Litclub.ge

დიალოგი ქართულ სიტყვასთან
დამსკდარია ტოტზე კვირტი,
სისხლი ძარღვში ზღვად ხმაურობს
მზე ტახტიდან გადმობრძანდა
და ტალღებთან ნანდაურობს...
აიფოფრა სიტყვის ტალღა,
შემომასკდა ვით ზღვაური...
_ თუკი ჩემი ნახვა გინდა,
მე ლექსებში ვმოგზაურობ!
მოდი, ძველ გუჯრებში შევხვდეთ
ან სამყაროს ახალ კართან,
მომაქვს შენი ჯიშის კოდი,
ლაზარე ვარ, გაგიმართლა!
ვარ მეშვიდე ან მეცხრე ცის
ბილიკების სიახლოვეს,
ოღონდ აღარ დაგავიწყდეს,
ეს შეხვედრა თავად მთხოვე...
...იქნებ ვიწრო გზაზე შეგვხვდეს
და გაგვწიროს უგუნურმა,
ხელი უნდა შემაშველო,
თუკი მიცნო შენმა გულმა...
...ეს ხომ ჩვენი სიზიფეა,
აღმართ-აღმართ ქედდადრეკით,
მიგვაქვს უფლის ტაძრისაკენ,
ქერუბიმთა ზარის რეკვით!
მეც შევბედე: _ ვიცი, რომ ხარ
მბრძანებელი დარბაზების,
თუმცა ხშირად მიწყრებოდი,
ხანდახან მეც გაბრაზებდი,
მაგრამ იცი? ნისლებს მიღმაც
გცნობდი, თუმცა ვერ გხედავდი,
მიტომ თრთვილად მიმოგქარგე,
ხან უბრალოდ, ერთ ხედ გრგავდი...
იქნებ შევხვდეთ დედა-ენის
საწყისთან ან ბოლო კიდეს,
თოთო მარცვლებს როცა ვსინჯავ,
შესაძლოა ვმკიდე კიდეც...
ოქროსფერი სიტყვის ყანა,
ძნად რომ შევკრა ან სხივთ კონად,
(მადლი უფალს, ქართულ ლექსის
ჟრუანტელი მოიგონა).
მეც მსურს შენი სიბრძნის მტევანს,
მივაპკურო მადლ-მირონი,
კელაპტარად ვაბრიალო –
იმ საქმეთა საგმირონის...
გუშინწინ თუ... დღეს თუ... ხვალ თუ...
იყო, არის და იქნება!
ხელს ჩამავლებ, წამიყვან თუ...
იცი, ვინ ვარ!.. და ფიქრებად
ვულკანივით მაბობოქრებ
თუ ნისლივით გაფრინდება –
ეს სიცოცხლე... მიდის-მოდის,
მტკივა, მაგრამ არ მწყინდება...
რომ მუდამ შენ გემსახურო,
ვწერო ბოლო სუნთქვის ხმამდე,
ოღონდ შენ არ გამიჯავრდე,
ოღონდ ჩემო! – შენად გყავდე!!!
ჩვენ შენ უნდა გვიპატრონო,
ლექსებს ხელი ჩამიჭიდე,
მოარიდე ბოროტს, ავგულს,
ბოღმიანად მოქირქილეს...
მზის სხივი ვარ, ნამის წვეთი,
ღრუბლის თეთრი ქარავანი...
თუ შენ არა, მაღლა _ ღმერთი!
დაბლა ალბათ მყავს არავინ...
ვისაც ისე ვეყვარები,
რომ მაჩუქებს მზის მარმაშებს
და როდესაც არ ვიქნები,
ამ სხივებით ითამაშებს.
...როგორც ბალღი წარმოსახვით
აგებს ღრუბლის ციხე-კოშკებს...
სიზმარშიაც და ცხადშიაც,
მინდა ჩემი – ჩემად მქონდეს
სიტყვავ! _ მიწა, რჯული, წყალი,
ენა, გული, სისხლი, თვალი,
მზე და მთვარე, ზღვა და ტალღა,
პალმა, ქარი იალქანთან...
მოფარფატე თოლიები,
თევზი, ბადე და ძლიერი
ხარი, ქედი, მუხლი, მკლავი –
მძლე დავითის თუ თამარის –
სიბრძნე, სითბო, სილამაზე...
ასე შემდეგ... და ამაზე,
აღარ ვდაობთ... მიბრუნდები!
მეც ლექსებში მიმაქვს იგი,
წარსულ-აწმყოდ-მომავალში!..
შეეშველე, დროის ქარში,
რომ არ მოხვდეს, არ გაცუდდეს
ჩვენი ნატვრაც და წუხილიც...
თუმც სულ ნებადართულს მაძლევ,
მე მიტაცებს ის ხეხილი –
ხმელეთსა თუ ზეცის მიღმა,
იქნებ ვარსკვლავთ სიახლოვეს _
შენს იდუმალ ბაღში ხარობს,
ვერ გადავალ სადაც ღობეს!
_ ნუ, წუწუნებ! – მითხრა სიტყვამ,
_ ღვთის სამოთხე... ღვთის ტაძარი...
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო მოგიღობე!..
P.S. კვირტი ფეთქავს როგორც გული,
დედამიწა თრთის, ხმაურობს...
და დღეიდან მე და სიტყვა,
თქვენთან ერთად ვმოგზაურობთ!