„უფალსაც არ ჰყვარებია უფულო“
ვ. ჯავახაძე
არვინ კვდება უფასოდ და ნისიად,
ეს ცხოვრება მოწყობილი ისეა.
უთქვამს ვახტანგ ჯავახაძეს: უფასოდ
ვინცა კვდება, არ უყვარსო უფალსო.
ეგებ ლოდი მძიმე სულაც არ არის -
ვის ბოლნისი ადევს და ვის კარარი.
ბევრი ერი მოყოლილა ლოდებქვეშ
და უსმენსღა წვიმის მარტოოდენ თქეშს.
მე ვგულისხმობ მყვირალა და ჩუმ ერებს:
აქაველებს, არიელებს, შუმერებს.
ეს ცხოვრება მოწყობილი ასეა,
გორში მე ვარ, თბილისს ჯავახაძეა.
ერთმანეთი გვენატრება როდესაც,
მივაფურთხებთ სიკვდილსაც და ლოდებსაც,
შევთანხმდებით მხოლოდ ქინძმარაულზე
და ერთმანეთს ჭიქებს ისე ავუვსებთ,
რომ ცოლებმა, განთქმულებმა მიხვედრით,
ვერ გაგვიგონ პერანგების მიხედვით,
რა ფერის და რომ იმ ვაზის ღვინო ვსვით,
ჯვრად რომ იქცა ხელში წმინდა ნინოსი.