შოთა ჩანტლაძის ლექსების მიუცილებელი ღირსება სულიერი უბიწოებაა,რაიც უკეთილშობილეს პიროვნებათა ხვედრია მხოლოდ.„ირლანდიური საგების“ მთარგმნელი ზნეუნაკლულო პიროვნება იყო. ეს მისსავე ქმნილებებიდან გამოსჭვივის. თვინიერ ამ უშუალოებისა, წარმოუდგენელია ჭეშმარიტი პოეტი.
ხშირად გაიგონებთ: მავანი პოეტი ლირიკოსიაო. ამ გამოთქმაში სენტიმენტალურ ლექსებს გულისხმობენ ზოგჯერ. ბევრი ცრუ პოეტი ინიღბება ამ საეჭვო ცნების წყალობით.
რა შეიძლება ითქვას შოთა ჩანტლაძეზე? იგი ინტიმური განცდების პოეტია; ინტიმი არ არის უცხო ქართული პოეზიისათვის, მაგრამ მას შემოაქვს თავისი საკუთარი, სპეციფიური ინტიმი. შოთა ჩანტლაძის ინტიმი ურბანისტულ გარემოსთანაა ნაზიარები. მისი საწყისი სამყაროს ერთფეროვნებით გულგასენილი კაცის შფოთვაა. ზოგჯერ ეს ინტიმი ისე ზღვარდაუდებელია, გაფიქრებინებთ: შოთა ჩანტლაძის ლექსები რომ მისსავე სიცოცხლეში გამოქვეყნებულიყო,ექნებოდა მათ ის მიმზიდველობა,როგორიც დღეს აქვთ?
უცნობი ქალ-ვაჟი ტროლეიბუსის გაჩერებასთან...
ქალმა ვაჟს აღუთქვა მოსვლა პაემანზე...
მე ცრემლიანი შევუხვიე ბაღში.
ვიყოთ გულწრფელნი: შეგვეძლო ამ სტრიქონების ცოცხალი ავტორებისთვის გვეთანაგრძნო?! საეჭვოა. ვინ იცის, ირონიული ღიმილიც კი მოჰგვროდა მკითხველს. თუმცა ახლა ამას არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. ჭეშმარიტი პოეზიისთვის არასოდეს არაფერია ნაგვიანევი.
გაივლიდა ამდენივე დრო (შეიძლება მეტიც) და შოთა ჩანტლაძეს მაინც მიეგებოდა თავისი წილხვედრი. და მაინც მისი ლექსების გამოცემა თავის დროზე აუცილებელი იყო. აუცილებელი იყო არა მხოლოდ პოეტისათვის, ქართული პოეზიისათვისაც. შოთა ჩანტლაძემ ვერსიფიკაციული თუ მხატვრული აზროვნების თავისებურებით, რიტმული და ინტონაციური მეტყველების უხინჯო ფლობით სიახლე შემოიტანა ქართულ პოეზიაში. მისი ვერლიბრი იყო თვისებრივად ახალი ლექსი. შოთა ჩანტლაძის ლექსები რომ თავის დროზე გამოცემულიყო, მოახდენდა რაიმე გავლენას ქართულ ლექსზე? (არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ ეს ლექსები იწერებოდა თხუთმეტი-ოცი წლის წინად).ვფიქრობ, მოახდენდა, ყოველ შემთხვევაში, გარკვეულ ატმოსფეროს მაინც შექმნიდა. პოეტური კულტურა მოიგებდა, არაფერს წააგებდა.ეს უნდა გაეთვალისწინებინათ თავის დროზე.
შოთა ჩანტლაძე თავისუფალი ნების შემოქმედი იყო , პრინციპული, ყოვლისდამთმენელი. ალბათ, ამიტომაც არ მოუბეზრებია თავი რედაქტორებისთვის. ვგონებ იგი გრძნობდა ყველაზე მტკივნეულად : რედაქციაში რედაქტორი თავს ისე გრძნობს „როგორც საკუთარ სახლში და ისე გველაპარაკება, როგორც ტრამვაის გაჩერებასთან, როდესაც ტრამვაი უკვე გიახლოვდება “.ახლაც გაიგონებთ: შოთა ჩანტლაძის პოეზია პოეტური უნიათობის შედეგიაო. ასეთი ყალბი წარმოდგენებია კულტურის განვითარებას რომ აფერხებენ.
შოთა ჩანტლაძეს ჩამოყალიბებული ესთეტური და მხატვრული პრინციპები ჰქონდა. ეს პრინციპები, უწინარეს. თავად მის შემოქმედებაშია გაცხადებული. იგი არასოდეს ყოფილაგართული ფორმალისტური ძიებებით.
მისთვის ველრიბრი ინდივიდური პოეტური სამყაროს ბუნებრივი გამოვლენა იყო. განსხვავებული ეპოქები განსხვავებულ პოეტურ აზროვნებას მოითხოვენ. განსხავებული პოეტური აზროვნება— განსხავებულ პოეტურ ფორმებს. შოთა ჩანტლაძის განსხვავებულ პოეტურ აზროვნებას, ეპოქისეული მოთხოვნებით რომ იყო განპირობებული, ბუნებრივად მიესადაგა თავისუფალი ლექსი. მას შეეძლო გაემეორებინა რაბინდრანათ თაგორის სიტყვები: „მე დამიწერია ბევრი თავისუფალი ლექსი და ყველაფერი, რაც მათში ვთქვი, არ შემეძლო გადმომეცა რომელიმე სხვა ფორმით... შესაძლოა მათ მდიდრული სამოსელი არ აცვიათ, მაგრამ ლამაზად კი გამოიყურებიან. მე ვფიქრობ, სწორედ ამიტომ შეიძლება მათი დაყენება წმინდა პოეზიის გვერდით.”
პოეტური სამყაროს შექმნა ურთულესი პრობლემაა ხელოვნებაში;რაც უფრო გამოკვეთილია ეს სამყარო, მით უფრო თავისთავადია ხელოვანი.
ეს საზღვრავს მათ ერთმანეთისაგან. ბევრი სახელოვანი პოეტი (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) ისე წასულა, ვერ მიუღწევია ამისათვის. ამტომაა, სიკვდილისთანავე რომ ივიწყებენ მათ.
შოთა ჩანტლაძის პოეზია საკუთარი პოეტური სამყაროს შექმნისაკენ სილტოლვითაა დაღდასმული. ეს უბრალოდ მისი სურვილი კი არ იყო, --- ამას მის ლექსთან სიუცხოვე მოწმობს.
შოთა ჩანტლაძის პოეტური „მე“ და ეპოქისეული რიტმი ორგანულ მთლიანობას ქმნიან, განუყოფელნი არიან. პოეტის მიდრეკილებებს, ვნებებს, ემოციებს, გონგანწობას აყალიბებს მისი მიმართება გარე და შინასამყაროსადმი. მათგან იძენს პოეტი იმპულსებს. რამდენადაც ზუსტია ამ იმპულსთადმი რეაქცია, იმდენად უცთომელია პოეტის მიერ სანამდვილის შეცნობა, მისი წარმოსახვა.
მაგრამ ჭეშმარიტ ხელოვანთან ეს სინამდვილე არასოდეს უშუალოდ არ ჩანს, -- იგი არეკლილია პოეტის სიტყვიერი მაგიის მიღმა. მას ვერ ვხედავთ, ვგრძნობთ. ასევე გულუბრყვილობა იქნება შოთა ჩანტლაძის პოეზიაში ვეძიოთ რაიმე „პრობლემების“ გადაწყვეტა. მიუხედავად ამისა, მისი პოეტური მრწამსი არ ემიჯნება დროის უზოგადეს წარმოდგენებს. იგი ფსიქოლოგიური შეგრძნებების პოეტია. მისთვის არ არსებობს დიდი და მცირე, მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო, აშკარა და იდუმალი; შეუმჩნეველ დეტალში შეიგრძნობს დიადს, რეალურში ირეალურს. ეს შეგრძნება არაა ბუდოვანი, ქაოსური.
დახვეწილია და სხივიანი. პოეტის მსოფლშეგრძნება წინასწარ დაუსაზღვრელია სინამდვილით. იგი ფრაზებში იბადება ანაზდად, ვითარცა სიზმარი:
ვერმოსვენება ლექსით,
მერე გავარდნა ქარში,
ქარში--ძახილი გესმის,
ქარში--ჭიხვინი რაშის.
ბედუინების სევდა
და წარმართების გლოვა,--
ქარში კვალდაკვალ მდევდა,
ქარში მეორედ მოვა.
სული იძახის:ვლიდე!
მივალ, მომყვება ქარი.
არ არის ქვეყნის კიდე,
არ არის ქვეყნის კარი
* * *
მივალ,არ ვიცი,საით,
საიდან მოველ,როდის...
ქარი იძახის მაინც:
მოდის,ო,მოდის,მოდის?
ყოველივე ამას ამთლიანებს პოეტის ინტელექტი. ამიტომაა მისი პოეზია ორგანული მთლიანობა და არა ეკლექტიკური ნაზავი. ეს მთლიანობა, რომელიც პოეტის სუბიექტური მოცემულობაცაა და ემპირიული სინამდვილის ანარეკლიც, ამ ფსიქოლოგიური ხიდით უნდა „აღმოაჩინოს“ მკითხველმა. იგი განპირობებულია პოეტის მხატვრული და არა სოციალური პრინციპებით. გამოიკვეთა პოეტის ყველაზე არსებითი თავისებურება: სამყაროს ხედვა და წარმოსახვა მის დრამატულ სირთულეებში; და ვგრძნობთ, როგორ ბუნებრივად შემოდის მის პოეზიაში ფსიგოლოგიური კონფლიქტის პრობლემა.
შესაძლოა, ხელოვანმა, როგორც მოქალაქემ, სოციალური აფეთქებებისა თუ რევოლუციების, პოლიტიკური კატაკალიზმებისა და გარდატეხების ეპოქებში გარკვეული პოლიტიკური პოზიცია დაიკავოს. მაგრამ ამ მოვლენამ მის შემოქმედებაში ვერ პოვოს პირდაპირი გამოვლენა ამ უბრალო მიზეზის გამო, რომ მისმა მხატვრულ-ესთეტურმა პრინციპებმა (რაც სუბიექტური სულიერი სამყაროდან მოდის) ვერ შეიგუოს „პოლიტიკური“ პოეზიისთვის დამახასიათებელი პოეტური პრინციპები. 1948 წლის რევოლუციას ბოდლერი ბარიკადებზე შეხვდა. ლექსების წერას დროებით თავი მიანება და მწვავე პოლიტიკური წერილების წერა დაიწყო. მაგრამ მის ლირიკაში რევოლუცია არ ასახულა პირდაპირ.
ზოგჯერ ცდილობენ ლექსი დაშალონ სტრიქონებად, სიტყვებად, დაანაწევრონ სახეებად, მეტაფორებად. მიუსადაგონ მას მკაცრი ლოგიკური განსჯა. ივიწყებენ, რომ ლექსიც ისეთივე ცოცხალი არსებაა, ვით თეთრი იორდასალამი.
ლექსი შინაგანად უნდა „იხილო“, მისი არსი უნდა განსჭვრიტო. შეუძლებელია შოთა ჩანტლაძის ლექსთა სხვაგვარი წვდომა.იგი გასაოცარი შერწყმაა ფერთა და ნათელთა. ვითარცა ყვავილთა შეხამება იაპონურ ლარნაკში. ამიტომ აცისკროვნებს მის სულიერ მარტვილობას მზის ნათელი. კირკეგორის თქმით,პოეტი ცნობამიხდილი ადამიანია, ღრმად რომ ჩაუმალავს სალმობა სულისა. და ამ სალმობით მის ბაგეთაგან წამცდარი წყევა, უუზენარეს გალობად განიბნევა. არც შოთა ჩანტლაძისათვის ყოფილა პოეზია ოდენ ბოღმის ამონთხევის ბომონი რამე.
მის ლექსთა რიტმი მტკვრის თბილისურ დინებას მაგონებს, რომლის სიღრმეშიც უსაშველო ენერგია ბორგავს. ამ ენერგიის შეგრძნება ბადებს იმ პოეტურ ასოციაციებს, თავად პოეტს რომ წარმოესახა ინსპირაციის ჟამს. პოეტი გადმოსცემს საგნისადმი აღძრულ ასოციაციას. ამ ასოციაციას შევყავართ მის ინდივიდურ სამყაროში. ასოციაციათა ეს ერთობლიობა გვიქმნის პოეტურ განწყობილებებს, რომლებსაც თავის მხრივ იდეის შეცნობამდე მივყავართ. განწყობილება ეჯუფთება სიტყვათა მელოდიურ წყობას, სტრიქონში მათ ინვერსიულ განლაგებას, პაუზათა რიტმულობას, რაიც პლასტიკურ გამომსახველობას ანიჭებს მეტაფორებისა და სახეების აზრობრივ-სიმბოლურ მნიშვნელობებს. ეს რთული გზაა პოეზიაში.
ამგვარი ბუნებისაა იაპონური ტანკა. მისი მხატვრული პრინციპები სადა სტრიქონით პოეტური განწყობილებების შექმნაა, რომლის მიღმაც მთელ სამყაროს ჭვრეტთ. აქ უნდა ვეძიოთ შოთა ჩანტლაძის პოეზიის მხატრული „საიდულოებაც“.მისი ლექსი არ არის აგებული სახეობრივი პრინციპით.სტრიქონი უაღრესად სადაა,იმავე დროს ღრმა სიმბოლური აზრის დამტევიც. ამ უკანასკნელის შეცდომა განსაკუთრებული გემოვნებით მომადლებულ მკითხველს ძალუძს.
აი,
კვლავ მოვიდა გაზაფხული
და ჩემში იგი აღარ იწვევს სიახლის გრძნობას.
და მე ვგრძნობ,
თუ ვით იბა დება,ჩემში არყოფნის სურვილი.
ამ სტრიქონთა მიღმიერ უხილავ სამყაროსწარმოსახვად უძლურია ყოველგვარი თეორიულ-ესთეტური ანალიზი.იგი უნდა შეიგრძნო.მკითხველის სულიერ აღნაგობაზეა დანდობილი პოეტური სიტყვის ბედი. ასეთი მხატვრული პრინციპითაა შესრულებული მისი თავისუფალი ლექსები:„თოვლი და ქალაქი“, „სხეულის აგონია“, „დედამიწიდან ავარდა წმიდა“, „ჩემი მაგიდის წიგნი“, „შუა ზამთარია ახალა თბილისში“, ციკლი „შორს,ძალიან შორს“.
ზემოთ ვთქვი, შოთა, ჩანტლაძე ორიგინალურად მოაზროვნე პოეტია-მეთქი. ეს ამ ლექსებშია განსაკუთრებით საცნაური. ნივთებს და მოვლენებს დაკარგული აქვთ თავადობა.
პოეტი მათ არსში წვდომით და ამ არსის გათავისებაში ავლენს უწინასრესად საკუთარ სულიერ ცხოვრებას. მისი ღრმა, ფიზიკურ ტკივილამდე განცდილი სევდა გამონათებაა ზეციური და მიწიერი უსასრულო ბინდის ჭვრეტისა. და იგი სევდა წმინდაა ვითარცა დაუწერელი პერგამენტი. ამის დასტურია მისი აპოკალიპსური ხილვა სამყაროისა:
ღამე უკუნი, საზარელი და ვეებერთელა.
ზეცა უსასრულო, ღრმაა და უფართოესი.
ვდგავარ ამ ღამეში მოცული ფიქრებით ბნელით.
ეჭვი მეპარება მზის სიდიადეში
და ვფიქრობ ასე:
რა მზე გაანათებს ამხელა ღამეს.
პოეტის სტრიქონები კოსმიური ხილვებითა აღბეჭდილი. წარმავლობაში წარუმავლობას ეძიებს, წამიერში--გაქვავებას, სიკვდილში--სიცოცხლეს („მსუბუქი სევდით შეიცვალა ნაღველი მძიმე,-- და უსხეულო და მარადი მგონია თავი“).იგი გადასულია კონკრეტულობის, ემპირიულობის,მიწიერების ზღვარს.
მიილტვის დაპყრობად იმ თავისუფალი, ირრეალური სივრცისა, სადაც ყოველი განუჭვრეტელია,განუზომელი და დაუკავშირებული.მისი ხილვები საგნებს შლიან სიმყარისაგან,ალღობენ,ანქარვებენ ხილულ სინამდვილეს:
მაღალი მზე,მაღალი არაბი,აქლემი მაღალი,
ზეცა უსასრულო,უდაბნო ულევი,უდაბნო ულევი,
ფიქრთა ქარავანი,ფიქრები დაღლილი
და ნაფეხურები...და ნაფეხურები და ნაფეხურები...
და ნაფხურები მიდის,იკლაკნება,
როგორც სტრიქონები--ცნობილი ნაკლებად!--
აქ გაიარა კაცმა და ქალმა.
,,თოვლი და ქალაქი“ მისტიფიცირებული წარმოსახვაა კაცობრიული განვითარების საწყის სტადიაში მიქცევისა.თითქოს პოეტს გადავყავართ ადამ და ევას იდილიურ სამყოფლოში,სადაც ყოველი სისპეტაკითა და სიწმინდით სუფევს.მკითხველში პირველყოფილობის შეგრძნება იბადება.
შოთა ჩანტლაძის ვერლიბრი მკაცრი და ლაკონიურია.პოეტისავე სიტყვებით რომ ვთქვათ,მათი,,სტრიქონები არ არიან ერთმანეთთან გარითმულნი,მაგრამ მკაცრი აუცილებლობით არიან“.ამასთან დაკავშირებით ერთი მოსაზრება მინდა გაგიზიაროთ.თავისუფალ ლექსში ყურადღება უნდა მიექცეს ლექსის გრაფიკულ სახეს.მიზანუფერია მისი პროზის სახით წარმოდგენა.ლექსის პროზის სახით წარმოდგენისას მკითხველმა შეიძლება ვერ შეიგრძნოს სპეციფიური რიტმი,ეჭვიც კი შეეპაროს ვერლიბლის პოეტურობაში.თავისუფალ ლექსში მიზანშეუწონელია ნებისმიერ ადგილას სტრიქონის გახლეჩვა.მაშინვე ხელოვნურ იერს მიიღებს,რიტმული ბუნებრიობაც დაირღვევა.ტაეპიდან ტაეპში სიტყვის გადატანას,ანუ ტაეპის დასრულებას აქვს მნიშვნელობა.მასში ჩანს პოეტის ხედვა,შინაგანი სმენა. ამ მოვლენის თეორიულ დეფინიციად ჩამოყალიბება შეუძლებელია, რადგანაც ვერლიბრის სტრიქონის ზომა წინასწარ დადგენილი ჩარჩოების მიხედვით როდი იქმნება, არამედ აზრობრივი და რიტმული სრულყოფით. ასეთ დროს ინდივიდური კანონი მოქმედებს. სტრიქონი ყოველთვის იტევს პირდაპირ თუ ფარულ აზრს.
მისი დასასრული ასე თუ ისე უნდა მიგვანიშნებდეს როგორც ლოგიკურ, ისე რიტმულ პაუზასაც. რიტმული ერთეული უნდა ემთხვეოდეს სინტაქსურ ერთეულს – ტაეპს. ვერლიბრში ეს ერთეულები განსაკუთრებული სიმჭიდროვითა და ერთიანობით უნდა იყვნენ დაკავშირებულნი.
ეს შექმნის აუცილებელ დინამიკურ რიტმულ მდინარებას. ვერლიბრის შინაგან სტრუქტურას აწესრიგებს ტაეპის რიტმულ-ფონეტიკური და რიტმულ-სინტაქსური ორგანიზაცია. იგი მკაცრი კანონზომიერებით აკავშირებს ერთმანეთთან პოეტურ ერთეულებს, პოეტურ სინტაგმებს. ეს აძლიერებს ლექსში გრაფიკის სიმეტრიულ წყობას, რითმულ ჰარმონიულობას.
ამ პირობებს იცავს შოთა ჩანტლაძის ,,ჩემი მაგიდის წიგნი“. ფორმისმიერი აღნაგობით და მხატვრული სტილით, სამყაროს ორიგინალური ხედვით ეს ლექსი უახლესი ქართული პოეზიის საუკეთესო ნაწარმოებთა რიცხვს განეკუთვნება:
ქალაქი ჩემთვის წიგნია-
სქელტანიანი,
ეპოქალური და მოსაწყენი.
ეს მეტაფორა ქართველი მკითხველისათვის ნამდვილი სუვენირია.
მე ღმერთმა მომისაჯა ამ წიგნის ყოველდღე კითხვა.
ეს წიგნი მე ეხლა ზეპირად ვიცი...
იცით, რა წერია ამ წიგნში?
ეს წიგნი იწყება იმით,
რომ გათენდა მოსაწყენი დილა და დაიწყო ცხოვრება,
ეს წიგნი მთავრდება იმით,
რომ გაიარა მოსაწყენმა დღემ
და დადგა მოსაწყენი ღამე.
***
მე ღმერთმა მომისაჯა ამ წიგნის ყოველდღე კითხვა.
ეს წიგნი ჩემი მაგიდის წიგნია.
იშვიათად წამიკითხავს სტრიქონები, რომელშიც ასე პლასტიურად ყოფილიყოს გამჟღავნებული ადამიანის არსებობის მიუსაფრობა. ამ ლექსში თითქმის მიღწეულია პოეზიის სიტყვიერ ფერწერად და პლასტიკად გარდაქმნის ხელოვნება.ინდივიდური პოეტური აზროვნებითაა წარმოჩენილი ტრაგიკული შეცნობა სამყაროს უსრულობისა, ადამის მოდგმის უთვისტომობისა, ცხოვრების არსის უმიზნობისა. ლექსის რიტმიც პლანეტათა დაუსრულებელ, შეუცნობად მოძრაობას წარმოსახვენო თითქოს.
შოთა ჩანტლაძე თავისუფალ ლექსებში იმდენად ცალკეულ სტრიქონთა დახვეწით როდია გატაცებული,რამდენადაც მთლიანის არსის წარმოჩენით.მისთვის მთავარი ნიუანსური განწყობილება არაა.
ლექსის ერთიანი აზრობრივ-ემოციური საყრდენები წარმართავენ ადანიანის გონგანწყობას.ამიტომ ზემოქმედებენ ემოციურად მკითხველზე„წავიდა თოვლი,მოვიდა მიწა“არ არის ნიუანსი. ამ ორი პოეტური სინტაგმის მიღმა პოეტის სულიერი სამყარო გამოსჭვივის;სამყარო არავისი, მხოლოდ შოთა ჩანტლაძისა. სწორედ ამას ვგულისხმობდი იაპონური ლექსის ბუნებაზე მსჯელობისას. შოთა ჩანტლაძის თავისუფალი ლექსის რიტმულ საფუძველს ქმნის სინტაგმა-რიტმულ-აზრობრივი ერთეული.ისინი შინაგანი ლოგიკური ინტონაციებით არიან შეკრულნი. ასე:
თანდათან შეიცვალა ქალაქიც;
ქალაქი აღარ იყო ჩვეულებრივი:ქალაქის ქუჩებმა მიიწიეს ერთმანეთთან.
ქალაქის ქუჩებმა დაჰგმეს საჭირო დისტანცია.
ქალაქის ქუჩები შეერთდნენ ერთ ქუჩად.
ქალაქში იყო ქუჩა ერთადერთი.
(„თოვლი და ქალაქი“)
აქ ცალკე ტაეპი ცალკე რიტმული ერთეულია. არ ჩანს ტრადიციული ტაეპისათვის აუცილებელი სილაბურობა და ცეზურათა კანონზომიერი განლაგება. მახვილი ტაეპის ინტონაციური ხაზგასმას ემსაზურება მხოლოდ და მხოლოდ.
დადიოდა ქალაქში პოეტი.
არც უმეგობრო, ეული მაინც ( „არსად ძმობილი, არსად დობილი, მე მარტოხელა ვიყავი კაცი“) ღრმად იმარხავდა ტკივილებს, რადგან შეეცნო კაცთა მომაკვდინებელი გულგრილობა. ამ შეცნობისა გამო აღმოჩნდა თავადაც სხვათაგან შეუცნობელი („არავის შეცნობილი, ყოვლის შემცნობელი“) მარტოკაცი იყო, უცხო კაცი. ეს კი ნიჭია, ბედითი ნიჭი. ნოსტალგიაშეპყრობილივით “დაატარებდა ფეხებს“ მობლიურ ქუჩებში.
მისი ამ სოფლად არსებობის აზრი-პოეზიაც იყო სამყაროსეულ სხვა ზმანებებთან ერთად. მით ინელებდა მარტოკაცობით მოწოლილ ტკივილს. ამითაა მისი პიროვნული ბუნება განუკვეთელი.
მიდის არაბი...ბოლოს ქვიშას ბინდი ეცემა,
მერე არაბიც დაეცემა ქვიშას ბინდივით.
შოთა ჩანტლაძეს ბედისწერისათვის მარად თან ახლდა ლანდი.
წინასწარ გრძნობდა სიკვდილის უდროო მოახლებას: “მე სიყმაწვილეს ვნახავ და მერე სიბერეს ვნახავ ამ ქვეყნის იქით“. ისე წავიდა, არ გაუხარებია ლექსის გამოქვეყნებას. ამ სიხარულს სულის მღვიმეში ინახავდა იდუმალ. ათასგზის წართქმულ სიტყვებს ვიმეორებ: ტრაგიკულია პოეტის ხვედრი. შოთა ჩანტლაძე პოეტად მოკვდა, პოეტადვე მოგვიბრუნდა “იმ ქვეყნიდან “, მარად რომ იწვოდეს მისი სანთელი პოეზიის სამსხვერპლოზე.