Litclub.ge

მილიონერი
მე რა ვიცოდი, 
რომ შრიალა ჩვენი ბაღები
ისხამდნენ მარჯნის ალიბუხარს
და ოქროს ვაშლებს,
მე რა ვიცოდი, რომ ნიავში ნაქანავები
ლურჯი ლაინის ხშირი ყანები
მარგალიტიან ტაროებით
გვამარაგებდნენ უფასოდ ბავშვებს.
მე რა ვიცოდი, რომ მიწის ქვეშ ჩვენი ჭურები
პირსავსე იყო ლალისა და ძოწის ლიცლიცით,
ცვიოდნენ მუქთად ემერალდის ხეჭეჭურები,
ენარცხებოდნენ მალაქიტზე კვარცის სიცილებს,
სავსე მოჰქონდათ ჭემაროებს განძით ცურები,
დუღდნენ ქარვიან კრატერებით ხაჭაპურები,
მე რა ვიცოდი - იდაყვებ და მუხლდაკემსილი,
ჟანგისფერ ტყავის ქალამნებში თომჩატნეული,
ბაბუაჩემი, ხელისგულებ-გადახეხილი
და მზიან შუბლზე თექიან-ქუდ-გადაწეული,
რომ მოუძღოდა განძეულით დატვირთულ ურმებს -
მილიონერი ყოფილა თურმე...
 
პირღიაანთ კარზე გაჩერდა "ვილისი" და
პირღიაანთ ხვიჩა ჩამოვიდა თბილისიდან.
გადმოალაგა ბარგი და ცოლ-შვილი -
ძაღლი გადმოსვა საზაფხულოდ გადახოტრილი...
- მიდი, ჩააწყვე მა კალათაში
ჭყინტი ყველი და ცხელი ლავაში,
სამი ბაჭული, გუნჯა კარაქი,
დამშეულია საწყლათ ქალაქი,
გადაუტანე, ჯერ რა ექნებათ პირღიაანთებს,
ცოდვა არიან, გამოკეტილი სახლი აანთეს.
ხუთლიტრიანაც წაუძღვანე, ქე ეწყურება,
უყვარს ხვიჩიას ჩაყლურწუნება. -
უთხრა ქმარს ბებამ. ორი დარჩა მაცხოვრებელი,
იმ უბნის მცველი, დამხვდური და გამსტუმრებელი...
 
- რატომ შეწუხდით?... ასეთი ძღვენი... რა ამბავია!..
- რა შეწუხება... ხო კარგად დაგხვდათ სახლი, ნალია?
- იცი, ბაზარში ეს კალათა რა ეღირება?
- ეგ თუ ვითვალე! - ამბობს ალე და ეღიმება.
- ნახევარი თვის ხელფასია ამ კალათაში,
ვალში ვარ თქვენთან, რო მოხვდებით თქვენც ქალაქაში,
იქ მე ვიცოდე, ჩემზე იყოს პატივისცემა,
აქ რა გაჩუქო, გოჭი მყავს, თუ ქათმების ფერმა? –
 იცინის ხვიჩა, ხარობს ალე, ეზო და ძაღლი
- ეს ხომ მაჩუქე - ჩამოხვედით, გააღეთ სახლი...
 
ლიკლიკაანთ კარზე გაჩერდა "ტოიოტა" -
ლიკლიკაანთ მირანდა ჩამოვიდა ნორიოდან,
გადმოალაგა ბარგი, ქმარ-შვილი
და თუთიყუში ფაფარაშლილი...
- გამოიტანე გუდუნა ჭრელი,
მე ვერ გამოვალ, ცომში მაქ ხელი...
მიყვარს მირანდა, თბილია ძალიან,
ბლომად ჩაუწყვე - ნამგზავრები არიან...
 
მე რა ვიცოდი, რომ მთებივით კაკლის ხეები
კურსშეურყევი ვალუტებით იხუნძლებოდნენ,
რომ ქრიზოლითის ვენახები - სამოთხეები,
საჯადოქარო ნატვრის თვალით იჭვრიტებოდნენ,
დარქენილები თრიაქიან ლურჯი რტოებით.
ან უფროსები როდის დგებოდნენ, როდის წვებოდნენ?
სულ ზეზე იყვნენ - ვიძინებდით, ფეხზე ვტოვებდით,
ვიღვიძებდით და - ფეხზე გვხვდებოდნენ -
სიზმრად გვიშვებდნენ განმარტოებით...
დილით კი ქედებს წამოესხათ მზის ყაბალახი,
მზე კბენა-კბენით მოდიოდა ოქროს ბზიკებით,
სხლტებოდა ჩქერში ვერცხლიანი შავი კალმახი,
მთლად გაწინწკლული ტოპაზით და სერდოლიკებით.
როცა დილის ძილს გაებანგა სული ყოველი,
ბუხრის თავსგასულ ჭინკებს კაცის ხვრინვა ართობდა,
მთის წვერზე იდგა გახვითქული მილიონერი,
ცელს აელვებდა და ლესური მეცხრე გაჰქონდა...
 
- რძეუკა წაუღე ხვიჩიას ლეკვინას,
ცოტა ქე წააგავს ხვიჩიას, თხელტვინას.
ყელში არ გადამდის - რძე უყვარს ძაღლუკას,
ნეტაი, მირანდას თუთიყუშს რა უყვარს? ...
 
ბუთხუზაანთ კარზე გაჩერდა "ჯიპი" -
ბუთხუზანთ ოთარამ გადმოდგა ღიპი...
- საჭმელი მაგას კი არ აკლია,
მარა აქაური ენატრება და მადლია,
გამოიტანე კალათა, მიდი...
 
- რატომ შეწუხდით, თქვენთვის აქეთ უნდა მომქონდეს...
- ხომ მომიტანე - გაგიხსნია კარი, ბოქლომი...
- იცით, ქალაქში ეს სადილი რა ეღირება?
- ეგ თუ ვითვალე! - ამბობს ალე და ეღიმება.
 
მე რა ვიცოდი, დედამიწის კურორტებიდან
უძვირფასესი - ჩემთვის სულაც უფასო იყო,
ვერცხლის მდინარეს ჩამოჰქონდა ბროლი მთებიდან,
მზეზე გვაშრობდა ვერცხლის ქვიშა, სადაფის რიყე.
დაუმადლებლად გვიჩრდილავდა დიმელის ქოლგა,
ნორჩი რცხემლების პარაშუტი უფასოდ ქროდა,
ჰაერი, მზე და ჰორიზონტის საქანელები,
ნაძვის კევი და მაყვლიანი ცხვირ-პირ-ხელები,
ღრუბლის კრავები, არეკლილი მჟავე წყლის კოდში,
ცხელი გუგუნი ყურდადებულ სამზეო ლოდში.
რას სვამთ კრავებო, ღრუბლანებო, თქვენც გიყვართ ვეძა?
მორჩა გართობა, საღამოა, გეძახით დედა,
თავი აიშვით, დაბმულებო მჟავე წყლის ძეწკვით,
თეთრი ლოგინი გველოდება ქათქათა ზეწრით,
მადლის სასტუმრო, თაფლის შხაპი, უწყვეტი კვება
და მასპინძელი: „შემოგევლე, გიაროს ბებამ!“...
 
- ცელი მათხოვე სალესიანად,
გადაშამბულა ეზო მთლიანად.
- ალე, მათხოვე დიდი წერაქვი,
სოფლის ტალ-კვესი ტყვილა შეგარქვი?
- ბება, წითელი ძაფი გექნება,
თქვენ რომ არ იყოთ, რა გვეშველება.
- ცოტა ქონუკა სალობიანე.
- აჰა, საღამოს გამოგვიარე.
- კიბე მათხოვე, რო იკეცება.
- საღამოს გამო, მწვადი გვექნება...
- შენ იცი, რა ღირს ჩქოლა საჯიშე?
- შეკაცო, ეგ თუ ვიანგარიშე!....
 
აბა, მომავალ ზაფხულამდის, არ მოიწყინოთ,
ველებო, მთებო , წითელგულავ - სახლის პატრონო,
ზეცის ნაფლეთო, ორ ხეობას შორის მოჭრილო,
ჩემწილ ზეცაზე გაფრენილო ირმის ნახტომო.
- აბა, თქვენ იცით, ტკბილო ბება, ალე ბიძია!
სახლს და საფლავებს თქვენი გულის იმედად ვტოვებთ,
თქვენი ვალიდან ვერ ამოვალთ, რა შეგვიძლია?
ქალაქში რამე თუ დაგჭირდათ, ჩვენ გიპატრონებთ...
                                      ...
- ალო!... ხვიჩია!... ჩამოვიდა ბაბუაჩემი!
- რას ამბობ!... რავა გამახარე!... როდემდე რჩება?
- სამ დღეში მიდის... მოიხედე... აქვე ვართ, ახლოს...
- უჰ! .. ჩემი ბედი!...  ეს სამი დღე ისეთი მაქ რო!...
მე მაინც ძაან შევეცდები... რავიცი... ვნახოთ...
- ცოდვაა! - ამბობს თვალციმციმა მილიონერი –
ხვიჩიას ახლა გაუსკდება ალალი გული,
ქალაქა ძაან საწყალია, გბოჭავს ოხერი,
ათასი გიჟი უფროსი გყავს, თან დრო, თან ფული...
ნუ გააწვალებ, ეგ ჩემია დღესაც სტუმარი,
„აგერ გხედავთ და შემოდი“- თქვა, მიდი, უთხარი...
- ხვიჩია, უკან მოიხედე, "ოჩხარში" ვსხედვართ!...
- ვა, ბეჩა,  თქვენ კი რა გითხარით!... ჰო, გხედავთ, გხედავთ...
შემოდის ხვიჩა, თავ დარცხვენილ-გადავარცხნილი,
გაჩერებაზე ვიდექიო, ისწორებს ქოჩორს
აქ მიმტანს მოაქვს თეთრი ღვინო, ცოტა მწვანილი,
მწვადსა და კალმახს მოაყოლებს სოკოს და ჯონჯოლს,
გრძნობა აშალეს მეზობლებმა, ფიქრი არიეს -
ბროლის მყინვარი, ტყე ზურმუხტის, ზამთრის სოფელი...
უღიღინებენ „ქვედრულას“ და „მრავალჟამიერს“,
საღამო, გრილი ვეძასავით, შხეფით დალიეს...
მოდის მიმტანი და კვლავ იხდის მილიონერი.
- რა გამოვიდა, კაცო, იქაც, აქაც შენ იხდი! -
ბუზღუნებს ხვიჩა, ღელვისაგან ხმა ჩაეხლიჩა -
- ფასები ნახე?! რა ღირს შენი კალათა, მიხვდი?
ახლა რას იტყვი?
- ვა, შეკაცო, ეგ თუ ვითვალე! -
იცინის ალე...
 
მე რა ვიცოდი, რომ სახლს ედგა ძელქვის ბოძები,
რომ ნალიები და ბეღლები არ იცლებოდნენ,
ცხოვრობდნენ ქვეყნად დაკოჟრილი ანგელოზები,
ფრთებს დაიქნევდნენ და ერთხელაც გაფრინდებოდნენ...
მე რა ვიცოდი - მილიონერი ბაბუაჩემი,
როცა ღიმილით აცილებდა მომსვლელს და წამსვლელს,
იმის ნაცვლად, რომ გაეთვალა ნიხრი, ხარჯები,
დარდით ითვლიდა: „რა ეშველებათ, მეც რომ არ დავხვდე?“....
ჯერ კი წინაა ფოთოლცვენა, ალო, გოდორი,
მერე ტყის ჭრელი ხალიჩა და რთვლის ალავერდი.
აქა-იქ უკვე ჩამოვარდა კაკლის ფოთოლი,
ჩაყუჩდა მზვარე და სექტემბრის თბილი ხავერდი...
...
ბოჩოლაანთ კარზე გაჩერდა "ჟიგული" და
ბოჩოლაანთ ნუკრია ამოვიდა ტყიბულიდან...