Litclub.ge

ზამთრის ლექსი
ზამთრის გადამედო ფერი- 
(დაბმული ვარ ხარი ხართან!) 
ვმღერი, 
მაგრამ ტირილს ვმღერი, 
ვეჭიდები ხავსის ხარდანს. 

რაც ვერ ვპოვე- 
აწი ვერ მსურს, 
მოვრჩი საყვედურს და ღაღადს... 
(ვსვამ და 
ვემსგავსები ხევსურს_ 
გიგო გაბაშვილის ნახატს!) 

აღარც წყენას აღარ ვწონი, 
არც მას- 
თუ რამ გამეხარდა, 
(დაღლილი ვარ მეხთან ბრძოლით, 
ვერ ვიმჩატებ ნამეხარ ტანს!) 

ზამთრის გახუნებულ ყვავილს 
ვიხდენ ხსოვნის ცოდვა-მადლით, 
დაკარგული დამაქვს თავი, 
საძებარი გავხდი სანთლით... 

ვეღარც შენი 
ლოცვა მიცავს, 
(დაფნა რამდენს შვენის ცრუ თავს!) 
ვტკეპნი თმენას, 
სანამ მიწა 
მოუთმენლად შემისრუტავს... 

. . . 

იღბალს- 
ამოდენილს ძმარად, 
გულგრილობის ნიღაბს ვურთავ... 
...ყველაფერი ვერ ვთქვი, მარა, 
რაც ვთქვი- 
ან ეს ვიღას უნდა...