზე რომ ვფიქრობ საშინლად ვბრაზდები, ჯონიზე ან მის მარცხზე როდი მომდის ბრაზი, უფრო სწორად ვბრაზობ საკუთარ თავზე და იმათზე, ვინც გარს ახვევია ჯონის. ჩვენ ეგოისტების ბანდა ვართ. ჯონიზე ზრუნვის საბაბით გვინდა განვიმტკიცოთ საკუთარი წარმოდგენა მასზე, გვინდა დავტკბეთ იმ სიამოვნებით, რასაც ყოველთვის გვგვრის ჯონი. ჯონის მარცხი არარად აქცევდა ჩემს წიგნს და იქნებ, ეს მღელვარებაც მაიძულებს ვიზრუნო ჯონისთვის. არტი და მარსელი მისით შოულობენ ფულს, მარკიზა კი ... თუმცა მარკიზამ უკეთ იცის რატომ ელტვის ჯონის, რა იზიდავს, მისი ნიჭის გარდა. ყოველივე მის გამო ქრება მეორე ჯონი, და უცებ თავში გამიელვა, იქნებ ჯონის სწორედ ეს უნდოდა ეთქვა, როცა პლედი გადაიძრო: ჯონი უტანსაცმლოდ, ჯონი უსახსროდ, უსაქსაფონოდ, შეპყრობილი იდეით, რომელსაც ვერასოდეს ვერ დაძლევდა თავისი უსუსური ინტელექტით...
როცა ასეთი აზრები მომდის თავში, უნებურად საზუზღარ გემოს ვგრძნობ პირში და მთელი მსოფლიოს პატიოსნება ვერ გამოისყიდის მოულოდნელ აღმოჩენას, რომ შენ მხოლოდ საცოდავი სალახანა ხარ ისეთი ადამიანის გვერდით, როგორიც ჯონი კარტერია. ის დივანზე ზის, კონიაკს წრუპავს და ეშმაკურად გვიღიმის. დროა გავსწიოთ დარბაზისკენ, დაე მუსიკა აეფაროს შირმად სარკეს, ორიოდ საათით აღგვგავოს პირისაგან მიწისა.
ხვალ, როგორც ყოველთვის, ჟურნალ „ჯაზ-ჰოთისთვის“ დავწერ ამ კონცერტის რეცენზიას. კონცერტზე ხანმოკლე შესვენებების დროს მუხლზე სტენოგრაფიულად ვიწერ ხოლმე ზოგ რამეს, მაგრამ არ მინდა კრიტიკოსის და შემფასებლის როლში გამოვიდე. შესანიშნავად ვიცი, ჯონი ჩემთვის მარტო ჯაზისტი როდია, მისი მუსიკალური გენია რაღაც დიდებულ ფასადს ჰგავს, მაგრამ ფასადს მიღმა იმალება „სხვა“ და ეს „სხვა“ ერთადერთია, რაც უნდა მაინტერესებდეს, თუნდაც იმიტომ, რომ სწორედ ეს „ერთადერთია“ რასაც ჯონი ასეთ მწვერვალებზე აჰყავს.
ამის თქმა ადვილია სანამ მთლიანად ჯონის მუსიკაში ვარ ჩაფლული, მაგრამ როცა გამოვფხიზლდები... რატომ ვერ ვიქცევი მასავით? რატომ ვერ ვურტყამ კედელს თავს? თავს ვიზღვევ მსჯელობითა და ვარაუდებით, რომელთა არსი არაფერია, თუ არა უაზრო დიალექტიკა, მაგრამ ბოლოს ვხვდები, რატომ არის ხოლმე, რომ ზოგჯერ ეკლესიის ზარი ინსტიქტურად დაგცემს მუხლებზე. საკუთარი პოზიციის შეცვლა სიმბოლურად გამოხატავას ცვლილებებს მუსიკაში, იმას, როგორ იზიარებ მოსმენილს. როცა ასეთ ცვლილებებს შევნიშნავ, ყველაფერი საოცრად მარტივდება და ამავე დროს რთულდება. არც მარსელს და არც არტს აზრადაც არ მოსვლიათ, რომ ჯონი სულაც არ შეშლილა, როცა ფეხსაცმელი გაიძრო ხმის ჩამწერ სტუდიაში. მას უნდოდა ნიადაგი შეეგრძნო, რადგან მისი მუსიკა ყოველივე მიწიერის
დამკვიდრებაა და არა გაქცევა მისგან. ჯაზის უკიდურესი ეროტიული ენა ჯონის პასიურად ეჩვენება. მის მუსიკაში სურვილი მუდამ წინ უსწრებს ნეტარებას და ამსხვრევს მას. სურვილი გაიძულებს წინ იარო, ეძიო, ამასთან წინასწარ უკუაგდო ტრადიციული ჯაზის „იოლი გამარჯვებანი“. მე მგონი, ამიტომ არ უყვარს ჯონის უპოპულარესი ბლუზები, მათი მაზოხიზმი და ნოსტალგია... ჯონი ვერ დააკმაყოფილა იოლმა გზამ და ამან აფიქრებინა შეექმნა მუსიკალური ენა, რომლის ზეშესაძლებლობათა ჩაწვდომას ცდილობენ ჯონი და სხვა მუსიკოსები. ასეთი ჯაზი ამსხვრევს მთელ უხამს ეროტიზმსა და ეგრეთ წოდებულ ვაგნერიანობას, რომდაეუფლოს ახალ, თითქოსდა უკიდეგანო სამყაროს, სადაც მუსიკა ფრთებს შლის. ეტყობა, როცა მეუფეობას ცდილობს მუსიკაში, ჯონის თითქოს სურსთვითონ მოსკდეს მუსიკად, კბილებით ჩააფრინდეს ცხოვრებას, მუდმივად ხელიდან რომ უსხლტება.
ვფიქრობ, ეს მუსიკა ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ განუწყვეტლივ აღაგზნებს დაუსრულებელი კომპოზიციებით - ეს არისშემოქმედებითი ძიება, სულიერი ძალების გამოვლინება, რომლებიც ჩრდილავენ სუსტ ადამიანურ ემოციებს, მაგრამ თვითონ არ კარგავენ ადამიანურობას. მარკიზას მაგალითად გონია, ჯონის ეშინიაო. მას არ ესმის: ჯონი შეიძლება შეაშინოს მხოლოდ იმან, რომ ვერ ჩაარჭო დანა ბიფშტექსში, როცა მოშივდა, ან როცაჯიბეში ვერ იპოვა ასე დოლარი,როცა სრულიად ბუნებრივად მიაჩნია ამ ასი დოლარის დახარჯვა. ჯონი ჩვენსავით როდი დაფრინავს აბსტრაქციების სამყაროში. ამიტომ მისი მუსიკა, რომელიც ამ საღამოს მოვისმინე, სრულიად არ არის აბსტრაქტული. მაგრამ მხოლოდ ჯონი თუ გეტყვით რა იპოვა თავის მუსიკაში. თუმცა უკვე გატაცებულია სხვა თემით, მისი გამარჯვებანი ზმანებებს ჰგავს, მაგრამ ივიწყებს მათ, როცა გამოახფიზლებს ტაში, რომელიც აბრუნებს ამქვეყნად შორეთიდან, იქიდან საითაც ასე მიექანება ხოლმე, როცა თხუტმეტ წუთს რაღაც წუთ-ნახევარში განიცდის.
...
ფრიად უცნაურია, როცა რაღაც მეხამრიდად გრძნობ თავს ჭექა-ქუხილის დროს და გწამს, რომ ყველაფეი კარგად დამთავრდება. ხუთიოდე დღის შემდეგ არტ ბუკაის გადავეჩეხე „დიუპონთან“, ლათინურ უბანში. მაშინვე მაუწყა შემზარავი ამბავი. ჯერ თითქოს კმაყოფილების მსგავსი რაღაც ვიგრძენი, რომ მხოლოდ მე უნდა განმესაზღვრ, რამოდენა იყო ახალი უბედურება, რადგან ვიცოდი შესანიშნავად: მშვიდი ცხოვრება დიდხანს ვერ გასტანდა. მაგრამ მერე გიქრები შემომაწვა - მე ხომ ჯონი მიყვარს - და გულს შემომეყარა. ამიტომ ორი ჭიქა კონიაკი გადავკარი. არტმა დაწვრილებით მიამბო ყველაფერი: წინა დღეს დელონეის ყველაფერი მოუმზადებია ახალი კვინტეტის ჩასაწერად: ჯონი - წამყვანი საქსოფონი, არტი, მარსელ გავოტი და ორი კარგი პარიზელი ბიჭი - ფორტეპიანო და დასარტყამი საკრავები. ჩაწერა ნაშუადღევს უნდა დაწყებულიყო, უნდოდათ მთელ დღეს და ცოტა საღამოსაც ემუშავათ, რომ ყველაფერი მოესწროთ და, რაც შეიძლება, მეტი ნაწარმოები ჩაეწერათ, მაგრამ მოხდა სულ სხვა რამ. ჯერ ერთი, ჯონი ხუთზე მობრძანებულა, დელონეი უკვე კბილებს აკრაჭუნებდა გამწარებული. ჯონი სავარძელში გაიშოტა და განაცხადა: შეუძლოდ ვარ, მხოლოდ იმიტომ მოვედი, რომ ბიჭებს დღე არ ჩავუმწარო, დაკვრა კი არა მსურსო.
-მარსელი და მე ერთმანეთს არ ვაცლიდით, ისე ვეხვეწებოდით, ცოტა სული მოითქვი, დაისვენეო, მაგრამ, ეშმაკმა დალახვროს, დაიჩემა, -გზაში რაღაც ურნიანი მინდვრები ვნახეო და,
მთელი ნახევარი საათი ყურები გამოგვიჭედა ამ ურნებით. ბოლოს კი მუჭით ამოჰქონდა ჯიბეებიდან და იატაკზე აბნევდა ფოთლებს, რომლებიც სადღაც პარკში შეეგროვებინა. ლამის ბოტანიკურ ბაღად აქცია სტუდია. ოპერატორები იქით-აქეთ აწყდებოდნენ, ძაღლებივით იღრინებოდნენ. რის ჩაწერა, რა ჩაწერაო. წარმოგიდგენია, მთავარი ხმის ოპერატორი სამ საათს აბოლებდა თავის კაბინეტში, პარიზში კი ეს ცოტა როდია მთავარი ხმის ოპერატორისთვის.
ბოლოს მარსელმა მაინც დაიყოლია ჯონი, სცადე, იქნებ რამე გამოგივიდესო. დაიწყეს დაკვრა, ჩვენც ჩუმად ავყევით, -ამბობს არტი, -რომ სული არ ამოგვხდომოდა მოწყენილობისაგან, მაგრამ მალე შევნიშნე, რომ ჯონის მარჯვენა ხელი უშეშდება და დაკვრა რომ დაიწყო, მართალი გითხრა, მის შეხედვარეს გული გეტკინებოდა, ფერი დაეკარგა, კანკალებდა, გეგონებოდა, აციებსო. ვერც კი შევნიშნე, როდის დაენარცხა დაბლა. მერე წამოიყვირა, სათითაოდ მოგვავლო ყველას თვალი და გვკითხა, რას უცდით, ,,სტრასტიზს“ რატომ არ იწყებთო. იცი, ალამოს ეს თემა? ერთი სიტყვით, დელონეიმ ანიშნა ოპერატორს, ჩვენ ჩავებით, როგორც შეგვეძლო. ჯონი კი წამოდგა, ფეხები გაჩაჩხა, შექანდა, თითქოს ნავში ყოფილიყოს და ისეთი ხმები ამოუშვა, გეფიცები, ასეთი რამ ჩემს სიცოცხლეში არ მსმენია. სამიოდ წუთს ასე უკრავდა, მერე კი ისე შემზარავად დააკივლა საქსი...ეეე, ვიფიქრე, -ახლა მთელი ზეცა თავზე დაგვემხობა-მეთქი. მიგვატოვა შუა გზაზე და თავისთვის კუთხეში დაჯდა. იძულებული გავხდით, როგორღაც დაგვემთავრებინა.
მერე კი საშინელება მოხდა. რომ დავამთავრეთ, ჯონიმ მაშინვე მოგვცხო: საძაგლად გამოვიდა, ჩანაწერი არაფრად არ ვარგაო. ცხადია, არც დელონეის, არც ჩვენ ყურადღება არ მიგვიქცევია მისი სიტყვებისათვის, იმიტომ, რომ მარცხის მიუხედავად, მარტო ჯონის სოლო ათასჯერ მეტი ღირდა იმაზე, რასაც ყოველდღე ისმენ. საოცარია, როგორ აგიხსნა, არ ვიცი...რომ მოისმენ, თვითონ მიხვდები, რატომ არ უფიქრიათ არც დელონეის, არც ოპერატორებს, წაეშალათ ჩანაწერი. მაგრამ ჯონი მთლად გაცოფდა, კაბინაში მინებს ჩავამტვრევ, თუ არ დამიმტკიცეთ, რომ ფირფიტა არ გამოვაო. ბოლოს ოპერატორმა რაღაც დამტვრეული ფირფიტა უჩვენა და დაამშვიდა. მაშინ ჯონიმ შემოგვთავზა, მოდით, ,,სტრეპტომიცინი“ ჩავწეროთო. ჩავწერეთ. ეს ბევრად უკეთესიც გამოვიდა და ბევრად უარესიც. გესმის, ეს ფირფიტა რიგიანია, ვერ შეედავები, მაგრამ იქ ვერ ნახავ იმ სასწაულს, რაც ჯონიმ ,,სტრასტიზში“ გვიჩვენა.
არტმა ამოიოხრა, შესვა უკანასკნელი ყლუპი და სევდიანად მომაჩერდა. ვკითხე, მერე რა ქნა-მეთქი. ჯერ იყოო და, ჯონიმ ყელში ამოგვიყვნა თავისი ფოთლებისა და ურნებით დაფარული მინდვრების ამბები, მერე -აღარ დავუკრავო, გამოგვიცხადა და ბარბაცით გავიდაო სტუდიიდან. მარსელმა 28გვ
საქსოფონი გამოართვა, ისევ არ დაკარგოს ან არ გატეხოსო და ერთი ფრანგი ბიჭის დახმარებით სასტუმროში წაიყვანა.
რაღა დამრჩენოდა? მაშინვე უნდა წავსულიყავი მასთან. და მაინც ეს ხვალისთვის გადავდე. ხვალ კი ჯონის სახელს წავაწყდი ,,,ფიგაროში“-პოლიციის ქრონიკაში: ღამით ჯონის ცეცხლი გაუჩენია ნომერში და დედიშობილა დარბოდა სასტუმროს დერეფნებში. არც თვითონ, არც დედეს არაფერი არ დამართნიათ, მაგრა ჯონი კლინიკაშია. გაზეთის ცნობა ვუჩვენე ცოლს. იგი ახლა
უკეთ გრძნობს თავს. დავამშვიდე, ჯონისთან მივდივარ-მეთქი და მივაშურე სასტუმროს, სადაც ჩემი ჟურნალისტის მოწმობას არავითარი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. მხოლოდ ის შევიტყვე, რომ ჯონის ჰალუცინაციები აქვს და სრულიად მოწამლულია მარიხუანით-ასეთი უზარმაზარი დოზა ათ ვაჟკაცს გადარევდა. საბრალო დედემ ვერ ივარგა, ვერ გადააჩვია მარიხუანის წევას. ბოლოს და ბოლოს ჯონი ყველა დედაკაცს თანამზრახველად იხდის ხოლმე და თავს მოვიჭრი, თუ ნარკოტიკი მარკიზას არ ეშოვოს.
ბოლოს გადავწყვიტე, მაშინვე დელონეისთან წავსულიყავი და მეთხოვა, ჩქარა მომასმენინე-მეთქი ,,სტრასტიზი“. ვინ იცის, იქნებ ,,სტრასტიზი“ საბრალო ჯონის ანდერძია. ასეთ შემთხვევაში, ჩემი პროფესიული მოვალეობა იქნებოდა...
...
მაგრამ არა. ჯერ არა. ხუთი დღის შემდეგ დედემ დამირეკა და მითხრა,ჯონი გამომჯობინდა და შენი ნახვა უნდაო. ვარჩიე, არ დამეტუქსა: ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს წყლის ნაყვა იქნებოდა და მეორეც, საბრალო დედეს ისეთი ხმა ჰქონდა, როგორსაც გაჭყლეტილი ჩაიდანი გამოსცემს ხოლმე. დავპირდი, ახლავე მოვალ-მეთქი და ვუთხარი, ჯონი რომ სულ მთლად მორჩება, კარგი იქნება ტურნე მოგვეწყო მისთვის შიდა პროვინციათა ქალაქებში. დედე ასლუკუნდა და ყურმილი დავდე.
ჯონი საწოლზე იჯდა. პალატის ორ სხვა ავადმყოფს, საბედნიეროდ, ეძინა. სანამ რამეს ვეტყოდი, თითები ჩამავლო თავში, შუბლი და ლოყები დამიკოცნა. საშინლად გამხდარა, თუმცა მითხრა, კარგად მაჭმევენ და არც მადას ვემდურიო. ყველზე მეტად ის მაწუხებს, ბიჭები ხომ მლანძღავენ, ჩემმა კრიზისმა ვინმეს ხომ არ ავნოო, და სხვა.
კაცმა რომ თქვას, პასუხი არც იყო საჭირო, მშვენივრად იცის, რომ კონცერტები გადაიდო და ამან ძლიერ დააზარალა არტი, მარსელი და სხვები. იმ იმედით მეკითხება, იქნებ რაიმე სანუგეშო, გამამხნევებელი მითხრასო. მაგრამ რას მომატყუებს: ამ წუხილის მიღმა, მისი სულის სიღრმეში იმალება ვეებერთელა გულგრილობა. ჯონის ოდნავადაც არ შეუტოკდებოდა გული, ამ წუთს ეს ქვეყანა რომ დაქცეულიყო - ძალიან კარგად ვიცნობ და არ მოვტყუვდები..
-ახლა რაღა სალაპარაკოა, ჯონი, ყველაფერი უკეთ შეიძლებოდა წარმართულიყო, მაგრამ ეს სისხლში გაქვს გამჯდარი. არ შეგიძლია, რომ არ ჩააფლავო.
-ჰო, თავს არ ვიმართლებ,-წაილუღლუღა ჯონიმ ,-მაგრამ მაინც ყველაფერი ურნების ბრალია.
არტის სიტყვები მაგონდება და თვალს არ ვაცილებ ჯონის.
-მინდვრები, ურნებით დაფარული მინდვრები, ბრუნო. უზარმაზარ მინდორში ჩაფლული მხოლოდ და მხოლოდ უხილავი ურნები. მივდიოდი, წამდაუწუმ ვბორძიკობდი, რაღაცას ვედებოდი. შენ იტყვი, დაგესიზმრაო. მაგრამ ასე კი იყო. მომისმინე. ფეხქვეშ მედებოდნენ ურნები, ვბორძიკობდი და ბოლოს მივხვდი, რომ
მინდვრები მთლად ურნებითაა დაფარული, ასობით, ათასობით ურნით და თითოეულში მკვდრის ფერფლია. მახსოვს, მაშინ დავიხარე, ფრჩხილებით ვთხრიდი მიწას, სანამ ერთი ურნა არ გამოჩნდა. ჰო, მახსოვს, კარგად მახსოვს, ვიფიქრე, ეს ნამდვილად ცარიელი იქნება, ალბათ, ჩემთვისაა განკუთვნილი, მაგრამ, დახე, არა, პირამდე სავსე აღმოჩნდა რუხი ფერფლით. ასეთი ფერფლი, დარწმუნებული ვარ, სხვებშიც იყო, თუმცა არ ამიხდია. მაშინ, მე მგონი, მაშინ დავიწყეთ ,,სტრასტიზის“
ჩაწერა.
ჩუმად გადავხედე ტემპერატურის მრუდს. სავსებით ნორმალურია, ვერაფერს იტყვი. ახალგაზრდა ექიმმა შემოიხედა, თავაზიანად დამიკრა თავი და გასამხნვებლად, თითქმის სპორტულად მიესალმა ჯონს. კარგი ბიჭი იყო. მაგრამ ჯონიმ არ უპასუხა და ექიმი რომ კარს მიეფარა, შევნიშნე, როგორ შეკრა მუშტები.
-ამას ესენი ვერასოდეს ვერ გაიგებენ,-მითხრა მან ,-ეგენი ჰგვანან მაიმუნებს, რომლებსაც ცოცხები მიაჩეჩეს, ან კანზას-სიტის კონსერვატორიის გოგოებს, რომლებსაც ჰგონიათ, შოპენს ვუკრავთო, ღმერთმანი. ბრუნო, კამარილიოში დამაწვინეს პალატაში ვიღაც სამ კაცთან, დილით კი გამოგვეცხადა პრაქტიკანტი, ისეთი კოპწია, ვარდისფერი, თვალი დაგრჩებოდა: არც მეტი, არც ნაკლები-წინდა ყრმა, პატიოსნებას გეფიცები და ეს ნაძირალა მომიჯდა და მანუგეშებდა მე, რომელიც მხოლოდ სიკვდილს ვნატრობდი და უკვე აღარც ლენი მახსოვდა და აღარც სხვა ვინმე. ამ ტიპმა კი იწყინა კიდეც, როგორ თუ თავიდან მომიშორაო. იმას, ეტყობა, ეგონა, მისი თეთრი სახით გადასლექილი თმითა და გაქლიბული ფრჩხილებით მოჯადოებული, ფეხზე წამოვიჭრებოდი და განვიკურნებოდი, როგორც ის უტვინოები, ლურდში რომ ცოცვით ჩადიან, მაშინვე ყავარჯნებს ყრიან და თხებივით აკუნტრუშდებიან.
ბრუნო, ეს ტიპი და სხვა კამარილიოელი ტიპები რაღაცნაირები არიან... თავდაჯერებულნი. იკითხავ, რატომაო? თვითონაც არ ვიცი, გეფიცები. ალბათ, იმიტომ, რომ ჰგონიათ, ყველაფერი ვიცით და ძალიან ძვირად ვფასობთო ჩვენი დიპლომებიანად. არა, კარგად ვერა ვთქვი.. ზოგიერთი მათგანი თავმდაბალია და უცოდველადაც როდი მოაქვს თავი, მაგრამ ყველაზე თავმდაბალიც კი თავდაჯერებულია. სწორედ ეს მაცოფებს, ბრუნო, რომ მათ საკუთარი თავის რწმენა აქვთ. ერთი მითხარი, გეთაყვა, რატომ არიან ასე თავდაჯერებულნი , როდესაც მეც კი, ათასნაიარევსა და ტვინნაღრძობ ნაძირალას, მყოფნის ჭკუა, დავინახო, რომ ჩვენ გარშემო ყველაფერი ბეწვზე ჰკიდია, ერთი სულის შებერვა და ...მორჩა. საკმარისია, მიმოიხედო, იგრძნო ცოტა რამ, ცოტა ხანს დადუმდე და ყველგან ხვრელებს დაინახავ. კარში, საწოლში ხვრელებია. ხელები გაზეთები, დრო, ჰაერი- მთლად დახვრეტილია. ყველაფერი ღრუბელასავით, საცერივით არის-თავის თავს
ხვრეტს...მაგრამ ისინი..ეს ამერიკული მეცნიერებაა, გაფუყული და გაბღენძილი.. გამიგე, ბრუნო? მათ ხალათებს ნახვრეტები ვერ ექნება. ისინი ვერაფერს ვერ ხედავენ. ისა სჯერათ, რასაც სხვები
ეტყვიან. ჰგონიათ კი, თვითონ ვნახეთო. რაღა თქმა უნდა, ვერ დაინახავენ გარშემო ხვრელებსა და ნახვრეტებს. მეტისმეტად თავდაჯერებული არიან, მტკიცედ სწამთ, რომ გვჭირდება მათი რეცეპტები, მათი ოყნები, მათი დაწყევლილი ფსიქოანალიზი, მათი ,,ნუ სვამ“, ,, ნუ სწევ“...ოჰ, ნეტა თუ მოვესწრები იმ დღეს, რომ მოვწყდე აქაურობას, ჩავჯდე მატარებელში, გავიხედო ფანჯარაში და დავინახო, როგორ რჩება ყველაფერი უკან, როგორ იმსხვრევა...არ ვიცი, შეგიმჩნევია თუ არა, როგორ იმსხვრევა ყველაფერი, რაც შენ თვალწინ გაიელვებს ხოლმე.
,,გოლუაზი“ გავაბოლეთ. ჯონის ნება მისცეს, ცოტა კონიაკი დალიოს და ათიოდე სიგარეტი მოწიოს დღეში. მაგრამ ჩანს, რომ ეწევა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მისი ფიზიკური გარსი, თვითონ კი სულაც არ არის აქ, თითქოს ღრმა ჭაში ზის და ამოსვლას არ აპირებსო. ვეკითხები ჩემს თავს, ნეტა რა ნახა, რა განიცადა ამ დღეებში-მეთქი. არ მინდა ავაღელვო, მაგრამ თვითონ რომ დადგებოდეს ლაპარაკის გუნებაზე...ვეწევით, ვდუმვართ, ზოგჯერ ჯონი ხელს გამოწევს და მითათუნებს სახეზე, თითქოს უნდა დარწმუნდეს, მართლა მე ვარ თუ არა. მერე უკაკუნებს თავის მაჯის საათს, სიყვარულით დასცქერის.
-საქმე ის არის, რომ თავი ბრძენი ჰგონიათ,-ამბობს მოულოდნელად,- ბრძენი ჰგონიათ თავი, რადგან უამრავი წიგნი გაუზინზლავთ და ჩაუყლაპავთ, პირდაპირ მეცინება. საერთოდ, ცუდი ბიჭები არ არიან, მაგრამ სჯერათ, რომ რასაც სწავლობენ და სჩადიან, ძალიან ძნელი და ჭკვიანურია. ცირკშიც ასეა, ბრუნო, ჩვენ შორისაც. ხალხს ჰგონია, თითქოს ყველა საქმეში იყოს საოცარი სიძნელე და ამიტომაც გვიკრავს ტაშს ჯამბაზ აკრობატებს თუ მე. არ ვიცი, რა ეჩვენებათ ამ დროს. კაცს რომ ძარღვები ასკდება, როცა კარგად უკრავს? ან აკრობატი რომ ხელ-ფეხს იმტვრევს, როცა ხტება? ცხოვრებაში ნამდვილად ძნელი სულ სხვა რამეებია. ისინი ჩვენ ირგვლივაა. ეს ყველაფერი ისაა, რაც ხალხს სულ მარტივი და ჩვეულებრივი ჰგონია. მაგალითად, უყურო და ხედავდე, ან გაუგო ძაღლს თუ კატას. ძნელია ყოველივე ეს, ძალიან ძნელია. წუხელ რატომღაც სარკეში ჩავიხედე და გინდ დაიჯერე, გინდ არა, საშინლად გამიძნელდა, კინაღამ საწოლიდან გადმოვგორდი. წარმოიდგინე, რომ შორიდან დაინახო საკუთარი თავი, ესეც კმარა, რომ ნახევარი საათით გამოლენჩდე.
სინამდვილეში ხომ ეს ტიპი სარკეში მე არა ვარ. მაშინვე მივხვდი, რომ მე არა ვარ. კიდევ ერთხელ შევხედე გაკვირვებით, ასეც ვუყურე და ისეც - არა, მე არა ვარ, მთელი სულით ვიგრძენი ეს და გრძნობებს თუ აჰყევი... მაგრამ გამოდის ისე, როგორც პალმ-ბიჩში, სადაც ტალღა ტალღას მოსდევს, მერე კიდევ და კიდევ ტალღა მოდის... იგრძნობ თუ არა რაღაცას, უკვე მეორე აზვირთდება, სიტყვები მოდიან...არა, სიტყვები კი არა, აი, ის, რაც სიტყვებშია, რაღაც წებოიანი აბდაუბდა, ბლანტი დორბლი. დორბლი გახრჩობს, მოგდის და უკვე გჯერა, ის, სარკეში, შენა ხარ.
ცხადია, როგორ ვერ უნდა მიხვდე. როგორ ვერ უნდა იცნო საკუთარი თავი, ჩემი თმა, ჩემი ნაჭრილობევი. მაგრამ ადამიანებს ხომ არ ესმით, რომ საკუთარ თავს მხოლოდ დორბლით ცნობენ. ამიტომაც ეადვილებათ სარკეში ჩახედვა, ანდა პურის ჭრა დანით. შენ პურს დანით ჭრი?
-ხდება ხოლმე,-ვეუბნები ირონიული ხუმრობით.
-და ვითომც არაფერი. მე კი არ შემიძლია, ბრუნო. ერთხელ ვახშმობისას მოვიქნიე და ცხრა მთას იქით ვისროლე ყველფერი, კინაღამ დანით თვალი დავთხარე გვერდზე მაგიდასთან ჯდო იაპონელს. ეს ლოს-ანჟელესში მოხდა. ერთი ამბავი ატყდა. ასეც ავუხსენი, ისეც. შენც რა მომიკვდე, მტაცეს ხელი. მე კი მეგონა, ძალიან ადვილი გასაგებია-მეთქი. მაშინ გავიცანი ექიმი კრისტიე. კარგი ბიჭია, მე რომ ექიმებზე ვამბობ...
ხელებს იქნევს, ჰაერს აპობს, - თითქოს იქ უხილავი ხვეულები რჩება. იღიმება. მე კი მეჩვენება, რომ მარტოა, სრულიად მარტო. მე მხოლოდ ცარიელი ადგილი ვარ მისთვის. ჯონის რომ თითი ეკრა ჩემთვის, თავისუფლად გაივლიდა, როგორც კვამლში. აი, თურმე ასე ფრთხილად ხელებს რატომ მითათუნებს სახეზე.
-აი, პური სუფრაზე, -ამბობს ჯონი და სადღაც შორს იცქირება,-თავისთავად კარგი რამეა, რა გინდა. მშვენიერი ფერი აქვს სურნელება, მოკლედ, მე სხვა ვარ, ეს კი სულ სხვა, ჩემთან არავითარი დამოკიდებულება არა აქვს.. მაგრამ თუ შევეხე, ხელი გავიწოდე და ავიღე, მაშინ ხომ იცვლება რაღაც? შენ როგორ გგონია? პური ჩემი ნაწილი არ არის, მაგრამ აი, ხელში ავიღე, აღვიქვი, და უკვე გრძნობ, რომ ესეც არსებობს სამყაროში. თუკი ხელში ვიღებ და ვგრძნობ, მართლაც, ვერ იტყვი, რომ ეს ნივთი თავისთვად არსებობს, მე კი ჩემთავად, ხომ ასეა?
-ძვირფასო, ამ პრობლემის გადაჭრაზე ათასწლობით უამრავ წვეროსან ჭკუის კოლოფს უმტვრევია თავი.
-პურს სიცოცხლის საკუთარი არსი აქვს, -ბუტბუტებს ჯონი და სახეს ხელებით იფარავს,- მე კი ვბედავ და ვიღებ ხელში, ვჭრი, პირში ვიტენი. და არაფერიც არ ხდება. აი, ესაა ყველაზე დიდი საშინელება. გესმის, რა საშინელებაა, რომ არაფერი არ ხდება? ჭრი პურს, დანას უყრი, გარშემო კი ყველაფერი ძველებურადაა. არა, ეს წარმოუდგენელია, ბრუნო.
მე შემაშფოთა ჯონის სახის გამომეტყველებამ, მისმა აგზნებამ. სულ უფრო მიჭირს, ავალაპარაკო ჯაზზე, თავის წარსულზე, თავის გეგმებზე, დავუბრუნო სინამდვილეს (სინამდვილეს, დავწერე ეს სიტყვა და თვითონაც გული ამემღვრა. ჯონი მართლია, ეს არ შეიძლება სინამდვილე იყოს, ამ სინამდვილეში შეუძლებელია, ვთქვათ, იყო ჯაზის პატიოსანი კრიტიკოსი, თორემ მუდამ მოიძებნება ვინმე, ვინც ყელში გწვდება. მაგრამ, მეორე მხრივ, არც ჯონის ბილიკით სიარული შეიძლება. ასე, ადრე თუ გვიან, ყველას ცუდი ბოლო მოგველის).
.....
მერე ჩაეძინა თუ თვალი მილულა და თავი მოიმძინარა, არ ვიცი. ზოგჯერ ვფიქრობ, რა ძნელია იმის გარკვევა, თუ რას შვრება ჯონი ამა თუ იმ მომენტში. სძინავს, თავს იმძინარებს, თუ ჰგონია,
რომ სძინავს. განუზომლად უფრო მიჭირს ჯონის არსში ჩაწვდომა, ვიდრე რომელიმე ჩემი სხვა მეგობრის გაგება.
თანაც ეს კაცი ყველაზე ვულგარული, ყველაზე ჩვეულებრივი კაცია, ადვილად ემორჩილება არსებობის უბეჩავეს პირობებს და რასაც გინდა, გააკეთებინებ, ასე გგონია. სრულიადაც არ არის ორიგინალური პიროვნება, ასე გგონია. მართალია, ყველა პოეტური და ნიჭიერი ადამიანი ადვილად დაემგვანება ჯონის, თუ დათანხმდა, გახდეს ამისთანა ბედოვლათი, სნეული, უზნეო, უნებისყოფო, ასე გგონია. მეც კი, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მაღფრთოვანებდნენ ყოველგვარი გენიოსები, აინშტაინები, პიკასოები, წმინდანები, რომლებსაც ყოველი კაცი შეთხზავს (განდი, ჩაპლინი, სტრავინსკი და სხვები), ლამის დავიჯერო, როგორც ყველა მოკვდავმა, რომ ამისთანა უნიკუმები ზეცაში ისევე დასეირნობენ, როგორც დედამიწაზე და არ მაკვირვებს არაფერი, რასაც უნდა სჩადიოდნენ. ისინი აბსოლუტურად განსხვავდებიან ჩვენგან, ამაზე ლაპარაკიც არა ღირს. პირიქით, ჯონის თავისებურება იდუმალია და გაღიზიანებს თავისი აუხსნელობით, რადგან, მართლაც, ძნელი ასახსნელია. ჯონი გენიოსი როდია, მას არაფერი აღმოუჩენია, უკრავს ჯაზში, ისევე, როგორც ასობით სხვა ზანგი და თეთრკანიანი, თუმცა ყველაზე კარგად უკრავს. უნდა ვაღიარო, რომ დიდება როგორღაც დამოკიდებულია ხალხის გემოვნებაზე, მოდაზე და ბოლოს, ეპოქაზე. მაგალითად, პანასიე ამბობს, ჯონი ღმერთს არ უქნიაო, ჩვენ კი პირიქით გვგონია -ღმერთს სწორედ პანასიე არ უქნია. ასეა თუ ისე, დისკუსიის ასპარეზი ხსნილია. ყოველივე ეს მიჩვენებს, რომ ჯონი ზებუნებრივი როდია, მაგრამ ვიფიქრებ თუ არა ასე, მაშინვე ისევ ვეკითხები თავს, მართლა არ არის ჯონი ზებუნებრივი? (რაც თვითონ, რა თქმა უნდა, აზრადაც არ მოსდის). ეს რომ მეთქვა, ალბათ, სიცილით მოკვდებოდა. საზოგადოდ კი კარგად ვიცი, რა აზრისაა ასეთ რამეებზე, როგორ აფასებს. ,, როგორ აფასებს“-მეთქი, ვამბობ, რადგან ჯონი, თუმცა არ დავიწყებ ახლა დაწვრილებით მსჯელობას ამაზე, მხოლოდ მინდოდა თვითონ გავრკვეულიყავი, რომ მანძილი ჯონისა და ჩვენ შორის აუხსნელია, განპირობებულია გამოუცნობი სხვაობებით. და მგონი, ყველზე მეტად თავად განიცდის ჩვენს შინაგან გათიშულობას, რაც ისევე სტანჯავს, როგორც ჩვენ. აქ ძალაუნებურად გინდა თქვა, რომ ჯონი ანგელოზია ადამიანთა შორის, მაგრამ ელემენტარული პატიოსნება გაიძულებს, ენას კბილი დააჭირო, კეთილსინდისიერად დააზუსტო განსაზღვრა და აღიარო, რომ, შესაძლოა სწორედ ჯონი იყოს ადამიანი ანგელოზთა შორის, რეალობა ირეალობათა შორის, ესე იგი, ყველა ჩვენ შორის. მაშ, რატომ მისვამს თითებს სახეზე და მაიძულებს ვიფიქრო, უბედური ლანდი, არარაობა ვარ, ჩემი შესანიშნავი ჯანმრთელობის, ჩემი სახლის, ჩემი ცოლის, ჩემი საზოგადოებრივი პრესტიჟის მიუხედავად? დიახ, მიუხედავად
ჩემი საზოგადოებრივი პრესტიჟისა- აი, უმთავრესი. უმთავრესი, ჩემი პრესტიჟი საზოგადოებაში.
მაგრამ, ჩვეულებისაებრ, როგორც კი გამოვლ საავადმყოფოდან და ჩავიყურყუმელავებ ქუჩის ხმაურში, დროის მორევში, ამქვეყნიურ ამბებში, ღვეზელი ლივლივით შეტრიალდება ხოლმე ჰაერში და მეორე მხრიდან ენარცხება კეცს. საბრალო ჯონი, რა მოწყვეტილია რეალობას.(დიახ, დიახ, სწორედ ასეა. გაცილებით უფრო მეადვილება ასე ვიფიქრო ახლა, კაფეში, როცა ორი სააათი გავიდა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ვიყავი, ვიფიქრო, რომ ყოველივე, რაც ზემოთ ვთქვი, თითქოს იძულებითი აღსარებაა კაცისა, რომელსაც
ბედმა არგუნა, ხანდახან მაინც იყოს პატიოსანი საკუთარი თავის წინაშე ).
...
ბედად, ხანძრის ამბავი მოგვარდა, როგორც ვვარაუდობდი, მარკიზამ ცდა არ დააკლო ამ ამბის მოგვარებას. დედე და არტ ბუკაიამ რედაქციაში გამომიარეს, და სამივენი წავედით ,,ვიქსში“, რომ მოგვესმინა უკვე განთქმული, თუმცა ჯერ გაუვრცელებელი ,,სტრასტიზის“ ჩანაწერი. ტაქსიში დედემ არცთუ დიდი ენთუზიაზმით მიამბო, როგორ გამოიხსნა მარკიზამ ჯონი ამ ხათაბალიდან-ბოლოს და ბოლოს რა მოხდა ისეთიო, ლეიბი დაიწვა და შიშისაგან გული გადაუტრიალდათ ლანგრაჟის ქუჩის სასტუმროში მცხოვრებ ალჟირელებსო. ჯარიმა (უკვე გადახდილი), სხვა სასტუმრო (უკვე გამონახა ტიკამ) და ჯონი უზარმაზარ საუცხოო საწოლში წევს, ნელ-ნელა ჯანსაღდება, რძეს ვედროებით სვამს, კითხულობს ,,პარი-მატჩსა“ და „ნიუ-იორკერს“, ხშირად იცქირება თავის ცნობილ (საკმაოდ შელახულ) დილან თომასის პოემების წიგნში.
კარგი ამბებით გახალისებულებმა, კუთხის კაფეში კონიაკი გადავკარით და მოსასმენ დარბაზში მოვიკალათეთ. უნდა მოგვესმინა ,,სტრასტიზი“ და ,,სტრეპტომიცინი“. არტმა მოითხოვა, სინათლე ჩააქრეთო და იატაკზე გაიშოტა, ასე ისი მუსიკა.მიყვარს მოსმენაო. და აი, დარბაზში შემოიჭრა ჯონი და სახეში მოგვახალა თავისი მუსიკა. შემოიჭრა, თუმცა კი ამ დროს სასტუმროში წევს. თხუთმეტ წუთს გვანადგურა თავისი მუსიკით, ახლა მესმის, რატომ არ უნდა, რატომ აცოფებს ,,სტრასტიზის“გავრცელება: ზოგ-ზოგები დაიჭერდნენ ყალბ ნოტებს, სუნთქვას, განსაკუთრებით ზოგიერთი ფრაზის ბოლოს და, რა თქმა უნდა, საზარელ ფინლურ გადაწყვეტას, სასოწარკვეთილ შეკივლებას: ასე მეგონა, გული გასკდა, დანა გაერჭო-მეთქი პურში (ამას წინათ ხომ ლაპარაკობდა პურზე). მაგრა ჯონი სწორედ იმას ვერ გრძნობს, რაც მშვენიერებად მიგვაჩნია ჩვენ- ვნებთაღელვა გამოსვალს რომ ეძებს ამ იმპროვიზაციაში, სადაც ხმები ბორგავენ, გევედრებიან, უცებ ფეთქდებიან
და ყუჩდებიან. ჯონი ვერასოდეს ვერ გაიგებს (რადგან ის, რაც მას მარცხად მიაჩნია, ჩვენთვის ზეშთაგონება, უკიდურეს შემთხვევაში, ახლის ნაპერწკალია), რომ ,,სტრასტიზი“ მარად დარჩება ჯაზის ერთ-ერთ დიდებულ კომპოზიციად. ხელოვანს, მის სულში შეხიზნულს, ყოველთვის დაახრჩობდა გააფთრება, ამ სანუკვარი თვითგამოხატვის პაროდია, ყოველივე იმის
პაროდია, რისი თქმაც სურდა, როცა ამ ჭიდილში შეშლილივით ქანაობდა, დორბლად და მუსიკად იღვრებოდა, რაც ძალიან ახლოა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ახლოაიმასთან, რასაც სდევს, იმასთნ, რასაც გაურბის, და მით უფრო სწრაფად გაურბის, რაც უფრო დაჟინებით სდევს. დიახ, საინტერესო იყო, ეს უნდა მოგესმინა (თუმცა, საზოგადოდ, ,,სტრასტიზში“ მხოლოდ სინთეზირებულია მისი შემოქმედების არსი), რათა, ბოლოს და ბოლოს მივმხვდარიყავი, რომ ჯონი მსხვერპლი, დევნილი როდია, როგორც ყველას ჰგონია, როგორადაც მე თვით ავსახე ჩემს წიგნში, (სხვათა შორის, ახლახან გაოვიდა ინგლისური გამოცემა, ისე საღდება, როგორც კოკა-კოლა), მივმხვდარიყავი, რომ ჯონი თვითონაა მდევარი და არა
დევნილი, რომ ცხოვრებში ყველა მისი მარცხი მონადირის მარცხია და არა მიმწყვდეული ნადირის ღრენა. არავინ იცის, რას სდევს ჯონი, მაგრამ მისდევს კი თავდავიწყებით. ეს დევნა იგრძნობა ყველაფერში, ,,სტრასტიზში“, მარიხუაანას ბოლში, რაღაც-რაღაცებზე უცნაურ ლაპარაკში, ავადმყოფურ რეციდივებში, დილან თომასის წიგნში. ამ დევნამ მთლად შეიპყრო ეს ბედკრული, რომელსაც ჯონის ვუწოდებთ, ამ დევნამ აღაზევა და ამავე დევნამ აქცია ხორცშესხმულ აბსურდად, უხელფეხო მონადირედ, კურდღლად, გამწრებული რომ მისდევს გარინდულ ვეფხვს.
გულაახდილდ რომ ვთქვა, ,,სტრასტიზის“ ხმაზე გული მერევა ხოლმე, თითქოს ეს მათავისუფლებდეს ჯონისაგან, ყოველივე იმისაგან, რაც ამბოხებულა ჩემსა და სხვათა წინააღმდეგ, ამ შავი უფორმო შვავისაგან, ამ შმაგი შიმპანზესაგან, თათებს რომ მისვამს სახეზე და გრძნობამორეული მიღიმის.
არტმა და დედემ ,,სტრასტიზის“ ფორმალური სილამაზის გარდა, ვერაფერი დაინახეს(მგონი, არც უნდოდათ დაენახათ). დედეს, მაგალითად, უფრო მოეწონა ,,სტრეპტომიცინი“, სადაც ჯონი მისთვის ჩვეული სიმსუბუქით ქმნის იმპროვიზაციებს, რაც ხალხს საშემსრულებლო ხელოვნების მწვერვალი ჰგონია. მე კი უფრო მგონია, რომ აქ ვლინდება ჯონის ზიზიღი ფორმისდმი, სურვილი, ბორკილი აჰყაროს გრძნობებს, გადაიკარგოს იდუმალებით მოცულ სამყაროში...
მერე, ქუჩაში, დედეს ვკითხე, რა გეგმები აქვს-მეთქი ჯონის. მეუბნება როგორც კი სასტუმროდან გამოვა ( პოლიცია ჯერჯერობით არ უშვებს), გამოსცემს ფირფიტების ახალ სერიას, სადაც ჩაწერილი იქნება ყველაფერი, რაც მოესურვება და ეს დიდ ფულს მოგვიტანსო. არტმა კვერი დაუკრა, ჯონის უამრავი იდეა აქვს და თუ მარსელ გავოტი მოვიწვიეთ, ჯონისთან ერთად ახალ რამეს ,,შევთხზავთო“. მაგრამ, უკანასკნელმა კვირებმა გვიჩვენეს, რომ თვითონ არტს არცთუ ისე სწამს თავისი ფუჭი პროექტებისა,
მე კი, ჩემი მხრივ, ვიცი, რომ მოლაპარაკება აქვს ერთ-ერთ ანტრეპრენიორთან ნიუ-იორკში დაბრუნების თაობაზე. მშვენივრად მესმის საწყალი ჭაბუკის ნოსტალგია.
-ტიკა პირდაპირ გადასარევია,-ნაღვლიანად ამბობს დედე, -რათქმა უნდა, მისთვის ეს სულ იოლი საქმეა, გამოცხადდეს ფარდის დაშვების შემდეგ, გახსნას საფულე და ყველაფერი რიგზეა. მე კი...
მე და არტმა ერთმანეთს გადავხედეთ, რას იტყვი, დედაკააცები განუწყვეტლივ თავს ეხვევიან ჯონის და ჯონისნაირებს. სრულიადაც არ არის საჭირო, იყო დედაკაცი, რომ ჯონის მიმზიდველი ძალა იგრძნო. ყველაზე ძნელია, მის გარშემო იტრიალო, თანაც ისე, რომ არ ასცდე ორბიტას კარგი თანამგზავრივით, კარგი კრიტიკოსივით. არტი არ ყოფილა მაშინ ბალტიმორში, მაგრამ მე მახსოვს დრო, როცა გავიცანი ჯონი. მაშინ ლენთან და შვილებთან ცხოვრობდა. ლენი საცოდავი სანახავი იყო. თუმცა უფრო ახლოს რომ გაიცნობ ჯონს, ცხადლივ მოუსმენ მის ბოდვას, მის ახირებულ მონაჩმახს იმაზე, რაც არასოდეს არ მომხდარა, შეხედავ, როგორ მოულოდნელად უჩვილდება გული, მაშინ ძნელი არ არის მიხვედრა, რატომ აქვს ლენის ასეთი სახე და რატომ ვერ გექნება სხვანაირი გამომეტყველება, როცა ჯონისთან ცხოვრობ. ტიკა სხვაა. მას შველის აზვირთებული ახალ-ახალი შთაბეჭდილებანი, საზოგადოებაში ტრიალი, გარდა ამისა, ,,მან
მოახერხა კუდში ჩაევლო ხელი დოლარისთვის, ეს კი უფრო დიდი რამეა, ვიდრე ხელში გეჭიროს ავტომატი ტყვიამფრქვევი“,-ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს ხოლმე არტ ბუკაია, როცა ტიკზე ბრაზობს ან თავი სტკივა.
-ხშირ-ხშირად შემოიარეთ,-მთხოვს დედე,- თქვენთან ლაყბობა უყვარს.
სიამოვნებით დავტუქსავდი ხანძრის გამო (ხანძრისათვის, უეჭველია, მასაც ეკისრება პასუხისმგებლობა), მაგრამ ვიცი, ეს ამაო ცდაა, რამდენიც გინდა, ეჩიჩინე ჯონის, ნორმალურ, სასარგებლო ადამიანად გადაიქცეს, გამოვა რამე?
ჯერჯერობით ყველაფერი მოგვარდა. საინტერესოა (მაგრამ სახიფათოცაა).
როგორც კი მოგვარდება ხოლმე ჯონის საქმეები, უდიდეს კმაყოფილებას განვიცდი. არც ისე გულუბრყვილო ვარ, რომ ვიფიქრო, მხოლოდ მეგობრული გრძნობები მამოძრავებს-მეთქი. ეს უფრო ახალი უბედურების მოლოდინს თუ შვებით ამოსუნთქვას ჰგავს. საერთოდ კი, რა საჭიროა რაღაც ახსნა-განმარტების ძებნა,
თუ ისევე კარგად ვერკვევი სიტუაციაში, როგორც, ვთქვათ, ვხედავ ცხვირს საკუთარ სახეზე. მხოლოდ ის მაცოფებს, რომ არტ ბუკაიას, ტიკასა თუ დედეს აზრადაც არ მოსდით ერთი უბრალო რამ: როცა ჯონი იტანჯება, საპატიმროებში ზის, თავის მოკვლას ლამობს, ცეცხლს უკიდებს ლეიბებს ან დედიშობილა დარბის სასტუმროს დერეფნებში, იგი ხომ როგორღაც მათთვისაც ზღავს, მათთვის იღუპება, თანაც არ იცის ეს. იმათ კი არა ჰგავს, ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს რომ წარმოთქვამენ ეშაფოტზე, ან წიგნებს რომ წერენ და ამხელენ ადამიანთა ბიწიერებას, ანდა ფორტეპიანოს რომ ისეთი პათოსით უკრავენ, თითქოს ქვეყნიერებას მთელი
მიწიერი ცოდვებისაგან ათავისუფლებდნენ. დიახ, არ იცის ეს, ერთი უბრალო საქსაფონისტია, თუმცა ეს განსაზღვრა შეიძლება სასაცილოდაც მოეჩვენოს კაცს, ერთ-ერთია უამრავ საბრალო საქსაფონისტთა შორის.
ყველაფერი სწორია, მაგრამ ასე თუ განვაგრძე, ალბათ, ჩემს თავზე უფრო მეტს ვიტყვი, ვიდრე ჯონიზე. ნელ-ნელა ჩემი თავი რომელიღაც მახარობელი მგონია, ეს კი არავითარ სიამოვნებას არ მგვრის. შინ მიმავალმა ცინიზმით გავიფიქრე,- ცინიზმი კი აუცილებელია, რომ საბოლოოდ დარწმუნდე, მართალი ხარ თუ არა, -სწორად მოვქცეულვარ-მეთქი, რომ ჯონიზე დაწერილ წიგნში მხოლოდ გაკვრით, ძალიან ფრთხილად მოვიხსენიე მისი პათოლოგიური უცნაურობანი. რა საჭიროა, საზოგადოებას აუწყო: ჯონის სჯერა, რომ ჩამარხულ ურნებიან მინდვრებში დახეტიალობს, რომ სურათები ცოცხლდებიან, როცა იგი უყურებს - ეს ჰალუცინაციებია მარიხუანის გამო. როგორც კი გამომჯობინდება ხოლმე, ისინი მაშინვე ქრებიან. მაგრამ თავი ვერ დამიღწევია იმ შეგრძნებისათვის, რომ ჯონი მთხოვს თავისი მოლანდებული სახეების შენახვას, ჯიბეებში ცხვირსახოცებივით მჩრის მათ, რომ მერე, სათანადო დროს ისევ მონთხოვოს და მე მგონი, მე ერთადერთი ვარ, ვინც მათ აგროვებს და ეშინია, და არავინ, თვით ჯონიმაც კი არ იცის ეს. ამას ვერ ეტყვი ჯონის, როგორცეს შეიძლებოდა გეთქვა ვინმე ჭეშმარიტად დიდი ადამიანისათვის, რომლის წინაშეც თავს იმცირებ ბრძნული რჩევა-დარიგების სანაცვლოდ. რა ეშაკად მინდა, რომ ცხოვრებამ ასეთი ტვირთი ამკიდა? დალახვროს ეშმაკა, რა მახარობელი მე ვარ? ჯონის სიდიადის ნატამალიც კი არ გააჩნია. პირველ დღესვე შევიცანი, როგორც კი მომხიბლა. ახლა უკვე აღარ მაოცებს მისი პიროვნების
პარადოქსულობა, თუმცა პირველ ხანებში ძალიან მაცბუნებდა, რომ არ იგრძნობოდა მისი სიდიადე, ალბათ, იმიტომ, რომ ამგვარი საზომით ვერ მიუდგები ყოველ ადამიანს, მითუმეტეს, ჯაზისტს. არ ვიცი, რატომ (ა რ ვ ი ც ი, რატომ), მაგრამ ერთ დროს მჯეროდა, ჯონი დიდი ადამიანია-მეთქი და ამ სიდიადეს დღითიდღე ამხობს (ან ჩვენ თვითონ ვამხობთ, ეს კი ერთი დაიგივე როდია, რადგან, მოდიტ გულახდილი ვიყოთ, ამ პიროვნებაში თითქოს მიმალულა აჩრდილი სხვა ჯონისა, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო და ის სხვა ჯონი დიდი ადამიანია. მაგრამ აჩრდილს თითქოს ვერ მიუყენებ ისეთ ადამიანურ საზომს, რომელიც უცებ მაინც თავს იჩენს ხოლმე).
ამას მინდა დავსძინო, რომ ჯონის ცდები, დასხლტომოდა ცხოვრების კლანჭებს, წარუმატებელი თვითმკვლელობა იქნებოდა ეს თუ მარიხუანის წევა, სწორედ ისეტია, როგორსაც უნდა მოელოდე კაცისაგან, რომელსაც სიდიადის ნატამალიც კი არ გააჩნია. მაგრამ, მგონი, ეს უფრო იწვევს ჩემს აღტაცებას, რადგან, არსებითად, იგი მხოლოდ შიმპანზეა, კითხვის სწავლას რომ ლამობს. საბრალო ში მპანზე, თვს რომ ახეთქებს კედელს, არაფერი გამოსდის და მაინც ახლის კედელს თავს...
კეთილი, მაგრამ თუ ერთ მშვენიერ დღეს ამ შიმპანზემ კითხვა ისწავლა, ეს კატასტროფა, მსოფლიო წარღვნა იქნება და მაშინ თავს უშველეთ, ვისაც შეგიძლით, მე პირველი გავიქცევი. საშინელებაა, როცა ადამიანი, რომელიც სულაც არ არის გენიოსი, ასე ჯიუტად ახლის შუბლს კედელს. ყველას გვაქვავებს მისი ძვლების ჭახაჭუხი, მტვრად გვაქცევს მისი პირველი საყვირის ხმა( წმინდა წამებულნი ან გმირები, კი, ბატონო, იცი, რაცაა, მაგრამ ჯონი!).
...
ცდუნება. არ ვიცი, როგორ გამოვთქვა, მაგრამ ზოგჯერ იძულებული ხდები აღიარო,
რომ ადამიანის ცხოვრებაში იჭრება შემზარავი ან სულელური ცდუნება, ამასთან, ვერ გამიგია, რა ზებუნებრივი კანონი მოქმედებს ამ დროს, როცა, მაგალითად, გაისმის მოულოდნელი ტელეფონის ზარი და უეცრად თავს დაგადგება შორეული ოვერნიდან ჩამოსული დაიკო, ან ქვაბიდან რძე გადმოდის და ქურაზე იღვრება, ან რატომღაც გადიხარ აივანზე, რომ შეხედო ავტომობილის ბორბლებქვეშ ჩავარდნილ ბიჭს. და გგონია, რომ ბედი, როგორც ფეხბურთის გუნდებსა და ხელ ძღვანელ ორგანოებშია ხოლმე, ყოველთვის თვითონ პოულობს მოადგილეს, თუ შტატის მუშაკი არ არის. ასე მოხდა ამ დილითაც, როცა ჯერ კიდევ განცხრომით ვფიქრობდი, ჯონი კარტერი მალე გამოკეთდება და დაშოშმინდება-მეთქი. უცებ მირეკავენ რედაქციაში: სასწრაფოდ მირეკავს ტიკა და ახალ ამბავს მატყობინებს: ჩიკაგოში ეს-ესაა გარდაიცვალა ბი, ლენისა და ჯონის უმცროსი ქალიშვილი. ჯონი, რა თქმა უნდა,
ჭკუიდან იშლება და კარგი იქნება, მეგობრებს თუ მიხედავო.
ისევ ავდივარ სასტუმროს კიბეზე: რამდენი კიბე ამივლია და ჩამივლია მას შემდეგ, რაც ჯონის დავუმეგობრდი! ვხედავ, ტიკა ჩაის შეექცევა, დედე პირსახოცს ასველებს ტაშტში. არტი, დელონეი და პეპე რამირესი ჩურჩულით უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ლესტერ იანგის თაობაზე, ჯონი კი წყნარად წევს ლოგინში, შუბლზე ცივი ტილო ადევს
და სახეზე აბსოლუტურად მშვიდი, ოდნავ დამცინავი გამომეტყველება აქვს. მაშინვე შევიცვალე მწუხარე გამომეტყველება და ჩვეულებრივად მაგრად ჩამოვართვი ხელი, სიგარეტს მოვუკიდე და დაველოდე.
-ბრუნო, აი, აქ მტკივა, -ცოტა ხნის შედეგ მეუბნება ჯონი და ხელით ეხება მკერდზე იმ ადგილს, სადაც გული უნდა იყოს, -ბრუნო, თეთრი კენჭივით მედო ხელის გულზე.მე კი მხოლოდ საწყალი შავი ჯაგლაგი ცხენი ვარ და ვერავინ, ვერავინ ვერ შემიშრობს ცრემლს.
დიდი ამბით, თითქმის რეჩიტატივით წარმოთქვამდა სიტყვებს, ტიკამ არტს გადახედა, მათ ჩაიცინეს და თავი დაუქნიეს ერთმანეთს. კიდევ კარგი, ჯონის თვალებზე სველი პირსახოცი ედო და ვერ დაინახავდა. ყოველთვის ზიზღს მგვრის სიტყვების იაფფასიანი რახარუხი, მაგრამ ჯონის ნათქვამი, თუ არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ასეთი რამ სადღაც წამიკითხავს, რაღაც
სიტყვიერ ნიღაბსა ჰგავს, ისე მაღალფარდოვნად და ბანალურად ჟღერს ეს სიტყვები. დედე მეორე სველი პირსახოცით მიუახლოვდა და ცივი კომპრესი გამოუცვალა. თვალი მოვკარი ჯონის გაფითრებულ სახეს, დაღმეჭილ პირს, თვალები კი ისე მაგრად ჰქონდა დახუჭული, რომ ქუთუთოებთან ნაოჭები გასჩენოდა. და როგორც ყოველთვის მოსდის ხოლმე ჯონის, მოხდა ის, რასაც არავინ არ ელოდა: პეპე რამირესი, რომელიც არც ისე კარგად იცნობდა მას, ჯერაც ვერ მოსულა გონს იმ მოულოდნელი თუ, მე ვიტყოდი, სკანდალური ინციდენტის გამო: ჯონი უცებ წამოჯდა საწოლში და ნელა, სიტყვების შერჩევით დაგვიწყო ლაზათიანად დაგვიწყო გინება, თითქოს სილას გვაწნიდა. ლანძღავდა იმათ, ვინც გაბედა ,,სტრასტიზის“ ფირზე ჩაწერა. სახეში არავის არ გვიყურებდა, ისე იგინებოდა და უწმაწური სიტყვებით თითო-თითოდ მწერივით გვაკრავდა მუყაოზე. ერთხანს უკანასკნელი სიტყვებით გვლანძღა ყველა, ვისაც წილი ედო ,,სტრასტიზის“ ჩაწერაში-არტი და დელონეი,
მერე მე (თუმცა მე..) და დედე, ამასთან ახსენა ყოვლადშემძლე უფალი ღმერთი და
დედ როელსაც თურე ნუ იტყვით და უკლებლივ ყველა ადამიანი უშვია. არსებითად კი ეს ტირადა და ის, თეთრი კენჭის შესახებ სხვა არაფერია, თუ არა ჩიკაგოში ფილტვების ანთებით გარდაცვლილი მისი ბის სულის მოსახსენებელი ლოცვა.
..გავიდა ორი უთავბოლო კვირა: აუარებელი არაფრის მაქნისი სამუშაო, საგაზეთო სტატიები, აქეთ-იქით სირბილი, მოკლედ, კარგი ცხოვრებისეული რეზიუმე კრიტიკოსისა, ადამიანისა, როელსაც შეუძლია იცხოვროს მხოლოდ იმით,, რასაც მიართმევენ: ახალი ამბებითა და სხვისი საქმეებით.
ამაზე ვმსჯელობთ ერთ საღამოს ტიკა, გოგონა ლენოქსი და მე კაფე ,,ფლორში“, არხეინად ვღიღინებთ ,,შორს, შორს, აქ არა“ და ვარჩევთ ბილი ტეილორის სოლოს ფორტეპიანოზე, რომელიც სამივეს მოგვწონს, განსაკუთრებით გოგონა ლენოქსს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მას სენ-ჟერმენ-დე-პრეს სტილზე აცვია და არაჩვეულებრივად მომხიბვლელია. გოგონა-იგი ხომ მხოლოდ ოცი წლისაა- აღტაცებით შესცქერის შემოსულ ჯონის, ჯონი კი უყურებს მას ვერაფერს ხედავს, გზს განაგრძობს, სანამ არ ეჯახება
სკამს მეზობელ ცარიელ მაგიდასთან, აბსოლუტურად მთვრალია თუ ნახევრად სძინავს, ვერ გაიგებ, ტიკამ ხელი დამადო მუხლზე.
-შეხედე, ისევ მოუწევია წუხელ ან დღეს დილით. ეს ქალი...
უხალისოდ ვუპასუხე, დედეს იმაზე მეტი ბრალი როდი მიუძღვის, ვიდრე სხვას, დაწყებული თვით ტიკათი, რომელსაც ბევრჯერ მოუწევია ჯონისთან ერთად და მზად არის , მისი ნება რომ იყოს, კვლავ მოწიოს თუნდაც ხვალ. ძალიან მომინდა გავცლოდი აქაურობას და მარტო დავრჩენილიყავი, როგორც ყოველთვის, როცა ვერსგზით ვერ მიუდგები ჯონის. დავინახე, როგორ ხატავდა თითით რაღაცას მაგიდაზე, მერე დიდხანს აკვირდებოდა ოფიციანტს,
რომელიც შეეკითხა, რას დალევთო. ბოლოს ჯონიმ ჰაერში რაღაც ისრის მაგვარი მოხაზა. თითქოს ეს ისარი ისე მძიმე ყოფილიყოს, რომ ძლივს იკავებდა ორივე ხელით. სხვა მაგიდებთან მსხდომნი მაშინვე გამოცოცხლდნენ და უშურველად ენამახვილობდნენ, როგორც ეს კაფე „ფლორშია“ მიღებული. ტიკამ თქვა ,,ნაძირალაო“, მივიდა ჯონის მაგიდასთან, ოფიციანტი გაისტუმრა და რაღაც წასჩურჩულა ჯონის ყურში. რა თქმა უნდა, გოგონამ მაშინვე გამიზიარა თავისი სანუკვარი ოცნება, მაგრამ დელიკატურად ვუთხარი, ამ საღამოს ჯონის თავი დაანებე, კარგმა გოგონებმა ადრე უნდა დაიძინონ, თუ შესაძლებელია, ჯაზის კრიტიკოსთან ერთად-მეთქი. გოგონამ ალერსიანად გამიცინა, ნაზად გდამისვა თმაზე ხელი და ჩვენ მშვიდად შევავლეთ თვალი
ქალს, სქლად რო წაესვა სახეზე ფერ-უმარილი, ხოლო თვალები და პირიც კი მწვანედ შეეღება. გოგონამ მითხრა, ეს მოხტულობა საერთოდ მომწონსო, მე კი ვთხოვე, ჩუმად ემღერა ერთი ბლუზი, რომელმაც სახელი მოუხვეჭა ლონდონსა და სტოკჰოლმში.
მერე ისევ დავუბრუნდით სიმღერას ,,შორს, შორს, აქ არა“, რომელიც ამ საღამოს აგვეკვიატა ფერ-უმარილით მოთხუპნილი თვალებს ირგვლივ მწვანე წრეებშემოვლებული ძაღლივით.
ამ დროს შემოვიდა ჯონის ახალი კვინტეტის წევრი ორი ყმაწვილი. ვისარგებლე შემთხვევით და ვკითხე, როგორ ჩაიარა ამ საღამოს გამოსვლამ-მეთქი. მითხრეს, ჯონი ძლივს უკრავდა, მაგრამ რაც კი დაუკრა, ჯონ ლუისის ყველა იმპროვიზაციას მაინც სჯობდაო. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ლუისი მოურიდებლდ გვთავაზობს მზამზრეულ ვირტუოზულ პასაჟებს, რადგან, განიმარტა ერთმა მათგანმა, ,,ყოველთვის ხელთ აქვს ნოტები, რომ სივრცე ამოავსოს:,-ეს კი უკვე იმპროვიზაცია არ არისო. ჩემს თავს ვეკითხები, როდემდე მოითმენს ჯონი და რაც მთავარია, მსმენელი, რომელსაც სწამს ჯონის. ახალაგზრდებმა ლუდი არ მოინდომეს. მე და გოგონა მარტო დავრჩით და ვერაფრით ვერ დავაღწიე თავი მის კითხვებს. ამიტომაც ძალაუნებურად ჩავჩიჩინებდი: შენ , გოგონა, მართლაც იმსახურებ ამ ზედმეტ სახელსმეთქი, ჯონი ავადმყოფი და დაღუპული კაცია, კვინტეტის წევრებს მალე მოყირჭდებათ ასეთი ცხოვრება, ყოველ წუთს მოსალოდნელია ყველაფერი თავდაყირა დატრიალდეს-მეთქი, როგორც ეს უკვე არაერთხელ მომხდარა სანფრანცისკოში, ბალტიმორსა და ნიუ-იორკში.
შემოვიდნენ სხვა მუსიკოსები, რომლებიც ამ უბანში უკრავდნენ. ზოგიერთი ჯონის მაგიდასთან მივიდა, მიესალმა, მაგრამ იგი აბსოლუტურად იდიოტური გამომეტყველებით - სველი, საცოდავი თვალებით - თითქოს სადღაც შორიდან
შესცქეროდა მათ, გადმობრუნებულ ტუჩზე დორბლი ჩამოსდიოდა.საინტერესო იყო ამ დროს ტიკასა და გოგონას საქციელი; ტიკა სარგებლობს თავისი ზეგავლენით მამაკაცებზე და ღიმილით, ზედმეტი სიტყვების წარმოუთქმელად, აიძულებს მოეშვან ჯონის; გოგონა აღტაცებით აღტაცებით მეტიტინება ჯონიზე, მეჩურჩულება, რა კარგი იქნებოდა, სამკურნალოდ სანატორიუმში რომ წაგვეყვანაო, - მოკლედ, მხოლოდ იმიტომ ამბობს ამას, რომ ეჭვიანობს და
უნდა დღესვე გაატაროს ღამე ჯონისთან, მაგრამ, ჩანს, ჩემდა სასიხარულოდ, ამჯერად ეს სავსებით შეუძლებელია. როგორც ხშირად ხდება ხოლმე ჩვენი შეხვედრების დროს, დავიწყე ფიქრი: ალბათ, რა სასიამოვნოა გოგონას თეძოების ალერსი, და ძლივს შევიკავე თავი, რომ არ მეთქვა, წავიდეთ, ცოტა დავლიოთ უფრო მყუდრო ადგილას-მეთქი (არ მოინდომებს, და სიმართლე რომ ვთქვა, არც მე მინდა, რადგან ამ მეზობელ მაგიდაზე ფიქრი მთელ სიამოვნებას ჩამიმწარებდა). და უცებ, არავინ რომ არ მოელოდა იმ დროს, ვხედავთ - ჯონი ნელა ადგა, გამოიხედა, გვიცნო და ჩვენკენ წამოვიდა, უფრო სწორად, ჩემკენ, რადგან გოგონა სათვალავში არაა ჩასაგდები. მაგიდას რომ მიუახლოვდა, გაუპრანჭავად, ოდნავ დაიხარა, თითქოს თეფშიდან შემწვარი კარტოფილის აღება უნდაო, და ნელ-ნელა ჩაიჩოქა ჩემ წინ. და აი იგი უკვე - ღმერთმანი, ყოველგვარი მანჭვა-გრეხვის გარეშე - დაჩოქილია, თვალებში მიცქერის, ვხედავ ტირის, და უსიტყვოდ მესმის, რომ ჯონი დასტირის პატარა ბის.
ბუნებრივია, რომ ჩემი პირველი სურვილი იყო წამომეყენებინა ჯონი, არ გამეხადა ხალხის სასაცილო, მაგრამ ბოლოს სასაცილო ვხდები მე, ვინაიდან არავინ არ გამოიყურება ისე საცოდავად, ვიდრე ის ვინც ამაოდ ცდილობს ადგილიდან დაძრას მეორე კაცი, რომელსაც, ჩანს, სრულიადაც არ ეუხერხულება და ძალიან კარგად გრძნობს თავს იმ მდგომარეობაში, საკუთარი ნებით რომ ჩაიგდო თავი.
ამრიგად, ,,ფლორას“ მუდმივმა სტუმრებმა, ტყუილ-უბრალოდ თავს რომ არ შეიწუხებენ, საეჭვოდ დამიწყეს ცქერა. უმეტესობამ ჯერ რც კი იცოდა, რომ ეს მუხლმოყრილი ზანგი ჯონი კარტერია, მაგრამ ყველა ისე შემომცქეროდა, როგორც ბრბო შეხედავდა საკურთხეველზე ამძვრალ ბიწიერს, რომელიც იესოს ხსნის ჯვრიდან, პირველმა თვით ჯონიმ გამაწითლა - უსიტყვოდ მტირალმა მხოლოდ თვალები ასწია და მომაჩერდა. მისმა მზერამ და საზოგადოების აშკარა გაკიცხვამ მაიძულა ისევ დავმჯდარიყავი ჯონის წინ, თუმცა ჯონიზე ათასჯერ ურესად ვგძნობდი თავს, ჯოჯოხეთში ყოფნა მერჩია სავარძელში მუხლმოყრილი ჯონის წინ ჯდომას.
დასასრული არცთუ ისეთი საშინელი აღმოჩნდა, თუმცა არ ვიცი, რა ხანი გავიდა, სანამ ყველა გაშტერებული იჯდა, სანამ ცრემლები ჩამოსდიოდა სახეზე, სანამ თვალი არ მომწყვიტა, მე კი ამ დროს ამაოდ ვთავაზობდი სიგარეტს, მერე თვითონ მოვუკიდე და გასამხნევებლად თავი დავუქნიე გოგონას, ის კი, მგონი, მზად იყო მიწა გასკდომოდა ფეხქვეშ ან ებღავლა ჯონისთან ერთად. როგორც ყოველთვის, სწორედ ტიკამ მონახა გამოსავალი: იგი ძალიან მშვიდად მოგვიჯდა, სკამი მიუჩოჩა ჯონის, მხარზე ხელი ისე დაადო, ვერ შეამჩნევდით, რომ აიძულებდა დამჯდარიყო, და აი, ჯონი წელში გაიმართა, როგორც იქნა, ბოლო მოუღო ამ კოშმარს, მიიღო ჩემ წინ მჯდომი ნაცნობის ნორმალური პოზა, რისთვისაც მხოლოდ ოდნავ ასწია მუხლები, წამოი
წია იატაკიდან (კინაღამ ვთქვი, ჯვრიდან-მეთქი, რაც, საერთოდ, აღელვებდა ყველას) და ჩემდა საბედნიეროდ, სკამზე დაჯდა. საზოგადოებას მობეზრდა ჯონიო, ჯონის მობეზრდა ტირილი, ჩვენ კი უხერხულ მდგომარეობაში ყოფნა. მოულოდნელად ჩავწვდი ზოგიერთი მხატვრის საიდუმლოს, რომლებიც ესწრაფვიან გამოსახონ მჯდომარე ნატურა. “ ფლორის“
დარბაზში თითოეული სკამი უეცრად თვალწარმტაც საგნად, ყვავილად, ზეფირად ქალაქში წესრიგისა და ზრდილობის წესების დაცვის სრულყოფილ იარაღად წარმომესახა.
ჯონიმ ცხვირსახოცი ამოიღო, თითქოს აქ არაფერიაო, პატიება მოითხოვა, ტიკამ კი ორმაგი ყავა შეუკვეთა და დაალევინა, გოგონა დიდებული ნომერი გამოაცხო: ჯონი რომ გამოფხიზლდა, თვალის დახახამებაში გაოეთხოვა თავის მტკნარ გონებაჩლუნგობას დ დაბალი ხმით ააღიღინა ,,მემიზ-ბლუზი“ , თანაც ვერ შეამჩნევდი, რომ ამას განზრახ შვრებოდა. ჯონიმ შეხედა და ღიმილმა გაუპო ბაგე.
მგონი, მე და ტიკამ ერთდროულად გავიფიქრეთ, რომ ბის სახე ნელ-ნელა ქრება ჯონის თვალების სიღრმეში, და ცოტა ხნით კვლავ გვიბრუნდება, რომ ჩვენთან დარჩეს მომდევნო გაუჩინარებადე. როგორც ყოველთვის, გაივლის თუ არა უსიამოვნო მომენტი, როცა თავს გალახული ძაღლივით გრძნობ, ჯონის მიმართ უპირატესობის გრძნობა მაიძულებს გამოვიჩინო შემწყნარებლობა, გავაბა მსუბუქი საუბარი აქეთურ-იქითურზე და არ შევეხო პირად გრძნობებს (ღმერთმა დაიფაროს, რომ ჯონი ისევ ჩამოცოცდეს სკამიდან და მიეკრას...) ტიკა და გოგონა ანგელოზებივით იქცევიან ,,ფლორის“ საზოგადოება კი ყოველ საათში იცვლება.
მე და ჯონიმ თითო ჭიქა შარტრეზი გადავკარით და წავედით სენ-ჟერმენ -დე -პრეზე, რადგნ ჯონიმ მითხრა, სუფთა ჰაერი უნდა ჩავისუნთქოო.
ლაბეს ქუჩით ფიუსტენბერგის მოედნისკენ დავეშვით და ჯონის გაახსენდა თოჯინების თეატრი, რომელიც თითქოს ნათლიას ეჩუქებინოს, როცა რვა წელი შეუსრულდა.
ჩვენ კარგად ვგრძნობთ თავს თბილ ღამეში, ფეხებს თავისით მივყავაართ სენ-ჟერმენის სენისაკენ.
ერთ თუნუქის დახლთან კი შემთხვევითმა ასოციაციამ თუ ვიღაც სტუდენტის სტვენამ ორივეს მოგვაგონა ვივალდის თემა და ჩვენ ვღიღინებდით მას დიდი გრძნობით. მერე კი ჯონიმ თქვა, ახლა რომ აქ საქსი მქონდეს, მთელ ღაეს შეუსვენებლივ ვივალდის დავუკრავდიო, რამაც დამაეჭვა და მაშნვე ვუთხარი კიდეც.
-ჰო, კიდევ ცოტა ბახსა და შარლ ივს დავუკრავდი,-მეუბნება ჯონი, ვერ გამიგია, რატომ არ აინტერესებთ ფრანგებს შარლ ივი. მოგისმენია მისი სიმღერები? აი, ის, ლეოპარდზე...შენ უნდა იცოდე სიმღერა ლეოპარდზე. ლეოპარდი...
და თავისი ტენორით დაიწყო სიმღერა ლეოპარდზე. რა თქმა უნდა, ბევრ მუსიკალურ ფრაზას საერთო არა ჰქონდა რა ივთან, მაგრამ ჯონის ეს სულაც არ ენაღვლებოდა. დარწმუნებული იყო, რომ ნამდვილად კარგ რამეს მღეროდა.
ბოლოს ჟიტ-ლიო-კიორის ქუჩისკენ ზურგით, პარაპეტზე დავსხედით, ფეხები მდინარეზე გადავკიდეთ და თითო კიდევ გავაბოლეთ, რადგან ღამე , მართლაც, დიდებული იყო. სიგარეტების შემდეგ კი მოგვინდა ლუდის დალევა კაფეში. ამის გაფიქრებამაც კი სიამოვნება მოგვგვარა. პირველად რომ ჩემი წიგნი ახსენა, თითქმის ყური არ მითხოვებია მისი სიტყვებისათვის, იმიტომ, რომ მაშინვე ისევ შარლ ივიზე და იმაზე დაიწყო ლაქლაქი, თუ
როგორ ართობს თავის იმპროვიზაციებში ივის თემების სხვადასხვა ვარიაციის შეტანა, რასაც ვერავინ ვერ ხვდება (ვფიქრობ, ვერც თვით ივი), მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ გამახსენდა მისი რეპლიკა წიგნის თაობაზე და შევეცადე საუბარი ჩემთვის საინტერესო თემაზე გადამეტანა.
-ჰო, წავიკითხე რამდენიმე გვერდი, ტიკასთან ბევრი იდავეს შენი წიგნის გამო, მაგრამ მე ვერაფერი გავიგე, ვერც სახელწოდება. გუშინ არტმა ინგლისური გამოცემა მომიტანა და მაშინ ზოგი რამ წავიკითხე, კარგი წიგნია, საინტერესოა.
-სახეზე ისეთი გამომეტყველება მივიღე, როგორიც ამ სიტუაციას შეეფერებოდა. ოდნავი ცნობისმოყვარეობით განზავებული, ღირსეული თავმდაბლობის განსახიერება ვარ, თითქოს მის აზრს შეუძლია ამიხსნას ( მე, ავტორს!) საკუთარი ნაწარმოების ნამდვილი არსი.
-თითქოს სარკეში იხედებოდე,-მეუბნება ჯონი, - წინათ მეგონა, როცა ვინმეზე კითხულობ, თითქოს თვით იმას შესცქერი, და არა ის, რომ სარკეში იხედები, დიდი ადამიანები არიან მწერლები, საოცარ რამეებს ქმნიან, აი, მაგალითად, მთელი ეს ნაწილი „bebop’’-ზე...
-განსაკუთრებული არაფერია, მე მხოლოდ სიტყვასიტყვით ჩავიწერე შენი ნაამბობი ბალტიმორში,- ვუთხარი მე და, კაცმა არ იცის, რატომ ვიმართლებდი თავს.
-კეთილი, ასე იყოს, მაგრამ ეს იგივეა, სარკეში იხედებოდე,- თავისას არ იშლის ჯონი.
-მეტი რაღა გინდა, სარკე კარგი რამეა.
-ზოგიერთი რამ აკლია, ბრუნო, -მიპასუხა ჯონიმ,-ამაში ჩემზე უკეთ ერკვევი, ცხადია, მაგრამ მე მგონია, ზოგი რა აკლია .
-მარტო ის, რაც შენ არ გითქვამს,-ვუპასუხე ოდნავ გულისტკენით. ეს ველური და მაიმუნი ბედავს კიდეც... მაშინვე მომინდა დელონეის ნახვა. ერთი ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებაც კი არარად აქცევს კრიტიკოსის პატიოსან შრომას, რომელიც...
-მაგალითად, ლენის წითელი კაბა, -თქვა ჯონიმ,-(აი, ასეთი დეტალები კი უნდა დავიხსომო და მომდევნო გამოცემებში შევიტანო, გამომადგება),-თითქოს ძინძგლის სული ასდისო, რაღაცის სუნითაა გაჟღენთილი ეს ფირფიტა. (ჰო, ყურადრებით უნდა ვუსმინო და სწარაფად ვიმოქმედო. ეს მცირე შენიშვნებიც კი ფართოდ ცნობილი რომ გახდეს, უსიამოვნება არ ამცდება). -შუაში კი ურნაა, ყველაზე დიდი, ტითქოს ცისფერი მტვრით სავსე, როგორ ჰგავს ჩემი დის საპუდრეს (ჯერჯერობით ხოლოდ ნახევრად ბოდვაა, უარესი იქნება, თუ დაიწყებს ჩემი ძირითადი იდეების, ჩემი ესთეტიკური სისტემის კონკრეტულ უარყოფას, რომელსაც ასე აღფრთოვანებით...), გარდა ამის, jazze cool –ზე სულ არ დაგიწერია მართალი,-ეუბნებ ჯონი. ოჰო, ყურები ვცქვიტე, ყურადღება.
-როგორ თუ მართალი არ დამიწერია? რასაკვირველია, ჯონი, ყველაფერი იცვლება, მაგრამ ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ..
- ექვსი თვის წინ, -თქვა ჯონიმ, პარაპეტიდან ჩამოვიდა, იდაყვებით დაეყრდნო მას და თავი ხელებში ჩარგო ,-“six months ago” .ეჰ, ბრუნო, როგორ დავუკრავდი ახლა, ბიჭები რომ აქ იყვნენ. სხვათა შორის, რა კარგად დაგიწერია საქსი, სექსი, მოხერხებულად შემოგიბრუნებია სიტყვები.,-“six months ago”, six, sax, sex. ღმერთმანი, ლამაზად გამოვიდა, ბრუნო, ეშმაკმა დალახვროს შენი თავი, ბრუნო. რა აზრი აქვს ავუხსნა, რომ მისი გონებრივი განვითარება ვერ ჩასწვდება სიტყვების ამ უბრალო თამაშის ღრმა აზრს, რომლებიც გადმოგვცემენ საკმაოდ ორიგინალური იდეების მთელ სისტემას (ლეონარდ ფიზერმა სავსებით დამიჭირა მხარი, როცა ნიუ-იორკში გავუზიარე ჩემი დასკვნები) და რომ ჯაზის პარაეროტიზმი გარდაიქმნა „washboard“-ის დროიდან და სხვა. როგორც ყოველთვის, ისევ გამამხიარულა აზრმა, რომ კრიტიკოსები გაცილებით უფრო სჭირდება საზოგადოებას, ვიდრე მე მგონია (როცა მარტოდმარტო ვარ, მხოლოდ დღიურის ჩანაწერებში). იმიტომ, რომ შემოქმედებითი წვისთვის განწირული შემოქმედნი_ნამდვილი კომპოზიტორებით დაწყებული და ჯონით დამთავრებული, დიალექტიკურად ვერ უდგებიან თავიანთი შემოქმედების ეტაპებისა და შედეგების განსზღვრას, პოსტულატად ვერ მიიჩნევენ საფუძვლებს და ვერ აფასებენ თავიანთი ნაწარმოებისა თუ ომპროვიზციების მნიშვნელობას. ყოველთვის უნდა მოაგონო ეს საკუთარ თავს მჭმუნვარების ჟამს როცა გულს გეყრება იმის გაფიქრებაზე, ხოლოდ და ხოლოდ კრიტიკოსი ხარ და მეტი არაფერი.
-ვარსკვლავს აჰენჰო ჰქვია, -ამბობს ჯონი და ხლა მესმის მისი სხვა
ხმა, მისი ხმა, როცა იგი, როგორ აღვწერო ჯონი , როცა იგი შენ გვერდითაა, მაგრამ უკვე აღარ არის აქ, უკვე შორსაა. შეშფოთებით ჩამოვედი პარაპეტიდან, ყურადღებით ჩავაცქერდი ვარსკვლავს, ჰქვია აჰენჰო. - რას იზამ, ვარსკვლავს ჰქვია აჰენჰო, -ამბობს ჯონი და ხელისგულები პირთან მიაქვს,- და მისი ნამსხვრევები მოიბნევა დიდი ქალაქის მოედნებზე. ექვსი თვის წინ.
თუმცა ვერავინ ვერ მხედავდა, ვერავინ ვერ შეიტყობდა ამას, მაინც სინანულით ვიჩეჩავდი მხრებს, მხოლოდ და მხოლოდ ვარსკვლავებისათვის (,, ვარსკვლავს ჰქვია აჰენჰო“, ) ვუბრუნდებით ძველს: ,,ამას უკვე ვუკრავ ხვალ“, ვარსკვლავს ჰქვია აჰენჰო და მისი ნამსხვრევები მოიბნევა ექვსი თვის წინ. დიდი ქალაქის მოედნებზე.
იგი წავიდა, შორს წავიდა, მე კი ბოღმა მახრჩობს მხოლოდ იმიტომ (რა ღვთის წყრომაა!), რომ არ ისურვა რაიმე ეთქვა ჩემს წიგნზე, რომელსაც ათასობით ჯაზის მოყვარული კითხულობს ორ ენაზე,( მალე სამ ენაზეც იქნება, ამბობენ, ესპანურზეც უნდა გამოვიდესო. ეტყობა, ბუენოს-აირესში მარტო ტანგოს არ უნდა ცეკვავდნენ).
-კაბა დიდებულია, - ამბობს ჯონი,-არ დაიჯერებ, რარიგ უხდებოდა ლენს, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა თითო ჭიქა ვისკი გადაგვეკრა და ერე გველაპარაკ, თუ ფული გაქვს. დედემ მხოლოდ ტილიანი სამასი ფრანკი დამიტოვა.მან სარკასტულად გაიცინა და სენას დააცქერდა, ვითო უფულოდაც ვერ იშოვიდა სპირტსა და მარიხუანას. უნდა დააჯეროს, რომ დედე ძალიან კარგია( წიგნზე კი არაფერი!) და მისივე კითილდღეობისათვის ზრუნავს, მაგრამ, საბედნიეროდ, ამქვეყნად არსებობს კეთილი მეგობარი ბრუნო (რომელმაც დაწერა წიგნი, მაგრამ ამაზე-არაფერი!) და რა კარგი იქნებოდა მასთან ერთად ყოფნა არაბთა უბნის კაფეში, სადაც არასოდეს არავის არ აწუხებენ, განსაკუთრებით თუ ხედავენ, რომ რაღაც კუთხით ეკუთვნი ვარსკვლავ აჰენჰოს (ეს უკვე მე გავიფიქრე). შევედით სენ-სევერინში, როცა ღამის ორმა საათმა ჩამოჰკრა. ამ დროს ჩემი ცოლი იღვიძებს ხოლმე, და ხმამაღლა იმეორებს იმას, რაც დილით, ყავის სმის დროს უნდა გადმომილაგოს.
მაშ, ასე, მე და ჯონი დავსხედით, გადავკარით საძაგელი იაფფასიანი კონიაკი, , კიდევ თითო ჭიქა მოვითხოვეთ დ ძალიან კმაყოფილი დავრჩით. მაგრამ წიგნზე არც ერთი სიტყვა არ წამოსცდენია. მხოლოდ გედის ფორმის საპუდრე, ვარსკვლავი, საგნების გაელვება, შენაცვლებით რაღაც ფრზები. გამოხედვა, გაღიმება, დორბლის შხეფები მაგიდასა და ჭიქაზე ( ჯონის ჭიქაზე). დიახ, არის ხოლმე მომენტები, როცა მინდა უკვე წავიდეს საიქიოს. ვფიქრობ, ჩემს ადგილას ბევრი ამასვე ისურვებდა, მაგრამ განა დასაშვებია მოკვდეს ჯონი და თან წაიღოს აზრები, რომელთა გაზიარება არ ისურვა იმ ღამით, რომ სიკვდილის შესმდეგაც გაანაგრძობდეს დევნას და გაქცევას (უკვე აღარ ვიცი, როგორ ვთქვა). განა დასაშვებია ასეთი რამ! არა, იცოცხლოს და ჯანდაბას ჩემი კომფორტი, ჩემი კარიერა, ავტორიტეტი, რასაც ასე ამაღლებდა უკვე აბსოლუტურად უდავო თეზისები და დიდებული დასაფლავება.
ჯონი დროდადრო წყვეტს თითების მონოტონურ კაკუნს, მიცქერის, გაუგებრად იმანჭება და ისევ იწყებს კაკუნს. კაფეს მეპატრონე ჯერ კიდევ მაშინ გვიცნობდა, როცა აქ ერთ არაბ გიტარისტთან ერთად მოვდიოდით ხოლმე. ბენოფას აშკარად ეძინება, ჩვენ მარტოდმატრო ვსხედვართ პილპილისა და ღო
რის ქონზე შემწვარი ღვეზელების სუნით აყროლებულ ბინძურ სამიკიტნოში. მეც ძილი მეკიდება, მაგრამ ძილს მიფრთხობს გააფთრება, ყრუ გააფთრება, -ჯონის წინააღმდეგ კი არა, აუხსნელი რაღაცის წინააღმდეგ, ასე ხდება ხოლმე, როცა მთელ საღამოს სიყვარულში ატარებ და გრძნობ: უნდა მიიღო შხაპი, წყლითა და სააპნით ჩამოიბანო ის, რაც აყროლებას იწყებს, რაც ძლიერ განსხვავდება იმისაგან, რაც თავდაპირველად ...ჯონი სულ უკაკუნებს და უკაკუნებს მაგიდაზე მომაბეზრებელ რიტმს. ხან წაიმღერებს ხოლმე და თითქმის არ მაქცევს ყურადღებას.
ეტყობოდა, ერთ სიტყვსაც აღარ დაძრავდა წიგნზე. უაზრო ცხოვრება მას აქეთ-იქით ისვრის: დღეს -დედაკაცი, ხვალ-ახალი უსიამოვნება ან მოგზაურობა.ყველაზე ჭკვიანური იქნებოდა ამეცინცლა მისთვის ინგლისური გამოცემა, ამისთვის კი დედეს უნდა მოველაპრაკო და ვთხოვო, გამიწიოს ეს სამსახური. მე ხომ ვალში არ დავრცები. თუმცა კი ტყუილად ვშიშობ, ტყუილად
გამოვდივარ მოთმინებიდან. ზედმეტიაა იმაზე ფიქრი, რომ ჯონი გამოიჩენს ინტერესს ჩემი წიგნისადმი. მარტზლი თუ გინდათ, არასოდეს აზრადაც არ მომსვლია, რომ წაიკითხავდა. შესანიშნავად ვიცი, რომ წიგნში არ არის ნათქვამი სიმართლე ჯონიზე (მაგრამ სიცრუეც არ არის იქ). ხოლოდ გაანალიზებულია ჯონის მუსიკა. კეთილგონიერებამ და მისდამი კეთილგანწყობამ ნება არ მომცა შეულამაზებლად მეჩვენებინა მკითხველისათვის მისი შიზოფრენია, ნარკომანიის საზიზღარი ანტისამყარო, მისი უბადრუკი არსებობის გაორება. მიზნად დავისახე გამომეყო ძირითადი, ყურადღება გამემახვილებინა იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო - ჯონის უბადლო ხელოვნებაზე. ღირდა კიდევ რამეზე ლაპარაკი? მაგრამ იქნებ სწორედ აქ მითვალთვალებს, როგორც ყოველთვის ხდება, როცა ვინმეს რაღაცის მოლოდინში უსაფრდები, გატრუნულია, რომ მერე ველური ნახტომით დაგვანარცხოს ყველანი. დიახ, სწორედ აქ სურს ჩამიჭიროს, რომ შეარყიოს მთელი ეგზოტიკური საფუძველი, რომელიც აღვმართე, რათა ამეხსნა მისი მუსიკის არსი, შემექმნა თანამედროვე ჯაზის მწყობრი თეორია, რომელმაც სახელი და საყოველთაო აღიარება მომიპოვა. კაცმა რომ თქვას, რა მესაქმება მის სულიერ ცხოვრებასთან? მხოლოდ ის მაშინებს, რომ ისევ სისულელეებს ჩაიდენს. მე კი არ შემიძლია ( ვთქვათ, არ მსურს) აღვწერო მისი სიგიჟე , რომ , ბოლოს და ბოლოს უარყოფს ჩემს ძირითად დასკვნებსყველას გასაგონად განაცხადებს, ეს კაცი რაღაცებს ჩმახავს, ჩემი მუსიკა კი სულ სხვა რამეს გამოხატავსო.
-ყური მიგდე, ეს-ესაა მითხარი, შენს წიგნს ზოგი რამ აკლიაო.
- ზოგი რამ აკლია-მეთქი, ვთქვი, ბრუნო? აა, ჰო, მე გითხარი, ზოგი რამ აკლია-მეთქი. იცი რა წიგნში განა მაარტო ლენის წითელი კაბა არ არის, არ არის კიდევ...მაგრამ ურნები ხომ მართლაც არსებობენ, ბრუნო? გუშნ ისევ დავინახე მთელი მინდორი, ზოგიერთს წარწერები და ნახატები ჰქონდა, ნახატებზე კონკოანი ..........ბრგე ჭაბუკები, ხელში უზარმაზარი ხელკეტები ეჭირათ, ზუსტად ისე, როგორც კინოშია ხოლმე. შეზარავია, როცა დადიხარ ურნებს შორის და იცი, მარტო ხარ და რაღაცას ეძებ. ნუ დაიდარდებ, ბრუნო, რა დიდი რამეა, თუ დაგავიწყდა ყოველივე ამის დაწერა, მაგრამ, ბრუნო,- და მან აიშვირა თითი,- შენ დაგავიწყდა მთავარი დაგეწერა ჩემზე.
-გეყოფა, ჯონი.
-ჩემზე, ბრუნო, ჩემზე, მაგრამ შენ არა ხარ დამნაშავე, რომ ვერ დაწერე ის, რასაც მე ვერ დავუკრავ. როცა იქ ამბობ, მისი ნამდვილი ბიოგრაფია მის ფირფიტებშიაო, ვიცი, გულითა და სულით გწამს ეს, და გარდა ამისა, მეტად ლამაზადაა ნათქვამი, მაგრამ ეს ასე როდია. არა უშავს, მე თუ ვერ დავუკარი ისე, როგორც საჭიროა, ვერ ვაჩვენე საკუთარი თავი, შენგან ხომ ვერ მოვითხოვ სასწაულს, ბრუნო. სული მეხუთება, გავიდეთ ჰაერზე ...
მივყვები ქუჩაში, სად არ დავხეტიალობთ, როელიღაც შესახვევში თეთრი კატა აგვედევნა. ჯონი დიდხანს ეფერა, ჰოდა, ვიფიქრე, ახლა კი კმარა-მეთქი, სენ-მიშელის მოედანზე ვიქირავებ ტაქსს, მივიყვან სასტუმროში და შინ წავალ. ყოველ შემთხვევაში, საშიში არაფერი არ მომხდარა. იყო მომენტი როცა შემეშინდა, ჯონის ჩემი თეორიის ანტითეზის მსგავსი რაღაც ხომ არ შეუქმნია და ჩემთან ხომ არ ცდის, სანა განგაშს ასტეხდეს-მეთქი, საბრალო ჯონი თეთრ კატას ეფერება. არსებითად, ერთადერთი გონივრული რამ, რაც ტქვა, ის არის, რომ არავინ არავიზე არაფერი არ იცის, ეს კი, რა ახალი ამბავია. ყოველი მონოგრაფია ამას ემყარება და დაემყარება, ამიტომ ზედმეტია აქ ჯახირი, წადი შინ, შინ წადი ჯონი, უკვე გვიანაა.
-არ გეგონოს მთვარი ეგ იყოს,-ადგა და უცებ მითხრა ჯონიმ, თითქოს ცემს აზრებს კითხულობსო,-არის კიდევ ღმერთი, ჩემო ძვირფასო, აი იქ კი სისულელეები წამოგიროშია.
-შინ წავიდეთ, ჯონი, შინ, უკვე გვიანაა.
-კიდევ არის ის, რასაც შენც და ჩემი მეგობარი ბრუნოსნაირებიც ღმერთს უწოდებენ. კბილის პასტიანი ტუჩები მათთვის ღმერთია. ხარახურა მათთვის ღმერთია, შიში, ნებზე რომ მიუშვან თავი, ესეც ღმერთია მათთვის. და შენ კიდევ გეყო სინდისი, მე აგრეოდი ამ ნაგავში, მოგიჩმახავს რაღაც ჩემს ბავშვობაზე, ჩემს ოჯახზე, რაღაც ძველ მემკვიდრეობითობაზე...ერთი სიტყვით,, ლაყე კვერცხების გროვაა. ზედ კი ზიხარ და ყიყლიყოს გაიძახი, ძალზე კმაყოფილი შენი ღმერთით. არ მწამს მე შენი ღმერთი. არასოდეს არ ყოფილა იგი ჩემი.
-მაგრამ მე ხომ მხოლოდ ვთქვი, რო ზნგური მუსიკა...
-არ მწამს შენი ღმერთი, - გაიმეორა ჯონიმ,- რატომ ,აძულებ ვილოცო მისთვის შენს წიგნში? არ ვიცი, არსებობს თუ არა ეს ღმერთი, მე ჩემს მუსიკას ვუკრავ, ვქმნი ჩემს ღმერთს, არ მჭირდება მე შენი ტყუილები, შეინახე ისინი მაჰალია ჯეკსონისა და რომის პაპისათვის. იცოდე, ამ წუთშივე ამოიღებ ამ მონაჩმახს შენი წიგნიდან.
-კეთილი, თუ ასე გადაჭრით მოითხოვ,- ვუთხარი იმისათვის, რომ რაღაც მეთქვა,- მეორე გამოცემაში არ შევიტან.
-ამ კატასავით მარტო ვარ, უფრო მეტადაც, რადგან მე ეს ვიცი, ამან კი-არა. ხელი გამიკაწრა შეჩვენებულმა. ბრუნო, ჯაზი მხოლოდ მუსიკა როდია. მე მხოლოდ ჯონი კარტერი როდი ვარ.
-სწორედ ასე მაქვს ნათქვამი და დაწერილიც. ზოგჯერ ისე უკრავ, თითქოს...
-თითქოს უკან ლურსმანი შეურჭვიათო, -თქვა ჯონიმ და მთელი ამ ღამის განმავლობაში პირველად დავინახე, როგორ გაფითრდა,-ვერაფერი ვერ გამიფიქრებია ხმამაღლა. მაშინვე გადაგაქვს შენს საძაგელ ენაზე. მე თუ
ვუკრავ, შენ კი ანგელოზები გესიზმრება, მე რა შუაში ვარ, თუ სხვები პირს აღებენ და გაჰკივიან, მწვერვალს მიაღწიაო, რა ჩემი ბრალია. ყველაზე ცუდი ის არის,-აი, ეს კი სულ გამოგრჩენია წიგნში, ბრუნო - რომ ჩემი ფასი გროშია, მთელი ჩემი დაკვრა და ხალხის ტაშიც არაფრად არ ღირს!
თავმდაბლობის ჭეშმარიტად ამაღელვებელი მოზღვავებაა, და ისიც ასე გვიან, ოჰ, ჯონი, ჯონი... _როგორ აგიხსნა,-ყვიროდა ჯონი, ხელები მხრებში ჩამავლო, ერთი სამჯერ მაგრად შემანჯღრია, (,,paix“-იწივლა ვიღაცამ მარცხნივ ფანჯრიდან.) საქმე ის კი არ არის, რა რა მუსიკალური სტილია ეს, აქ სხვა რამეა..აი, ხომ არის განსხვავება, მკვდარია ბი თუ ცოცხალი. ის, რასაც მე ვუკრავ, მკვდარი ბია, გესმის, მე კი მინდა, მე მინდა... ამიტომ ვამსხვრევ ზოგჯერ ჩემს საქსს, ხალხს კი ჰგონია, გიჟიაო. მართალია, ყოველთვის შეზარხოშებული კი ვარ, როცა ამას ვშვრები, საქსს ხომ ცეცხლის ფასი აქვს.
-წავიდეთ, ვიქირავებ ტაქსს და სასტუმროში მიგაცილებ.
-სიკეთის განსახიერება ხარ, ბრუნო, -ხითხითებს ჯონი, -ჩემი მეგობარი ბრუნო თავის წიგნში ყველაფერს წერს, რასაც წამოაყრანტალებენ, უმთავრესის გარდა, არასოდეს არ მეგონა, რომ ასეთ რამეებს წამოროშავდი, სანამ არტმა წიგნი მიშოვა. თავდაპირველად მომეჩვენა ვიღაც სხვაზე, რონიზე ან მარსელზე წერს-მეთქი, მერე კი- ჯონი აქ, ჯონი იქ, მაშასადამე, ჩემზეა ლაპარაკი და ჩემს თავს ვეკითხები, განა ეს მე ვარ? იქ ლაპარაკია ჩემზე ბალტიმორში, ბერდლენდზეც, ჩემი დაკვრის სტილზეც და სხვა... გამიგონე, -თითქმის ცივად დასძინა მან,- სულელი არ ვარ და მესმის, რომ წიგნი ხალხისთვის დაწერე. ჰოდა, კეთილი, ყველაფერი, რასაც ამბობ ჩემს დაკვრის მანერასა და ჯაზისადმი ლტოლვაზე-ასი პროცენტით ო’კეი. რაღას ვდავობთ ამ წიგნზე? ნაგავია სენაში, აი ჩხირი, შენ კი, აი, ეს ბოთლი ხარ...მიცურავს თავისთვის.
ხან აქეთ-იქით ქანაობს...ბრუნო, ე, ალბთ, ვერასოდეს ვერ დავიჭერ... ვერ...
ხელები იღლიებში ამოვდე და პარაპეტს მივაყუდე. ისევ თავისი ჰალუცინაციები აქვს, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლუღლუღებს სიტყვებს, იფურთხება.
-ვერ დავიჭერ,-და გაიმეორა,--ვერ დავიჭერ ...
-რა გინდა დაიჭირო, ძმაო?-ვკითხე.-ნუ ისურვებ შეუძლებელს. ის, რაც შენ დაიჭირე, ეყოფოდა...
-ჰო, შენ,-საყვედურის ტონით მიპასუხა ჯონიმ.-არტს, დედეს, ლენს...შენ იცი, ეს როგორ...ჰო, ზოგჯერ ის-ის იყო, კარი იღებოდა..შეხედე, ორივე ჩხირი გაუსწორდა ერთმანეთს, გვერდი-გვერდ ცეკვავენ, დატრიალდნენ, ლამაზია, არა? ის-ის იყო, იღებოდა კარი, ჰო, დრო... მითქვამს შენთვის, მგონია, რომ ეს ,,დროა“...ბრუნო, მთელი სიცოცხლის მანძილზე ჩემს მუსიკაში მინდოდა ბოლოს და ბოლოს შეეღო ეს კარი. ცოტათი მაინც, სულ ოდნავ...მახსოვს, ნიუ-იორკში, ერთხელ ღამით მე, მაილზი და ჰოლი...მგონი, მთელ საათს თავდავიწყებით ვუკრავდით, მხოლოდ ჩვენთვის, და საშინლად ბედნიერი ვიყავით ... მაილზი შესანიშნავ რაღაცას უკრავდა - კინაღამ სკამიდან გადმოვვარდი, მერე თვითონ დავიწყე დაკვრა, დავხუჭე თვალები და გავფრინდი. ბრუნო,
გეფიცები, მივფრინავდი და მესმოდა, შორს, სადღაც შორს, მაგრამ ჩემ შიგნით თუ ჩემ გვერდით ვიღაც იზრდება...არა, ასე არა...შეხედე, ბოთლი ჭირიანივით ბორგავს წყალში... არა, ვიღაც კი არა, ძალიან ძნელია შედარების მონახვა... რაღაც რწმენა, სინათლე მოვიდა, როგორც ზოგჯერ სიზმარში ხდება ხოლმე, გამიგე? როცა ყველაფერი კარგადაა და მარტივად, ლენი და ქალიშვილები სუფრასთან მელიან, ინდაური მოუმზადებიათ, როცა ავტომობილი არ აწყდება ხოლმე წითელ სინათლეს და ყველაფერი ბილიარდის ბურთულასავით შეუფერხებლად მიგორავს. მე კი თითქოს საკუთარი თავის გვერდით ვიყავი და ჩემთვის არ არსებობდა არც ნიუ-იორკი, და არც, რაც მთავარია, დრო, არც „შემდეგ“...არ არსებობდა არავითარი „შემდეგ“ ... რომელიღაც წუთს მარადისობაში აღმოვჩნდი... აზრდაც არ მომსვლია, რომ ყოველივე ეს სიყალბეა, რომ ასე მოხდა მუსიკის გამო, მან გამიტაცა, თავბრუ დამახვია, ..დავამთავრე თუ არა დაკვრა -ოდესმე ხომ უნდა დამემთავრებინა- საწყალ ჰოლს უკვე არაქათი ეცლებოდა როიალთან,-სწორედ ამ წამს ისევ დავუბრუნდი საკუთარ თავს ..
იგი ასლუკუნდა და ჭუჭყიანი ხელებით მოიწმინდა თვალები.
აღარ ვიცი, რა ვქნა, უკვე გვიანაა, მდინარიდან ნოტიო სიო უბერავს, ისე ადვილია გაციება.
-მე მგონი, უჰაეროდ ფრენა მინდოდა,- ისევ ალუღლუღდა ჯონი,-მგონი, მინდოდა ლენის წითელი კაბა, მაგრამ ლენი არა, ბი კი მოკვდა, ბრუნო, შენ მართალი უნდა იყო, შენი წიგნი, ალბათ, ძალიან კარგია.
-წავიდეთ, ჯონი, არ მწყინს, თუ არ მოგწონს.
-არა, ამას არ ვამბობ, შენი წიგნი კარგია, იმიტომ რომ... იმიტომ რომ ვერ ხედავ ურნებს, ბრუნო. იგი ჰგავს საჩმოს დაკვრას, სუფთაა, რიგიანი. შენ არ გგონია, რომ საჩმოს დაკრული ჰგავს დღესასწაულს ან რაღაც ცით მოვლენილ წყალობას? ჩვენ კი ...გითხარი, უჰაეროდ ფრენა მინდოდა-მეთქი. მე მეგონა... მთლად იდიოტი უნდა იყო..მეგონა, დადგება ჟამი და რაღაც განსაკუთრებულ რამეს დავიჭერ-მეთქი. ვერ იქნა და ვერ დავწყნარდი, ვფიქრობდი, ყველაფერი, რაც კარგი იყო, ლენის წითელი კაბა და თვით ბიც, სათაგურებია-მეთქი, არ ვიცი, სხვაგვარად როგორ ვთქვა... სათაგურებია, რომ არავინ არაფერს ესწრაფოდეს, რომ ილაპარაკონ, ამქვეყნად ყველაფერი მშვენიერია, საუცხოოდ არის მოწყობილიო. ბრუნო, მე მგონი, ლენი და ჯაზი, დიახ, ჯაზიც კი, თითქოს ჟურნალების რეკლამებია, ლამაზ-ლამაზი რამეები, რომ გავერთო და კმაყოფილი ვიყო, როგორც შენა ხარ კმაყოფილი შენი პარიზით, შენი ცოლით, შენი მუშაობით... მე კი ჩემი საქსი მაქვს..ჩემი სექსი, როგორც შენს წიგნშია ნათქვამი, ყველაფერი ეს სულ სხვა რამაა, ხაფანგებია, მეგობარო...იმიტომ რომ არ შეიძლება არ იყოს სხვა რამ, არ მჯერა, რომ არ მივალთ დახშულ კართან ძალიან ახლოს, სულ ახლოს..
_ერთ რამეს გეტყვი, შენს თავს ვერ გადაახტები,_წავიბურტყუნე. თავს აბსოლუტურ სულელად ვგრძნობდი.
_და სანამ შეგიძლია, ჩაიჯიბე ჟურნალ ,,დაუნ ბიტის“ პრემიები,_თავს მიქნევს ჯონი,_ჰო, რა თქმა უნდა, ჰო, ჰო, რა თქმა უნდა.
ნელ-ნელა მოედნისკენ მივათრევ. საბედნიეროდ, კუთხეში ტაქსი დგას.
_მაინც, მიმიფურთხებია შენი ღმერთისათვის,_ლუღლუღებს ჯონი,-
შენ ამ საქმეში ნუ მრევ, ნებას არ გაძლევ, ხოლო თუ მართლა დგას რამე უკან, წყეულიმც ყოფილა, რა ძალა გადგას ეძებო გასაღები, თუ მასზეა დამოკიდებული, გაგიღოს თუ არ კარი. უნდა შეანგრიიო ფეხით, მორჩა და გათავდა, ჩაამტვრიო, ამოგანგლო სიბინძურეში, მე მაგის...მაშინ ნიუ-იორკში კინაღამ დავიჯერე, ჩემი მუსიკით შევაღე-მეთქი კარი, მაგრამ დაკვრას რომ მოვრჩი, ამ შეჩვენებულმა პირდაპირ ცხვირში მომიხეთქა იგი და ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ არასოდეს არ მილოცია მისთვის და ჩემს სიცოცხლეში არ ვილოცებ, ვინაიდან არაფრად ვაგდებ ამ სინდისგარეცხილ გამყიდველ ლაქიას, კარს რომ მოწყალებისათვის აღებს, მე მაგის..
საწყალი ჯონი, კიდევაც რომ ჩივის, ასეთი რამეები გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიებში არ იწერებაო. დედაო ღვთისავ, ღამის სამი საათი კი იყო უკვე!
...
ტიკა დაბრუნდა ნიუ-იორკს, ჯონი დაბრუნდა ნიუ-იორკს ( დედე დარჩა, შესანიშნავად მოწყობილა ლუი პერონთან, დიდი მომავლის მქონე ტრომბონისტთან), გოგონა ლენოქსი დაბრუნდა ნიუ-იორკს. პარიზის სეზონი საინტერესო არ გამოდგა, და მე მენატრებოდნენ ჩემი მეგობრები. ჩემს წიგნს ჯონის შესახებ ყველგან დიდი წარმატება აქვს, და, გასაგებია, რომ სემი პრეტცალმა სიტყვა ჩამოაგდო მისი ეკრანიზაციის თაობაზე ჰოლივუდში. ასეთი პერსპექტივა განსაკუთრებით სასიამოვნოა, თუ გავითვალისწინებთ დოლარის მაღალ კურსს ფრანკთან შედარებით. ჩემი ცოლი კარგა ხანს მიბრაზდებოდა გოგონა ლენოქსთან ჩემი ინტრიგის გამო, თუმცა, საზოგადოდ, სერიოზული არაფერი არც ყოფილა: ბოლოს და ბოლოს, გოგონა ნამდვილი კახპაა და ყოველ ჭკვიან დედაკაცს უნდა ესმოდეს: ასეთი ეპიზოდები ცოლქმრულ ჰარონიას არ არღვევს, აღარაფერი რომ აღარ ვთქვა იმაზე, რომ გოგონა ნიუ-იორკში ჯონისთან ერთად წავიდა, თანაც თავისი დიდი ხნის ოცნება აისრულა: წავიდა იმავე გემით, რომლითაც ჯონი მიდიოდა. ალბათ, უკვე მარიხუანასაც კი ეწევა ჯონისთან ერთად, საწყალი გოგონა, მასავით ხელიდან წასული დაღუპული არსება. გრამფირფიტა „სტარსტიზი“ კი ახლახან გაჩნდა პარიზში, სწორედ იმ დროს, როცა უკვე მთლიანად მომზადდა ჩემი წიგნის მეორე გამოცემა და უკვე მის გერმანულად გამოცემაზეც კი იყო ლაპარაკი. ბევრი ვიფიქრე ზოგიერთ ახალ განმარტებაზე. ჩემი პროფესიის შესაძლებლობათა კვალობაზე პატიოსანი კაცი ვარ და ვეკითხები ჩემს თავს, ნუთუ სავალდებულოა სხვანაირად გავაშუქო ჩემი გმირის პიროვნება-მეთქი. დიდხანს ვიმსჯელეთ ამ საკითხზე მე, დელონეიმ და ოდეირმა, მაგრამ მათ, გულახდილად რომ ვთქვა, ვერაფერი მირჩიეს, რადგან, მათი აზრით, წიგნი დიდებულია და
ასეთი სახით მოსწონს მკითხველსო. ასე მეგონა, ორივეს აფრთხობდა ლიტერატურული გესლიანობა, ის, რომ ნაწარმოები გადატვირთულია ისეთი რამეებით, რასაც თითქმის ან სრულიად არავითარი კავშირი არა აქვს ჯონის მუსიკასთან, ყოველ შემთხვევაში, იმ მუსიკასთან, რომელიც ჩვენ ყველას გვესმის. ასე მეგონა, ავტორიტეტიან სპეციალისტთა თვალსაზრისი (ჩემი საკუთარი გადაწყვეტილებაც, რომლის მოყვანა სისულელე იქნებოდა ამ შემთხვევაში) საშუალებას მაძლევდა ხელშეუხებლად დამეტოვებინა პირველი ვარიანტი. ყურადღებით გადავათვალიერე ამერიკის შეერთებული შტატების ჟურნალები( ოთხი რეპორტაჟი ჯონიზე, ინფორმაციები თვითმკვლელობის ახალი ცდის შესახებ ამჯერად იოდის ნაყენით, კუჭის ამორეცხვა და სამი კვირა საავადმყოფოში, შემდეგ ვითომც აქ არაფერიაო, ისევ კონცერტი ბალტიმორში) და სავსებით დავმშვიდდი, თუ არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ამ უსიამო რეციდივებმა გული დამწყვიტეს. წიგნზე ჯონის ცუდი არაფერი წამოსცდენია. მაგალითად („სტომპინგ ეროუნდში“, ჩიკაგოს მუსიკალურ ჟურნალში, ტედი როჯერსისათვის მიცემული ინტერვიუს დროს ):
„წაიკითხე, რა დაუწერია შენზე პარიზში ბრუნო ვ-ს?“
„დიახ, ძალიან კარგად დაუწერია“.
„რას იტყოდი ამ წიგნზე?“
„არაფერს, ძალიან კარგადაა დაწერილი, ბრუნო დიდი ადაიანია“.
ისღა დამრჩენოდა გამეგო, რას წამოაყრანტალებდა ჯონი სიმთვრალეში ან ნარკოტიკით გაბრუების დროს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჭორებს მისი რაიმე გამოხდომის თაობაზე ჩემამდე არ მოუღწევია. მეც გადავწყვიტე ხელუხლებლად დამეტოვებინა წიგნის მეორე გამოცემა და ჯონი ისეთი მეჩვენებინა, როგორიც იყო არსებითად: საშუალოზე დაბალი ინტელექტის მქონე მაწანწალა, მუსიკოსის, მოჭადრაკის, პოეტის თანდაყოლილი ნიჭით, რომელიც ქმნის შედევრებს, მაგრამ შეგნებული არა აქვს (იმ მოკრივეზე მეტად არა, ღონით რომ ამაყობს) თავისი შემოქმედების მთელი სიდიადე. გარემოებანი მაიძულებდნენ შემენარჩუნებინა ჯონის ეს პორტრეტი. არ ღირდა წინ აღვდგომოდი მსმენელთა გემოვნებას, რომლებიც აღტაცებული არიან ჯაზით, მაგრამ უარყოფენ წმინდა პროფესიულ ან ფსიქოლოგიურ ანალიზს. მსმენელი მოითხოვს სრულ და სწრაფ დაკმაყოფილებას, ეს კი ნიშნავს თითებს, რომლებიც თავისით მიჰყვებიან რიტმს, სახეებს, რომლებიც ნეტარებით იბადრებიან, სხეულთ, რომლებიც როკავენ მუსიკაში, სისხლს რომ გიჩქარებს და სუნთქვას რომ გიხშირებს, მორჩა და გათავდა, არავითარი ჭკუამიღმური მსჯელობანი.
ჯერ მოვიდა ორი დეპეშა( დელონეიმ და მე მივიღეთ, საღამოს კი ეს ამბავი უკვე დაიბეჭდა გაზეთებში ტუტუცური კომენტარებით). სამი კვირის შემდეგ მივიღე გოგონა ლენოქსის
წერილი, რომელიც არ მივიწყებდა: “ბელვიუში შესანიშნავად მიიღეს, და როცა გამოდიოდა, ძლივს მივარღვევდი ხალხს, რომ მასთან მივსულიყავი, მაიკ რუსოლოს ბინაში ვცხოვრობდით, თვითონ მაიკი გასტროლებზე წავიდა ნორვეგიაში. ჯონი თავს შესანიშნავად გრძნობდა, და, თუმცა საჯაროდ გამოსვლა არ სურდა, დათანხმდა ჩაწერაზე „28-თა კლუბის“ ბიჭებთან ერთად. მხოლოდ შენ გეტყვი, რომ საერთოდ კი ძალიან სუსტად იყო (წარმომიდგენია რას გულისხმობდა გოგონა პარიზში ჩვენი ფლირტის შემდეგ) და ღამღამობით მაშინებდა თავისი ოხვრითა და გოდებით. მხოლოდ იმით ვინუგეშებ თავს,-ალერსიანად დასძენდა გოგონა, -რომ მშვიდად, არც კი უგრძვნია, ისე განუტევა სული. ტელევიზორს უყურებდა და მოულოდნელად დანარცხებია იატაკს, მითხრეს, ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდაო. აქედან შემეძლო დამესკვნა, რომ გოგონა მასთან არ ყოფილა,_ასეც აღმოჩნდა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ჯონი ცხოვრობდა ტიკასთან, ხუთიოდე დღე გაუტარებია მასთან, შეურვებული და გულჩათხრობილი ყოფილა, უთქვამს, ჯაზს თავი უნდა დავანებო, მექსიკაში გადავიდე და "მიწაზე“ ვიმუშაოო ( ყველას იზიდავს „მიწა“ ცხოვრების გარკვეულ პერიოდში_პირდპირ მოსაწყენი ამბავია!). ტიკა ზრუნავდა და ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ ეიძულებინა ეფიქრა მომავალზე (ასე ამბობდა მერე ტიკა, თითქოს მას ან ჯონის ერთი წამითაც შეეძლოთ მომავალზე ჩაფიქრებულიყვნენ). შუა ტელეგადაცემის დროს, რომელიც ძალიან მოსწონდა ჯონის, უცებ ხველა ასტეხია, მოკრუნჩხულა და სხვა და სხვა. დარწმუნებული არა ვარ, რომ სწრაფად განეტევებინოს სული, როგორც ტიკამ პოლიციას აუწყა (უნდოდა, როგორმე თავი დაეღწია არასასიამოვნო მდგომარეობისათვის, რადგან ჯონი გარდაიცვალა მის ბინაში, უპოვეს მარიხუანა, რადგან წინათაც ბევრი უსიამოვნება შეხვედრია საბრალო ტიკას, გაკვეთას კი არცთუ ისე სასიამოვნო შედეგები მოჰყოლია. ადვილი წარმოსადგენია, რას აღმოაჩენდა ექიმი ჯონის ღვიძლში.
„ჩემზე საშინლად იმოქმედა მისმა სიკვდილმა, თუცა ბევრი რამ მაქვს სათქმელი,_კეკლუცად მწერდა ეს მომხიბლავი გოგონა, _მაგრამ ამაზე სხვა დროს, როცა გუნებაზე ვიქნები. მგონი როჯერსს უნდა ჩემთან კონტრაქტი დადოს პარიზსა და ბერლინში გასტროლებზე და ყველაფერს შეიტყობ, რაც უნდა იცოდეს ჯონის საუკეთესო მეგობარმა“. მერე მოსდევდა მთელი გვერდი, ტიკასადმი მიძღვნილი: მარკიზა მიწასთან იყო გასწორებული. საცოდავ გოგონას თუ დაუჯერებდი, ტიკას მარტო ჯონის სიკვდილში კი არა, პირლჰარბორზე იაპონელთა თავდასხმაში და შავი ჭირის ეპიდემიაშიც კი მიუძღოდა ბრალი. წერილი ასე მთავრდებოდა: ,,არ დამავიწყდეს, მინდა გაცნობო, რომ ერთხელ ბელვიუში დიდხანს ლაპარაკობდა შენზე, აზრები ერეოდა და ეგონა, შენც ნიუ-იორკში იყავი, მაგრამ არ გსურდა მისი ნახვა, გამუდმებით ახსენებდა რაღაცით სავსე მინდვრებს, მერე გიხმობდა და რაღაცას გელაპარაკებოდა კიდეც, უბედური. შენ ხომ იცი, როგორ ბოდავს ცხელების დროს. ტიკამ ბობ კერეის უთხრა, ჯონს უკანასკნელად რაღაც ამის მსგავსი უთქვამსო: ,,აი, ჩამომხსენ ნიღაბი“, მაგრამ ხომ გესმის, ამ წუთებში..“ მე და არ მესმოდეს! ,,ძალიან დაჩაჩანაკდა,_ ასე ასრულებდა გოგონა წერილს,-და სიარულისას ქშინავდა’’. ეს დეტალები, მართლაც რომ შეეფერება იმისთანა დელიკატურ პიროვნებას, როგორიც გოგონა ლენოქსია.
უკანასკნელი ამბები დაემთხვა ჩემი წიგნის მეორე გამოცემას, მაგრამ, საბედნიეროდ, მოვასწარი ჩამერთო სახელდახელოდ შეთხზული ერთი გვერდი ნეკროლოგის მაგვარი რაღაც, აგრეთვე დაკრძლვის ფოტოსურათი, სადაც საუცხოოდ აღიბეჭდა ბევრი სახელმოხვეჭილი ჯაზისტი. ამ
სახით ბიოგრაფია, შეიძლება ითქვას, სრულადაა წარმოდგენილი. ალბათ, ასე ლაპარაკი არ შემშვენის, მაგრამ საქმე ხომ მხოლოდ ფორმალურ-ესთეტიკურ მომენტს ეხება. უკვე აქა-იქ ამბობენ, რომ ჩემი წიგნი ითარგმნოს, არ ვიცი, შვედურ თუ ნორვეგიულ ენაზე. ჩემი ცოლის აღტაცებას საზღვარი არა აქვს.