Litclub.ge

ბახოს ხარები
("ხვარამზე 2013", მეორე პრემია)

ახლოს მოგიტანს მზერას ავდარი,
ჩაგხედავს სახლში, საბძელში, ბაღში,
გაგიწეწავს თმებსა და თივას,
სულსა და ღრუბელს,
მიმოქანდება ბალახში, წყალში,
დაიგრუხუნებს –
დაგემუქრება, რომ მოჰყავს  ჯარი,
მოჰყვება უკან ცხენოსანი წვიმის ლაშქარი
და ფეხოსანი სვეტები ქარის,
დაბერავს ქურას,  გაშლის ფრთებს და
ემსგავსება ვეებერთელა წვიმის ღამურას –
იზრდება, სხლტება, გშორდება და გაიდგაფუნებს,
– ბახო სად არი? ბახო სად არი?
მოდის ავდარი.
– ბახო მთაშია, ჩაბალახას, ხარებს ალაღებს.
ხარი უხდება ჩაბალახას,
ხარს – მთის ბალახი,
კაცი უხდება ჩაბალახას, ხულა და ნისლი,
გაილაღებენ ხარები და წითურდებიან,
ფერდებს ივსებენ, იზნიკებიან,
მიმობოხნიან მთებზე გარჩენილ ღრუბლის ხვეულებს,
გახურებულზე ნისლის ნაფლეთით დარწყულდებიან,
ერუჯებათ მზეზე ზურგები კბენია მზით გადარეულებს,
დღით – ქორის ჩრდილი,  საღამოზე მთვარე ალბუნებთ.
გაფცქვნის დიმელას, ხანაც ძენწლას, მწყემსი ბახო –
გააახრამუნებს,
თვალით ღრუბელში გამოჭვრეტილ 
წვრილ სხივებს კენწლავს,
„ავდარი მოდის“, გაიფიქრებს, „მჯოხი სად არი?“
თავის ქერუჩას და ორი სოფლის ხარებს გახედავს:
არ უნდათ „მჯოხი“ – ძოვა–ძოვით პატრონისკენ იზიდებიან,
თავს წამოწევენ, თვალს აფეთებენ –  ბოლო ვერ უჩანს
მგლისფერ ღრუბლების მოვარდნილ ხროვას,
ჩქარობენ ძოვას – მიწა, ქარი, ბალახის გემო, დიყის ანძები –
ცალ–ცალკე, ერთად, შფოთავენ და ილანძებიან,
გეფიცებიან – მოდის დიდი, დელგი ავდარი!
არნახული, არშესადარი!
შეზიდავს შეშას ხულაში ბახო,
დიდ კოტორზე დააგდებს ასანთს 
და ზემოდან ხის გობს დაამხობს.
მოიღებს ჭექას მახვილაში მეხი ვამეხი,
აქ უპასუხებს ჩაბალახა, იქით – ბუძგორი,
გადირბენს ელვა მთლიან ცაზე –
ჭუთხაროსთან გამოილევა,
გადაფითრდება ხარ–ხალიანი წამით მინდორი,
ზეციდან ჩანან ხარ–ბიკიკები  პაწაწინები,
დახედავენ ავდრის ქაჯები, დაჰხარხარებენ,
გადმოანთხევენ ისევ ქვევრებით  ღამის წკვარამს და
იფშვნეტენ ხელებს, აფართხალებენ,
დააგორებენ გრუხუნით ქვევრებს...
– ამ ხნის კაცი ვარ, ამნაირ დელგმას არ მოვსწრებივარ!
ხელებს შლის მამა.
– რაღა ვქნა, ბახო სულ მარტვაა ჩაბალახაში!
მეასედ გადის აივანზე ღამეში დედა,
გახედავს ღამეს იქით, საითაც ჩაბალახაა.
რას დაინახავს?!
კუპრის ფარდას წამიდან წამზე ელვები ხევენ
და ნაკუწებში გამოკრთიან მთები და მთები
და იმათ მიღმა კიდევ მთები,
მთის პროფილები  მარჯვენები და მარცხენები,
ზოგი კაცსა ჰგავს, ზოგიც მდევ–დათვას,
მთათა ჯარები, ცახცახებენ, ათმაგდებიან
და იმ ჯარებში ერთ–ერთ მთაზე – ჩაბალახაზე
ხულა დგას,
ხულას ჯოგად შემოსჯარვიან 
ორი სოფლის მარჩენალები –
ბახოს ხარები.
თვალს აფეთებენ, თავს იფერთხავენ –
უფეთქდებათ ყურებში მეხი –  ეფეთებიან,
ზმუიან, კბილებს აღრაჭუნებენ,
გახედავს ბახო ქოხმახიდან –
იელვებს და სიბნელიდან გამოხოხდება
გადაფერფლილი ხარის ნიღბებით
მომზირალი  ღამე–ალქაჯი...
– გეყოფა, დაჯე, კაი ქალო, ნუღარ დაგვტანჯე!
– რაღა ვქნა, ბახო სულ მარტვაა ჩაბალახაში!
– ბახოს რა უჭირს, ხულაში შევა.
– რა ხულა გაძლებს ამ ლეშტერში?! სახლი მძლივს უძლებს.
– ჩაბალახაში კაი ხულაა, ნუ გეშინია, არ წაიქცევა.
ამბობს მამა და ფიქრში თავს უქნევს:
„რა ხულა გაძლებს ამ ლეშტერში! სახლი მძლივს უძლებს“,
– შენ ნამყოფი ხარ? – ეკითხება იმედით ქალი.
– აპა! – პასუხობს და ირიბად მიურბის თვალი...
როცა საათი არც რას აჩვენებს,                                               
როცა ალქაჯი დელგმას აჭენებს,

თან ჯოჯოხეთურს ბერავს საბერველს                                  
გარეთ ხარია, თვალებს გადევნებს,
ბევრი თვალები ელვებს აბევრებს,
როცა ელავს და ნიღბებს ატევრებს,
როცა დგას შიში, იქნევს სატევრებს,

როცა სველ დრუნჩებს შფოთიც ასველებს,
როცა ნიკორას რაღაც აღელვებს –
ბახოს ხულაში რა გააჩერებს? 
– ნუ გეშინია, ნიკორა! –  ჩაჰყვირის ყურში – ეს ელვამ გადაიგორა!
ნიკორამ ყური მიუშვირა, თითქოს „რაიო?“ ვერ გაიგონა.
– ღვინია, ნუ გეშინია, გაღმიდან მოდის, ტყის ლიწინია!
– ნუ გეშინია, ქერუჩა, ღრუბელი იდორბლება სქელტუჩა!
– ნუ გეშინია, წიქარა,  ცოტა ქე გადაიკარა!
– შენ არ შეშინდე, ვეფხია, ზეცის წკიპურტი – მეხია!
– შენ არ შეშინდე ვეჟანა, ღმერთს აბარია ქვეყანა!
დადის და ხარებს ყურში ჩაჰყვირის,
ჰხვევენ ყელებს სველი ხარები, ყელქვეშ იქცევენ,
მოჰხედავენ, თავს აიქნევენ,
დრუნჩებით ყურში ჩაუქშენენ –
რაღაც დიდ ამბავს ჩაუბერავენ,
არ ეშინიათ – მასთან უნდათ, უბრალოდ კაცთან.
ბახოს ამდენი კაცებთანაც არ აქვს ნათქვამი – სიტყვაძუნწია,
სიჩუმე უყვარს, უსიტყვო შრომა,
აქ ლაპარაკობს – აქ მოუწია.
კაცის და ხარის ქედჩაგრეხილი ერთგული დგომა
ავდრის ქაჯებმა შეამჩნიეს, დაახარხარეს,
გაცვივდნენ უცებ, მყინვარებიდან ააფხოკნეს, ააქარქარეს
და ვეება ცის ჯამებიდან
ტყის თხილისტოლა ცივი სეტყვა წამოაყარეს.
გაანჩხლდა უფრო ავდარი და გადაფიჩინდა.
მწყემსმა კისერზე გადახვია მკლავი ძმაკაცებს –
ქერას და კვამლას, ხელისგულები ლაღად გაშალა
ჯერ  აღიღინდა, მერე ამღერდა, ღმერთს მიებარა:
– ჰოი ჰოიდაა!  ჩაბალახა,  ვინ გალახაა, ჰოოი
ჰოოიდა, აპა გვიხაროოდეს, ჰოოი!
ჰოიდაა!  გვესევიან   მეხებიო,  ჰოოი,
ჰოოიდა, აპა გვიხაროიოდეს, ჰოოი!
ჰოიდაა! ვერ მოგვჭამეს   ფეხებიო, ჰოოი,
ჰოოოიდა, აპა გვიხაროიოდეეეს,  ჰოოი!
ივაგლახეს,    ვერ გაგვლახეს,
დაიღალენ,    გაიპარენ,
ღამევ,   ნუ გვეჯღანებიო
გათენდება   დარებიო,
ვიბალახებთ    ჩაბალახას
მე და ჩემი   ხარებიო...   ჰოი!

გამთენიისას დაიცალა ღრუბელი, დადნა,
ჩამოეწრიტათ ფერდებიდან წყალი
დაქანცულ მთებსა და ხარებს,
ბახომ ქოხიდან მშრალი შეშა გამოიტანა:
– ნუ გეშინიათ, ახლა გათბებით, – სველებს ახარებს, –
ჯერ თეთრი კვამლი წამოვა და ქერუჩებო, ჯერ თქვენ გათბებით,
მერე წამოვა კამკამა კვამლი და კვამლიებო, თქვენ გაშრებით,
მერე წითელი ალი ავარდება და წიქარებო, ცეცხლი თქვენია.
მერე ღვინისფერი ნაკვერჩხალი დარჩება და ღვინიებო, თქვენი ჯერია.
მერე ფერფლი შეერევა და ვეჟანებო, თქვენ ჩამოდექით,
ბოლოს შავი ნახშირი დარჩება და
 მურეშა და გიშერა, თქვენ წამოწექით. –
იცინის ბახო, გალუმპული,
ფიჩხებს ამტვრევს და თან ლაპარაკობს,
ცდილობს, ხარები  გააცინოს, გაათბოს და ააბალახოს.
ხარი გისმენს და ვერას ამბობს, ხარი – ხარია,
ხალხთან ამდენი არასოდეს უქაქანია...
...
– დღეს მოვა ბახო, ლობიანები უნდა დავაცხო,
მოჭერი ლორი, ჩამოგვივლენ მთებიდან ორნი –
ეგ და ქერუჩა, აწყვეტილები, ნამთეურები,
ისე დასქელებიათ კისრები და ბარკლეულები
ვეღარ გაუძლებთ აპეურები.
იცინის დედა, ახსენდება შვილი გამხდარი და
აწოწილი ჩვილ ძეწნასავით,
თვალი ევსება ღიმილის და სევდის ნაზავით.
– ქე რა! გეტყვის რამეს და მოგიყვება, თუ?
მოვა, კარებში ჩამოდგება, ჩაყლაპავს ენას –
გაბლიხდება იმ თავისი ქერუჩასავით...