ესკიზი
“ივლიანემ აღაპყრო მკრთალნი თვალნი, მიეყრდნო კედელს, ჩაიკლა სუნთქვა და – განაბა სული. ეს იყო იგი. თავახდილს ცის ქვეშ ტაძრის შუა გულს იდგა ახლად შვებული ქაფისაგან, ცივი, თეთრი აფროდიტა-ანადიომენა მთელი თავის ურცხვი სიტიტვლითა. ღმერთქალი თითქო ღიმილით გასცქეროდა ცასა და ზღვას, უკვირდა მისი მშვენება და ჯერ არ იცოდა, რომ იგი მისი საკუთარი მშვენებაა, ცასა და ზღვაში, ვით მარადს სარკეთა შორის აღსახული. საცმელის შეხება არ უარცხჰყოფდა მას. ასეთი იდგა იგი სრულიად უმანკო და მთლად ტიტველი, როგორც ეს მუქ-ლურჯი ცა, მის თავ-ზემო გადაშლილი. ყრმა უცქერდა მოწყურებული… დრო შეჩერდა. და იგრძნო მან უეცრივ, რომ ტანში თაყვანების ჟრუანტელმა გაურბინა, და დაეცა იგი მუხლებით აფროდიტას წინაშე: თავი მაღლა ასწია, ხელნი გულს მიიკრა. შემდგომ სულ ასე შორი-ახლო, სულ ასე კრძალვით, მისჯდა იგი სვეტის საფეხურს, თვალს არ აცილებდა მას, ლოყა შეეხო ცივს მარმარილოს. მყუდროება სულში ესვენებოდა. და მოერია მას რული, მაგრამ ძილშიაც გრძნობდა იგი ქალის სიახლოვეს: იგი ჩამოდიოდა მასთან ახლო და ახლო წვრილი, თეთრი ხელნი მას ყელს ეხვეოდნენ. ყრმა მიეცემოდა უვნებო ღიმილით უვნებო ხვევნასა” (მერეჟკოვსკ “ივლ. განდგომილი”)…
აი, რა იგრძნო ივლიანე განდგომილმა, ჯერ კიდევ უმწიფ ყრმამ, როცა მან პირველად იხილა მხიბლავი ქანდაკება მშვენიერ აფროდიტასი, ელლინთა გრძნეული მითოლოგიური წარმოდგენით აქაფებული ზღვის ტალღისაგან შვებულისა. ვნებით ადუღებული ქაფი სადაფში აბურთდა ნელინელ ღმერთქალის ვნებულ სხეულად; ვნებით აღძრული სხეული შეაჩერა შემოქმედმა ხელოვანმა და გამოჰკვეთა იგი ცივსა და თეთრს მარმარილოში. და უცქერს იმა სხეულს ყოველი რაღაც უცნაური გაღმერთებით, ვით ჭაბუკი ივლიანე, და გრძნობს მარმარილოში იდუმლად შვებულს სილამაზეს. აქ ჩამოისხა ელლინთა შემოქმედი გენია: მან გაგვიშალა, თუ როგორ ისხმის ვნებული სული მშვენიერ სხეულად; მან დაგვანახვა, თუ როგორ იშვის შეთამაშებული ხაოსი გარდამქმნელ ფორმაში. სხეული, როგორც გარეგანი სახე ყოვლის სულიერისა და ფორმა, როგორც გარდამქმნელი ძალა ყოველის ხაოტიურისა, – აი ელლინთა ღვთაებრივი ინტუიცია.
- და სწორედ ეს ელლინური ნიჭი, აფროდიტას მითში სახული, მიდგება თვალწინ, როცა შევცქერი რუსთაველის შემოქმედ მხატვრობას; აქაც სხეულის სულდგმულება, აქაც ფორმის გაღმერთება. შეხედეთ ნესტან-დარეჯანს! განა, ეს მხიბლავი ასული იგივე მატყვევებელი აფროდია არ არის?!. იგი უმანკო და ქალწულია, ვით ცივი და თეთრი ქანდაკება ღმერთ-ქალისა; იგი უვნებოა, ვით უძრავი მარმარილო, მაგრამ ვნების აღმძვრელი, ვით ტყვე მქნელი აფროდიტა. და შეჰფრფინავს მას ხომ მისი ტარიელი, სწორედ ისე, როგორც ყრმა ივლიანე შესტრფოდა მშვენიერს მარმარილოს: “პირისპირ მიჯდა იგი მზე, ვისთვისცა გული კვდებოდა, მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდა, სხვად არად მეუბნებოდა, თვალნი მოვსწყვიტნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა” (ტაეპი 467)
დიახ, “თვალნი მოვსწყვიტნი”, – ამ ორ სიტყვაში სავსებით იხატება ვნება ტარიელის ხელისა…
საკვირველია: მთელი ქმნილება რუსთაველისა სხეულის სილამაზით არის აღძრული, მაგრამ მასში არ მოიძებნება არც ერთი ხაზმოსმა, სადაც იჭრებოდეს ცხოველური გრძნობა. ერთი მხრით: ნდომით ფრენილი ოცნება და ტკბობით აღვსილი ნაღველი: “შორით ბნედა, შორით კდომა, შორით დაგვა, შორით ალვა” (ტ.12); მეორის მხრით კი სრული უარყოფა ცხოველური სქესისა: “იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი” (ტ.9)… და სწორეთ ესაა ელლინური გრძნობა სხეულისა. რუსთაველის ინტუიციით სხეული არ არის უბრალო ხორცი: იგი ცოცხალი სახეა სულისა, იგი თვითონ ხილული სულია… სწორეთ ისე, როგორც ფორმაში მოყვანილი მარმარილო: იგიც ხომ სულდგმულია მშვენიერებაში გაქვავებული ვნებითა… დიახ, სულდგმული მარმარილო – აი მხატვრული ქმნილება რუსთაველის მიერ გრძნეული სხეულისა!.. და, რასაკვირველია, ამგვარი სხეულის სიყვარული (რუსთაველის აზრით) უბრალო ცხოველობით ყოვლად შეუძლებელია. მაგრამ თუ ერთი მხრით უსულო სიყვარული უარყოფილია, მეორის მხრით, არც უსხეულო სიყვარულია შესაძლებელი: იგი არ არის განყენებული, უვნებო, ვით სიყვერული რომელიმე იდეისა; პირიქით, იგი ვნებულია, სისხლითა და ხორცით შესხმული. ხორცსხმული სული და სულდგმული სხეული, – აი, რას ეტრფის სიყვარულით ადამიანი. და აქ რუსთაველმა უკანასკნელი სიღრმით იგრძნო მქნეძალა ეროსისა, მსოფლიოს ცხოველმყოფელი: მძლავრად გაშლილი ფრთები, უსაზღვრო სივრცის გარდამლახავნი; ღრმად ჩაჭრილი ნაღველი, მშვენიერებით უკვდავებას ზიარებული… აქ მან ჭეშმარიტად პლატონურად იგრძნო სიყვარული… თუ სიყვარული უბრალო ცხოველობაა, მაშინ იგი არ არის ლამაზი, მშვენიერი; თუ იგი უსხეულო ვნებაა, მაშინ იგი არაა ცოცხალი, ხორცსხმული… იგი ერთსა და იმავე დროს მშვენიერი სულის სურვილიცაა და ლამაზი სხეულის წყურვილიც. მშვენიერი სული, ლამაზი სხეულისათვის ლტოლვილი, და ლამაზი სხეული, მშვენიერი სულისთვის ვნებული, – აი უშრეტი წყარო სიყვარულისა. და ასეთი სატრფიალო არსი ცივ სიმბოლოდ იჭრება სულდგმულ მარმარილოში, მარმარილო ლამაზი სხეულია, მაგრამ უძრავი, მკვდარი; სული ცხოველია, მაგრამ უსხეულო. მარმარილო სიცოცხლეს სულში ეძებს და იქმის სულდგმული ქანდაკება, სიმბოლო მშვენიერი სულის და ლამაზი სხეულის ხორციელებისა, იქმის ის გულისხმიერი და იდუმალი განცდა, რასაც პლატონი “მშვენიერებაში შვებას” უწოდებს; იქმის ნამდვილი სიყვარული… ასეთია რუსთაველის მიერ ნაგრძნობი ეროსი. ლამაზი სხეული, მშვენიერ სულით შვებული, ვნებული… “მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რადგან სულსა” (ტ. 1282); “სული ჩემი შეივედრენ, ზეცით მომხვდენ ნუ თუ ფრთენი” (ტ. 1279), – აი რასა სწერს მზის ასული ნესტანი ველად მისთვის გაჭრილს ტარიელსა…
დიახ, სიყვარული “შვებაა მშვენიერებაში” და სიყვარულით ანთებული ეტრფის მხოლოდ მშვენიერს, შეჰფრფინავს მხოლოდ ლამაზს… და რუსთაველი – მხატვარიც ჰქმნის ტყვემქმნელ სატრფოსა და წარმტაც მოტრფიალესა. ისარი ეროსის, ამ ვნების ღმერთის, მკვეთრია, ვით მოქნილი და მჭრელი ფოლადი; მაგრამ ამასთანავე იგი ცხოველ-მყოფელიცაა, ვით მბრწყინავი და მათბობი მზის სხივი… და აი, მზეს
გულუხვად აფრქვევინებს სხივებს რუსთაველი. მხატვარი დაშლის იმა სხივებს სამხატვრო ფერადებათ. მზე – ეს ცხოველ-მყოფელი ყოველის არსისა, რუსთაველის მხატვრულ გრძნობაში თვითონაც ცოცხალი არსია ცხოველი… როგორც ესთეტი რუსთაველი “მშვენიერების ცეცხლთაყვანისმცემელია”, და რადგან იგი მშვენიერება მზის სხივებით ცხადდება, ამისთვის ჩვენში მხატვარი მზის თაყვანისმცემელი გამოდის… როცა ზღვის ცხოველი სვეტი, ზღვაში ჩასვენებული, ლივლივა ტალღებში ტანს იბანს, მაშინ იქმის ლტოლვა, მაშინ იშვის ვნება. სხივი ჭავლ-გამჭვირვალე და ჭავლი სხივ-ათამაშებული, – აი ტრფობის ნაპერწკალი, აი ვნების ისარი… და რუსთაველიც, ჯადოსანი მშვენიერებისა, ყოველს მშვენიერს მზეს უწოდებს ან და მზეს ზიარებულსა… მზის ასული ნესტანი “მზესა სიტურფედ ეყოფის” (ტ. 1109); “ანუ მზე იყო ქვეყნად, ან მთვარე პირ-გავსებული” (ტ. 522); “მისთა შუქთა შვებანი ნათლად მადგის გულსაფენით” (ტ. 403); – ამბობს მისგან დამწვარი ტარიელი. “ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლი დღისისა: (ტ. 370), ასე ხასიათდება ნესტანის სილამაზე… და ტარიელიც მისი სიყვარულით შეჭირვებული, მზის ტოტის ნაკვეთია. იგი ემზგავსა “მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად” (ტ. 309); და ამბობს თვითონ: “მზესა მე ვჯობდი მშვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა” (ტ. 311); და მშვენიერი ნესტანიც, ქაჯეთს დამწყვდეული გრძნობს ამას: “მზე უშენოდ ვერ იქნების, რადგან შენ ხარ მისი წილი, განაღამცა მას იახლე, მისი ეტლი არ თუ წბილი! მუნა გნახო, მანდვე გსახო განმინათლო გული ჩრდილი, თუ სიცოცხლე მწარე მქონდა. სიკვდილიცა მქონდეს ტკბილი” (ტ. 1281). ნესტანი და ტარიელი შეხვდებიან ერთმანეთს და მგოსანი იტყვის: თითქო: “მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა” (ტ. 1396); და ამისთვის მოტრფიალეთა განშორებაც ძნელია: “რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს, მის მოყვრისა მოშორება კვლავ აბინდებს არ ადილებს” (ტ. 695). ან და: “მთვარე მზესა მოეშოროს, მოშორება განანათლოს, რა იახლოს, შუქი დასწვას, გაეყრების, ვერ იახლებს, მაგრამ ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს” (ტ. 811). და ტარიელ: “ლურჯათ სჩანს შუქი მთვარისა, მზისაგან შუქ ნაკრთომისა” (ტ. 1322)…
მზე ცხოველმყოფელია, სიცოცხლის მწვევი, – და მისი სხივნი ფერად ყვავილებად იშლებიან. და რუსთაველიც აღმოაცენებს მრავალფერ ყვავილთ, სიყვარულის ნარნარ გრძნობათა გამოსათქმელად. სიყვარული მისთვის სურნელოვანი ყვავილია და მისი თანმყოლი გრძნობანი სხვა და სხვა ყვავილნი: “ცხელნი ცრემლნი ასველებდა ნარგიზთაგანს ვარდსა ზრულსა” (ტ. 151); “ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია” (ტ. 240); “შესცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდის ფერად იანი” (ტ. 1125); “დაგსჯიდა დენა ცრემლისა, ნარგიზთა ნაგუბარისა” (ტ. 397); “არცა გახლიჩა ბაგეთად თავი ვარდისა კონამან” (ტ. 89); თვითონ სიახლოვეც ლამაზი სხეულის ყვავილოვან-სურნელოვანი “ეყნოსა (ავთ.) სული ალვისა. ქართაგან მონატაცისა” (ტ. 223); კიდევ უფრო ნარნარია ყვავილოვანი სიახლოვე ნესტანისა: “ალვისაგან სული მოჰქრის, ყორნის ფრთადათ მონაბერი” (ტ. 1286) რუსთაველმა ისიც კი იცოდა, რომ ყოველს ხმას თავისი ფერი აქვს: ავთანდილი ბრუნდება, შეხვდება ტარიელს, – და უკანასკნელს: “ხმა შაქრის ფერად გაუხდა ვარდსა, ხშირ-ხშირად პობილსა” (ტ. 1311).
რუსთაველის მიერ ქმნილის სხეულის ფერადობა ვარდ-ყვავილოვანია, ხოლო სხეულის ნაკვეთი ობოლი თვალია, თვითშობილი და არა ხელქმნილი ევა. და ამშვენებენ ერთი-მეორეს ყვავილი და თვალი… “ბროლსა და ლალს ამშვენებს მუნ ჩრდილი წარბ-წამწამისა” (ტ. 1483); “ბროლ-სადაფნი მარგალიტსა ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ” (ტ. 836); “თეთრთა კბილთა გამოკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი” (ტ. 135); “ზაფრანის ფერად შესცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან” (ტ. 946)…
ასეთია რუსთაველის მხატვრობა; მისი საგანი მხოლოდ და მხოლოდ ლამაზი სხეულია, ელლინური გრძნობით ნაგრძნობი. სხეული მშვენიერებით სულდგმული და მზის სხივებში ცხოველ-ყოფილი. და ამ სხეულის სიყვარული რუსთაველით ჭეშმარიტად პლატონურია: მოტრფიალეს უყვარს თავისი სატრფო, მაგრამ მისი ტრფიალი არასოდეს არ გადადის ცხოველურ ვნებათტკბობაში.
მშვენიერია ნესტანი: მსოფლიო მხატვრულ სახეთა შორის იგი გვერდს უზის ბეატრიჩესა და სოლვეიგს. მარტო მისი წერილი რად ღირს, ქაჯეთის ციხიდან ტარიელისადმი მინაწერი! ხოლო არანაკლებ მშვენიერია მისთვის ველად გაჭრილი ტარიელი: იგი ნამდვილი ვნებული დიონისია… მას უყვარს სტიქიური სიყვარულით ნესტანის სხეული. მას სწყურია მსოფლიო წყურვილით დაეწაფოს იმა სხეულს, რომ მასში დაიჭიროს მისი უხილავი სული, გადაექსოვოს და საუკუნოდ ესხეულოს მას, – და აი, სტაცებენ მასმშვენიერს ნესტანს, გადაჰკარგავენ მას ქაჯეთის ციხეში… და გაიჭრება ველად გმირი ტარიელი, და დაეძებს იგი მისთვის შობილს სატრფოს… გულისხმიერია მისი ველად გაჭრა! “საწუთრო და სოფელს ყოფნა, კაცი უჩანსო, ვით ნადირსა, ოდენ ხელი მხეცთათანა იარების, მინდორს სტირსა” (ტ. 680). ღრმა აზროვანი სიმბოლოა! სტიქიურად შეყვარებულს ტარიელს მხოლოდ ერთი რამ ახსოვს, მშვენიერი ნესტანი, მარტო მისი მოგონება აცოცხლებს მას, – და ცნობს რა, რომ იგი ამ სოფლითგან მოტაცებულია და სადღაც სხვა ქვეყნად გადაკარგული, თვითონაც სცილდება სოფლად ყოფნასა. “სევდათ მექცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე” (ტ. 625), – ეუბნება იგი ავთანდილს. ესეც ღრმა ჭეშმარიტებაა! მარტოობა მყუდრო ჩრდილია სიყვარულისა, რომლის ქვეშ ისვენებს სიყვარულით აძგერებული გული, – და აი, ტარიელიც სცილდება ყოველს, რომ მარტოობაში მხოლოდ ერთად ერთს ფიქრს ნესტანისაკენ გაფრენილს ეკუთვნოდეს; და თუ მან კაცი დაინახა, მისი სიახლოვე მას ნესტანის სიშორეს უცხოველებს, და შავი სევდა მოიცავს მას… ასეთია ტარიელი: იგი კაცს არ იკარებს… სტიქიურია მისი სიყვარული… ავთანდილი მიუტანს მას ნესტანის წერილს, და ხედავს, რომ მას “სულნი გაექცნეს”… დიახ, მისი სული სწორეთ რომ “გაქცეულია”, მის არსებითგან გამოსული და სადღაც სხვა ქვეყნად სხვა არსების მძებნელი… აი კიდევ შესანიშნავი სურათი! იგი ხედავს: ლომი ვეფხვს ებრძვის. მშვენიერი ვეფხვი “ვეფხის ტყაოსანს” ტარიელს ნესტანს აგონებს… იგიც გადაიჭრება და მოჰკლავს ლომსა, და, შემდგომ: “ხმალი გავტყორცე, გადვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა, მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა” (ტ. 891). ამას იქით სიყვარულის სტიქიონი ვეღარც კი წავა: ნესტანით აცხოველებული იგი ვეფხვს ეხვევა… ჭეშმარიტად შეპყრობილია ტარიელი ნესტანის არსებით, მისგან ესრე ჭირვეულია… იგი ნამდვილი ვნებული დიონისოა, დიონისოა, ეს წამებული ღმერთი, რომელიც სიკვდილში ნახულობს სიცოცხლეს, ეს ვნებული ზეარსი, რომელიც თვით ვნებაში ნახულობს
ერთგვარ ტკბობას; იგი მუდმივი მსხვერპლია და უკვდავი მსხვერპლის მწირველი: იგი თავს ივიწყებს, რომ ემპირიულ “მეს” გარე იპოვოს თავისი ნამდვილი თავი; იგი მსოფლიოს ერთვის თავდავიწყებით, რომ მის წიაღში მონახოს თავისი “ატამანი”: იგი მუდმივი შვებაა: გაქრობა და წარმოშობა: იგი ზღვის ალივლივებული ჭავლია, რომელიც ყოველ ფორმაში გადადის, მაგრამ არც ერთში არ ჩერდება; მასში თამაშობს ძველი ხაოსი, ჯერ კიდევ ფორმაში არ გარდაქმნილი: მასში ღვივის ბნელი ბუნი; კერ კიდევ გონით არ განათებული… და სწორედ ეგ დიონისური ვნებაა ტარიელის სიყვარული. იგიც მთვრალია სიყვარულის მსოფლიო გრძნობით, იგიც ვნებულია მისის სტიქიონით, იგიც თვალახვეულია მისი ბნედით, იგიც ხელია, შმაგი, გიჟი… და როცა ავთანდილი ნახულობს, იგი, განა ნამდვილს, მძინარე დიონისოს არ გვაგონებს?! ასე უყვარს ტარიელს ნესტანი. მაგრამ რუსთაველი ამ სიყვარულზე არ შეჩერებულა. მას სწადდა – სხვაგვარი სიყვარული გადაექსოვებია იმა სიყვარულს, და წადილი აღასრულა კიდეც: ეს არის სიყვარული ავთანდილისა და თინათინისა, რომელიც შოთამ მეგობრობით დაუკავშირა ტარიელისა და ნესტანის სიყვარულს. რუსთაველი აქ პირველი ხელოვანია, რომელმაც სიყვარულს საუცხოვო და თავშეწირული მეგობრობა წარმოაშობინა. მშვენიერია ტარიელი, ნესტანის სიყვარულით ველად გაჭრილი; მაგრამ არანაკლებ მშვენიერია ავთანდილი, ტარიელის მეგობრობით ნესტანის საძებნად წასული… ავთანდილს უყვარს თავის თინათინ, მაგრამ მას ტარიელიც უვარს: “იადონი მაშინ მოჰკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭკნაროს; ჰხამს უძებნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგნით აროს” (ტ. 749). და ავთანდილი, ეს ნელი და ნათელი იადონი, გარს ევლება და ცვარს უძებნის ტარიელს, ვარდსა უმზეოდ ჭკნობილსა. აქ ისახება მათი სხვადასხვაობა. თუ ტარიელი დიონისური ვნებით არის მთვრალი, ავთანდილი აპოლლონური მზეობით არის სხივ-შეჩერებული: იგი ფორმას აძლევს ტარიელის ვნებას; იგი თვალს უხსნის ტარიელის სტიქიონსა; და სიყვარულიც სხვადასხვა გვარია მათი: ტარიელის სიყვარული მთით მოხეთქილი ჩქერია, ხოლო ავთანდილის სიყვარული ზღვას ჩაშვებული მზის სვეტი. ამ მხრივ ავთანდილი ნამდვილი ბრძენია, რომელმაც კარგად იცის, თუ რა არის წარმავალი სოფელი და რა არის წარუვალი განგება, – და იგიც მიენდობა მხოლოდ და მხოლოდ განგებასა, რომელიც, მისი აზრით, მშვენიერებით გამარჯვებული სიყვარულია… მარტო მისი ანდერძი რად ღირს, რომელშიაც რუსთაველმა სავსებით გადმოგვიშალა თავისი სხივ-მოსილი მსოფლმხედველობა! და უყვარს რუსთაველს ავთანდილი ტარიელთან ერთად, უყვარს ავთანდილური სიყვარულით, იგი უცქერს მას, ნესტანის საძებნად გაჭრილს, უცქერს მას მომღერალს რომლის “სმენად მხეცნი მოვიდიან” (ტ. 947)… და ტარიელიც საუცხოვო პასუხს აძლევს მისთვის თავშეწირულ ავთანდილსა: “ვით მზე მთისა წყარომან, მორწყე ყვავილი ბარისა, დამწყვიდე დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარისა” (ტ. 1329)… ჭეშმარიტად გარდაქმნის ქვეყანას ასეთს მშვენიერებაში წარმოშობილი სიყვარული. ასეთია მშვენიერებით სულდგმული სხეული და მისი უზენაესი სიყვარული რუსთაველის შემოქმედებაში… იგი სხეული ლამაზი და იგი სიყვარული მშვენიერი, – და რუსთაველის ქმნილება მართლაც რომ სრულ-ქმნილია… სხეული ფორმაა ბუნებისა,
– და შემოქმედი, რომელიც სწვდება სხეულის სილამაზეს, ჰქმნის მომხიბლველ მხატვრულ ფორმასა. ელლინთა გენიამ იგრძნო უკანასკნელი სიღრმით იგი სილამაზე სხეულისა, და მან შეჰქმნა სრული ფორმანი ჯადოსნური შემოქმედებისა…
რუსთაველმაც იგრძნო იგი სილამაზე, იგრძნო ელლინური გრძნობით, და მანაც შეჰქმნა ყოვლად სრული მხატვრული ფორმა… ღვთაებრივი ხელოვანია იგი ფორმისა… ადამიანის ტრაღიზმს სხვათა შორის ისიც შეადგენს, რომ მისი შინაგანი განცდა ვერ ჰპოულობს შესაფერ გარეგან სახეს: ფორმა ძვირად ეთვისება შინა-არსა. იდეა თხოულობს სხეულ-სახეს, მაგრამ მონახავს იგი თუ არა იმა სხეულს, მასში სახე მისი მახინჯათ ეჩვენება, და ამსხვრევს იგი იმა სარკეს, და ეძიებს იგი ახალს სახეს. ღმერთი სახიერდება, მაგრამ სახე მისი ხშირად კერპად იქცევა და ერთხელ სათაყვანებელი ეხლა შერცხვენასა და ზიზღს იწვევს, – აი ერთგვარი ტანჯვა ადამიანის სულისა. ჭეშმარიტი შემოქმედი არის ის, ვინც იდეას სრულად ასახიერებს, ვინც ნამდვილ ფორმაში ასხამს შინა-არსა. რუსთაველი ამ მხრივ ნამდვილი შემოქმედია: მის აზრს სწორედ თავისი სიტყვა მოუნახავს, მისი სიტყვა სწორედ თავის ხორცში ჩამოსხმულა. რუსთაველი ბრინჯაოს ჩამომსხმელია და მარმარილოს მკვეთელი: ლექსი მისი ფოლადის მტკიცე ნაჭედია და მარმარილოს სრული ნაკვთი. დიახ, რუსთაველი სიტყვის მქანდაკებელია: თვით ბენვენუტო ჩელლინიც ვერ გამოჰკვეთდა მარმარილოში ისეთს სხეულის ნაკვთს, როგორიც არის რუსთაველის კეთილი სიტყვა და სხმული ლექსი… ჭეშმარიტად განსაცვიფრებელა რუსთაველის მადლიანი შემოქმედი ხელი… სწორეთ აქ არის რუსთაველი ნამდვილი გენიოსი… მაგრამ ამას “მაგრამს” უკეთებენ მრავალნი… ამბობენ: ეს მხოლოდ ფორმაა, შინაარსი კი გადმოღებულია, არაკი ნათარგმანებიო… ამ შენიშვნით უნდათ მოსპონ რუსთაველის შემოქმედებითი ორიგინალობა… მაგრამ სცდებიან და სცდებიან ძლიერადაც… არაკის აღება სრულიად არ სპობს მხატვრობის ორიგინალობას: პირიქით, მრავალ გენიოსურ ქმნილებათა არაკნი ხალხურ თქმულებათაგან არიან აღებულნი… ჰომიროს პოემანი თავითგან ბოლომდე ელლინთა მატყვევებელი მითოლოგიური თხრობანით არიან აღძრულნი და ამეტყველებულნი; არც ერთი მსოფლიო დრამა შექსპირისა არაკის მხრივ არ არის საკუთრად მის მიერ ნააზრი… მაგრამ ვის შეუძლია უარჰყოს ჰომიროსის ან შექსპირის ორიგინალობა და გენიოსობა! აქ საქმე სულ სხვა რამეშია… გენიოსი იღებს (და კიდევაც უნდა იღებდეს) ხალხთა მიერ საუკუნოებში ნაზრახს არაკს (მითს, ლეგენდას, ზღაპარს), მაგრამ იღებს არა როგორც მლექსავი მონა, არამედ როგორც თავისუფალი შემოქმედი: იგი ერთი მადლიანი ხაზმოსმით სრულიად სცვლის, ან უკეთ რომ ვთქვათ, სრულიად გარდაქმნის არაკსა… ავიღოთ მაგალითი! ბიბლიური მოთხრობით, ოროდეს ცოლის შთაგონებით მოითხოვს სალომე მოკვეთილს თავს იოქანაანისას; ხოლო ოსკარ უაილდის მხატვრული ინტუიციით, თვითონ უარყოფილი სალომე თხოულობს უარმყოფელის თავის მოკვეთას. ამით სრულიად იცვლება თვითონ აღმოსავლეთით აღებული არაკი ამ შესანიშნავი დრამისა. მეორე უფრო თვალსაჩინო მაგალითს ვაგნერის “ტრისტანი და იზოლდა” წარმოადგენს. მრავალი მხატვრული თქმულება უთხრობდა ტრისტანისა და იზოლდას სიყვარულს, მრავალი მგოსანნი აკვნესებდნენ ჩანგს ამ შეყვარებულთა ტრაღიზმითა; მაგრამ მხოლოდ ვაგნერმა შესძლო სამუდამოდ ჩამოექნა ეს მრავალჯერ თხრობილი არაკი… (იხ. ამის შესახებ ფრანგელის წერილი: ჟურნალი “აპოლონი”, 1909 წ.). ესევე ითქმის შესახებ გიოტეს მსოფლიო ქმნილების “ფაუსტისა”. რაღა შორს წავიდეთ: ავიღოთ “გველის მჭამელი” ვაჯა-ფშაველასი; ხალხური თქმით, მინდია მხოლოდ აქიმია, რომელმაც იცის სხვა-და-სხვა მცენარეთა უცნაური წვენი; ჩვენი მგოსნის ინტუიციით კი, მინდია – გულთმისანია და სულთამხილავი, რომელმაც იცის
ყოველი უსულოს ენა და უენოს სიტყვა; ამით თვითონ არაკი ხალხის გულისთქმითგან აღებული, – მგოსნის მიერ სრულიად გარდაქმნილია (იხ. ჩემი წერილი Рус Мысль-ში, აგვისტო, 1911). ასეთია სინტეტიური ძალა მგოსნური მქნელობისა! საზოგადოთ: ხალხი ჰქმნის საუკუნოებით რომელიმე თქმულებას, რომ შემდგომ, ან ბოლოს, მისმა ნიჭიერმა შვილმა საუკუნოდ განამტკიცოს იგი… ესევე უნდა ითქვას რუსთაველის შესახებაც: მას სრულიად უნდა გარდაექმნა აღებული არაკი, რადგან იგი ნამდვილი შემოქმედია… რუსთაველის ორიგინალობის მოწინააღმდეგენი მხოლოდ მაშინ იქნებოდნენ მართალნი, თუ იმას დაამტკიცებდნენ, რომ “ვეფხის ტყაოსნის” ამბავი, რუსთაველამდე თხრობილი და შემდგომ რუსთაველის მიერ ვითომ “ნათარგმანები”, თავის დამახასიათებელ მუხლებში უცვლელია და განმეორებული… მაგრამ ამას ვერასოდეს ვერ დაამტკიცებენ, რადგან ფორმა რუსთაველის ქმნილებისა არ არის უბრალო “გალექსვა” უკვე ქმნილისა, არამედ შემოქმედი ენერგია გარდასაქმნელისა…
ვეფხის-ტყაოსანის არაკი, რუსთაველამდე თხრობილი, ეს მხოლოდ ცივი მარმარილოა, რომელიც მქანდაკებელს სრულს ფორმაში ჩამოუსხამს: იგი ფორმაა, რომ სულს უდგამს მარმარილოს, უძრავსა და მკვდარს; თორემ თავისთავად იგი უბრალო ნივთიერების მეტს არას წარმოადგენს.
ასეთია რუსთაველის ქმნილება! რვა საუკუნემ საშინელი სისასტიკით გადაურბინა მას თავს, მაგრამ ვერარამ შესძლო მისი დამსხვრევა: იგი ამაყ სალ კლდეთაა ამართული, რომელსაც ტყვილა ასკდება ქაფმორეული ტალღა დროთა ულმობელი ტრიალისა… რვა საუკუნის განმავლობაში ქართველობა სწორეთ ამ სასწაულმოქმედი ქმნილებით იდგამდა სულს. იგი ხომ უზენაესი გამოთქმაა ქართველთა გენიისა. და აი, ქართველობაც ნახულობდა მასში თავისი სულის ყოველნაირ გამოძახილს: ტანჯვას და შვებას, გმირობას და სიყვარულს, ტარიელობას და ავთანდილობას… და მისგან ცხოველყოფილი, იგიც, ქართველობაც, ცოცხლად ინახავდა “ხელის-ხელ საგოგმანებელ მარგალიტს”: ცალ ხელში ხმალი ეჭირა მტერთა მოსაგერიებლად, მაგრამ მეორე ხელში კალამი ეჭირა, რომლითაც იგი თაობიდან თაობას გადასცემდა იმა ქმნილებას და მით იცავდა მას გაქრობისაგან… დიახ, რუსთველით იქმნებოდა ისტორიული ტრადიცია საქართველოს სულიერი მთლიანობისა: საქართველოს სული რუსთაველის გენიით განაგრძობდა სიცოცხლეს… ამით თვითონ რუსთაველიც ცხოველი და უკვდავი რჩებოდა ქართველში… დღეს კი ბნელი ბურუსი გვიდგას წინ და საშინელი ფიქრი მოიცავს სასოწარკვეთილს სულს. ვაი, თუ რუსთაველი, ისედაც ობოლი, კიდევ უფრო დაობლდეს და გახდეს მხოლოდ საისტორიო მასალად: მოდიოდეს ვინმე უცხო ფილოლოგი და ჩვენ ნანგრევებში ეძებდეს ცხოველმყოფელ სიტყვას, რომლითაც რუსთაველი ველად გაჭრილ ტარიელს ლექსს უმღერდა… ნუ იქმებინ ესე!