Litclub.ge

საღამოს ძილი
ყოველთვის ფხიზლობს ოთახში სარკე
და საგნებს თვლემა რომ მოერევა,
ყველაფერს ხედავს, მაგრამ ვერ არკვევს,
რომ გარინდული დრო მორევია.
იპოვნის სარკე სინათლის მისხალს,
ააციმციმებს ვარსკვლავს მოგონილს
და ისეთივე შუქ-ჩრდილებს ისხამს,
ბინდის ოთახში ცხოვრობს როგორიც.
მძინარენი კი ტოვებენ სახლებს.
უკვირს სიზმარში გადასახლებულს -
გაღვიძებისას ხელს რომ ვერ ახლებს,
ვერც გაიხსენებს ხილვას ახლებურს.
დრო ძილ-ღვიძილში თანაბრად გადის,
პარალელურად, გზებით სხვადასხვით,
მთავრდება დღე და იწყება დარდი
ჩამავალი მზის სისხლის გადასხმით.