...წვიმა ნაღვლიანად შემომსისინებს, არემარე შავ ბურუსს მოუცავს, ქარი სევდის მომგვრელი ზუზუნით დაქრის ტიალ მინდორში, ხან გიჟური ხარხარით დაეტაკება მინდვრის ბოლოში გადმოყუდებულ ცხვირპირ დამსხვრეულ კლდეს, ხან დაჭრილი ადამიანის კვნესით გაეკვრება მინდორსა და ტირის, ტირის, და მე კი მგონია, რომ სადღაც შორს, ჩემი გულის ერთ-ერთ კუნჭულში ვიღაც უცნობი, მაგრამ ძალიან მახლობელი, უხილავი, მაგრამ მუდამ განუშორებელი ადამიანი მიმჯდარა იქ და მწარედ, მწარედ ქვითინებს-მეთქი, ხან შორდება ქალაქის განაპირას, მიდის შუა ქალაქში და იქ - “ჟესტის” სახურავზე გაწოლილი - სტვენს, საზარლად სტვენს.
მეგობარო! შენ სად ხარ ამ დროს? სწორედ ამ დროს, როცა წვიმა ასეთ ნაღვლიან ხმაზე მღერის თავის სიმღერას, როცა ქარის ღმუილი ჩემსავე გულში ჩამჯდარი ადამიანის ქვითინი მგონია. როცა არემარე ასეთი შავი ჯანღით არის მოცული, სწორედ ამ დროს მჭირიხარ მე შენ!
მაშ სადა ხარ, სადა, შენ, ჩემო მეგობარო?
ღამდება. შავებში გახვეულმა ღამემ გააკეთა წრე და ყოველი მხრით აწვება ჩემს ოთახს. ის მოდის, თანდათან უახლოვდება მას, კიდევ რამდენიმე წამი და ჩემი ოთახი უკუნეთ ბნელში ამოყოფს თავს. დაღამდება. ყველა ოთახებში გაიღიმებს მხიარული სინათლე. ოჯახი ბედნიერი თვალებით შეხედავს თბილ კერას, გუზგუზა ცეცხლი ტკაცუნით გამოეხმაურება ადამიანებს. ქმარი ალერსით ჩახედავს თავის ცოლს თვალებში, ცოლიც თამამად გაუსწორებს მას თვალს და პაწია, უცოდველ ბავშვს გულში ჩაიკრავს - შეეშინდება, ქმარმა არ გამომტაცოს ხელიდან ეს ბედნიერებაო, ძუნწი რამ არის დედა! იმას ქმრისთვისაც კი შურს შვილის ალერსი, იმას არავინ უნდა მოზიარედ ამ საკუთრებაში... ეჰ, გაიყავით. გაიყავით, გეთაყვა, თქვენი სიმდიდრე, ნუ ხარბობ შენ, ბედნიერო დედავ, შვილი შენია, ვერავინ წაგართმევს! რა გენაღვლება მამაც მიეალერსოს თავის შვილს?.. შენ იმითაც ბედნიერი არა ხარ განა, რომ ერთხელაც რა არის, ერთხელაც არ მოგძულებია შენი შვილი, და მე კი ვიცი დედა, რომელსაც არა ერთხელ წამოცდენია მომაკვდინებელი ცოდვა:
- რა უბედურ დღეზე გამიჩნდი შენ!..
შენ ამბობ, ამის მთქმელი დედა ჩამოსახრჩობიაო. ეჰ, კეთილო ადამიანო, ასე უცბად ნუ გაასამართლებ ადამიანს! განა იმას კი არ უყვარდა თავის შვილი? განა იმას კი არ უნდოდა ჩაეკრა ის გულში? განა იმას არ ჰგვრიდა ტანში ნეტარების ჟრუანტელს, როცა მისი პაწია თავის პაწაწკინტელა ხელებს მოუფათურებდა სახეზე? განა ის არ ჩაშტერებია თავის შვილს თვალებში, დიდხანს, ღრმად არ ჩაშტერებია? განა ამის შემდეგ არ დაკონებია ის თავის შვილს და მხურვალე კოცნით არ ამოუწმენდია იმის თვალები? ოღონდაც, რომ კი, ბედნიერო დედავ, მაგრამ... მაგრამ, როდესაც შენ მხურვალე კოცნით თვალებს წმენდ შენ შვილს, როცა შენ იმის ხელების ფათურზე ნეტარების ჟრუანტელი დაგივლის და თავ-დავიწყებით ჩაეკონები შენ შვილს, ამ დროს ნეტარების ღიმილი გიქრის ბაგეზე, შენ დღესასწაულობ და ის კი სწორედ ამ დროს, ასეთ შემთხვევაში ტირის... ტირის დაკარგულ ქალწულობას, ტირის ადამიანის შეურაცხყოფას, ტირის შეგინებულ გრძნობას, შელახულ დედობას, ტირის რომ... ის უკანონო დედაა! თუ სადმე ადამიანის ცრემლი იკრებს თავს, თუ სადმე შეურაცხყოფილთა და დამდაბლებულთა კვნესა არის შეგუბებული, - იქ ბედკრული დედაკაცის ცრემლსა და კვნესას საპატიო ალაგი ექნება დათმობილი, და თუ ოდესმე აივსო ეს “მოთმინების ზღვა”, თუ ოდესმე გადმოლახა ის მაღალი კედელი, რომელსაც ადამიანის გულცივობას და გულქვაობას ეძახიან, მაშინ დააკვირდით, ვინც მოესწროთ ამ ბედნიერ დღეს - ერთ-ერთი იმ ძლიერ ნაკადულთაგანი, რომელიც იმ დროს გადმოხეთქავს, იქნება დედაკაცის ცრემლი, ის იქნება მდუღარე, რომელიც სხვა ნაკადულებთან შეერთებული ყველაფერს მოსწვავს დედამიწაზე და ნიადაგს მოუმზადებს ახალ ცხოვრებას... დიახ, დიდია, დიდი, უსამართლობის დანაშაული ქალის წინაშე!.. დიახ, უკანონო დედაა ის დედა, და მოიცა, კეთილო ადამიანო, უცბად ნუ ასამართლებ დამნაშავეს! კარგი მსაჯული მხოლოდ ის არის, ვინც ბრალდებულისთვის მეტ გამამართლებელ საბუთებს ეძებს, და მე არ მინდა, რომ კარგი დედა ცუდი მსაჯული იყოს...
დიახ, დაღამდება... შეყვარებული ადამიანი აიღებს წმინდა ფოსტის ქაღალდს და ზედ ლამაზად გამოხატავს: “ჩემო ძვირფასო №, №!” ერთს დაფიქრდება: შეიძლება უფრო მეტის გამომხატველი სიტყვებით დავიწყოო. იფიქრებს, იფიქრებს და ისევ დატოვებს პირველ ფრაზას. ის მისწერს თავის სატრფოს წერილს, მხურვალე ალერსით სავსე წერილს, ჩადებს შიგ თავის გრძნობას, თავის სიყვარულს, თავის სულსა და გულს, აუწერს, თუ როგორ იტანჯება უიმისოდ, როგორ ჩაეკონება გულში, როცა შეხვდება, თუ რა მოუთმენლად მოელის იმ სანატრელ წამს, როცა ისინი... ეჰ, ვინ იცის, რამდენ სისულელეს დასწერს სიყვარულით გატაცებული ადამიანი!.. მე თუმცა არტისტი არა ვარ, მაგრამ ხანდახან ძალიან გამიტაცებს ხოლმე როლი. და აი, ამ სისულელის წყალობით ერთ საღამოს, როცა, როგორც დღეს, წვიმა ნაღვლიანად შემომსისინებდა ფანჯარაში, როცა არემარე შავი ბურუსით იყო მოცული, როცა ქარი გულმოკლულად ზმუოდა არემარეში და მეგონა, რომ ის ჩემ გულში ჩამჯდარი, ვიღაც უცნობი, მაგრამ ძალიან მახლობელი, უხილავი, მაგრამ განუშორებელი ადამიანი ქვითინებს-მეთქი, ასეთ საღამოს უცბად ჩემი თავი წარმოვიდგინე შეყვარებულად, მივუჯექი სტოლს, რომელიც - დამჭირდებოდა, საწერი სტოლის მაგიერობას მისრულებდა, დამჭირდებოდა - საჭმელისას და ღამ-ღამობით კიდევაც ვწვებოდი ზედ, მივუჯექი ამ სტოლსა და ერთ ნაცნობ ქალიშვილს მივწერე მხურვალე წერილი. არა, კვეხნად ნუ ჩამომართმევთ და ბევრი ვერ დასწერს ასეთ წერილს, ეს ნამდვილი პოემა იყო, მაგრამ თურმე უმთავრესი გამომრჩენოდა, დამვიწყებოდა იმის მიწერა, ბლომად მიჩხრიალებს თუ არა ჯიბეში გროშები, და ამის გამო ღირსეული პასუხიც მივიღე:
- როგორ ბედავ, შე ბრიყვო! - აი სიტყვა-სიტყვით პასუხი ჩემს წერილზე.
ეჰ, მართლაც რომ ბრიყვი ვარ, - აქ რა მოსატანი იყო ეს სულელური ამბავი!
ჰო, დაღამდება... შეყვარებული გაათავებს წერას, ჩადებს კონვერტში, დააწერს ადრესს და თვალებ-მიბნედილი დიდხანს, დიდხანს დარჩება ერთ მდგომარეობაში. არც რამეს ფიქრობს, არც რამეს გრძნობს. არ ესმის, რომ წვიმა ისე სევდიანად სისინებს, თითქოს შემოსვლას იხვეწებოდეს, არ ესმის ქარის ზუზუნი და არც ჰგონია ის მის გულში ჩამჯდარი ადამიანის ქვითინი! ბედნიერი შეყვარებული!..
იმას სრულიადაც არ ახსოვს ეხლა, რომ გარეთ, ამ სიბნელეში, ამ ცივ დარში, ერთი ფარაჯაში გახვეული ბებერი დადის და დროგამოშვებით თავის მსხვილ-თავიან ჯოხს არაკუნებს ქვა-ფენილზე... არაკუნებს და თვის ბოლოს გაეღება კარები, იმას მისცემენ რვა მანეთ-ნახვარს კაკუნისთვის...
არა, არ შემცდარა ის ჩემი “სატრფო”, მართლაც რომ ბრიყვი ვარ, აბა ერთი მითხარით, რა ედარდება ბედნიერ შეყვარებულს, რომ ქუჩაზე ვიღაცა ბებერი აკაკუნებს!
დაღამდება... ყველა ცდილობს შეძლებისდაგვარად ბედნიერად იგრძნოს თავი, ყველა ცდილობს რაიმე ამბებით გაართონ, დაამშვიდონ ნერვები, ბებია ათასნაირად აუწერს შვილი-შვილებს ნაცარქექიას ეშმაკობას და მეც ვცდილობ, მეც მინდა რაღაც...
მეგობარო, შენ სადა ხარ ამ დროს?
მეც კაცი ვარ, ღმერთმანი! მეც ისეთივე ხელები მასხია, როგორც სხვებს, მეც ისევე ვლაპარაკობ და დავდივარ, როგორც სხვები. ამიტომ მეც, როგორც სხვებს, ხანდახან მომინდება ხოლმე, რომ შეყვარებული ვიყო, ვიჯდე სადმე ბაღის ბნელ კუნჭულში, გვერდში ვინმე ნაზი არსება მყავდეს, მეალერსებოდეს, მეტიტინებოდეს სხვადასხვა სისულელეს, სხვადასხვა არ არსებულ საგანზე, რომლებიც ისე ბლომად ფუსფუსებენ შეყვარებულების ბედნიერ თავში... მეც მინდა მყავდეს მეგობარი, ერთგული საიმედო მეგობარი, აი ისეთი, რომელიც, როცა წვიმა შემომსისინებს ნაღვლიან სიმღერას, როცა არე-მარე შავ ბურუსშია გახვეული, როცა ტიალ მინდორში ქარი ღმუის და მე კი მგონია, რომ ჩემ გულში ჩამჯდარა ვიღაც და მწარედ, მწარედ ქვითინებს-მეთქი, - რომელიც ამ დროს მოვა ჩემთან, მხარზე ხელს ჩამომადებს, გამამხნევებს და მეტყვის:
- მეგობარო, ეს წვიმა, ეს ქარი დროებითია! გამოვა დარი... იმედი და სულ იმედიო!
დიახ, მეც კაცი ვარ, ღმერთმანი!.. მაშასადამე, მეცა მაქვს გრძნობა, - წინააღმდეგ ჩემ ნაცნობთა და ნათესავთა, მე საქვეყნოდ ვაცხადებ, რომ მეცა მაქვს დარდი და მერე რა დიდი დარდი!..
როცა ერთმა ჩვენმა დიპლომიანმა მეზობელმა თავის განათლებულ გონებაში განსხვავება ვერ ნახა თავის ცოლის ზურგსა და “დარაბანდს” შორის და დილიდან საღამომდე ყური გამოგვიჭედა ამ ახირებული “დარაბანდის” ხმით, მთხოვეს:
- შენ მაინც არაფერი დარდი გაქვს, კაცო, დაგითხოვენ ალაგიდან თუ არა - შენთვის სულ ერთია, ცოლი არ გაწუხებს და შვილი, მაშ მოდი და დასწერე რამე ამის შესახებო!
მე დავამტკიცე, რომ ეს არ იყო ჩემთვის სულ ერთი. მკითხველმა იცის, რომ არაფერი დამიწერია და არც დავწერ, არც დავწერ... ის ექიმია, იმას უმაღლესი სასწავლებელი გაუთავებია, ის ცოლს სცემს, ის გავლენიანი კაცია, ის მომერევა, არა, არ დავწერ, არ დავწერ... დაე, სცემოს თავის ცოლს, დაე, მთელი ღამეები გამიტეხოს საცოდავი ქალის ქვითინმა, დაე, იყვიროს ბატონმა დიპლომიანმა, მე არ დავწერ, არ დავწერ!.. სრულიადაც არ მინდა ამ ჩაზამთრებაზე გამიძახონ კარში! დაე, რაც უნდა ქნას მის ოჯახში, ის თავის სამფლობელოშია, თავის დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ეს უფლება მას კანონმა მიანიჭა, მე არ მინდა შევეხო უფლებას!
თქვენ მხდალნი ხართ, თქვენ ყველაფერი გაშინებთ, თქვენ გეზიზღებათ მისი საქციელი, მაგრამ მაინც გინდათ მისი ხელის ჩამორთმევა, იმიტომ რომ ის ექიმია, ის დიპლომიანი, გავლენიანი კაცია... და ისიც გინდათ, რომ სხვისი ხელით ნარი მოგლიჯოთ!.. თქვენ, ბატონებო, კურდღლები ხართ, რომელთაც წყალში გადამხტარი ბაყაყიც კი აგიტეხთ გულის კანკალს და მე კი მაქეზებთ, - არა, არ დავწერ, არაფერსაც არ დავწერ!..
“დაწერე, დაწერე”!.. მიბრძანდით და დაწერეთ, თუ ასე გაღელვებთ უსამართლობა! ალიას დარდი ფლავიაო და ალიასაც ფლავი უნდა მოენახა, თუ ის შეადგენდა იმის სადარდელს... ჩემი დარდი ეხლა ჩემი ოც-მანეთიანი ალაგია და იმისთვის ვწუხვარ... ჰო, ხომ დავამტკიცე, რომ მეც მქონია დარდი? იმედია, შემდეგში აღარ გაიმეორებთ მაინც მაგას. ხომ ხედავთ, რა ნაღვლიანად სისინებს წვიმა; ხომ ხედავთ, რა გულსაკლავად ზმუის ქარი ტიალ მინდორში?.. ეს მე მაფრთხილებენ:
- არ შეცდე, ალაგი არ შესწირო, თორემ ჩვენი კერძი შეიქნებიო!..
არა, არ დავწერ, არაფერსაც არ დავწერ!..
ჰო, მეც კაცი ვარ, ღმერთმანი!.. და მეც მინდა, რომ ალაგი შემრჩეს, არ დამეკარგოს, მეც მინდა ვიცოცხლო და ვიარო ამ ქვეყანაზე, მინდა ჩავყლაპო წმინდა ჰაერი, მინდა ლოგინზე დავწვე და სტოლი გავანთავისუფლო. დიახ, მინდა და კიდეც მივაღწევ ამ მიზანს. დღეს არაფერს დავწერ ბატონ ექიმზე, ხვალ გავუჩუმდები საზოგადო მოღვაწეს, რომელიც ფულს უგალობს ჰიმნს, ზეგ იუდა ისკარიოტელს ვეტყვი “რეჩს”, დავლევ იმის სადღეგრძელოს და შიგ შუა ტუჩებში ვაკოცებ. მეც თქვენსავით მოვიქცევი, მეც თქვენსავით ვივლი და აღარ მომაქცევენ ყურადღებას? დიახ, ასე მოვიქცევი, ვინაიდან ადამიანს სჭირია სიცოცხლე, სჭირია სასუნთქავი ჰაერი, სჭირია ჭამა-სმა...
მეგობარო, შენ სადა ხარ ამ დროს? რატომ არ გამამხნევებ, რატომ არ შემომიდგები მხარში, რატომ არ შემიმსუბუქებ მძიმე ტვირთს, რომელიც ვიკისრე?.. რატომ, ჩემო მეგობარო, რატომ? განა ამ გზაზე შემდგართ არა ჰყავთ უთვალავი მეგობრები? მაშ, რატომ მე გგონივართ გამონაკლისი? რატომ მე შევადგენ გამონაკლისს?
წვიმა ნაღვლიანად შემომსისინებს, არემარე შავ ბურუსს მოუცავს, ქარი სევდის მომგვრელ ზუზუნით დაქრის ტიალ მინდორში, ხან გიჟური ხარხარით დაეტაკება მინდვრის ბოლოში გადმოყუდებულ ცხვირ-პირ დამტვრეულ კლდეს, ხან დაჭრილ ადამიანის კვნესით გაეკვრება მინდორსა და ტირის, და მე კი მგონია, რომ სადღაც შორს, ჩემი გულის ერთ-ერთ კუნჭულში, ვიღაც უცნობი, მაგრამ ჩემი ძალიან მახლობელი, უხილავი, მაგრამ მუდამ განუშორებელი ადამიანი მიმჯდარა და მწარედ, მწარედ ქვითინებს-მეთქი.
მეგობარო! შენ სად ხარ ამ დროს?