Litclub.ge

მაჰმადიანთ გაქრისტიანება
შემოგვიერთდნენ თუ არა ბათომის მაზრის მაჰმადიან ქართველები, ზოგიერთებმა იმთავითვე ქადაგება და დამტკიცება დაიწყეს, რომ ყველაზე პირველად ჩვენ ის მაჰმადიანი ქართველები უნდა მოვნათლოთ, გავაქრისტიანოთო; მხოლოთ როცა მოინათლებიან, მაშინ შეიქნებიან ისინი ნამდვილ ჩვენ მოძმეებად, მხოლოთ მაშინ ქრისტიანობას შეუძლიან ამათი დამშვიდება და ჩვენთან მოთავსებაო.
ამ დღეებში მივიღეთ ჩვენ ახლად ქართულს ენაზე გამოცემული წიგნი მღვდლის სიმეონ ბეგიევისა, სახელად “პოლემიკური საუბარი მღვდლისა ინგილოთ ეფენდისთან”. მთელი ამ წიგნის აზრი არის, დაამტკიცოს, რომ ქრისტიანობას უპირატესობა აქვს მაჰმადიანობაზედაო, ჩვენი სახარება სჯობიან თქვენს ყორანსაო, ერთის სიტყვით, ვისაც სააქაოს კეთილი ცხოვრება ჰსურს და საიქაოს ცხონება, უნდა ქრისტიანი იყოსო და ამიტომ ჩვენებურ მაჰმადიანებს ურჩევს გაქრისტიანდითო. ავტორი პირდაპირ ასახელებს ინგილოებსა და ბათომის მხარის მაჰმადიან ქართველებს, – ამათთვის დავწერე ეს წიგნიო.
მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი უმაღლესი მთავრობა ამ აზრის არ არის. იმას კარგათ ესმის, ქადაგება, ლაპარაკი და ცდა, რომ მაჰმადიანი ქართველები გააქრისტიანონ, ვნების მეტს, არაფერ სიკეთეს არ მოიტანს.

ახლადდაპყრობილ საქართველოს ნაწილში უიმისოთაც გავრცელებულია ცრუ ხმა, რომ რუსები ძალათ გაქრისტიანებას გვიპირებენო, და ახლა რომ მართლა ჩვენ იქ ქრისტიანობის ქადაგება დავიწყოთ, ხელში სახარება მივაჩეჩოთ და ამ “პოლემიკურ საუბრის” მსგავსი წიგნები, ისინი, უეჭველია, დარწმუნდებიან, რომ რასაც ამბობდნენ, მართალი ყოფილაო, მართლა გაქრისტიანება ნდომებიათ ჩვენიო. და რა მოქმედება ექმნება ამგვარ ხმის გავარდნას მაჰმადიან ქართველებში, ამის გამოცნობას ბევრი ჭკუა და მახვილგონიერება არ ეჭირება; ჩვენ დარწმუნებული ვართ, პირველი შედეგი ამისი ის იქნება, რომ ვინც დარჩენილან ჯერ კიდევ თავის ქვეყანაში, ისინიც ოსმალეთისაკენ გარდაიხვეწებიან.

ვერ გაგვიგია, რად ზრუნავენ ეს ზოგიერთი პირები ასე ერთგულად, ასე წინდაუხედავათ, რომ ყველაზე პირველად სარწმუნოებას შეეხონ, რჯული გამოუცვალონ მაჰმადიანებს? იქნება ქრისტიანობა უფრო წინწამწევია კაცობრიობის ცხოვრებისა, უფრო ეთვისება ეხლანდელ განათლებულ დროის მოთხოვნილებასა და სწავლას. მაგრამ განა მარტო სარწმუნოებაზედ, რჯულზედ არის ახლანდელი კაცობრიობის ცხოვრება დამყარებული? განა არ შეიძლება კაცი ანუ ხალხი არც ქრისტიანი იყოს, არც მაჰმადიანი, არც კერპთთაყვანისმცემელი, მაგრამ კარგი კაცი ანუ კარგი ხალხი იყოს, კარგს განათლების გზაზედ დამდგარი და ცხოვრებაში ყოველმხრივ წარმატებული?

ჩვენი აზრი ეს არის, რომ ქადაგებას და ცდას ამგვარ შემთხვევაში არავითარი სიკეთის მოტანა არ შეუძლიან. გაქრისტიანებას კი არ უნდა ვცდილობდეთ ჩვენ ახლა ბათომის და სხვა მაზრების ქართველ მაჰმადიანებისა, არამედ, თუ გვინდა, რომ იმათი გული მოვიგოთ, თუ გვინდა, რომ იმათის მხრით თანაგრძნობა და სიყვარული დავიმსახუროთ, რომ კარგ, სასარგებლო რუსეთის ქვეშევრდომებად გავხადოთ, ყველაზე პირველად იმათ გაჭირვებული ეკონომიური მდგომარეობა უნდა გავაუმჯობესოთ, სიღარიბე შევამციროთ, უმერცება მოვსპოთ, სკოლები გავმართოთ, ძმური სიყვარული და შემწეობა აღმოვუჩინოთ ყოველ საქმეში, სწორ, ნამდვილ გზაზე დავაყენოთ ცხოვრებაში, კარგი მოსამართლე და ადმინისტრატორები დავუყენოთ და სხვ. და სხვ.

სარწმუნოების საქმე სინდისის საქმეა, რა ჩვენი საქმეა – ვინ როგორ სარწმუნოებას აღიარებს, ვინ რა რჯულის არის? რა რჯულიც ჰსურს, იმ რჯულზე იყოს; მხოლოდ კარგი, პატიოსანი კაცი იყოს, მშრომელი და თავისთვის და ქვეყნისათვისაც სასარგებლო. თვითონ ჩვენი მაღალის და უზენაესის მოძღვრის იესო ქრისტეს სიტყვაა, რომ რჯული არ შეიქმს კაცს, არამედ საქმეო.

ურიგო არ იქნება, რომ ამ ქრისტეს სიტყვებითა და ზემოხსენებულ მოსაზრებით იხელმძღვანელონ ყველა იმათ, ვისაც ბათომის მაზრის ქართველ მაჰმადიანებთან ექნებათ საქმე.

1880

ილია ჭავჭავაძე. თხზულებანი, ტომი XV: “ილიას ფონდი”: თბილისი, 2007, გვ. 167-169.