Litclub.ge

ეს სიყვარული გავდა ბავშვობის
ეს სიყვარული გავდა ბავშვობის
დროინდელ ზაფხულს, აგარაკს, ნიავს
რაღაც უწინდელს, რასაც დავშორდი – 
ხეებზე ღამეს, მთვარეს და ქლიავს. 
წყაროზე წასვლას, დასუსხვას ჭინჭრით
ზღაპრებს ბუხრის წინ, საუბრებს გვიანს
და როგორ მტკივა, და როგორ მიჭირს,
როცა მკვდარია და თვალებ-ღია 
ეს სიყვარული, ოდესღაც წიწკვი,
ნაძვის ახალი წიწვივით ბასრი,
სურნელოვანი შუადღის სიცხით
და ნაძვის ჩრდილში მოსული აზრით: - 
“რომ შენ მიყვარხარ” და რომ ეს გავდა
მინდორში დევნას ფრინველის ჩრდილის,
თეთრ პერანგს გასვრილს ბალახით, ანდა
მუხლებზე სისხლს და მშობლების ჩივილს. 
ეს სიყვარული ცივ წყაროს გავდა,
პეშვით რომ ვსვამდი და წყურვილს კლავდა,
რომლითაც იმავ ჭრილობებს ვბანდი
სულსა და სხეულს, მუხლთან და მკლავთან. 
და სული ჩემი სიყვარულს ამას
ყველაზე მყუდრო სახლივით გრძნობდა,
აივნებიდან ხედავდა ლამაზს – 
მზის ჩასვლასა და ამოსვლას სოფლად. 
ეს სიყვარული უმთავრესს გავდა,
თვითონ სიყვარულს, სხვა ყველა განცდას
მას ვადარებდი – ცოლივით მყავდა
დასავით მყავდა, ძმას ვგრძნობდი მასთან. 
ახლა კი მხოლოდ ხსოვნაში დამრჩა,
რამაც დამტოვა. წავიდა. არ ჩანს.