როგორც ხანდახან ნივთს ეძებ დიდხანს,
ნივთი კი თვალწინ ყოფილა თურმე -
გადამაჩვია ლექსების კითხვას
ამ ხმაურობამ ჯოჯოხეთურმა.
სიბერის ხანა გულს ეპარება
და ნათელ დღეთა ჰქრება ფიცხობა,
მას ხან ეშმაკი გადეფარება,
ხან სასიკვდილო გულმავიწყობა.
ამ წამს უხილავს ვადარებ თივთიკს,
არ შემიძლია, რომ ხელი ვახლო...
თუმც სიხარულიც, როგორც ის ნივთი,
არსებობს ახლო, სრულიად ახლო.
1933