გამოჩნდა ბოსფორი
და ვიწრო ყურეში
შევდივართ,
ჩვენ ზემოთ ხიდია გაბმული,
ფერდობი გადაშლილი მოჩანს ყურანივით,
ირგვლივ ილანდება ბებერი ისტამბული...
შენ იყავ პირველი მტერი მოსისხარი,
სხვაც ვინმე ამქვეყნად ყოფილა თუკი,
ყაყანებს,
ფუთფუთებს ქუჩებში ისლამი,
—სალამ ალეიქუმ! — ხელს მართმევს თურქი...
ქუჩა ჰგავს ამღვრეულ
და ფერად მდინარეს,
ჩადრიდან გოგო მიმზერს მოღიმარი,
სად ზეცა უკავია უთვალავ მინარეთს
და კრიალოსანით ერთობა იმამი...
მიპატიებია სისხლი
და ტკივილი,
ვივიწყებ, წარსულში რაც იყო,
რაც არი,
წინ მხვდება:
მოლების გაბმული კივილი
და თეთრი აია სოფიას ტაძარი...
ტრიალებს ბუღი სულის შემხუთავი,
მზის ცხელი დისკო ჰკიდია მაღლა,
შუადღის ლოცვანს აღავლენს სულთანი
და ხელაპყრობილი უჩოქებს მაჰმადს...
მთების გადაღმიდან მოცურავს ღრუბელი
და ქარი ქუჩის მტვერს სახეში მაშლის,
— ისტამბულ, მშვიდობით!
სისხლის აუღებლად,
მარჯვენის მოუჭრელად ვბრუნდები სახლში!..