ციკლიდან „პაციფიზმი“
იყო საღამო სუსხიანი,
ჩუმი, ფარული,
ელექტრონებით გააჩაღეს
მდუმარე კლუბი.
სხედან, ბაქარას თამაშობენ
სულგანაბული,
მაგიდასთან სდგას ხან ერთი, ხან -
მეორე ჯგუფი.
აქ თვითეული მხოლოდ ჩუმი
მოქალაქეა,
აქ თვითეულის გულში ერთი
ფიქრი ტრიალებს.
ნაბადდაკარგულ კარებს აღებს
ძველი ლაქია,
მუნჯ საკიდებზე ეს კარებიც
ნელა სრიალებს;
ფანჯარა, ფარდა და დარაბაც
ყრუა და წყნარი,
ფეხის ხმას ახშობს ხალიჩები
და ნოხი ხშირი;
ისევ გველური მიპარებით
იღება კარი
და დემონივით ამ ლექსების
შემოდის გმირი.
გმირი - როგორი! მოიარა
მრავალი მხარე,
ბევრი იდუმალ კვალში სდევდა
და ვერ მისდია,
იგი ხან ერთს და ხან მეორე -
მუდამ ელვარე -
ნიღაბს ატარებს! - გაიცანით:
პაციფისტია.
როცა მსოფლიომ დაჰკარგა ჭკუა
და ძირს დაჰქანდა,
გამარჯვებული დადგა ბურჟუა
და აქაქანდა:
„უკანასკნელი არის ეს ომი,
უკანასკნელი!
განა ვისმესთვის ვართ
ცუდის მდომი -
ასე ვართ ბნელი?
არა! ომისთვის გამოგვყავს სოლო
და ვიწვევთ ტომებს,
რომ სამუდამოთ მოეღოს ბოლო
ყოველგვარ ომებს!“
თავის მტაცებლურს
და ბოროტ ზრახვას
ფარავდა ასე -
თანაც ლესავდა უნდობარ ლახვარს
სისხლიან ქვაზე.
და ერთხელ კიდევ მწარედ დაღონდა
ნათელი აზრი
მასსის, რომელსაც ერთს გადაჰქონდა
ომის სიმკაცრე.
„დავაარსოთო, სჯობს, ერთა ლიგა -
აწ დროა, მგონი!“
სიტყვებს ჩაურთავს შიგა და შიგა
ვუდრო ვილსონი.
გვიან არის, ჩადგა მთვარე,
ღამის ყრუ საათია,
კლუბში მაინც გადამთვრალი
ხალხის მასლაათია.
მასლაათი? არა, ისმის
მხოლოდ კიცხვა, გინება.
- სამუდამოდ ისე როგორ,
როგორ ჩამეძინება...
არ ვიცვლი ფეხს ჟენევიდან,
ღმერთმა დიდხანს მამყოფა,
სანამ თვალით არ ვიხილო
ასეთ დროის დამხობა.
- არ მოვიცვლი ფეხს ქვეყნიდან,
მე არ მიყვარს ხუმრობა,
სანამდე კი შემრჩენია
ჩემი აზნაურობა.
- არ ვიცვლი ფეხს ჟენევიდან,
დროა გულმოშხამული,
სანამ ჩემად მიმაჩნია
ღირსება და მამული.
- არ მოვიცვლი ფეხს ქვეყნიდან
არასოდეს, ბიძია,
რაკი ერთხელ გენერლობა
ჩემთვის შენ მოგიცია.
- სანამ ხატი კი არსებობს,
სანამ ჩემი ტაძარი...
ჩემი სკიპტრა და ოლარი,
ჩემი ქვეყნის ნაცარი.
არ მოვიცვლი ფეხს ქვეყნიდან
არასგზით და არასდროს.
გადაჰკარით! ღმერთმა მრავალს
კიდევ მრავალს დაგასწროს!
როგორ მწარე არის ღვინო,
ალბად წყევლამ უწია,
ღმერთო, დასწვი და დაამხე
ცოდვის რევოლუცია!
- მაშ ეს ღმერთმა გაუმარჯოს
კოხტა ქოთანს, რომელიც
გორავს, გორავს და მიგორავს
მუდამ დაუდგრომელი,
გორავს, გორავს და მიგორდა
ნახა თავსახურავი...
მე ამნაირ სადღეგრძელოს
ნუ, ნუ მიწყენს ნურავინ.
1930