Litclub.ge

სტუმრად
რამდენიმე დღე მივდივარ,
ქვეშ ბალახი მეგება.
ჩემს ძახილზე: მასპინძელო!
ქალი გამომეგება.
თავსაფარი გაისწორა,
სახლში შემიპატიჟა,
ჩანს, რომ ძველი მეგობრობა
სიშორემ ვერ გათიშა.
- ჩემი ქმარი შინ არ არის
შემობრძანდით ოჯახად.
სადაც არის, გეახლებათ,
მოითმინეთ ცოტა ხანს.
იდგნენ ცაცხვი და მუხები
უმაღლესი წვეროთი,
მე მაღალი აივნიდან
შავ ზღვას გადავცქეროდი.
აგე, მოდის მეგობარიც!..
შედგა, სადაც ვერხვია,
მერე მოსწყდა, სიხარულით
შემხვდა, გადამეხვია.
აკაშკაშდა ცაზე მთვარე.
სუფრა... რა დარებია...
ბევრი, ბევრი, ძმავ, კარგი დრო
ერთად გვიტარებია!
მოგონებათ ნაკადები
სიხარულის მფენია:
სიყმაწვილე, მეგობრები,
ლექსი, შოთას გენია!