Litclub.ge

კოსმიური ორკესტრი
მსოფლიო სხივების და ცეცხლის ღეროთა,
მსოფლიო ღელვებზე და ქარზე მღეროდა,
მსოფლიო ნგრევათა კვლავ მოწმე გავხდებით,
მსოფლიო რღვევანი ხმელეთით რბოდიან,
მსოფლიო ორკესტრი მიწისძვრით, ტახტებით,
მსოფლიო წვიმებით და წარღვნით მოდიან,
მსოფლიო ვულკანის ავარდენ ბოლები,
მსოფლიო მდინარეთ ადიდდენ ტალღები,
მსოფლიო მწვერვალთა დანისლდა ზოლები,
მსოფლიო, მსოფლიო, მსოფლიო!
მსოფლიო გუგუნით მიჰქრიან ზვირთები,
მსოფლიო მორევი გრიგალის ფერია,
მსოფლიო სივრცეთა ტიტანი ტვირთები,
მსოფლიო: მოძრაობა და მატერია.
მსოფლიო, მსოფლიო, მსოფლიო მუსიკა,
მსოფლიო ქვებით და ასფალტით ნაგები,
მსოფლიო ქაოსებს დრომ გადაუზნიქა,
მსოფლიო შურისა და ნიშნის საგები,
მსოფლიო მუსიკა, მსოფლიო ორკესტრო,
მსოფლიო ახალ დღეს მოესწრო,
მსოფლიო იგერებს ზარბაზნებით,
მსოფლიო მაგნატი, ტრესტები, დისკოსი, -
მსოფლიო მილიარდ ოქრო და ვაზნებით,
მსოფლიო ლონდონის და სან-ფრანცისკოსი.
.......
მსოფლიო ნგრევათა კვლავ მოწმე გავხდებით.
.......
გრგვინვა მთაში, ქარი ზღვაზე და ტალღების რაში,
ელვის თეთრი ნამსხვრევები გაჰკივიან ცაში,
დატრიალდა მაღლა, მაღლა და დაეშვა ქვევით,
ჩამოინგრა ნაპრალები ყრუ და მძიმე რღვევით,
ახმაურდა ხეობებში, არის კლდეთა ფენა,
მესმის მძაფრი ძგერა გულთა და დაყრუვდა სმენა:
.......
მსოფლიო... მსოფლიო... მსოფლიო...
.......
ვხედავ, რომ მოსხლტა განცვიფრებულ სივრცეს სვეტები
და მსმენელთა წინ წყვდიადების გაფრინდა რიგი.
გაფითრებულნი გაილანდნენ სილუეტები,
არა ვაგნერი, არც მოცარტი და აღარც გრიგი.
ო, კოსმიურო, ერთადერთო, მძლავრო მუსიკა!
ო, უსხეულო! ეხლა სხეულამონაგები -
ამ ქაოსიდან მოევლინა ახალი მუზა
ყველაფერს, რაც კი ახსნილია და გასაგები:
.......
მსოფლიო ნგრევათა კვლავ მოწმე გავხდებით.
.......
დამდაგველი აფრებით,
ჩვენ რომ ირგვლივ გვედება,
იგი, მხოლოდ გაფრენა,
არის შემოქმედება.
არის შემოქმედება,
სიჩუმე და გრიგალი,
მსოფლიო გზის გედებათ
ბედთან შეურიგალი
ურაგანი ბრძოლების
და სიკვდილის კვეთება,
ნგრევა! ახალ ტოლების
არის შემოქმედება.
განახლება! ზღვასავით
იგრძნობ, რა ქარებია,
რადგან იმ გრძნობასავით
არვის არ ჰყვარებია.
სადღაც რეკავს დაირა
და სიცილის წვეთება,
საქართველო! აი, რა
არის შემოქმედება.
ყველა წამი უსაზრო
რეკავს ფერ-მწუხარეთა
იმედები უსაზღვრო
და განსაზღვრულ მხარეთა.
შემოდგომაც ქარული,
ქარში წვიმა სვეტებად,
შრომა და სიხარული
არის შემოქმედება.
ველი... ვეღარ გადარჩეს
დროთა ძველთა დუღილი.
ეს ვთქვი, ეხლა დანარჩენს
იტყვის ჭექა-ქუხილი:
.......
მსოფლიო... მსოფლიო... მსოფლიო...
.......
საიდან, როგორ ხმები ასეთი?
დღე შემოიჭრა და გვეფერება,
ახალგაზრდობით მოკისკასეთი
მოვიდა სითბო და ამღერება.
ეს არის გრძნობა კვლავ სიყვარულთა,
გადაქცეული სხვისთვის ჭაობად,
ეს ოცნებაა, ფერთა ფარულთა
და გაზაფხულთა სანახაობა.
.......
ყველა სახელებში მხოლოდ რუსთაველი
იხსნის განსაცდელით მრავალ საუკუნეს,
იგი უძლევია და მზის ის თაველი,
რომელს მონობისთვის გზა ვერ გაუღუნეს.
დანტე უკვდავებში არა მეათეა,
მაგრამ დიდებაა მკრთალი ბეატრიჩე, -
ბავშვის მეოცნებე სახეც დიადია,
რომელს შეუყვარდა ერთჯერ, მეათეჯერ.
შენი, შოტლანდია, სული სრულხმოვანი,
ბარდნი რომ გეხვივნენ უუნაირონი,
მეფურ უგონობით ახლაც ის ლანდია
უფრო უმაღლესნი - შელლი, ბაირონი.
ბევრი ყვავილია, ბევრი ფოთლებია,
ხან მხურვალე, ხანაც უუნოტიესი.
იგი ვერლენია, იგი ბოდლერია,
რემბოს ლექსებია ანდა გოტიესი.
იყო ჰაფიზიცა და იქ, შირაზიდან,
რათა აღმოსავლეთს არე დაუფარჩოს,
მაგრამ შავყორანის სუნთქვა ვინ აზიდა?
ეს ხომ, იგი არის... ედგარს გაუმარჯოს!
.......
მაინც შფოთავს, ისევ შფოთავს ღამე,
ისევ ცხარედ ხმაურობენ ტყენი...
ასე, როგორც ქარიშხალი რამე,
ხმაურობდა სიყმაწვილე ჩვენი.
იყო ქარში თავდადებით ქროლა,
ხმა ისმოდა მტერთა მწარე ყეფის,
ხმაურობდა ახალგაზრდა სკოლა
პოეტების უკეთესი წყების.
ბევრს გაუშრა ძარღვში სისხლის წვეთი,
მეტად დიდი გამარჯვებაც ნახეს,
ვინ გაბედა ჩვენზე სიტყვა მეტი?
შემახედეთ კიდევ იმათ სახეს.
კოსმიურო! ჩვენი ყოფნა როა,
თუ იმგვარად მწუხარებას ისევ,
გამაგონეთ ერთი სიტყვა: დროა!
მე თქვენთან ვარ და ვიქნები ისევ.
მაშინ რიგით, ფოლადური რიგით
ყველა ჩვენთან, როგორც ერთი ფერი,
მტერი იყო, ვინაც დარჩა იქით.
სიკვდილამდე ვიქნეთ მათი მტერი.
გახსოვთ ჩვენი მხიარული ბინა?
იქ მოგროვდეს, ვინაც ელის შველას...
დაურიგდეს ყველას ძველი ღვინო,
სიხარულის ხმა მიეცეს ყველას...
.......
მსოფლიო, მსოფლიო, მსოფლიო...
.......
გულო, მესმის შენი ძგერა,
მესმის შენი კვდომა.
ქარი დგება, ეხლა შამბში
განისვენა ლომმა,
ისევ უცხო მოგონებით
წაჰყვა თანდათანა,
სად იზოლდას და ტრისტანის
მოისმოდა ნანა.
სიჩუმეა და შორით შორს
ისმის, როგორც წვიმა,
მხოლოდ ერთი სიმი...
იყო სერაფიმი?
იგრძნო სერაფიმმა
იგი სერაფიმი?
არა! ეს მსოფლიო
.......
მსოფლიო ნგრევათა
კვლავ მოწმე გავხდებით!

1926