Litclub.ge

დაორთქლილ მინაზე მინაწერი
თითქოს დაორთქლილ მინაზე ვწერდი,
დრო ამ რვეულში ნაწერსაც წაშლის
და ეს ცხოვრება მოელის წერტილს,
როგორც მოწყვეტას ჭიანი ვაშლი.
შენ კი იგონებ სულ ახალ ანბანს,
რომ ვერ კითხულობს შენ გარდა ვერვინ,
წერის და წაშლის ბიბლიურ ამბავს
და გაელვებას შიშველი ნერვის.
რაც გსურდა გეთქვა, ხომ გითხრა მინამ,
გაქრა ნათქვამი წაკითხვის მერე,
რომელმაც გულში დაიდო ბინა
და დაუბრუნდა პირვანდელ ბგერებს.