სად ოდესმე მეოცნებე აფრებით,
ათასფერი იმედით და ზაფრებით,
აგასფერის მიმოქროდა ხომალდი,
მეზღვაურის სულთან გათანაბრებით.
როგორც ზვირთთა ქაფიანი მოდება,
ფაგოტების მიტაცებდა გოდება,
მაოცებდა უმძლავრესი მუსიკა,
თმას მიწეწდა ქარის გაბოროტება.
დატვირთული მრავალ უამიდობით,
კიდევ დიდხანს ვიქანავებ კიდობნით,
აღტაცებავ სიყმაწვილის დროისა,
სამუდამოდ, სამუდამოდ მშვიდობით!
ის ირღვევა, ის ოცნება ბერდება
და ხომალდი ნაპრალებთან ჩერდება,
საიდანაც მარად ესმის მსოფლიოს
ზეცის ნგრევა, მიწის გადაფერდება.
1922