Litclub.ge

მთვრალი მტარვალის სიკვდილი
შენ არ გინახავს კაცის ღიმილი,
შურმა და მტრობამ ისე მიგიდნო,
შენი ცხოვრება და სამძიმილი
არის ეს ქუჩა და სამიკიტნო.

შენი ცხოვრება არის ეს ძაღლი,
რომელიც ჰკვდება ცივი, ბებერი.
მისთვის არ არის ამქვეყნად სახლი,
არც კარებია შესაღებელი.

შენი ცხოვრება არის ეს ბუჩქი,
ჩამოფლეთილი ყოფნის კარამდის,
სადაც სიკვდილი და სადაც ჭუჭყი
განუშორებლად მიდის მარადის.

შენი ცხოვრება, - ეს შემოდგომა,
არასდროს აღარ დაეზამთრება.
აცივდა და შენს მახლობლად დგომა
არავის ეხლა არ ენატრება.

შენი ცხოვრება ღონემიხდილი
არის ტალახი, ბოსელი, ქართა,
რისთვის გაშინებს, მითხარ, სიკვდილი,
თუ არვინ მოვა სიკვდილის გარდა?

ვიცი, თუ როგორ გადუხარხარებს
მთვრალი მტარვალი სიკვდილის ხველას:
შენი ცხოვრება არვის ახარებს -
შენი სიკვდილი ახარებს ყველას!

1931