იგი საკუთარ სულში იქექება,
როგორც ნაგავში
და ყველაზე შავბნელი აზრებით
თავს იწონებს,
რადგან ნამდვილი პოეზიისათვის
საჭიროა თურმე პნევმატური დგუში
და ყველაზე მახინჯი ხატის გამოფენა,
რათა მკითხველს აგრძნობინოს: _
რომ ბრიყვებს სწამთ მხოლოდ ღმერთის და რომ დედამიწა
ნაკელის დიდი ბურთია,
სადაც ადამიანები მრავლდებიან ხოჭოებივით,
სადაც ადამიანის ცნობიერს და არაცნობიერს შორის
გაბმული ძაფები _
ერთადერთი ჭეშმარიტი "ატეესია",
რითაც ეგო უკავშირდება საკუთარ წიაღს
და რომ სიტყვებიც და მისი გამომგონებელიც
სრულიად ზედმეტი ფუფუნებაა,
რადგან, რაც სიტყვათა კავშირით წარმოიშობა
ან, თუ გნებავთ, იქმნება, მეტად საშიშია,
რათა არქეტიპმა არ წამოყოს თავი
და, საერთოდ, პროვინციონალიზმია სიტყვებით
გრძნობების, მეტადრე აზრების გამოხატვა.
სიტყვა იმისთვის არსებობს, რომ
დაიშალოს ბგერებად,
უკეთეს შემთხვევაში, სიამის გამომხატველ
შორისდებულებად,
ოღონდ სიამეს არ უნდა მოჰყვეს ბავშვი,
რათა ყველაფერი მემილიარდედ არ განმეორდეს.
მის ტვინში ცხოვრობენ სიტყვები _ ჭიანჭველები,
რომლებიც გამუდმებით შრომობენ
და ყველა დროიდან ეზიდებიან
ათასგვარ სისულელეს,
იგი მათ დასახოცად ეძებს საწამლავს,
რათა საბოლოოდ განთავისუფლდეს გონებისგან,
რომელიც იმდენად ზედმეტია, იმდენად ზედმეტია
ამ სულელებისგან გარემოცულ სამყაროში,
როგორც ძველი პოეზიის ცრემლნარევი სიბრძნე
კახპისთვის, მექანიკურ სათამაშოსავით
რომ ხტის ფულით დაქოქვის შემდეგ.
მთავარია, სხეულის სანაგვიდან
ახალ-ახალი სახეები ამოქექოს
და პრეზერვატივის პარაშუტით დაეშვას იქ,
სადაც არაერთხელ დაშვებულა.
აზრი იმაშია,
რომ არაფერს აზრი არა აქვს,
მხოლოდ ხმოვნებში იმალება მუსიკა,
თანხმოვნები უსიცოცხლო კენჭებია,
სადაც მხოლოდ ათასწლეულების მიერ
ჩაწნეხილი სიჩუსე განისვენებს.
…და რადგანაც ჩემი სიამე
მხოლოდ ხმოვნის ღიობიდან აღწევს გარესამყაროში,
მეც იმ ღიობში მივძვრები მუდამ,
როგორც სხივი ჭუჭრუტანაში…
ამ ბებერი შედარებისთვის გთხოვთ პატიებას,
უნებლიეთ მოწყდა ბაგეს
და ჰაერში გაუჩინარდა.
ჰაერი ვეღარ უძლებს სიტყვებს,
აღარაა სიტყვებისათვის ადგილი ჰაერში,
რადგან სიტყვები მაინც ვერაფერს ცვლიან
და ჰაერშივე ითხრიან საკუთარ საფლავებს…