მოწყალების და ბილის ოთახში შევიდა და ყურადღებით მიმოიხედა, რათა საბოლოოდ დარწმუნებულიყო, რომ ექიმის მოსვლისათვის ყველაფერი მზად ჰქონდა. მათ საავადმყოფოში არ იყვნენ მიჩვეული ასეთი გამოჩენილი სპეციალისტის ხილვას, ამიტომ ყოველთვის, როდესაც ექიმი ბილის სანახავად შედიოდა, მოწყალების და შიშით კანკალებდა, რომ ექიმს მისთვის არ ეკითხა რაიმე ისეთი, რასაც ვერ უპასუხებდა, რაიმე პროფესიული, რაც პრაქტიკისას ასწავლეს და მაშინვე დაავიწყდა.
მოწყალების დამ თითის წვერები მაგიდაზე გააცურა და უკმაყოფილოდ შეათვალიერა მათზე აკრული მტვრის ლაქები, შემდეგ კრიტიკულად დახედა დალაქავებულ სუფრას და თუმცა მასზე განსაკუთრებით თვალშისაცემი არაფერი ჩანდა, უნიფორმა მუხლამდე აიწია და მაგიდა ქვედაკაბის კალთით გადაწმინდა. თავისი ბარძაყების ამ ყოვლად შეგნებული გამოფენის შემდეგ მან თავი შეატრიალა და ბილს შეაცქერდა, ბილი იყო ძლიერი აგებულების, ჩასკვნილი ახალგაზრდა მამაკაცი, დაკუნთული კისრითა და თითქოს იმ ლითონისაგან გამოკვეთილი გულ-მკერდით, რომელსაც ადრე თვითონ ამუშავებდა.
მოწყალების დის ვარაუდით იგი იქნებოდა ასე, ოცდახუთიოდე წლის და იმ ამბავმა, რომ ასეთ ახალგაზრდა, სისხლსავსე კაცს სიბრმავის გამო არ შეეძლო დაენახა და როგორც ეს ნამდვილ მამაკაცს შეჰფერის, სათანადოდ შეეფასებინა მის მიერ გამოფენილი მშვენიერებანი, ისე შესძრა მისს კონორი, რომ მღელვარებისაგან ხმა აუთრთოლდა:
_ აბა, რას იტყვით, ალბათ გიხარიათ რომ ყველაფერი უკან მოიტოვეთ. ახლა საბოლოოდ გადაწყდება ან ასე, ან - ისე.
_ ვიცი, _ უპასუხა ბილმა. _ მაგრამ სულაც არ ვნერვიულობ. ჩემს გულში ეჭვის ნატამალიც არ არის და არც არასოდეს ყოფილა.
_ უნდა გამოვტყდე, რომ კარგი პაციენტი ბრძანდებით, ზოგიერთებივით შარიანი კი არ ხართ.
_ რატომ უნდა ვინერვიულო? _ კითხვა დასვა ბილმა. _ ადამიანს რომ ისე გაუმართლებს, როგორც მე... თუ ვინმეს ამქვეყნად ოდესმე იღბლიანი ეთქმოდა, ერთ-ერთი მე ვარ. ალბათ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ, მე ხომ ჩვენი დროის უდიდესმა ექიმმა გამიკეთა ოპერაცია და მერე რის ფასად? მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემმა ცოლმა წერილი მისწერა და სთხოვა.
_ ბილმა ჩუმად ჩაიცინა _ ღმერთო, ღმერთო, როგორ გამიმართლა... ან კიდევ როგორ მექცევა, თითქოს ან მილიონერი ვიყო, ან ამერიკის პრეზიდენტი.
_ უეჭველია, _ წარმოთქვა ჩაფიქრებულმა მისს კონორმა. _ რომ იგი კარგი კაცია. _ და შეამჩნია რა, რომ უნიფორმა ისევ მუხლებს ზემოთ ეჭირა, სასწრაფოდ დაუშვა და ქვედატანი ხელით გაისწორა.
_ როგორ გამოიყურება? _ ჰკითხა ბილმა.
_ მოიცადეთ! _ უპასუხა ქალმა _ ამდენ ხანს იცდიდით და ცოტა ხანიც მოითმინეთ, მერე ეგებ თქვენ თვითონაც ნახოთ, როგორც გამოიყურება.
_ მაშინვე ვნახავ, როგორც კი სახვევს მომხსნის _ თქვა ბილმა. _ აქ საეგებიო არაფერია. ყველაფერს კარგად დავინახავ.
_ ოპტიმისტი ხართ. _ უთხრა მოწყალების დამ _ სულაც არა ხართ სულმდაბალი.
აი, რას ვფიქრობ თქვენზე.
ბილმა წამოიწყო: ან კი რა მაქვს სანერვიულო, განა ასეთი ოპერაციებით არ მოიხვეჭა სახელი? თუ მან ვერ დამიბრუნა მხედველობა, მაშ, ვინღა შეძლებს?
_ მართალი ხართ. _ მიუგო მოწყალების დამ. _ ნამდვილად მართალს ამბობთ.
ბილს შემწყნარებლურად გაეღიმა ქალის ეჭვებზე.
_ განა მსოფლიოს ყველა კუთხიდან არ მოჰყავთ მასთან პაციენტები? ეს თვითონვე მითხარით, დაო! როგორ ფიქრობთ ამდენი ხალხი ზღვებს ცუდი ექიმისათვის გადმოცურავდა?
_ მართალი ხართ. _ თქვა მედდამ. _ აქ კი მომიმწყვდიეთ. მე ხომ იმედი არ გადამიწურავს, უბრალოდ ვთქვი ,,ეგებ.”
_ შეგიძლიათ, სულაც არ მითხრათ, რა კაცია ექიმი.
_ წამოიწყო ბილმა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, ჩუმად ჩაიცინა, ხელი გადაიწვდინა და მისს კონორის ხელი მოძებნა, მაგრამ ქალმა გაიღიმა და გვერდზე გადგა. _ თქვენ გგონიათ, მე თვითონ არ ვიცი? _ გააგრძელა მან. _ როგორც კი საავადმყოფოში შემოვიდა და ლაპარაკი დაიწყო, მაშინვე მივხვდი, რა კაციც იყო, მე ვიცი. _ ბილმა ლაპარაკი შეწყვიტა, სავარძლის საზურგეზე გადაწვა და ხელის ზურგზე მეორე ხელის თითები გადაისვა. ლაპარაკი შეწყვიტა, რადგან მოეჩვენა, რომ მისი სიტყვები სასაცილოდ ჟღერდა. რა აზრი ჰქონდა აეხსნა ამ მოწყალების დისთვის, ან თუნდაც ვინმე სხვისთვის, თუ რას გრძნობდა მისი გული ექიმისადმი, როგორი მადლობელი იყო მისი. ასეთ თემებზე საერთოდ არ ღირს ლაპარაკი.
მისს კონორი მაგიდასთან მივიდა და ასტრების თაიგულს ადგილი შეუცვალა.
ეს თაიგული ბილის ცოლმა მოიტანა გუშინ, მოწყალების დამ დავიწროებული თვალებითა და ამრეზილი სახით შეათვალიერა იგი. უცებ ქალი შეჩერდა და თავი შემართა.
_ გესმით! _ ჩაიჩურჩულა მან. _ ის მოდის!
_ დიახ, ის მოდის! _ წარმოთქვა ბილმა.
მისს კონორი კართან მივიდა და გააღო. ,,მობრძანდით, ექიმო, თქვენი პაციენტი მზადაა და გელოდებათ.” _ იგი უკან-უკან იხევდა და ფიქრობდა იმ შეკითხვებზე, რაც ამ აღმატებულ კაცს შეეძლო დაესვა, თუკი ამას ინებებდა. ,,გარეთ ვიქნები, დერეფანში” _ კარებისკენ გაიწია. _ ,,თუ დაგჭირდეთ, მზადა ვარ.”
ექიმი ბილის სკამს მიუახლოვდა და ყურადღებით ჩააცქერდა პაციენტის სახეს, მაგრამ მაშინვე არაფერი უთქვამს. ფანჯარასთან მივიდა და მუქი, მძიმე ფარდები ჩამოუშვა, ექიმი დაბალი, მსუქანი კაცი იყო, მაღალი, გუმბათისებური შუბლით, ხელები სუსტი ჰქონდა და ისე მოუხერხებლად ამოძრავებდა, წარმოუდგენელი ჩანდა, ამ ხელებს უფაქიზესი ოპერაცია ჩაეტარებინათ.
თვალები ჰქონდა ლმობიერი, მუქი ლურჯი და მეტად ალერსიანი.
_ სანამ შემოხვიდოდით, მე და მოწყალების და სწორედ თქვენზე ვლაპარაკობდით. _ თქვა ბილმა. _ ვცდილობდი, წამომეცდენინებინა მისთვის, როგორ გამოიყურებით.
ექიმმა სკამი მიაჩოჩა და პაციენტის წინ მოკალათდა.
_ იმედი მაქვს, ცუდი არაფერი უთქვამს. ძალიანაც მკაცრად არ განმსჯიდა.
_ სულაც არაფერი უთქვამს. _ თქვა ბილმა.
_ არც იყო საჭირო, ისედაც ვიცი, როგორც გამოიყურებით.
_ კარგით, თქვენ მითხარით, როგორიც წარმოგიდგენივართ და მე გეტყვით, მართალი ხართ თუ არა.
ექიმი მაგიდასთან მივიდა და შუქი აანთო. შუქფარი მანამ ატრიალა, სანამ ისე არ დააყენა, როგორც თვითონ სურდა.
_ ეს სულ ადვილია _ თქვა ბილმა. _ თქვენ თვალშისაცემი მამაკაცი ბრძანდებით, თოვლივით ქათქათა თმებით, მე თქვენ ყველა იმ ადამიანზე, ვინც კი ოდესმე მინახავს, ერთი თავით მაღალი წარმომიდგენიხართ. ღრმა ყავისფერი თვალები გაქვთ, კეთილი თვალებია, მაგრამ სიბრაზით აელვარდებიან, თუ ვინმეს ფლიდსა და ბილწს უცქერენ, იმიტომ რომ, სიბილწე ერთადერთია, რისი ატანაც არ შეგიძლიათ და რაც ერთი ბეწოც არაა თქვენში.
ექიმი თავის ლმობიერ, თბილ თვალებს თითის წვერებით შეეხო.
ბილის თვალები
_ მაგრად ცდები. _ თქვა სიცილით. _ ამჯერად კილომეტრობით აცდი, ბილ!
შუქფარი გამორთო, რეფლექტორი კისერზე მოირგო და პაციენტისკენ შებრუნდა, კვლავ სავსებით საქმიანი გამომეტყველებით.
_ ახლა ოთახში სრული სიბნელეა.
_ თქვა მან. _ მოგვიანებით თანდათანობით გავანათებ, რომ შენი თვალები შეეჩვიოს. მე სულ ასე ვაფრთხილებ ხოლმე ჩემს პაციენტებს, მერე უცებ რომ არ შეეშინდეთ.
_ ღმერთო ! _ აღშფოთებით წამოიძახა ბილმა. _ თქვენ გგონიათ, არ გენდობით? ღმერთო, მეტისმეტად მწამხარ იმისთვის, რომ რამის მეშინოდეს!
_ თუ მზადა ხარ, ახლავე მოგხსნი სახვევს.
_ კეთილი. _ თქვა ბილმა. _ სულაც არ ვნერვიულობ.
_ სანამ მე ვმუშაობ, შენ მითხარი, რა დაგემართა მაგ თვალებზე. _ თქვა ექიმმა პაუზის შემდეგ.
_ ეს შენს გონებას სხვა რამეზე გადართავს, თანაც არასოდეს მსმენია, ეს როგორ მოგივიდა.
_ მოსაყოლი ბევრი არაფერია. _ თქვა ბილმა. _ დაქორწინებული ვარ და როგორც ჩემი ცოლის წერილიდანაც შეიტყვეთ, სამი შვილიც მყავს, ასე რომ, ვიცოდი, უნდა მეშრომა და ჩემს სამუშაოს ვუფრთხილდებოდი. ქარხნიდან ყოველდღე ათავისუფლებდნენ ხალხს, მაგრამ ეს მე არ უნდა შემხებოდა. ამას იმდენ ხანს ვუჩიჩინებდი თავს და ისე ბეჯითად ვშრომობდი, რომ საპასუხისმგებლო ადგილზე დამნიშნეს. მაინც ვეუბნებოდი ჩემს თავს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავენთავისუფლებინეთ, არავითარ შემთხვევაში, რაც უნდა მომხდარიყო.
_ ხელები ჩასწიე, ბილ! _ რბილად თქვა ექიმმა. _ რამდენიც გინდა ილაპარაკე, ოღონდ ხელები კალთაში გეწყოს.
_ ბოლოს ყველაფერს მივაღწიე.
_ განაგრძო ბილმა. _ წინ ფართო ასპარეზი გადამეშალა და ამ დროს ბურღი თორმეტ ნაწილად გასკდა და დამაბრმავა, თავდაპირველად ვერც კი დავიჯერე, რომ ეს მე შემემთხვა. დანარჩენი კი თქვენც იცით, ექიმო.
_ ცუდი ამბავია. _ თქვა ექიმმა, ხმა გაქრობოდა და თავს იქნევდა. _ არ მოგსვლიათ კარგი საქმე.
_ შეიძლება, რასაც ახლა ვიტყვი, სულელურად ჟღერდეს. _ წამოიწყო ბილმა. _ მაგრამ ერთხელ გეტყვით და გულზეც მომეშვება, თქვენნაირი კაცისთვის რას არ ვიზამდი, ამაზე ბევრი მიფიქრია...
აი, რას გეტყვით და მხოლოდ ერთხელ: თუ თქვენ რაიმეში დაგჭირდებით, მხოლოდ დამიძახეთ, ყველაფერს მივატოვებ და მაშინვე მოვირბენ, მნიშვნელობა არა აქვს, სად ვიქნები. და როცა ვამბობ ყველაფერს მივატოვებ-მეთქი, მე ვგულისხმობ ყველაფერს, ჩემი სიცოცხლის ჩათვლით. ამას მხოლოდ ერთხელ გეუბნებით.
_ მე მაგას ვაფასებ. _ მიუგო ექიმმა. _ ვიცი, რომ გულწრფელად მეუბნები.
_ მხოლოდ ამისი თქმა მინდოდა. _ გაიმეორა ბილმა.
წუთით სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ ექიმი ფრთხილად ალაპარაკდა:
_ ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანს გაუკეთდეს, შენთვის გაკეთდა, ბილ, არავითარი მიზეზი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ ოპერაციამ წარუმატებლად ჩაიარა, მაგრამ ხანდახან ესეც არაფერს შველის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვცდილობთ.
_ ამაზე არ ვნერვიულობ. _ ხმადაბლა მიუგო ბილმა.
_ მე მორწმუნე ვარ, ვიცი, რომ როგორც კი სახვევს მომხსნით, მაშინვე თქვენს სახეს შევხედავ, ეს ისევე მჯერა, როგორც ის, რომ ახლა აქ ვზივარ.
_ შეიძლება იმედები გაგიცრუვდეს. _ ნელა თქვა ექიმმა. _ გრძნობები გონებას დაუმორჩილე და ოცნებებს ნუ აყვები.
_ მე მხოლოდ ვხუმრობ. _ თქვა ბილმა. _ ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს როგორ გამოიყურებით, ეს ყველაფერი ხუმრობით ვთქვი. _ და გაეცინა. _ დაივიწყეთ! _ თქვა მან.
_ დაივიწყეთ!
ექიმს პატარა, ფრთხილი ხელები მუხლებზე ეწყო, იგი ოდნავ წინ წაიხარა და ყურადღებით ჩააცქერდა პაციენტის სახეს. მისი თვალები სიბნელეს შეეჩვია და ექიმმა უკუნში ბილის სახის დამახასიათებელი ნაკვთები გამოარჩია. შემდეგ პატარა, შუქფარიანი ნათურა შემოაბრუნა და ხელისგულით მოჩრდილა. ამოიოხრა, თავი გააქნია და ჩაფიქრებულმა შუბლი ხელებით მოისრისა.
_ თქვენ თუ გყავთ შვილები? _ ჰკითხა ბილმა.
ექიმი ფანჯარასთან მივიდა და ზონარი ჩამოქაჩა, სქელი ფარდები გაიყო და უხმაუროდ გასრიალდა აქეთ-იქით. _ სამი ქალიშვილი მყავს. _ წარმოთქვა ექიმმა.
შემოდგომის მზე მძლავრად შემოიჭრა ოთახში და მისი სხივები ალმოდებული სოლებივით ჩაერჭო იატაკს, გამოაჩინა ბილის ხელები, უხეში, ზეაწეული სახე და კედელი მის უკან.
_ მართლა? რა სასაცილოა. მე კიდევ სამი ბიჭი მყავს.
აბა, ამაზე რას იტყვით?
_ აი, დამთხვევა თუ გინდა, ესაა. _ მიუგო ექიმმა. კვლავ სკამისაკენ შემობრუნდა და ბილსა და მზის შუქს შორის ჩადგა.
_ ახლა თუ გინდა, შეგიძლია აამოძრავო ხელები. _ უთხრა დაქანცული ხმით.
ბილმა ასწია თავისი თმიანი, ზეთით დალაქავებული ხელები და საფეთქლებთან მიიტანა. მისი ხმა გაკვირვებით ჟღერდა:
_ სახვევები მომხსენით, არა, ექიმო?
_ დიახ.
ექიმმა თავი გაიქნია და გვერდზე გადგა, და მზის კაშკაშა შუქი კვლავ ბილის ფართო, კეთილ, სლავურ სახეს შეეფრქვია.
_ ახლა, როდესაც თვალისჩინი დავიბრუნე, ერთ რამეში უნდა გამოგიტყდეთ.
_ თქვა ბილმა. _ არ მეშინია-მეთქი, რომ ვამბობდი, ვცრუობდი, სიკვდილივით მეშინოდა, ექიმო, მე მგონი, ამას თქვენც მიხვდით. მგონი, ამიტომაც ვიქცეოდი ბავშვივით მთელი დღე. იმის ცოდნამ, რომ ყველაფერი უკან დარჩა და ისევ დავინახავ, გულიდან ლოდი მომხსნა... ახლა შეგიძლიათ აანთოთ სინათლე, როცა გნებავთ, მე მზად ვარ.
ექიმი არ პასუხობდა.
_ ჩემმა ქალბატონმა გუშინ მომინახულა. _ განაგრძო ბილმა. _ მან მითხრა, რომ ქარხანაში სამუშაოს მინახავენ.
მე ვუთხარი: გადაეცი, ორშაბათ დილით დაბრუნდება-თქო. კარგი იქნება სამუშაოზე დაბრუნება.
რადგან ექიმი ისევ ჩუმად იყო, ბილი შეშინდა, უმადურობას ხომ არ მწამებსო და სწრაფად დაამატა: ბოლო კვირებში კარგად დავისვენე და ყველაფერი ძალიან კარგი იყო, მაგრამ სამუშაო მელოდება, ექიმო. მე ოჯახის კაცი ვარ და პასუხისმგებლობა მაკისრია. ჩემს ცოლსა და შვილებს თუ არ მივხედე, შიმშილით სული ამოხდებათ, ამიტომ ბევრ დროს ვერ დავკარგავ. თქვენც კარგად იცით, თქვენც ხომ მუშაობთ.
ექიმი კარებთან მივიდა და ჩუმად დაიძახა:
_ დაო!... დაო, შეგიძლიათ შემოხვიდეთ!
ქალი მაშინვე შევიდა, მაგიდასთან მივიდა და ასტრებიანი თაიგულის გვერდით დადგა. სწრაფად აიხედა და ბილის სახე შეათვალიერა.
სახვევების გარეშე იგი სრულიად სხვაგვარი მოეჩვენა, უფრო ახალგაზრდაც კი, ვიდრე მანამდე ეგონა. თვალები ჰქონდა მრგვალი, წმინდა, შეურყვნელი, უცნაური ჩრდილებით შემოგარსული, ბავშვივით თაფლისფერი. ეს თვალები უნაზებდა ტლანქ ხელებს, მასიურ ნიკაპს და სქელ, ჯაგარა თმას. ეს თვალები მთლიანად უცვლიდნენ სახეს და მედდა მიხვდა, რომ ეს თვალები რომ არ ენახა, ვერასოდეს ჩასწვდებოდა ბილის ხასიათს, ვერც იმას მიხვდებოდა, თუ რა შთაბეჭდილებას ახდენდა იმ ხალხზე, რომლებიც მას უბედურ შემთხვევამდე იცნობდნენ.
ბილის თვალები
სანამ ქალი მის თვალებს უყურებდა და ამ ფიქრებს გაეტაცა, ბილმა ისევ გაუღიმა, ბაგეები მოკუმა და თავი ექიმისაკენ მიაბრუნა.
_ რა მოგივიდათ? _ იკითხა მხიარულად. _ რას ელოდებით? ხომ არ გგონიათ შუქი თავისით აინთება. _ და კვლავ გაიცინა.
_ მოდით, ექიმო, _ თქვა მან. _ ნუ მტოვებთ ეჭვებში, მანახებთ თუ არა, როგორ გამოიყურებით, ა?
ექიმი არ პასუხობდა.
ბილმა მკლავები გადაშალა და უზრუნველად გაიზმორა, სკამზე შეირხა დ თითქმის სახე სახესთან მიუტანა მედდას, რომელიც კვლავ მაგიდასთან იდგა, მერე გაიღიმა და მოწყალების დისგან ერთი იარდის მოშორებით თეთრ კედელს ჩაუკრა თვალი.
ექიმი ალაპარაკდა: მე ხუთი ფუნტისა და რვა ინჩის სიმაღლისა ვარ. _ წამოიწყო მან გაუბედავი, გულისხმიერი ხმით. _ ვიწონი ას სამოცდათხუთმეტ პაუნდს, ასე რომ, შეგიძლია წარმოიდგინო, რაGღიპიანიც ვიქნები. მომავალ გაზაფხულს ორმოცდათორმეტი შემისრულდება და ლამისაა გავმელოტდე, მაცვია ნაცრისფერი სვიტერი და ყავისფერი ფეხსაცმელი. _ იგი წამით გაჩუმდა, რომ შემდეგი სიტყვებისათვის მეტი დამაჯერებლობა მიეცა. _ დღეს ლურჯი ყელსახვევი მიკეთია.
_ გააგრძელა მან. _ მუქი ლურჯი ყელსახვევი თეთრი კოპლებით.