Litclub.ge

დუმილი
მთელი ხმით ვდუმვარ,
ვდუმვარ ყველა სიტყვით და ფრაზით,
ვდუმვარ მთელი გულისწყრომით,
ბოღმით და ბრაზით.
ვდუმვარ თურქულით,
ქართული და რუსული ენით,
სამ ენაზეა,
სამმაგი დუმილი ჩემი.
ოდეს ვუბნობდი ხან რუსულით,
ხან თურქულით, ხანაც ქართულით,
სამივე წვერით დუმილში ვარ
ჩაწნულ-ჩართული.
ხალხს ერთ ენაზე უჭირს დუმილი,
მე სამ ენაზე ჩავიკმინდე ჩასაკმენდელი.
ისე ვარ, როგორც
ღამურებით და ქვეწარმავლებით
ამოგლესილი საყდრის კედელი.
მე გაყურსული ჭექა-ქუხილი გახლავართ ამ ცის,
და ისე ძლიერ ვდუმვარ მთელი ხმით,
როგორც მთელი ხმით იღრიალებდა
ოჯახში კაცი.