ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
არა თუ წლები გადეშვა ტყდომად,
წამიც კი გატყდა და რეკავს ცხარედ...
ნუ მიატოვებ ლექსს უთვისტომოდ -
დროის, ეპოქის და სივრცის გარეთ!
ბევრი მიეცა ტალახსა და ლექს,
ბევრის ნაბიჯი არის ტაატი...
დრო, დრო აღნიშნე! მოაწერე ლექსს -
ეს წელიწადი, დღე და საათი.
არა თუ წლები გადიქცა ტყდომად,
ყოველი ლექსის ყოველი პწკარი
არის გაჭრილი კლასობრივ ომად,
არის ეპოქის დროშის ქვეშ მდგარი.
ეპოქა არის ნამგლის, ქურების,
ეპოქა, რამაც ძველი შეთოკა,
ეპოქა ძველის განადგურების,
ინდუსტრიული დროის ეპოქა.
არა თუ წლები გადეშვა ტყდომად,
წამიც კი გატყდა და რეკავს ცხარედ...
ნუ მიატოვებ ლექსს უთვისტომოდ -
დროის, ეპოქის და სივრცის გარეთ!
1931