გუშინ ნაწვიმარ ცაზე ვკრეფდი
სიზმრის ყვავილებს
აყვავებული დედაჩემი
გავთელე ფეხით,
მერე შვილივით დავიტირე
ბავშვობის სატრფო
როცა გარდაცვლილ მამაჩემზე
უფროსი გავხდი,
მე ნაადრევი ნაყოფივით
მოვწყდი ჩემს ბინას
და სამყაროში გავიფანტე . . .
ჩემი წარსული ვერ მოესწრო
ნანატრ დედობას,
ჩემი სუნთქვისგან დაიცალა,
გარდაიცვალა . . .
ერთად აფეთქდა ყველა ვარსკვლავი,
როცა მე ვიშვი,
ხმა ჩაეხლიჩათ ყეფით ბაყაყებს,
ჩემმა მხლებელმა ზამბახებმა გამხადეს შიში
და მარტოობით მომავარაყეს,
და ტკივილების ყვავილებით გადაპენტილი
ჩემი სხეული – გრძნობისა და ფიქრის ნაყოფი,
სიზმრით აავსეს,
გაშლილ თმაში ღამე შეხიზნეს
ღამე დამარქვეს
და მეც ვღამობდი . . .
მერე ვიღაცის მყუდრო ცოლად გარადავიცვალე,
გამომეღვიძა საკუთარი სხეულის ჩრდილში,
თმებში ბალიშის ბუმბულივით შემრჩა სიზმარი,
ჩამოვიკრიფე თითებიდან კვირტები შიშის
და ნაადრევი სიზმარივით მოვწყდი ჩემს ბინას
და სამყაროში გავიფანტე. . .
ვანთებ ვულკანებს საკუთარი ხსოვნის წინაშე
და გაფანტული წამებიდან
ჩემს თავს ვაგროვებ,
დრო შეიკუმშა ჩემში,
ვარ ავოგადროს რიცხვი
და უჟანგბადო მთვარე,
სადაც შეხებით ლაპარაკობენ.