Litclub.ge

* * * მეტეორიტის, ბოლიდის ან მთვარის ნატეხის...
მეტეორიტის, ბოლიდის ან მთვარის ნატეხის
დედამიწაზე ჩამოვარდნას ჰგავს ერთი გრძნობა,
რომელსაც რღვევის, კატასტროფის და გადატეხის
წყურვილით სავსე ჩემი გული ელის, ენდობა!
სახელოვანი და სანაქებო და უფრო მეტი,
როცა გრგვინავდა, ამხანაგებო, ცხრაას ჩვიდმეტი,
აი, ეს იყო მართლა ხავერდი მუსიკის ხმათა
და არა ვერდის ან „რიგოლეტო“ ან „ტრავიატა“.
მე თვითონ მახსოვს: ქუჩაში ბრძოლა, თეატრში - ტაში,
იქ ბარიკადის ტყვიების ქროლა, აქ - ერმიტაჟი.
დღემდე ვერ ვითმენ იმ გულის წყრომას: სისხლში ნაბანი
იბრძოდა ქუჩა, აქ კი მღეროდა შალიაპინი!
რა გული უნდა გიძგერდეს, ნეტა, რომ იმნაირ დროს
მღერდე „რომეო და ჯულიეტას“, „კარმენს“, „ფიგარო“-ს?
მღერდე პათოსით და ისიც იმ დღეს, - როს კრემლს თოვიდან
ასდჲუმიანი ზარბაზანი სცემს ლეაორტოვიდან!
ორკესტრი ამ დროს სხვაგვარად მღერის და თუ იქნება,
ისევ იმავე რიჰარდ ვაგნერის იყოს მიგნება:
დასცხრეს ორკესტრი, რომელიც გვართობს მსუბუქ გართობით,
მუსიკამ სხვა ხმა უნდა აღმართოს მილიარდობით!
იყოს იმ რიტმის ბგერა ზღვაური ხმობით საჩინო,
ბერლიოზმა რომ ქუჩის ხმაურში აღმოაჩინა.
არა ლაჟვარდი, თოვლი და ციგა ან ბგერა მშვიდი -
რევოლიუციონურ კლასის მუსიკა, მუსიკა დიდი!
გადასხვაფერდა მთა და ტაიგა, ველი და ბინა -
რად გვინდა თქვენი ბალალაიკა და მანდოლინა?
(არ ვნანობ: ცხრაას ჩვიდმეტი წლიდან ოპერის მკრთალი
არ მომნატვრია თქვენი „უნდინა“ და „პიკის ქალი“).
ვლადიმირ ილიჩს სჯეროდა რიტმი - შრომის საწყისი
და საათობით თვრებოდა თითქმის ოცნება მისი,
როს ბეთჰოვენის სონატაში ის ჰგრძნობდა ბევრჯერა
საფრანგეთის დიდ რევოლიუციის მუსიკის ბგერას.
მარსელიეზა, რომელიც ჰხევდა წყვდიად რუტინას,
მედგარ ბრძოლისთვის რომ ამხნევებდა და სძრავდა რკინას
ინტერნაციონალი, რომელიც ქარხნის გულიდან ტოკავს,
აი - როგორი მუსიკა უნდა ეხლა ეპოქას.
მეტეორიტის, ბოლიდის და მთვარის ნატეხის
დედამიწაზე ჩამოვარდნას ჰგავს იგი გრძნობა,
რომელსაც რღვევის, კატასტროფის და გადატეხის
წყურვილით სავსე ჩემი გული ელის, ენდობა!
ჩვენს თვალწინ გაკრთა სულ სხვაგვარად სასტიკი ერა,
მისი სახელი იყო: დიდი მსოფლიო ომი.
რას გუგუნებდა მისი დიდი გრიგალის ბგერა,
ვის სჭირდებოდა ისევ იგი გზა, - სისხლის მდომი?
მანამდე კიდევ უბოლოოდ უსაზღვრო სარკე,
სარკე სივრცისა იყო ხანა მრავალ ანთების
და ნაწილები ათასგვარი ჰქროდენ ცალცალკე
მსოფლიო მნგრევლის და მსოფლიო დიდ გიგანტების.
მათი შეკრება სათითოოდ სწყუროდა მხატვარს -
დირიჟორს - რომელს ეწოდება ჩვენი ცხოვრება.
რა მოფრთხილებით, რა სათუთად ჰკრებდა ამ ნატვრას,
როგორ სწყუროდა მისი მზე და სწორ-უპოვრება.
მხატვარი ნაწილთ უბოლოო სივრცეში ტრიალს
ამჯობინებდა დაჯგუფებას, ერთად მოკრებას.
ის გამოუდგა ნაწილების გრგვინვას და გრიალს -
ის დაეწია ურაგანულ აბობოქრებას.
შებოჭა, შეჰკრა და გალესა ნაწილთა ზვავი,
ამღელვარებულ ზვირთთ მიწოლით გრიგალივით მწირ
გზად დააყენა ორ მოსისხლედ შავად მბორგავი
და ორი სახე საშიშარი დასდგა პირისპირ.
საშინელება! ისევ იგი საშინელება!
ერთმანეთისთვის სამუდამო ზიზღით უშორეს
მათი თვალების უნდობელი მწარე ცხელება
შესცეცებია სასიკვდილოდ ერთიმეორეს.
საშინელება! განწირული ასე გახელვით,
დასაბამიდან დღევანდლამდე თუ ასე - ოდით,
მათი თვალები სავსე არის უმძაფრეს ღელვით,
მათი თვალები ინგრევიან მომავალ შფოთით.
გალესილ ალით შეაცივდენ თვალები თვალებს.
ო, რა წამია! თვალი თვალში როგორ ეფლობა,
ერთი მეორეს სასიკვდილოდ როგორ აწვალებს
თვალთ დაშორების სამუდამო შეუძლებლობა!!
ფიქრნი ისვრიან უნელებელ ელვათ ტბორებას,
არ შეიძლება იყოს ქვეყნად ნამდვილი მითი,
მაგრამ ეს სხვაა... წამით მაინც თვალდაშორების
შეუძლებლობა, ცივი, მაგნიტი.
ყალხზე დამდგარნი სისხლიანი დაჯახებისთვის,
უფრო და უფრო და უფრო ღრმად თვალები თვალში,
წამითი-წამით დაეძებენ მომენტს შებმისთვის...
ორი გიგანტი, ორი რისხვა გაურღვევ რკალში.
თვალები თვალში! ერთნი ხედვენ ნათელს, სხივმოსილს,
ძლევამოსილნი და ამაყნი მიმავალ გზებით,
მეორენი კი სისხლიანს და შავს, დამპალს, წარსულს,
ბრჭყალებიან მხეცს, გაცოფებულს მზის მონათებით.
თვალები თვალში! და... შეიბნენ!! მიწა ზრიალებს,
ზრიალებს მიწა და ცახცახებს სამყაროიცა.
შეიბნენ: აჰა, სამყაროს მთელს დაატრიალებს
კიდით - კიდემდე, ციდან - ცამდე ზრიალებს მიწა!!
მეტეორიტის, ბოლიდის ან მთვარის ნატეხის
დედამიწაზე ჩამოვარდნას ჰგავს ერთი გრძნობა.
ეს იყო რღვევის, კატასტროფის და გარდატეხის
წყურვილით სავსე ჩემი გული რომ მიენდობა.
კიდევ რამდენი გავიარეთ დრო უჟამური,
შავებში იყო გახვეული ათასი მუშა,
ყოველი ქუჩა ფერი იყო წითელ კამურის
და მდუმარებდა ყოველ სახლის ყოველი შუშა.
როგორ არ მახსოვს ამ ქალაქთა ცხრაასცხრამეტი,
განადგურებულ-დამსხვრეული სივრცე და ფერდი.
იმ ცხოვრებიდან არ გადარჩა არც მესამედი,
მომგონებელი დღეთა იმათ მე არ ვარ ერთი.
და ანთებული მღელვარებით განაგრძობს იგი
საშინელ დღეთა სასმენელად მძიმე მოთხრობას:
იყო საღამო გაზაფხულის. პატიმართ რიგი
ვიწრო საკნებში განიცდიდა ბორკილის გრძნობას.
გათავდა დათვლა, შემოწმება საღამო ხანის,
გვიან კი ისევ შემოგვესმა ფეხთა ხმაური,
იარაღთ ჟღარუნს მოჰყვა ხველა მრავალთაგანის,
ციხისთვის რაღაც უსიამო და უცნაური.
უცებ გაიღო კამერების ყველა კარები
და ყველას გულში უეცარი შეშფოთდა გრძნობა.
„შენ, ეი, - ამბობს მოძალადე, - რას ეფარები?
მეორევ, შენაც აქ გამოდი, შენაც, ზაგლობა“.
და მთელი რიგი მოგვესმოდა ნაცნობ გვარების.
მე გადავხედე ჩემს ამხანაგს უნებურ კითხვით:
- რაშია საქმე? ჰა, ჭრიალი ჩვენი კარების -
და ჩემი გვარის დაძახების მრისხანე სიტყვა.
რაშია საქმე? დაძახება ასეთი მწარე...
გამოძახება დარაჯისგან არ არის ტკბილი:
ასეთნაირ დროს თუ გეძახის მხოლოდ სიმწარე,
ასეთნაირ დროს თუ გეძახის მხოლოდ სიკვდილი.
მაშინვე ვიგრძენ! ყველაფერი ვიგრძენ მაშინვე,
რომ არა სიტკბოს, არა სითბოს და მოფერებას,
არამედ საქმეს ამზადებდენ რაღაც საშინელს
და მისი ძნელი ფერი ედო ციხის დერეფანს.
ნახევრად ბნელი დერეფანი, ცივი ღუმელი,
იარაღთ ჟღარუნს სხვანაირი მიეცა ხმობა
და საშინელი, საშინელი ღამის დუმილი
გულში დაჰქროდა, როგორც დარდი და უდროობა.
აქ საიდანღაც გამოვარდა ჟანდარმი ძველი,
ავსილი იყო მისი სახე დაცინვით მკაცრით,
თვრამეტი კაცი ჩვენ ერთბაშად შეგვბოჭეს ყველა,
ერთიმეორეს გადაგვაბეს ორ-ორი, ბაწრით.
ათასი ფიქრი, უცნობლობა გულს აწუხებდა
და მოძალადე, გადასული უგრძნობლობაში,
ჩვენს შეკითხვაზე: „სად მიგყავართ?“ გვიპასუხებდა:
„განთავისუფლებთ“ ან „მიგიყვანთ სხვა შენობაში“.
ხელებშეკრულნი, გაყინულნი, ჩაცმულნი ცუდათ
ციხის ეზოში გაგვიყვანეს ორად, ცალცალკე.
თვით ციხე, ზეცა და ქვეყანა გარშემო სდუმდა,
სახეში გვცემდა ყინვის სუნთქვა, და სივერაგე.
„მშვიდობით, ძმებო!“ - უცებ ციხემ დაიგრიალა,
ყველა კედლებმა ყოველი მხრით ხმას მისცა ბანი.
„მშვიდობით, ძმებო!“ - ათასი ხმის ისმის ზრიალი,
ყალხზე დამდგარა მთელი ციხე და დერეფანი.
მშვიდობით! მაგრამ... რა მოხდება? განა ჩვენ ვიცით,
რაშია საქმე, სად მივყევართ, ან რა იქნება?
თვითეულს ჩვენგანს უცემს გული ძველი სიმტკიცით,
განა ჩვენ ვამბობთ? გული ამბობს: „მშვიდობით, ძმებო!“
„ხვალ თქვენც იქ წახვალთ!“ - ემუქრება ციხის უფროსი
ყველა სარკმლიდან მრისხანებით მაცქერალ კრებას.
ციხე ბობოქრობს: „ო, იუდა! ო, გამცემელო!
არაფერია, არაფერი!.. მშვიდობით, ძმებო!“
კიდევ დაგვსინჯეს, ხომ მაგრად ვართ შეკრულნი ბაწრით?
მე ერთს ჯარისკაცს ვერ ვივიწყებ - სახე გულწრფელი
უთამაშებდა რაღაც სულ სხვა გამწირველ აზრით...
იმის თვალთაგან ჩემს ხელებზე ვიგრძენი ცრემლი.
„საით მივყევართ? დასასჯელად?“ - ჯარისკაცს ვკითხავ,
მე ვგრძნობ იმის „ჰო“-ს და მის ცრემლებს მოხეთქილს ღვარად.
კეთილო გულო, გავიფიქრე, ამ გაუკითხავ
ხალხისგან ბევრი ნადგურდება... მაგრამ, ამგვარად?
მაგრად გაბაწრულს ხელებს სისხლი, ვგრძნობ, რომ ეცლება,
თავით კოჭამდე გამყინველი რბის ჟრუანტელი,
სიცალიერის და სიკვდილის მძლავრი შეძლება
ჩემს წინ ანათებს, როგორც დიდი შავი კანდელი.
ვხედავ გენერალს... იგი თითქო მაწვდის პაპიროსს
(ო, როგორა ჰგავს თვითონ იგი ამ მღვრიე ღამეს),
პაპიროსს მალავს ისევ მალე და იმავე დროს
მწარე დაცინვით ეხლა პირში მაჩრის კარამელს.
შემდეგ... მივყევართ კარებისკენ გულცივ ჯალათებს,
ციხის ალაყაფ-ურდულების ისმის ჭრიალი,
უკანასკნელად ციხე მაინც არ გვიღალატებს,
„მშვიდობით, ძმებო“, - კვლავ სიმწარით დაიგრიალა.
ჩვენ გაგვატარეს ალაყაფი. შემოგვეხვია
საძულველ ღამის სიწყვდიადე, როგორც ობობა.
აი ადგილი, - სადაც მხოლოდ ქვა და რეხვია,
მწირი მინდვრები, ორმოები, უნაყოფობა.
აქ გაზაფხულზე თხრიან თიხას, სწვავენ აგურებს.
ახსოვდეს ყველას: ამ მიწაზე მოგვკვლავენ მტრულად
და მშენებლობის დრო როდესაც დაისადგურებს,
ჩვენი სიცოცხლეც შიგ მარხია თითო აგურად.
და გავიფიქრე: აი, ბინა უკანასკნელი,
ადგილი, სადაც წამის შემდეგ გველის დახვრეტა.
თვითეულ წამში შენამდე სცემს ათასი წელი,
საბედისწერო ორმოების მწარე დახვედრავ!
მთელმა ცხოვრებამ წინანდელმა თვალწინ იალა -
ბავშობამ, დედამ, ადგილებმა ჩემის ყრმობისა.
სულ უბრალო რამ: მეგობრებთან ღვინის ფიალა,
სულ უმნიშვნელო: ბილიკები შემოდგომისა!
და გამახსენდა სუსხიანი გიორგობისთვე,
როსმე განვლილი უდაბური ჩვენი სერები.
სანთლისღერებად ჩარიგებულ ოქროობისთვის
სალამურებად სისინებდენ ჩალისღერები!
გარეულ იხვზე მეოცნებე და სულწასული
ჰყეფდა ბათურა, დასერილი ჩალის ფერებით,
ყვითელ პარკებში აბრეშუმად ცახზე ასული
სულ სისინებდენ, სისინებდენ ჩალისღერები.
მზის ჩაგორებას ფერი ედო უცხო სურნელის,
ჭილოფის ქუდით მახსოვს ჩალა და ნამქერები,
როგორც თითები მომაკვდავის განუკურნელის,
ნერვიულობდენ ჩამომხმარი ჩალისღერები.
კვლავ გამახსენდა ვეფხის ლეკვის იქ თამაშობა.
მე არ ვესროლე, და პირიქით, მას ვეფერები.
კვლავ გამახსენდა დიდებული ჩემი ბავშობა
და მშვენიერი, მშვენიერი ჩალისღერები.
ოცნება გაწყდა... ჩქარა მივალთ და მაინც გვცივა,
ჩვენ ხომ ჩაცმულნი ვართ უბრალოდ, თანაც ქარია,
არ ვიცი, გულში სხვა იმედი რამ გააღვივა,
ხელის გახსნა მსურს: ბაწარი კი კვლავ მაგარია.
ო, გამწარებავ! ჩვენ მივედით დახვრეტის ადგილს,
იმედის მსგავსმა რამემ გულში მაინც ინათა..
რისი იმედი? ცხედარი რომ მიწიდან ადგეს?
დახშულია ხომ სამუდამოდ გზა იმ ბინათა?
შევჩერდით. ეხლა ჯალათებმა იწყეს მზადება.
ჩვენ, როგორც ღამით მშიერ მგლებით მორტყმული ჯოგი,
ერთად შევქუჩდით, ამაოა თავგამოდება,
თავის დახწევას სიკვდილისგან თუ ფიქრობს ზოგი.
ახლო და ახლო, უფრო ახლო მოდის კონვოი,
ორმოსთან, სადაც გარინდებით სდგას თვითოული,
ისევ ქარი ჰქრის, შუაღამის გულცივი დროა,
ორმოს სიღრმეში დარჩენილა ჯერ კიდევ თოვლი.
გინდა იყვირო! გინდა კვნესა, აქაქანება.
ამ შუაღამით არავისი არ არის შველა
და „დაიჩოქეთ!“ - რომ გაისმა ცივი ბრძანება,
იელვეს ხმლებმა, ძვლები სხლტიან და კვნესის ყველა.
და მე ვიგრძენი, რომ უეცრად გაყინდა ძარღვი,
მე აღარ მახსოვს არაფერი - რა მოხდა შემდეგ...
გრიგალი იყო, ყრუ ჰაერი რომ გაარღვია,
თუ მხოლოდ სროლა - რომლის მსგავსი არ ვიცი დღემდე?
რამ გადამაგდო ბნელ ორმოში? ბევრჯერ მინახავს
საშინელი დღე, მაგრამ გრძნობა არ დამკარგვია
და აქ კი გრძნობადაკარგული ვიყავი დიდხანს...
ინტერნაციონალის მძლე გუგუნმა გამომარკვია.
პირველად ვიგრძენ, წითელ თოვლში ვიწექ გულაღმა,
ვიგრძენ, რომ გული ცოცხალია, ცემათ მნაკვთავი.
ამხანაგები მაწვენ თავზე ყველა მოკლული,
ყველა მოკლული, ყველა სისხლში, ან მომაკვდავი.

1930