Litclub.ge

ტერენტი გრანელი
ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა – მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს.

მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს“ ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა.

გავიდა ხანი. უბედურმა შემთხვევამ (სახლი დაეწვათ) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. უღარიბესი გლეხის შვილმა ბავშვობიდანვე გამოსცადა ცხოვრების სიმკაცრე. გახდა გულჩათხრობილი, სევდიანი. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, აღსავსე იყო წინააღმდეგობებით.

იგი გაიტაცა ეროვნული თავისუფლების იდეამ. ტერენტი, როგორც თავისი ქვეყნისა და ხალხის მხურვალე მოტრფიალე, მტკიცედ დადგა იმ ინტელიგენციის მხარეზე, რომლის უპირველესი მიზანი რუსეთის თვითმპყრობელური რეჟიმისაგან განთავისუფლება იყო. იგი წერდა: „ეროვნული თავისუფლება ეს უდიდესი პრობლემაა ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში… დეე ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ გვწყურია თავისუფალი ცხოვრება, და არავის ნებას არ მივცემთ აბუჩად აიგდოს ჩვენი უზენაესი უფლებები“ (გაზ. „ია“, 1919 წ.).

ოცი წლის ტერენტი მთელი სერიოზულობით მსჯელობს ეროვნულ პრობლემაზე: „ამ დაბაში (იგულისხმება ოჩამჩირე) იშვიათად ნახავთ ქართულის მცოდნე პირებს… ნუთუ ამ ხალხს არ შეუგნია ქართული ენის სიდიადე, ნუთუ მათ არ აინტერესებთ სამშობლო ენა. თვითმპყრობელობის დროს ქართული ენის უცოდინარობას ნიკოლოზის მთავრობას ვაბრალებდით, დღეს ვის უნდა დავაბრალოთ?! თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს ჩვენს გულგრილობას და გადაგვარებას ადასტურებს. გახსოვდეთ, რომ თქვენ სამშობლო გავალებთ თქვენი მშობლიური ენის შესწავლას. ამისათვის, ჩემი აზრით, წერაც ზედმეტია“ („სახალხო საქმე“, №202, 1918 წ.).

ტერენტის სწყუროდა სწავლა. იაკობ შანავას დახმარებით დაითანხმა მამა და, უფროს დასთან მაშოსთან ერთად, 1918 წელს თბილისს გაემგზავრა. ამავე წელს გარდაეცვალა მამა. უსახსროდ დარჩენილი ტერენტი მუშაობას იწყებს თბილისის რკინიგზის სადგურზე ჯერ ვაგონების გადამბმელად, ხოლო შემდეგ კონდუქტორად. მაგრამ აქ დიდხანს ვერ ჩერდება. რამდენიმე თვის შემდეგ იგი მუშაობას იწყებს გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციაში, შიკრიკად. ტერენტის თავისი პირველი ლექსი ამავე გაზეთში დაუბეჭდავს.

პოეტმა ფსევდონიმი „გრანელი“ 1919 წელს დაირქვა. ამ ფსევდონიმის არჩევას, ტერენტის დების მაშო და ზოზია კვირვკელიების გადმოცემით, საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა „granum“, რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით აურჩევია: „მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო“.

ამ დროს ქართულ პოეზიაში მომძლავრებული იყო სიმბოლისტური მიმდინარეობა. ვერც ტერენტი ასცდა მოდერნიზმს და, სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა, 1919 წელს გამოსცა სამხატვრო-სალიტერატურო გაზეთი „ია“ და ჟურნალი „კრონოსის სარკე“. ჟურნალში დაბეჭდილ მის სონეტებსა და რეცენზიას, სადაც ვალერიან გაფრინდაშვილის „დაისები“ არის შეფასებული, აშკარად ატყვია სიმბოლისტური ესთეტიკის კვალი.

1919 წელს გალაკტიონი სცემს „არტისტულ ყვავილებს“. ტერენტი გრანელმა მაშინვე იგრძნო და აღიარა გალაკტიონ ტაბიძის პოეტური სიდიადე, მისი სიახლე. თავის მხრივ, გალაკტიონიც არანაკლებ აფასებდა ტერენტი გრანელის პოეტურ ტალანტს.

1920 და 1921 წლებში ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების ორი პატარა წიგნაკი: „პანაშვიდები“ (რომელშიც გობრონ აგარელის ლექსებიც არის დაბეჭდილი) და „სამგლოვიარო ხაზები“. საკუთარმა ხელწერამ და მომწიფებულმა შემოქმედებითმა ხმამ მკაფიოდ იჩინა თავი მის პირველსავე ლექსებში. პირველი წარმატებებით აღფრთოვანებულმა პოეტმა 1922 წელს გამოსცა ლექსების მოზრდილი წიგნი „სულიდან საფლავები“. ამ კრებულს შესანიშნავი რეცენზიები უძღვნეს ტრისტან მაჩაბელმა, პაატა ორბელიანმა და კონსტანტინე გამსახურდიამ. ჭაბუკი პოეტი მართავს ლიტერატურულ საღამოებს. პოეტს აღტაცებით ხვდებიან ყველგან.

…მარტის სუსხიანი ამინდია. რუსთაველზე გამვლელთა ყურადღებას იქცევს თეთრი სატინისხალათიანი ჭაბუკი, ია-იებით ხელში. გამვლელნი განცვიფრებით შეჰყურებენ მას. შუა ტანის, პროპორციულად, მკვიდრად ნაგები სხეული; საკმაოდ ლამაზ, შთაგონებულ სახეს უმშვენებს მაღალი შუბლი, უკან გადავარცხნილი ხვეული, წაბლისფერი თმა. მოცისფრო თვალების ჭკვიანი, აზრიანი გამომეტყველება თავისებურ იერს ანიჭებს ჭაბუკი პოეტის სევდიან სახეს. ქარიშხალგამოვლილს მიუგავს მზითა და წვიმით გარუჯული ნაწრთობი სახე, სპილენძისფერი რომ გადაჰკვრია.

ტერენტი გრანელი რუსთაველის გამზირზე ხშირად უნახავთ პოეზიის მოყვარულ ახალგაზრდებთან. პოეტი აღტაცებით ესაუბრებოდა მათ პოეზიისა და მუსიკის დანიშნულებაზე, ესთეტიკურ იდეალებზე: „ხელოვნების ცხოველმა შუქმა უნდა გაანათოს ჩვენი ცხოვრების ბნელი კუნჭულები, აამოძრაოს ადამიანის შემოქმედება და თვალწინ გადაუშალოს საუცხოო სურათები სილამაზისა, სიმშვენიერისა და ჭეშმარიტებისა, უნდა მძლავრად ამეტყველდეს ჭეშმარიტი ხელოვნება, თორემ ლამის ადამიანი მხეცად იქცეს უმაღლეს განცდათ მოკლებული და ბოროტების მორევში სავსებით გადავარდნილი“.

ტერენტი ბევრს კითხულობს, განსაკუთრებით პოეზიას. კარგად იცნობს მსოფლიო ლიტერატურის კორიფეებს, რუსულ მწერლობას, ფრანგ სიმბოლისტთა შემოქმედებას. ბაირონის, შელის, მიუსეს, ნოვალისის, ომარ ხაიამის პოეზიას, ნიცშეს ფილოსოფიას. მისი საყვარელი რუსი პოეტებია პუშკინი, ბლოკი, ტიუტჩევი, ფეტი, ნადსონი. მშვენივრად კითხულობს ბლოკისა და ესენინის ლექსებს, გრძნობს მათთან სულიერ ნათესაობას. მიუხედავად იმისა, რომ დოსტოევსკის აღმერთებს, უჭირს მისი რომანების კითხვა. თუ ზოგიერთ ზედმეტობას ჩამოვაცილებთ, დოსტოევსკის ხელოვნება და აზრები გენიალურიაო. მეგბარი პოეტის გობრონ აგარელის რჩევით ხშირად ესწრება უნივერსიტეტში სერგი დანელიასა და გრიგოლ წერეთლის ლექციებს ანტიკურ პოეზიასა და ფილოსოფიაზე. მის განსაკუთრებულ აღფრთოვანებას თურმე ანაქსიმანდრესა და ანაქსაგორას კოსმოლოგიური შეხედულებები იწვევდა.

ნაზი ბუნების ტერენტი მეტად ზრდილი და თავაზიანი, საოცრად გულახდილი, უშუალო და თავმდაბალია. თავისებური ხასიათი აქვს: ხან ბავშვივით აზიზია, ხანაც უმიზეზოდ ჭირვეული და იჭვიანი, უფრო ხშირად კი სათნო და გულუბრყვილო. წყნარია. ხმამაღლა იშვიათად იცინის. ბილწსიტყვაობა სძაგს. მისი ყველაზე სალანძღავი სიტყვაა: შენ პოეზიისა რა გაგეგებაო. საერთოდ ძუნწი მოსაუბრეა. საკმარისია პოეზიაზე ჩამოვარდეს საუბარი, რომ მისი თვალები ელვარე ნაკვერცხლებს დაემსგავსოს. ამ დროს იგი დაუნდებელია და პირში მთქმელი.

დიდ ხელმოკლეობას განიცდის. არსად არ მსახურობს. საქმის გაკეთების ეშინია. თავად არ იცის, რითი უნდა ირჩინოს თავი, ან სად უნდა გაათიოს ღამე. ამაყია, არავის აგებინებს თავის გასაჭირს. არ უყვარს საუბარი პირად ცხოვრებაზე. ჰონორარს აიღებს თუ არა, მაშინვე ხელგაშლით ხარჯავს, უყვარს მეგობრების გამასპინძლება, თუმცა, ასეთი შემთხვევა მეტად იშვიათია.

ზაფხულის თბილ ღამეებს სამრეკლოებსა და სასაფლაოებზე ათევს. ხშირად დადის მთაწმინდასა და დიდუბის პანთეონში. უყვარს საღამოს ბინდ-ბუნდი, სასაფლაოს მდუმარება, მარტო ყოფნა თავის ფიქრებთან. გაიგონებს თუ არა ქუჩაში სამგლოვიარო მუსიკის ხმებს, მაშინვე აედევნება პროცესიას, დაიკრეფს გულზე ხელებს და მდუმარედ გაჰყვება სასაფლაომდე. არ იკითხავს, ვის ან სად ასაფლავებენ. ეს სულ ერთია. იცის, ვიღაცას გლოვობენ და თვითონაც ამ გლოვის ჩუმი მონაწილე ხდება.

ხშირად ესწრება წირვებს, უყვარს საეკლესიო გალობა, კათოლიკეთა ეკლესიის ორღანოს ხმა. განსაკუთრებით იტაცებს სააღდგომო ცერემონიალი, რაღაც შეუცნობელ ექსტაზს რომ განაცდევინებს. საოცრად განიცდის მუსიკას. შეუძლია დიდხანს, ძალიან დიდხანს იდგეს ქუჩაში და გარინდებულმა უსმინოს როიალის ხმას. უყვარს ეტლით სეირნობა, ყვავილები. უფრო ვარდი და ია. ცაციათი გულზე მიიხუტებს იის კონას და პირველსავე შემხვედრ მეგობარ ქალს მიართმევს. დროდადრო დებსაც ესტუმრება წალენჯიხაში, მაგრამ იქ დიდხანს ვერ ძლებს და უმალ თბილისს უბრუნდება. უყვარს თბილისი. გარიჟრაჟიდან შუაღამემდე მოჩვენებასავით დაეხეტება მის ქუჩებში, მუდამ ნერვიული და ფერმკრთალი, თმააწეწილი; ზამთარ-ზაფხულ დაფლეთილი სამოსი აცვია. თრთოლვით წერს ლექსებს, მისი ლექსების უმრავლესობა ღია ცის ქვეშაა შექმნილი.

ტერენტი გრანელის პოეზიამ 1924 წელს მიაღწია თავის მწვერვალს. მან გამოსცა ახალი ლექსების წიგნი „Memento mori“. ამ წიგნის გამოსვლად ცხოველი ინტერესი გამოიწვია. ამავე წელს რუსთაველის თეატრში ტერენტი გრანელს დიდი სალიტერატურო საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, სადაც ივანე გომართელი, გიორგი ნადირაძე, კონსტანტინე კაპანელი, ვასილ ბარნოვი, პლატონ კეშელავა და სხვები მაღალ შეფასებას აძლევენ ტერენტი გრანელის პოეზიას.

1926 წელს ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების უკანასკნელი წიგნი. 1928 წლიდან კი იწყება პოეტის მკვეთრი სულიერი დეპრესია. ამ პერიოდის წერილები, სადღიურო ჩანაწერები და ლირიკა მოწმობენ მის სულიერ მსხვრევას. რა თქმა უნდა, ტერენტი გრანელი კარგად გრძნობდა თავის ამ უდიდეს პიროვნულ-ადამიანურ ტრაგედიას და ეს უფრო ამძაფრებდა მის ტრაგიზმს. გოეთე წერდა: „ადამიანის ბუნებას… განსაზღვრულ მიჯნამდის თუ ძალუძს როგორც სიხარულის, ისე ტკივილის თუ ტანჯვის გადატანა; როცა იგი ამ მიჯნას გადასცდება, უთუოდ დაიღუპება“.

სწორედ ასევე დაემართა გრანელსაც. გამხდარი და დაუძლურებული ძლივსღა დააბიჯებდა. ჩაუქრა შთაგონებული თვალების ელვარება, მთლად მოეშვა. დადიოდა თბილისის ქუჩებში – ცოცხალი გლოვა და სევდა. უბით დაჰქონდა „სისხლიანი რვეული“ და მისი სახე სანთელივით დნებოდა.

უკანასკნელი ოთხი წელი პოეტმა თბილისისა და სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა.

…ფიროსმანივით მიტოვებულმა და მივიწყებულმა, მძიმედ დაავადებულმა ტერენტი გრანელმა სამუდამ დახუჭა თვალები 1934 წლის 10 ოქტომბერს „არამიანცის“ საავადმყოფოში. რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა პროცესიამ პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარა.