Litclub.ge

დასასრულამდე
სოფლის კლუბში რომ წინასწარ იცის
თითქმის სუყველა მაყურებელმა
განმეორებით ნაყურები ფილმის ფინალი,
დასასრულამდე წამოშლილები
გასასვლელ კართან იწყებენ ჩოჩქოლს,
აი ისე ვგძნობ,
ისე წინასწარ
ყველა ამბის კულიმინაციას,
კვანძის შეკვრას და შეკვრულის გახსნას,
ლამის ავდგე და
აღსასრულამდე
რამდენიმე საათით ადრე
მივატოვო წუთისოფელი.