შერჩება ლექსი ხსოვნის ბარათებს,
ვით უშოვარი წამლის რეცეპტი,
მე კი გავყვები იმ მისამართებს
უმისამართოდ რომ დავეძებდი.
გავყვები იმ გზებს, ნისლში რომ დალბა,
სანამ საკუთარ თავთან ვცოდავდი,
და ცოტა გვიან მივხვდები ალბათ,
რომ დავიღალე და დავცოტავდი;
რომ დღე კვდება და...
კაცი ცოდვაა,
ჟინი უძირო ოდეს ქვევრია,
ერთი სიცოცხლე თურმე ცოტაა,
ერთი სიკვდილი-
ძალზე ბევრია...