ციკლიდან „ეპოქა“
უროებს, გრდემლებს
აქვთ დაგა-დუგი
და ალთა მერნებს
იჭერს აღვირი,
რომ შეაკავოს -
გაისმის ბუკი,
ლიტავრის ცეცხლში
ყვირის საყვირი.
ბლოკის ჭრიალი
ჭიანურს უტევს,
ხმა არის მკვეთრი,
ფერი - ვით ზანგი.
ყოველმხრივ ისმის
რკინის ძგრიალი
და ჰქშინავს, როგორც
ცეცხლების ჩანგი.
რა ორკესტრია,
რა სიმფონია,
რა შთაგონება,
რა აღმაფრენა!
გადავარდნილხარ,
ასე გგონია,
და არსად არის
ეს გაგონება!
აქ თვითეული
მღერის ხელსაწყო,
ერთის გუგუნთან
სცემს ბარაბანი
და ღელავს კვამლის
ამონაღერის
ნაპერწკლიანი
ცხელი საბანი,
არ დაჩუმდება
გრძელი ფაგოტი,
არის ქუხილი,
ჭექა, გრიგალი,
შორეული ზღვის
მოისმის შფოთი,
ტყდება მინები,
კლდე და ფიქალი;
ვერცხლის თითებად
ხმოვანებს ღვედი.
მუშათ მკერდები
დგანან მთაგორად:
მძიმე გრიგალში
ავსწიოთ ბედი -
ხმა ისმის: დავძრათ,
გადავაგოროთ!
როგორ ხმოვანებს
ტალღათა სვეტი
ხან ბედნიერი,
ხან გულსაკოდი,
ომობს გობოი,
რეკავს კლარნეტი,
ოხრავს ფლეიტა,
გრგვინავს ფაგოტი.
ეს ხმაურია
დროს შესაფერი
მსოფლიო ენა
აქ იბადება:
აქ ყოველივე
და ყველაფერი
ახალი დღისთვის
არის მზადება.
1929