დგება ჩქარი შემოდგომა
ქარებით და წვიმებით.
მზე ღრუბლებში იფარება
ფერმკრთალ გამოღიმებით.
და ზოგი კი უდარდელად
მისცემია ოცნებას -
ვაფიცებ მზეს, ვაფიცებ მის
სინდისს, პატიოსნებას,
რომ გარშემო ფოთოლთა ძვრა
და ქარის სისინია,
მრისხანე ცა ჩამოეშვა,
მას კი დაუძინია...
შეტაკებათ მოლოდინის
ზარია და ვაება,
რომ მსოფლიო უეცარი
დღის ხლართებში გაება.
დიპლომატსაც ხანა უდგას
ჟრჟოლისა და ცახცახის,
ძველი ჩანგი აუღია
და ზედ წყნარად დასძახის.
აქ ძაღლი და მამაძაღლი
გაიძახის: "გამიშვი!"
საშიშია ატმოსფერო,
ის კი მაინც არ იშლის.
მსხვერპლს თანდათან უსწორდება
შხამიანი ობობა.
ახლო არის არნახული
ომის ავადმყოფობა.
ყველაფერი აირევა -
შეიცვლება დროება.
ცხადია, რომ თავს წამოყოფს
მხეცის ურწმუნოება.
დგება ჩქარი შემოდგომა,
გარს სიცივეს მიმოკრებს.
კოლონიებს მწარედ სცივათ
ვით არ ამოიოხრებს?
ვიცი, ვიცი ეს წინასწარ:
სახრჩობელას თოკებით
გაიშლება დიდი სივრცე -
ველი და ხრიოკები.
აჰ, სიტყვები! რა ქსელია!
რა ცივი და ლიტონი, -
მაგრამ ქსელში იგი მტერი
გაებმება თვითონვე.
გაუფრთხილდით ჩვენი ქვეყნის
მოკეთეს და მეგობარს,
ჩვენი ქვეყნის - ახალ ბედის -
მჭედელსა და მეომარს.
ასეთია ძველი ქვეყნის
ბნელი, მღვრიე სათავე.
აი, სულ რაც უნდა მეთქვა,
მორჩა, მე დავამთავრე.
1940