ციკლიდან „პაციფიზმი“
შესდგა ცხენი.
მზეზე ბზინვა ბზიფის,
ღელვად მისდევს
ყვავილების ბიბინს.
მაჭახელის -
მცნობი მუსაიფის,
მონადირეც
მისდევს ბზიფის კიბეს.
ფერადია
სამოსელი ბზიფის -
ხოხობივით
მშვენიერი დიბის.
ცისარტყელათ
შუა, იმა კიბეს,
სდგას ირემი...
ხედი ხიბლავს ბზიფის.
სურნელება
ლბილი თივის თიბვის -
აი რაა
დილა მზიურ ბზიფის.
და მტევნების
სულ მწიფეზე მწიფის
მსგავსებაა
ჩუქურთმები ბზიფის.
ჰანგი ესმის
ბზიფის სიირიბეს -
დოვლათისა,
არა სიღარიბის.
1930