Litclub.ge

თვალებით თვალში
ფიქრნი ისვრიან უნელებელ
ელვათ ტბორებას.
ხომ შეიძლება იყოს ქვეყნად
ნამდვილი მითი.
კვლავ იძაფება წამით მაინც
თვალთ დაშორების
შეუძლებლობა საშინელი,
ცივი მაგნიტი.
ყალყზე დამდგარნი
სისხლიანი
დაჯახებისთვის
უფრო და უფრო, და უფრო ღრმათ
თვალები თვალში!
წამითი წამით დაეძებენ
მომენტს შებმისთვის
ორი გიგანტი, ორი რისხვა
გაურღვევ რკალში.
თვალებით თვალში! ერთნი ხედვენ
ნათელს, სხივმოსილს,
ძლევამოსილი და ამაყი
მიმავალ გზებით,
მეორენი კი სისხლიანს და
შავს, დამპალს, წარსულს,
ბრჭყალებიან მხეცს, შეშინებულს
მზის მონათებით.
თვალებით თვალში...
და შეიბნენ! ზრიალებს მიწა!
ზრიალებს მიწა და ცახცახებს
სამყაროიცა,
შეიგნე: აჰა, სამყაროს მთელს
ეს ატრიალებს,
კიდით-კიდემდე, ციდან ცამდე
ბზრიალებს მიწა.

1934