Litclub.ge

ჩემი მეეტლე
ციკლიდან „ეპოქა“

ჩემი მეეტლე გზად მღერის
მრავალ ლექსსა და არაკსა,
ეს რომ არ იყოს, ისე ხომ
მოსაწყენია შარაგზა.
ეტლის კოფოდან მეეტლემ
ჩემსკენ რომ გამოიხედა,
მათრახი განს გაიშვირა,
სთქვა: სახლსა ხედავ იქეთა?
იქ ერთი ვინმე რომ სცხოვრობს -
მსურს გითხრა მისი ამბავი,
თქვენ ხომ მწერალი ბრძანდებით,
საქმეა დასასტამბავი.
თავმჯდომარეა არტელის,
კაცი კი არა, ჭოტია,
ამაღლებული ვინმეა,
სახელად ჰქვია ოტია.
თუმცა კბილები არა აქვს,
პირს ხომ გააღებს ყველგანა,
კბილებით არვინ შობილა,
პირით კი - მთელი ქვეყანა.
თან ლაპარაკობს, თანაც სჭამს,
მტერსაც შეებმის თვითონ ის,
ენაც სასწორის მსგავსი აქვს -
რასაც დაუდებ, იწონის.
ვითომ და ბობოლა იყო? -
ვინა ხარ, საით მოდიხარ?
იმისგან ვერას გაიგებ,
თუ ენამ არ გამოტეხა.
ენას ვერც ბოქლომს დაადებ,
ვერც აუკრძალავ რაიმეს.
სასიხარულო როცაა,
მაშინ იძახის "ვაიმეს".
ის ენა თაფლის მსგავსია,
წყნარია, მოუბარია,
ცხვარია იმისი ენა,
საქმე ქაჯივით ცხარეა.
თვითაც ხომ ქონდა მიწები
მეზობლისას სწვდა ის ასე,
რაც ულვაშისგან აიღო,
წვერს მიუმატა თვისასვე.
ვინც გზაზე გადუდგებოდა,
მივარდებოდა ოტია:
- ხელზე რომ ხუთი თითია,
ყველა ერთგვარი როდია.
ჩემი მიწები სხვას მივსცე?
ეს რა მითხარით „საჯაყი“,
ჩემივე ხელით ჩემს ფეხზე,
რათ შემოვიკრა ნაჯახი?
არც ეს ნაკვეთი, არც ისა!
ვერ გავსცემ, ეს ზღაპარია!
რომელი თითიც მოვიჭრა -
ტკივილი თანაბარია!
არტელში იგი შევიდეს,
ვინც არ სვამს, არც უჭამია,
თუ არ მიიღებს რაიმეს,
ხომ არას კარგავს, ძამია.
ზედმეტი რომ აღმოაჩნდა
და ჩამოერთვა მიწები,
ვეღარ შველოდა ვერარა
საბუთი დანამტკიცები.
დააჩნდა უმიწაწყლობა,
უგზობა, უღვთისმშობლობა,
ჩამორჩენილის სხვებისგან
ქეციან ძაღლის ობლობა.
ყრუ რომ ყრუ არის, ყურებით
იგრძნობს, რაც მისთვის სჯობია,
მივიდა თემ-აღმასკომში,
სთქვა: მიწა დამიგმობია.
ბრმა რომ ბრმა არის, მანც იცის
არტელი რა მნათობია.
ბრმამაც კი იცის, რომ დოში
მარილიანი რამეა;
მიმიღეთ მეც თქვენს არტელში,
თქვენი კაცი ვარ, ძამია!
მართლაც მიიღეს, მაგრამ რა?
თავისთავს სურს ემსახუროს,
ქაჩალი ფარავს სიქაჩლეს,
სანამდის ქუდი ახურავს.
თავმჯდომარედაც გავიდა
წინად ნაწყენი ოტია,
მისწვდა ბეღლებსაც, მაგრამა
სინათლე ბნელში როდია,
მალე საქვეყნოდ ეტყვიან:
გაგიგეთ შენ რაც გწადია,
და რაკი ხელს ჩასჭიდებენ,
არც გაუშვებენ, ცხადია.
გრძელ ენას, შეხედულებას,
როგორ ენდობი გარეგანს.
აბა, - გასძახა მეეტლემ
და კვლავ ცხენები გარეკა.

1929