როგორ შეეპარა დაისი დუნიას,
მზის ჩასვლა _ ტკივილზე სული შენაბერი,
დაო სიდონია, დაო სიდონია,
ჩემს სარკმელს მოადგა საღამო _ შინაბერა.
რა უკურნებელი სიმდორეა _
წუთებს რომ ისრუტავს კვლავშობილს,
დაო სიდონია, დაო სიდონია,
გზა, მე რომ მივდივარ არის კლავიშები.
ბგერიდან ბგერამდე ქაოსი ტოლია
დაღუპვის. სიმწყობრეში სუნთქავს სასწაული,
დაო სიდონია, დაო სიდონია,
თვალწინ მიდი-მოდის ყველა ასწლეული.
ბგერები, ბგერები სიტყვებად შეკრებილი,
სიტყვის ნათებაში ჩამავალ მზის დონეა,
ისევ იკაწრება წარსული ეკლებივით,
დაო სიდონია, დაო სიდონია.
შენი გახსენება, ასეთი მარტივი,
ის დროა, რომელიც დღეს აკმევს,
ბაღის სიგრილეში ჩაივლი ლანდივით,
თვალებით მოძებნი ჩემ სარკმელს.