Litclub.ge

* * * თუმც ცოცხალი ვარ...
თუმც ცოცხალი ვარ,
არა მჯერა, რომ სული მედგას,
ჩემი ცოდვა მას,
ვინც მომიხმო ასეთი მტერი,
ბედითი მტერი,
ცუდი მტერი: სიკვდილის ნატვრა!
ექიმო, გული
ძველებურად თუმც ისევე ფეთქს,
დაკარგული აქვს
ძველებური სიმრთელის ფერი,
ეს ყველამ იცის,
მაგრამ ამბობს: სიმღერით დათვრა!
ათასი ჭირი გავიარე,
ექიმი, ჩქარა!
უხარბო იყოს,
პირმართალი, მისანდობელი,
ოსტატი ჩქარი,
უნუკვარი და არა ზანტი
და უიმისო
თუ იქნება, მაშინ იარამ
დეე, ძაღლივით
დაღრღნას ჩემი დღე და სოფელი,
უბრალო მუმლმა
წააქციოს მუხა გიგანტი.
ო, ჩემი გული
იყო მტკიცე ციხე-ქალაქი,
ბუნება ტანის
იყო მისი მცველი ძლიერი.
ასაოხრებლად
მოდის მათზე ურიცხვი ჯარი.
მტერი - ეს არის
ათასგვარი ცხოვრების ჟანგი,
წამალი ჩემი
ბუნებისა, წამალი მწველი
ცხარე ომის დღეს
სანდობარი არის აბჯარი.
ექიმი მინდა,
ვით მეაბჯრე და ამხანაგი,
რომ სიკვდილს ხელთგან
გამოსტაცოს პოეტის ჩანგი!

1934