უნდა მოხვიდე, არა გაქვს სხვა გზა...
იცოდე, სულს მხდის ლოდინის წამი,
ვწუხვარ, დობილის ცახცახა განცდა,
შენეულ თრთოლვად ვერ შეიცანი.
განისლისფერდა გზაც და მიზანიც,
თითქოს ცაც თვალებს მარიდებს
მორცხვად,
მე წამსვე გიგრძენ! _ შენ ვერ მიცანი...
და სიდიადეც იმ წამის მოკვდა.
ახლა ზღვასა ჰგავს შენი ცხოვრება,
(გაწეწილი გაქვს ქარისგან თმები,)
არ გინდა, მაგრამ გამახსოვრდება...
და შენი თმენის კოცონზე თბები.
მგელივით გიმზერს რუხი სამყარო,
(მადლი ღმერთს, გრიგალს გადაუვლია),
გედის სიმღერა გულს რომ არ უთქვამს,
ეს სიყვარულის სასწაულია.
სურდათ, დაგშლოდა იმედის კოშკი,
შენც ჩამქრალიყავ ჩუმად, ნელ-ნელა...
რომ დაგტყდომოდა ყინვა და თოში,
ჩემო პეპელავ, ჭრელო პეპელავ...
რა უცნაური გახდა ცხოვრება,
იცვლება ყველა, (როგორ ღონდები)
და სიყვარულიც როგორ მდოვრდება,
როცა გრძნობენ, ცას უახლოვდები.
გაშალე ფრთები! ნუ გეშინია,
ყველა გზის ბოლო მაინც ცაშია,
მზის ნოტი მოაქვს იმედად ნიავს,
სხვა დანარჩენი _ კი თამაშია!