Litclub.ge

ევქსინის პონტი
მშვენიერია ევქსინის პონტი, 
ვინ მოიგონა ეს ძვირფასი ხმა? 
მედეას ამბით შენ მომაგონდი 
და ჟრუანტელმა გული დასიცხა. 

როგორც საკირე დრაკონის ყბებით 
ირწევა ოქროს ვერძების ტყავი, 
შენზე ოცნების გრიგალს ავყევი 
და სიხარული მკლავს აურწყავი. 

რაც უნდა გითხრა - იქნება სიტყვა, 
გამოუთქმელი მძირავს მეწყერი, 
ძველი მითოსის ტალღები მირტყამს 
და ახალ არგოსს, ორფეოს, ვმღერი. 

მაგარი, როგორც სარგის ჯაყელი 
და ნაზი, როგორც ევქსინის პონტი, 
ტრიალებს ჩემში რაღაც სათქმელი 
და გაღადრული მიშრება ყრონტი. 

პალმების ტყეში მტრედივით გაგრა 
მიფრინავს თეთრად იალბუზისკენ, 
მთვარეც ღრუბლების ტალღებში გაქრა, 
თითქო დევებმა ხელი უბიძგეს. 

ისმის ზვირთების ზათქი, განგაში, 
როგორც სიმღერა არგონავტელთა, 
აგვისტოს ღამის ცის კამარაში 
ზღვა და ხმელეთი ისევ გამთელდა. 

1926 წ. 
გაგრა.