Litclub.ge

მოგონებები - გურამ რჩეულიშვილი
თბილისი შემოდგომის პირზე ლამაზდება განსაკუთრებით, აგვისტოს დამლევს რუსთაველის პროსპექტი მოულოდნელად ივსება ახალგაზრდა, მზისგან დამწვარი სახეებით.

ამ ქუჩაზე გავლა კარგია თბილისთან ხანგრძლივი განშორების შემდეგ.

გურამ რჩეულიშვილი პირველად სწორედ აქ გავიცანი. ის მაშინ, მგონი, ხევსურეთიდან ახლად დაბრუნებული იყო, ერთ ცნობილ გერმანელ მწერალთან ერთად ემოგზაურა და მისი პირადი ტრაგედიის უნებური მოწმე გამხდარიყო. ამ ამბავზეა დაწერილი მისი მოთხრობა „სიკვდილი მთებში“.

თავისი გარეგნობით გურამ რჩეულიშვილი საგრძნობლად გამოირჩეოდა ზედმიწევნით გამოწყობილი სხვა ახალგაზრდა თბილისელებისგან: ფართოდ გაღეღილი, თითქმის შარვლის ქამრამდე ჩახსნილი პერანგის პირი, მოკლედ შეკრეჭილი თმა, ძლიერი, დაჟინებული გამოხედვა…

დიდი, უხეში, მძიმე ფეხსაცმელები თითქმის მიწისკენ ეზიდებოდნენ მის სხეულს და, ამავე დროს, მთელ მის არსებაში იგრძნობოდა რაღაც მოუსვენარი, ამტყდარი, თითქოს უეცარი ნახტომისათვის გამზადებული ძალა. ის პირველი შეხვედრისთანავე იწვევდა ინტერესს. თითქოს დაჟინებით მოითხოვდა ყურადღებას თავისი პიროვნებისადმი. როგორც ამბობენ, ახლო მეგობრებს იგი გამორჩევით უყვარდათ და ხშირად უთმობდნენ მისი ძლიერი ხასიათის უჩვეულო გამოვლინებებს.

გურამ რჩეულიშვილის ყოველ მოთხრობაში იგრძნობა ეს ძლიერი ხასიათი. თვით საოცრად გულითადი და მსუბუქი განწყობილებით დაწერილი „ბიძია კოტეს შემოდგომაც“ თითქოს იგულისხმება ეს ჯანმრთელი და ყოვლისშემძლე ძალა სიჭაბუკისა, ნაღვლიანი თანაგრძნობით რომ ეალერსება ძვირფას ადამიანს მიმწუხრის ჟამს.

ხასიათის სიძლიერით არის აღბეჭდილი გურამ რჩეულიშვილის პერსონაჟების ბუნება, მისი ნოველების შინაგანი რიტმი, თვით მისი მწერლური დაკვირვების უაღრესად განვითარებული უნარი.

გურამ რჩეულიშვილმა პირველ მოთხრობაშივე გაგვანდო თავისი ადამიანური იდეალი: ზღვის ულმობელ სტიქიონთან შერკინებული ძლიერ იდა სულმრთელი მამაკაცი, რომელიც თავისიანთა გადასარჩენად სწირავს საკუთარ სიცოცხლეს.

ბნელ, დაუნდობელ სტიქიასთან ჩუმი ბრძოლა, მის უგუნურ ძლევამოსილებასთან ადამიანის შეუდარებელი ნებისყოფის დაპირისპირებაა…

გურამ რჩეულიშვილი იყო ერთი იმათგანი, ვისაც უკან მოუხედავად შეეძლო შეეწირა მთელი თავისი არსება ამგვარი უთანაბრო ბრძოლის თავდავიწყებისათვის, მაგრამ ოცდაექვსი წლის ასაკში მან, როგორც ჩანს, უკვე განიცადა ფხიზელი დაფიქრების საკმაოდ მწვავე შეტევებიც. უკვე მისი დაღუპვის შემდეგ ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნდა ერთ-ერთი უკანასკნელი მოთხრობა „ალავერდობა“, რომელმაც მოულოდნელად გვაგრძნობინა, რა გამანადგურებელი ცეცხლი ღრღნიდა ახალგაზრდა მწერლის შეგნებას.

შეუძლებელია ჩვენი თაობის ადამიანმა გულგრილად წაიკითხოს ეს მოთხრობა, არ ეცნაუროს ის ჭაბუკური ჟინი, რომელმაც მისი გმირი ალავერდის ტაძრის გუმბათზე აიტაცა და ის სულის სიღრმემდე შემძვრელი გრძნობაც ახალ სივრცეებთან შეხვედრისა, რომელიც მას ამ სიმაღლეზე დაეპატრონა. აი, ამ მოთხრობის უკანასკნელი სტრიქონები:

„მან არ იცის კახეთი, ვისაც ცივგომბორის ქედზე შემდგარს არ დაუნახავს ალაზნის ჭალიდან ამოვარდნილი ალავერდი, მას არ განუცდია დაუოკებელი კახური ვნების სიმძაფრე, ვისაც ალავერდის თავზე თავისი ფეხით ავარდნილს, გუმბათიდან არ დაუნახავს ერთმანეთზე მიყრილი და უსასრულობამდე გაშლილი სოფლები, სავსე და დიდებული, ჩაფლული გაუთავებელი ვაზის ხეივნებში.

მთელს ამ უზარმაზარ ველზე არ არის არც ერთი გოჯი, არ არის არც ერთი წერტილი, სადაც ადამიანს წარსულიდან დღემდე არ შეექმნას თავისი შრომით მატერიალურად თუ სულიერად ძლიერი და ღირსეული რამ, ტყისპირას გაგონილ დაუწერელ, ერთად მოვარდნილ სიმფონიასავით იღვრება თვალწინ ძველი ციხეები, ეკლესიები, ბურჯები და ამ ეპოქაში ნაშენი ხიდები, სწორი უგეგმიანესი ალვნებით. ამ გეგმიანობიდან სინათლესავით მოდის შეუჩერებლივ რაღაც ახალი, სიცოცხლისუნარიანი. მისი ეგზოტიკისათვის უცნობი ძალა იპყრობს გუმბათის თავზე მდგომის სხეულს, ახალი, შეუცნობლად კანონზომიერი, შეერთებული გრანდიოზულ უსიტყვო შრომასთან. ის ფიქრობს: საიდან მოდის ეს სიცოცხლისუნარიანობა, და პასუხობს: ის თვითონ ჩემშია, ის თვითონ ხალხშია. მაგრამ აქ ზოგიერთი დაბნეულა და ვეღარ გრძნობენ შემოქმედის ნამდვილ სიამოვნებას, სიამოვნებას შრომისა, რადგან ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში.

მის ფეხქვეშ დგას ალავერდი, სხვისი გრანდიოზული ვნებისაგან შექმნილი, თვითონ კი… გუმბათის თავზე შერჩენილს ეღიმება, ისე უაზრობად ეჩვენება აქ დგომა. ქვევით იხედებადა ღიმილი სიცილად იქცევა – დაბლა უკვე დაშლილა ხალხი და ის სულ მარტოა აქ, ამ საშიშ ადგილას. ალვნებში მწყობრად ინთება სინათლეები და ჩამოსულს მხოლოდ ცხენის მიგდებული, უაღვირო ლეში აგონებს თავის უნებურ, უაზრო, გაუმიზნავ, უნაყოფო სურვილს.

სინათლეები კი სულ მატულობს და საოცარი ჰარმონიით ერევა ალაზნის მდუმარე ველს, რომელსაც ის ფეხით მიჰყვება ალვანისაკენ“.

გურამ რჩეულიშვილს ჩვენს მწერლობაში თან მოჰყვა თანამედროვეობის სუნთქვა. მას ღრმად ჰქონდა განვითარებული ფორმის სიახლის გრძნობა. ამიტომ შეითვისა მან ასე ბუნებრივად ჩვენი დროის მხატვრული პროზის დიდოსტატთა თავისებური ნერვიული, დაძაბული მანერა.

მაგრამ, ამავე დროს, მთელ მის ადამიანურ იერში და მწერლურ ბუნებაშიც იყო რაღაც შორეული, ძველქართველური. თანამედროვე ქალაქის შვილს, თბილისში გაზრდილსა და დავაჟკაცებულს, თითქოსევიწროებოდა აქაური ქუჩების რკალი, დიდხანს ვერ ეგუებოდა ყოველდღიური ცხოვრების ერთფეროვან რიტმს და პირველშეძლებისთანავე მარტოდ ან ვინმე შეჩვეულ მეგობართან ერთად მიიჩქაროდა მთებისკენ, ზღვისკენ. ბევრს დადიოდა თავისი განუყრელი დიდი და მძიმე ფეხსაცმელებით, ესწრებოდა ხევსურულ ხატობას, დოღს, ალავერდობის დღესასწაულს, ერეოდა ქართველ გლეხკაცობაში, ყველგან იჩენდა მეგობრებს, მეტოქეებს.

ის თითქოს გამძაფრებით დაეძებდა რაღაცას, რის გარეშე მისი ძლიერი და მთრთოლვარე სხეული შეიძლება გამხმარიყო, გამოფიტულიყო…

ქალაქური ღამეების დაძაბულ სიმყუდროვეში მას ალბათ ხშირად აღვიძებდა ძარღვებში მომსკდარ წინაპართა სისხლის ამბოხი და ის მეორე დილით ჩქარი ნაბიჯით მიჰყვებოდა მცხეთის გზას, ჭაბუკური დაჟინებით ცდილობდა დავიწყებიდან გამოეწვია უფლისციხის იდუმალი აჩრდილები, მარტოდმარტო მისდევდა ვაჟა-ფშაველას ნაკვალევს, ან კიდევ მასსავით თაზვე ხელაღებულ მთიელ ბიჭებთან ერთად სიპ ბილიკებზე დააჭენებდა გაუხედნავ, ფეთიან კვიცებს.

ასე დაიწერა მისი „თვირთვილა“, „უფლისციხე“, „ალავერდობა“.

უკანასკნელ წლებში მას სხვაგვარი შთაბეჭდილებებიც იზიდავდნენ. მახსოვს, შარშანწინ მე და ჩემმა ერთმა მეგობარმა შემთხვევით ვნახეთ მოსკოვში, პუშკინის მოედანზე მაშინ ჯერ კიდევ არსებულ ცნობილ ლუდხანაში. გაგონილი გვქონდა, რომ ის აქ სწავლის გასაგრძელებლად იყო წამოსული. მაგრამ მის გარშემო ქედმოუხრელად მსხდომი გამომწვევი გარეგნობის ჯმუხი ბიჭები ნამდვილად არ ჰგავდნენ მეცნიერებას დაწაფებულ ახალგაზრდებს.

გურამი თავშეკავებულად მოგვესალმა თავისი მაგიდიდან. ცოტა ხნის შემდეგ კი ჩვენს დარბაზში შემოვიდა. ბოდიში მოგვიხადა შეწუხებისათვის და გვერდზე მოგვიჯდა. – ეს ხალხი ძალიან მაინტერესებს, მინდა მათი ცხოვრების შესახებ დავწერო და მათ ფსიქოლოგიას ვსწავლობო, – გვიპასუხა ჩვენ შეკითხვაზე. შემდეგ კბილები ჩასჭიდა ლუდის სქელ სასმელს, ცუდად დაფარული მოუთმენლობით უსმენდა ჩემი მეგობრის ამხანაგურ რჩევა-დარიგებას.

ლაპარაკი რატომღაც კინოზე გადავიდა. მაშინვე გამოცოცხლდა. გვითხრა, როგორ ჰქონდა მოფიქრებული სცენარი „ალუდა ქეთელაურის“ მიხედვით, საერთოდ როგორ ესმოდა ვაჟა, რას ნიშნავდა იგი მისთვის.

ამის შემდეგ დიდხანს აღარ მინახავს, მგონი, მოსკოვიდან ოდესაში გაემგზავრა, აქა-იქ ვიგებდი მის ამბებს, რომლებსაც სხვადასხვა პირნი სხვადასხვა ინტერპრეტაციით ჰყვებოდნენ. მის მოთხრობებზეც მკვეთრად საწინააღმდეგო აზრი არსებობდა. ახალგაზრდობაში უმთავრესად დადებითი. ძველები უფრო სკეპტიკურად უყურებდნენ.

მასში ნამდვილად ბევრი რამ იყო ახალი, უჩვეულო და ეს ზოგიერთებს გარეგნულ პოზად მიაჩნდათ.

გურამ რჩეულიშვილს ბევრი რამ იტაცებდა, სრულიად ახალგაზრდამ ბევრი ნახა, კიდევ უფრო მეტი განიცადა. ყოველივე ეს მასში დუღდა, ამოხეთქვას ლამობდა და ხშირად უცნაურ ფორმას იღებდა. ცნობილია ზოგიერთი მკითხველის კონსერვატიული უნდობლობა. ხშირად ბიოგრაფიული წარმოშობის მოტივშიც კი ვინმე უცხოელი მწერლისადმი მიმბაძველობას ხედავენ.

გურამ რჩეულიშვილი უკვე საკმაოდ მდიდარი იყო თავისი საკუთარი შინაგანი ცხოვრებით და სინამდვილის ცოცხალი შთაბეჭდილებებითაც, რომ ამ მხრივ სხვისგან რისიმე დასესხება დასჭირვებოდა. დღეს განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა ეს, როდესაც ყოველი მისი სტრიქონი თითქოს მისივე ადამიანური პიროვნების განუყოფელ ნაწილად იქცა.

უცნაურად უყვარდა ზღვა… მოთხრობა „ირინა“, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა, გაჟღენთილია ზღვის სუნთქვით. ზღვა აქ ადამიანივით ცოცხლობს, იცინის, სულში შემოდის. ზღვა არის ფონი სიყვარულის – ტკბილი და მწარე, ეჭვიანი, დაუშოშმინებელი ორთა სიყვარულის ამბისა. ის თითქოს ქალივით იზიდავს, ათბობს და ეალერსება ამ მოთხრობის გმირს. და, ამავე დროს, აქაც, ისევე როგორც „ნელ ტანგოში“, ნამდვილად იგრძნობა ფარული ძრწოლა ზღვის მიმართ, მასში რაღაც მტრული, ვერაგი ძალის შეგრძნება.

„ირინას“ პირველ ვარიანტში იყო ადგილები, რომლებიც დღეს უცნაურ შთაბეჭდილებას იწვევენ ჩვენში, იმდენად ცხადად ჰგვანან ისინი განწირული ადამიანის აკვიატებულ წინათგრძნობას.

უკანასკნელად იგი სწორედ ზღვაზე წასვლის წინ ვნახე. შუა ივლისის მცხუნვარე დღეს, როდესაც თბილისის ასფალტი თითქოს ადუღებას აპირებდა, მწერალთა სასახლის კიბეებზე ამოვიდა, ამჯერად სრულიად უჩვეულოდ გამოწყობილი: შავ, მკაცრად შეკერილ კოსტიუმში, ნაცრისფერი კეპით.

სასახლე თითქმის ცარიელი იყო. დიდხანს არ გაჩერებულა. კარებში გასვლისას ერთი წამით შემოტრიალდა და შემდეგ ჩქარი ნაბიჯით გაჰყვა მაჩაბლის ქუჩას.

მე მაშინ არ ვიცოდი, ვის ეკუთვნოდა მისი შავები და ეს მის მორიგ უცნაურობას მივაწერე. ვიცოდი, თბილისში დიდხანს არ გაჩერდებოდა და კვლავ ველოდი მას შემოდგომის დამდეგს, რუსთაველის პროსპექტზე, ძველებურად მზეში გარუჯულს, გულგაღეღილს, მოგზაურის დიდი და უხეში ფეხსაცმელებით.

და აი, უკანასკნელი აგვისტოს დამლევი, ახალგაზრდა ადამიანებით სავსე თბილისის ქუჩები, დაბნეული მსვლელობა პეტრიაშვილის აღმართზე და შავი, შემზარავად ლამაზი კუბო, რომელიც აქ ჩამოატარეს…

გურამ რჩეულიშვილმა სულ ოთხიოდე წლის წინ შემოაღო ქართული ლიტერატურის კარები და ჩვენ, მწერლობაში დაახლოებით მასთან ერთად მოსულთ, იგი ჩვენს ფალავნად მიგვაჩნდა, შორიდან შევხაროდით მისი ძლიერი და ლამაზი ნიჭის ზრდას, იმედი გვქონდა, რომ სულ მალე მთელი მისი მდუღარე, დაუხარჯავი ჟინი და გატაცება თავაუღებელ მწერლურ შრომაში დაიღვრებოდა.

დღეს ყველა ჩვენი იმედი მწვავე სინანულის წყაროდ იქცა და იმას, რაც ჩვენს თვალში შეუზღუდავი, მომხიბლავად აკაშკაშებული სიცოცხლის განსახიერებას წარმოადგენდა, ანგარიშმიუცემლად ვურჩევთ ბორკილებივით ცივ და ულმობელ სიტყვებს…

- მე მაინც ვფიქრობ, რომ იგი დიდხანს ვერ მოისვენებს საფლავის ლოდქვეშ. არ ვიცი, აგვისტოს მზისგან გავარვარებულ მიწის ალმურად, გაზაფხულზე ლოდებ შუა ამოსულ ჯიუტ ბალახად, მოულოდნელად ამომსკდარ წყაროდ, თუ შემოდგომის პირზე ხევსურეთიდან მოდენილ ლეგა ღრუბლებად, იგი მაინც დაბრუნდება, როგორმე მოძებნის გზას, რომ კიდევ ერთხელ გვამცნოს, რა უმწეოა ბნელი აუცილებლობის უგუნუარი ძლევამოსილება სიჭაბუკის ყოვლისშემძლე, დაუმხობელი ძალის წინაშე.