დარბაისელი - მერია და ოჯახის მამა.
მიმაგრებული საყელური უფარავს ყურებს.
მშვიდი თვალებით უერთდება ოცნების ყურეს
და ქოშებიდან გაზაფხულის ეღვრება გამა.
მას არ იზიდავს ვარსკვლავები, არც ზეცა ართობს,
არც - მელოდია ხეივანში მგალობელ დასთა,
ან მობიბინე მდელოს რა აქვს საერთო მასთან?
მუსიე პრუდომ ერთ რამეზე ოცნებობს მარტო:
სურს ქალიშვილი მიათხოვოს, ეღირსოს საშველს,
მდიდარ, ღიპიან ბოტანიკოს მუსიე მაშენს.
რაც შეეხება ლექსის მწერლებს, მათთან ავია -
ამ უქნარა და მაწანწალა ხეპრეთა ურდოს
უფრო ვერ იტანს, ვიდრე თავის ქრონიკულ სურდოს.
და მის ქოშებზე გაზაფხულის ვარდნი ყვავიან.